როგორ იპოვა ლაშა კანკავამ მელიტონ ქანთარიას შთამომავალი - გზაპრესი

როგორ იპოვა ლაშა კანკავამ მელიტონ ქანთარიას შთამომავალი

ლაშა კანკავას საზოგადოება ძირითადად მსახიობის ამპლუაში იცნობს, თუმცა 2 წლის წინ, ფილმის გადაღების იდეაც გაუჩნდა. გულშემატკივრების დახმარებით, ამ იდეას ნელ-ნელა ახორციელებს - მალე გადაღებებიც დაიწყება, რომელიც საქართველოსა და მისი ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის - სამეგრელოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

- "მეგრული Day Off-ები" რომანტიკული კომედიის ჟანრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება, რომელიც საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგოსა და წარმოშობით სოხუმელი, სამეგრელოში მცხოვრები ბიჭის სიყვარულის ფონზე მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ტემპერამენტსა და სამზარეულოზე... ფილმში ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის, ემიგრაციისა და რელიგიის თემებია... "მეგრული Dაყ Oფფ-ები" როგორც სამეგრელოს, ასევე მთელი ქვეყნის "პრომოუშენი" იქნება, რადგან გადაღებები სამეგრელოს რვავე რაიონში, ასევე თბილისსა და ბათუმში (ტურისტული და ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადგილებში) გვექნება - ისტორიული და ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ.

- როდის და როგორ გაგიჩნდათ ფილმის გადაღების იდეა?

- იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გამიჩნდა. 1 წელი სცენარს ვწერდი ჩემს კონსულტანტთან - სილვესტერ კანკავასთან ერთად, რომელიც სოხუმელი გახლავთ. პროფესიით კინოსფეროს წარმომადგენელი არ არის, მაგრამ ძალიან ნაკითხი, ჭკვიანი, განათლებული ადამიანია. კარგად იცნობს სამეგრელოს და ძალიან უყვარს. თავდაპირველად, ფილმზე პროფესიულად მუშაობა საერთოდ არ უფიქრია, მაგრამ შემდეგ ისე ჩაერთო და სცენარში ისეთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რომ ამის მხოლოდ "მადლობაზე გადატარება" უხერხული იქნებოდა. მეტსაც გეტყვით: მასზე დამოკიდებულიც კი გავხდი და ყველა დეტალს ვუთანხმებდი... დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც ჩემს ასისტენტ თამარ სურმავასთან ერთად, ფილმის ბიუჯეტზე მუშაობა დავიწყეთ. პარალელურად, კეთილი ადამიანების დახმარებით, შემოქმედებითი მიმართულებითაც წინ მივიწევთ, მაგალითად - ფილმის გადასაღები ლოკაციები სრულად მოვიძიეთ. ეს შრომატევადი საქმეა, როცა დიდი ტურისტული და ისტორიული პოტენციალის წარმოჩენას გეგმავ... ზუსტად ვიცით, სად რას გადავიღებთ.

ფილმზე მუშაობისას 3 უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა: როცა სცენარის წერა დავასრულეთ, მთავარი გმირი ბიჭის სახლის ძებნა დავიწყეთ. ეს პერსონაჟი ფერმერი გახლავთ, შეძლებული ოჯახი აქვს. გვინდოდა, კარგი კლასიკური სახლი ჰქონოდა და არა - თანამედროვე. თავიდანვე ვიფიქრეთ, რომ მთავარი გმირის სახლი მუზეუმი ან დაწესებულება უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველასია და არა - კონკრეტული პიროვნების. იდეურად ეს მნიშვნელოვანი იყო. წინათ, სალხინოში, დადიანების სახლ-მუზეუმის ინტერიერი ნანახი არ მქონდა. როცა შევედი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი - ოთახების განლაგება თუ პირველი-მეორე სართულის დამაკავშირებელი კიბე - ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმოდგენილი მქონდა. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა!.. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ ჩემი მეგობარი, დამწყები პროდიუსერი - საბა კიკოლიაშვილი ლოს-ანჯელესიდან ჩამოვიდა და მითხრა, რომ აუცილებლად მჭირდებოდა გამოცდილი რეჟისორი, ვინც სამეგრელოს კარგად იცნობდა და ფილმის გადაღებაში დამეხმარებოდა. აბსოლუტურად შემთხვევით, ბატონი თემურ ბაბლუანი გავიცანი. მის მიმართ პატივისცემა გამოვხატე, მის შემოქმედებაზე ვესაუბრე. დაინტერესდა, ამჟამად რას ვსაქმიანობდი. როცა შეიტყო, რომ "მეგრულ Day Off-ებზე" ვმუშაობდი, მეგრულად მკითხა: - მეგრული იციო? თურმე ბატონ თემურს დედა მეგრელი (ჩხოროწყუდან) ჰყავდა, ბაბუა (დედის მხრიდან) კი - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ლეონიდე ჟვანია ყოფილა. ძალიან გამიხარდა... მოვუყევი, ჩემი ფილმი როგორ წარმომიდგენია. სცენარიც წაიკითხა. დადებითად შეაფასა - კარგი პოტენციალი აქვსო და შემოქმედებითი მიმართულებით, კონსულტანტობაზე დამთანხმდა. მითხრა: - დასაფასებელია, რომ შენი კუთხე ასე გიყვარს, ასეთი გულანთებული ხარო... ბატონ თემურს მხარდაჭერისთვის უღრმეს მადლობას ვუხდი!..

