ნანა ნებიერიძის ყველაზე დიდი სისუსტე და ნაბიჯი პოლიტიკაში, რომელიც სპონტანურად არ გადაუდგამს
"ძალიან ბევრი ფობია და კომპლექსი გადავლახე. ცხოვრებაში რთული და შეუძლებელი არაფერია, დამიჯერეთ", - ამბობს სპორტსმენი ნანა ნებიერიძე. რას ლაპარაკობენ მასზე, ყველაზე მეტად რა მოსწონს საკუთარ ხასიათში, რა აღიზიანებს, რა დროს მიდის რისკზე, ვინ ენატრება და რის გამო იღებს საყვედურს დედისგან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1975 წლის 21 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. მიყვარს ხარისხიანი, პოზიტიური ფილმები, ყოველთვის მიზიდავდა ეს სფერო, მინდოდა მონაწილე ვყოფილიყავი. ბავშვობაში სპორტსა და მუსიკაზე ერთდროულად დავდიოდი. საკმაოდ ნიჭიერი ვიყავი, მესამედან მეხუთე კლასში გადამიყვანეს. მუსიკა ბევრ დროს მოითხოვდა, თავისთავად მდგომარეობამ მიჩვენა, რომელი გზით წავსულიყავი და სპორტში დავრჩი.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ლამაზი გოგოაო. კურიერი ან ვინმე თუ მოდის, მისამართით ვერ მპოულობს და მკითხულობს; ეკითხებიან, ის ლამაზი გოგოო?
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...თვალები.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ბევრ რამეს შევცვლიდი. ერთადერთი, სადაც დავრჩებოდი, სპორტია. როგორც ყველა ადამიანს, მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ვერ წარმომიდგენია.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...როცა დედა გავხდი. ეს სულ სხვა განცდაა. როცა ევროპის ჩემპიონი გავხდი და ოლიმპიურ თამაშებზე მოვხვდი, ეს იყო დიდი ნებისყოფის, დაუღალავი შრომის შედეგი; ეს იყო მიზანი, სხვა განცდა იყო. დედობა კი ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა და არა - ახალი ეტაპის.
- ბედნიერი ვარ, როცა...
- ...მშვიდად ვარ. ამაში ყველაფერი შედის: ჯანსაღი ცხოვრების წესი, შვილთან, მეგობრებთან ურთიერთობა, როცა შინაგანად წყნარად ვარ, ბედნიერი ვარ.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიმოგზაურო. პანდემიის დროს მოგზაურობა ყველაზე მეტად დამაკლდა, ეს პროცესი მომენატრა. ბევრ კონტინენტზე ვარ ნამყოფი. ქვეყნები არასდროს დამითვლია. ინდოეთში, აფრიკასა და ახალ ზელანდიაში არ ვყოფილვარ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ერთგულების უნარი მაქვს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ადვილად ვბრაზდები და ასე რომ არ იყოს, ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობ. მქონია მომენტები, როცა ყურადღება არ უნდა გამემახვილებინა, მაგრამ მგრძნობიარე ადამიანი ვარ და გულგრილობა არ შემიძლია.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...აღარ ვიხსენებ, მათზე არ ვფიქრობ, წარსულით არ ვცხოვრობ, მაგრამ როცა მსგავს სიტუაციაში ვხვდები, უკვე ვიცი, სწორი გზა როგორ უნდა ვიპოვო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ყოველი დღის, წუთის მართვა.
- პატიება შემიძლია...
- ...უპრობლემოდ. წყენას იოლად ვივიწყებ, ვთავისუფლდები სიმძიმისგან და ბედნიერი ვარ. რომ არ დავივიწყო, ის სიმძიმე ძალიან შემაწუხებს, ჯანმრთელობას ავნებს.
- ვიბნევი...
- ...უკვე იშვიათად. ადრე, როცა რაღაც თემაზე იყო ლაპარაკი და არ ვიცოდი, ვიბნეოდი, სულ მინდოდა მეჩვენებინა, რომ ყველაფერი ვიცოდი. ახლა მსგავს სიტუაციაში აღარ ვიბნევი, აღარ მრცხვენია, ვიკითხო ის, რაც არ ვიცი, უფრო იოლად ვცხოვრობ.
