"მძღოლადაც ვმუშაობდი და დეკორატორადაც, ღამეები მაქვს გათენებული" - გზაპრესი

"მძღოლადაც ვმუშაობდი და დეკორატორადაც, ღამეები მაქვს გათენებული"

მხიარულ, კომუნიკაბელურ მსახიობს, ტელეწამყვანსა და სცენარისტს - ჯიმი აბესაძეს უმუშევრობის პრობლემა თითქმის არასოდეს ჰქონია, თუმცა ფულის მნიშვნელობა და საჭიროება საკმაოდ გვიან გაიაზრა.

- ახალ სამუშაო სეზონს დიდი შემართებით ვიწყებ. თან, სიგარეტის მოწევას თავი დავანებე და ორმაგად მოზღვავებული ენერგია მაქვს - მთელი დღე კალამი და ფურცელი მიჭირავს ხელში.

- ზაფხული როგორ გაატარე?

- იმერეთში, ჩემს მშობლიურ მხარეში ვიყავი. ჩემი გიორგი გაბუნია მოწყენის საშუალებას არ მაძლევდა. მე და გიო "სადღაც-სადღაც" დავდიოდით - ჩემმა და მისმა ოჯახებმა ერთად დავისვენეთ.

- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება როდის, როგორ გაიაზრე?

- ჩემი მშობლები ემიგრანტები იყვნენ, ამიტომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყავი. მაშინ ფულის მნიშვნელობა-საჭიროებას ვერ ვხვდებოდი, რადგან ხომ იცი, შენი ნაშრომი რომ არ არის, ფინანსებს, ცოტა არ იყოს, დაუდევრად ეპყრობი. მეც ვფლანგავდი... მერე, როცა შრომა თავად დავიწყე, უფრო დავაფასე. საერთოდ, ჩემთვის ფული ჩვეულებრივი ქაღალდია. ჯანმრთელობას მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე ფინანსურ კეთილდღეობას.

- ჯანმრთელობასაც ხომ სჭირდება ფინანსები?

- ჰო, ალბათ...

- როდის გაგიჩნდა სურვილი, საკუთარი შემოსავალი გქონოდა?

- ალბათ - ოჯახის შექმნის შემდეგ. 24 წლის ვიყავი. მანამდე, სტუდენტობისას, ადამიანს სურვილი კი გაქვს, შემოსავალი გქონდეს, მაგრამ - ერთჯერადად. მერე უცებ გართობაზე "გადაერთვები", სამსახური აღარ გაინტერესებს...

- პირველი გასამრჯელო რა სამუშაოს შესრულებისთვის მიიღე?

- მხიარულთა და საზრიანთა ეროვნულ ფედერაციაში ("მანსანკანი"), ნიკოლოზ მახვილაძესთან (ასტამა) ვმუშაობდი. უფროსი მეგობარია - ჩემი თავი შემოევლოს (იღიმის)... "მანსანკანში" რედაქტორი გახლდით. პირველი ჰონორარიც ამ საქმისთვის ავიღე. მგონი, 120 ლარი იყო.

- გახსოვს, რაში გამოიყენე?

- კი!.. ფედერაციაში 4 ბიჭი სამუშაოდ ახალი მისული ვიყავით. წავედით და დავლიეთ. სუვენირი ან რამე მსგავსი არ მიყიდია.

- კიდევ სად გიმუშავია?

- დისტრიბუციაში. დაფინანსებასთან დაკავშირებით, "მანსანკანის" ფედერაციაში რაღაც პრობლემები შეიქმნა, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში... ჰოდა, შემდეგ ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუციის სფეროში ვმუშაობდი, ეს 3-4 თვეს გაგრძელდა.

- საქმეს თავს როგორ ართმევდი? სარფიანი სამსახური იყო?

- კი, შემოსავლიანი იყო და საქმესაც თავს კარგად ვართმევდი, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს. თან, იმერლობა დამეხმარა. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლაც დასრულებული მქონდა, "მანსანკანში" მუშაობის გამოცდილებაც - მიღებული... ასე ვთქვათ, "სიტყვებს არ ვეძებდი". იოლად "ავეწყვე". დისტრიბუციის სფეროში ძირითადად, ადამიანებთან ურთიერთობა გიწევს: მაღაზიის დირექტორთან, გამყიდველთან... საქმე კარგად მქონდა მორგებული - ყველას მიმართ სიყვარულით განმსჭვალული ვიყავი. სხვათა შორის, გული დასწყდათ, როცა იმ კომპანიიდან წამოვედი.

- არის შანსი, რომ იმ საქმეს დაუბრუნდე?

- აპა-პა-პა!.. არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართება, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ. ღამით დასაძინებლად რომ ვწვები, არ ვოცნებობ, - დედა, რა კარგი სამსახური მქონდა, ნეტავ, იქ დამაბრუნა-მეთქი...