- ვნანობ...
- ...რომ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე შვილი არ მყავს. ეს სურვილი ახლა არ გამჩენია, სულ მქონდა.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ჩემს შვილთან ერთად ვიყო. ნინა ყაზბეგშია, 2 დღეა არ მინახავს და ძალიან მომენატრა. შვილიშვილი ალექსანდრე ჩემთან არის. დღეს ორივემ კარგი დრო გავატარეთ, "მზიურში" ვისეირნეთ, მერე ვივარჯიშეთ, ჩვენი ძაღლიც თან გვყავდა, მოვედით შინ და ნინა ძალიან მოგვენატრა.
- მაღიზიანებს...
- ...ადამიანების უზრდელობა. ამ დროს არაადამიანი ვხდები. ამ თემაზე ბავშვებს ხშირად ველაპარაკები, ალექსანდრეს სულ ვარიგებ, - როგორიც უნდა გაიზარდოს, რა წარმატებასაც უნდა მიაღწიოს, უნდა იცოდეს, უზრდელი თუ იქნება, მის ყველა მიღწევას ხაზი გადაესმება. პოლონელი ბებია მარიგებდა, რაც უფრო ცნობილი და პოპულარული გახდები, უფრო მეტად თავმდაბალი უნდა იყოო.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...პატარა პოზიტიურმა ინფორმაციამ. ამ დაძაბულ ცხოვრებაში, მოჭარბებული ნეგატივის ფონზე, პოზიტიური ინფორმაციის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აუცილებელია.
- ვრისკავ...
- ...იმისთვის, რომ ვიყო კარგად. თუმცა ფრთხილი ვარ, ყველაფერზე ვფიქრობ, ყველა დეტალს ვაანალიზებ. ისიც ვიცი, რომ ადამიანი რისკის გარეშე ბევრს ვერაფერს მიაღწევს. გავრისკე, როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას დავთანხმდი. ცხოვრებაში არ მიცეკვია, ძალიან მორცხვი ვიყავი და უეცრად ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ბევრი ფობია და კომპლექსი გადავლახე. ცხოვრებაში რთული და შეუძლებელი არაფერია, დამიჯერეთ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არის ჩემი ოჯახი. ძალიან ვუფრთხილდები, ოჯახს არავინ არ უნდა შეეხოს.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მსიამოვნებს, ძალიან.
- შიში მაქვს...
- ...უკვე აღარ მაქვს, თუმცა იარაღის შიში მქონდა. მე ხომ პროექტების მოყვარული ვარ. როცა "ყველაზე ძლიერში" ჩავერთე, შეიძლება ითქვას, რომ ჯარში ვიყავი, იარაღთან შეხება მქონდა. ჩემს მეგობარს დავურეკე, რომელიც სამხედროა და დახმარება ვთხოვე. თეორიულად ამიხსნა, ფსიქოლოგიურად მომამზადა. აღმოჩნდა, რომ ძალიან სერიოზული სნაიპერი ვარ. თურმე მსოფლიოში ვინც კი მაგარი სნაიპერი იყო, უმრავლესობა ქალი გახლდათ. მეგობრის დახმარებით ეს შიში გადავლახე.
- ხშირად მსაყვედურობს...
- ...დედა, რატომ არ ჭამო? გემრიელ კერძებს ამზადებს, მე კი ხან გარეთ ვჭამ, ხან - ჩემს შვილთან და შინ რომ ვბრუნდები, მეჩხუბება, რატომ არ ჭამ, რისთვის ვამზადებო?
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს. ბიოლოგიურად ისე სწორად მიდის ყველაფერი, ჩემი პატარა ნაოჭებიც კი არ მაღიზიანებს, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ფრანგული ენა. ჩემი დედამთილი ფრანგი იყო. როდესაც ის მეგობრებთან ან ტელეფონზე ლაპარაკობდა, ვუსმენდი და სულ მომწონდა, მაგრამ სწავლა ვერ მოვახერხე.
- ვიტყუები, როცა...