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- მანამდე, "მანსანკანის" ეროვნული ფედერაცია აღდგა, ხელფასი 450 ლარამდე გაგვეზარდა... იმ პერიოდში, დავით გოგიჩაიშვილის "ღამის შოუს სტუდია" არსებობდა. თავდაპირველად, იქ სცენარისტად ვმუშაობდი: "იმედზე" ანეკდოტების შესახებ პროექტი - "რომ გადახვალ, გააჩერე" - იყო, შემდეგ, "მაესტროზე" - "თქვენი გადახდილია". ნიჭიერი მსახიობები მონაწილეობდნენ: ზურა ნიჟარაძე, ნატა ბერეჟიანი... პროექტისთვის ანეკდოტებს ვწერდი. სოფელში ბებია-ბაბუას რაც კი ჟურნალები ჰქონდა (მათ შორის - "გზა"), ანეკდოტების გამო, ყველას ბოლო გვერდებს ვკითხულობდი. "ვაპორტირებდი": მაგალითად, თუ ბრიტანული ანეკდოტი იყო, ჭიჭიკია-ბიჭიკიაზე გადავაკეთებდი, სხვას - მიხოსა და მაროს მოვარგებდი და ა.შ. მერე ეს პროექტი "დაიხურა". საერთოდ, "ჰაერში დავრჩი", რა... მერე დეკორატორად ვმუშაობდი, მძღოლობასაც ვითავსებდი. ყველაზე მაგარ მხატვარ-დეკორატორს - ვანო ჭელიძეს გვერდით ვედექი. ვანიკოსთან რომ შემოსავლიანი საქმე მქონდა, მგონი, ისეთი არც ერთი არ ყოფილა, რაც კი ტელევიზიაში მიკეთებია. მოკლედ, ფინანსურად ისეთი კარგი იყო, რომ ვიფიქრე - ამის დედა ვატირე, ფურცელი და კალამი სულ არ მინდა-მეთქი!.. ხომ გაგიგონია, - სადაცაა ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო? "პოსტივიზე" აღმოვჩნდი და ყველაფერი დალაგდა...

- ფულს გონივრულად ხარჯავ?

- ალბათ ყველაფერი ასაკმა განაპირობა, თორემ სტუდენტობის პერიოდში, როგორც აღვნიშნე, ფინანსურად მშობლები უზრუნველმყოფდნენ, მაგრამ რაც უნდა გამოეგზავნათ, მეორე დღეს არაფერი მქონდა - უაზროდ ვხარჯავდი. ახლა უკვე ნორმალურად ვხარჯავ.

- ფინანსური კრიზისი შეგქმნია?

- კი, მქონდა: მამა რომ დაიღუპა, იმ პერიოდში. თან, ოჯახიც ახალი შექმნილი მქონდა. მე და ჩემი მეუღლე ლომბარდების ხშირი სტუმრები ვიყავით...

GzaPress

- სიტუაციას როგორ გაუმკლავდი?

- მსმელი ადამიანების შესახებ უმრავლესობა ამბობს: - ბიჭო, იცი, რა არის?.. პრობლემები აქვს და დალევა დაიწყოო. პრობლემა უამრავი მქონია. როცა სვამ, მეორე დილით არსებული პრობლემა ხომ ორმაგად გამძაფრდება, არა? ამიტომ ვფიქრობ, რომ რთულ სიტუაციაში კი არ უნდა დალიო, ყველაზე ფხიზლად სწორედ ამ დროს უნდა იყო!

- დღესდღეობით შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- ოჯახური საჭიროებისთვის, მაგალითად - უფროსი გოგონას, ნუცის განათლებაში. სანდრიკო ჯერ 2 წლისაა. მის განათლებაში ფინანსებს ჯერ ვერ "ვდებთ" - ნიჭიერი დაიბადა, ყველაფერს თავად სწავლობს. ახლახან ავტომობილი გამოვცვალე - ეს იყო ჩემი დიდი შენაძენი.

- უმუშევარი დარჩენილხარ?

- მხოლოდ 1-2-კვირიანი "ჩავარდნები" მქონდა. სხვათა შორის, ბევრ ადამიანს, სხვადასხვა ადგილას, მე და გაბუ სამსახურის დაწყებაში დავეხმარეთ. რომ ვუფიქრდები, უმუშევარი რომ დავრჩე, იმ ადამიანს, ვინც სხვის გამო შევაწუხე, ჩემთვის ვერაფერს ვთხოვ. იმერეთში ასეთი გამოთქმა არსებობს - კარი აუტალახაო, ასე მოვექეცი... სხვისთვის მუშაობის დაწყების საკითხზე ადამიანთან უამრავჯერ მივსულვარ, მაგრამ მე რომ დამჭირდეს, შანსი არაა. ჰო, ხათრიანი, კომპლექსიანი ვარ.