- ...სხვა გამოსავალი არ არის. ბავშვობიდან ასე გამზარდეს, ტყუილი საშინლად არ მიყვარს. როცა ამას სხვა აკეთებს და ვიცი, იტყუება, აუცილებლად ვამხელ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...
- ...ადვილი არ არის. ვიცი საკუთარი თავის და ემოციების მართვა.
- მეზარება...
- ...არაფერი მეზარება. მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელი ვარ. დილის 7 საათზე უკვე ფეხზე ვარ, ძაღლი სასეირნოდ გამყავს. 10 საათამდე ყველაფერი მზად მაქვს და მოწესრიგებული ვარ.
- სიყვარული - ეს...
- ...არის ზრუნვა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ეს იყო პირველი და უკანასკნელი სიყვარული. ეს ადამიანი გახლდათ ნინას მამა. მაშინ 18 წლის ვიყავი.
- თავისუფლება არის...
- ...შინაგანი მდგომარეობა. თავისუფლებაა, როცა არ ხარ ეჭვიანი, როცა არ ხარ ბოღმა, ჭორიკანა.
- როცა მარტო ვარ...
- ...ეს მომენტი ძალიან მიყვარს. როცა მარტო ვარ, ჩემი ტვინი სხვაგვარად მუშაობს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვგეგმავ ახალ პროექტებს, ამ დროს გაცილებით პროდუქტიული ვარ. გამორჩეულად მიყვარს ზაფხული, როცა ყველა დასასვენებლად მიდის და შინ მარტო ვრჩები.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...არ ვიცი, ამაზე ბევრი არ მიფიქრია. უნდა მქონდეს და მერე ვნახავ.
- მენატრება...
- ...მამა. მეექვსე წელია, მამა არ მყავს და ძალიან მენატრება. მასთან მქონდა უფრო ახლო ურთიერთობა, ვიდრე დედასთან.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...საკუთარ თავთან მუშაობას ვიწყებ და მდგომარეობიდან ეგრევე გამოვდივარ. მე ვიპოვე ჩემი წამალი, ეს არის მედიტაცია, ვარჯიში. ჩემეული პატარა ხრიკები მაქვს. მნიშვნელოვანია ძილი.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბებია ხშირად მეუბნებოდა, ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ სინამდვილეში. სულ ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ძალიან მაღელვებს ის აგრესია, რომელიც დღეს საზოგადოებაშია. ხშირად ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ და ინტერვიუების ბოლოს ცუდ კომენტარებს უწერენ. ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა და სიყვარული უნდა გვქონდეს. ისედაც დაძაბული გარემოა, მეტი პოზიტივი გვჭირდება.
* * *
- პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- ეს სპონტანური ნაბიჯი არ არის, მე და ჩემი მეგობარი დიდი ხანია ვფიქრობდით. ქალები უნდა გამოვიდეთ სამზარეულოებიდან, რუტინული ყოფიდან და შევცვალოთ ის, რაც სიკეთის მომტანი არ არის. ვთვლი, რომ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. ირგვლივ უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. 30 წელია, ერთ წრეზე ვართ. იმედია, ქვეყნის შენებაში პატარა აგურის თუ არა, პატარა კენჭის დადებას მაინც შევძლებ.
- გიორგი გახარიას პარტიაზე არჩევანი რატომ შეაჩერეთ? მისდამი თქვენს პოლიტიკურ სიმპათიას რით ახსნით?
- ჩვენ უკვე ვნახეთ და ვიცხოვრეთ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. გიორგი გახარია როცა მთავრობას მეთაურობდა, მე როგორც რიგით მოქალაქეს, მქონდა განცდა, რომ ის ქვეყნის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მისმა ბევრმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა დამანახვა, რომ არის ნამდვილი ლიდერი. რაც მთავარია, ცვლილებების დრო მოვიდა.
- პოლიტიკაში საკუთარ თავს სად, რა პოზიციაზე ხედავთ?
- ამაზე პასუხი ნაადრევია.
- ბატონი გიორგი პირადად გაიცანით? როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
- გავიცანი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ის იმ თვისებების მატარებელია, რომელიც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს.
თამუნა კვინიკაძე