- მორიდებული ხასიათის გამო შანსი გაგიშვია ხელიდან?

- თავდაპირველად, "ღამის შოუს სტუდიაში" რომ მივედი, ალბათ ჩემი მორიდებული ხასიათისა და კომპლექსების გამო, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ "დავდე". თავდაპირველად, გუნდში, სადაც ახლა ვმუშაობ, რიგით სცენარისტად მივედი. ჩვენი უშუალო უფროსი უნიჭიერესი ადამიანი - ზვიოა. შალვა რამიშვილი ოთახში შემოდიოდა ხოლმე. მას მხოლოდ სალმით ვიცნობდი. ზვიოს ჩემ შესახებ ეუბნებოდა, - ეს ძალიან ნიჭიერია, თან თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, "კავეენშიც" თამაშობდა; გაბუნიასთან შოუში შევუშვათ ხოლმე, მომგებიანი იქნებაო... ეს ნათქვამი რამდენჯერმე "გავატარე". ოთახში მეოთხედ რომ შემოვიდა, დავემალე, - რომ დამინახავს, გაბუნიას შოუში ჩემი შესვლის შესახებ კიდევ გაახსენდება-მეთქი... ბოლოს შალვამ ზვიოს ოფიციალურად მოსთხოვა - შოუში შევიდესო! შევედი... ამიტომ ყოველთვის ვამბობ: თუ ახლა რამეს წარმოვადგენ, ეს თავიდან ბოლომდე, შალვა რამიშვილის დამსახურებაა. თავადაც მეუბნება, - მე შეგამჩნიეო...

- ბანკებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ვაიმე, მათი ტერმინოლოგია ჩემთვის მიუღებელია! ვერ ვიგებ. ბანკის თანამშრომლებს ტელევიზიის ტერმინოლოგიით ხომ არ ველაპარაკები, არა? ვეუბნები, - გეხუტუნე, პროცენტი უნდა გადავიხადო-მეთქი. ათას სისულელეს რატომ მეუბნება? ცდილობს, სადღაც დაზეპირებული ტერმინები, რომლებიც არანაირ ინფორმაციას არ მაწვდის, "შემომტენოს". ამიტომ მათთან ურთიერთობას ვერიდები... საერთოდ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვალის აღების მეშინია.

- ანუ რეალურად, სესხი აგიღია?

- კი. ბინასთან დაკავშირებით. როცა გავისტუმრეთ, შემდეგ მეორე ბინასაც შევეჭიდეთ, სადაც მეუღლესა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ცალკე გადავედი. მაშინ ვამბობდი, - ვალი აღარ მინდა-მეთქი, მაგრამ მეუღლემ ბანკში ლამის ძალით მიმათრია და სესხი კიდევ ავიღეთ. ისე, კარგად კი მოვიქეცით - ნელ-ნელა გავისტუმრე...

- ვალად გაცემული თანხა მოგითხოვია?

- ვერა, ვერა!.. მაგალითად, თუ ადამიანი, რომელმაც ჩემგან თანხა ვალად აიღო, ოთახში შემოვიდა, ისე მერიდება, რომ ოთახიდან გავდივარ, ვალის დაბრუნების შესახებ თქმაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! მირჩევნია, ყველაფერი მოვიკლო, ოღონდ ვინმეს ფული არ ვთხოვო. ასე მგონია, რომ მერე პრობლემა ექმნება...

- ჯიმი, მომავალში საკუთარ თავს სად ხედავ?

- რომ გითხრა, პოლიტიკისკენ ვიწევ-მეთქი, ტყუილი იქნება. სადაც ახლა ვარ, ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს და ჯერჯერობით არც არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მერე, თუ რამე გადავწყვიტე, ან პოლიტიკაში წავედი, ან ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გავხსენი, პირველად თქვენ დაგირეკავთ!..

- საქმიან ან დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- "უდიპლომო სასიძოდან" სულ ის ეპიზოდი მახსენდება, როცა ბიჭიკო ამბობს: დედაჩემს უნდოდა, იურისტი გამოვსულიყავი, ფერმაში სამუშაოდ წავიდეო?!. მშობლებმა თეატრალური უნივერსიტეტი დამამთავრებინეს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ტელევიზიაში მძღოლადაც ვმუშაობდი და დეკორატორადაც. ღამეები მაქვს გათენებული, რომ რაღაც გამეკეთებინა. ყველას ვურჩევ, შრომა არ ითაკილოს. ის უფრო სამარცხვინოა, რომ დადიოდე და ვიღაცას ფულს სთხოვდე, ვიღაცას - საჭმელს...

ეთო ყორღანაშვილი