ფილმთან დაკავშირებული მესამე მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ მთავარი გმირი გოგოს - ელენე ორბელიანის როლისთვის ქართველი ემიგრანტი მსახიობის პოვნა მინდოდა, რომ პერსონაჟი უფრო დამაჯერებლად განესახიერებინა. ელენეს მშობლების როლებს რეზო ჩხიკვიშვილი და მისი მეუღლე, ქალბატონი ხათუნა ითამაშებენ. ყველამ იცის, რომ რეალურად, ისინი ემიგრანტები არიან. მინდოდა, ელენეს როლის შემსრულებელიც ემიგრანტი ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი, აქტიური, ცნობილი მსახიობი გოგო არ გვყოლია... შემთხვევით, რუსული კლიპი ვნახე, ოღონდ ფილმში რუსი მსახიობის მოწვევას არც განვიხილავდი. უბრალოდ, გოგო, რომელიც კლიპში თამაშობდა, მომეწონა. ყურადღება იმანაც მიიქცია, რომ კლიპში ლოკაცია ძალიან ჰგავდა იმ ადგილს, სადაც ფილმში ელენე პირველად გამოჩნდება... ყოველი შემთხვევისთვის, მოსკოვში კოლეგებს მაინც მივწერე, - ეს გოგო ვინ არის-მეთქი?.. მსახიობი ნინო ქანთარია აღმოჩნდა. მას აგენტის საშუალებით დავუკავშირდით. ნინო საქმეში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო, სატესტო ვიდეოებიც გადაიღო და გამოგვიგზავნა. როლზე დავამტკიცეთ. პირველმა ეიფორიამ რომ გაიარა, ვკითხე, - სადაური ქანთარია ხარ-მეთქი? - მელიტონ ქანთარიას შთამომავალი ვარო. - კი, მაგრამ ქართული როგორ არ იცი-მეთქი? - დავინტერესდი. - ქართული - არა, მაგრამ მეგრული ვიციო, - მიპასუხა (იღიმის)...

GzaPress

- ფილმში რომელ ენაზე ითამაშებს?

- ნინომ ვიდეოტესტი ქართულ ენაზე გადაიღო, თუმცა, რა თქმა უნდა, აქცენტი ჰქონდა... ფილმს ქართულად ითამაშებს, მაგრამ შემდეგ გადავახმოვანებთ.

- როგორც ვიცი, ელენეს როლზე თამთა გოდუაძესაც განიხილავდით...

- კი. რაკი ქართველი ემიგრანტი მსახიობი გოგო ვერ ვიპოვეთ, შემდეგ მომღერლების, მოცეკვავეების, პიანისტების ძებნა დავიწყეთ. თამთა გოდუაძეზე "გავედით", რადგან ტიპაჟურად, პერსონაჟთან ყველაზე "ახლოს" იყო, თუმცა ეს იდეალური ვარიანტი მაინც არ ყოფილა. ასევე, ერთ ქართველ მსახიობზე ვფიქრობდით, რომელიც ჰოლივუდში სწავლობს, მაგრამ ამ როლისთვის ძალიან ახალგაზრდაა...

- ფილმში კიდევ ვინ ითამაშებს?

- ჯანო იზორია, გიორგი ცაავა, ზურა ინგოროყვა, ლაშა რამიშვილი, გიორგი გილიგაშვილი, დათო ქაცარავა...

- თავადაც ითამაშებ?

- რა თქმა უნდა! ჩემი პირველი პროფესია მსახიობობაა. ერთ-ერთი პერსონაჟის - ბონდო ჯიქიას როლს შევასრულებ. ნიკოლოზ წულუკიძე მეუბნებოდა, - სულ მეგრელებს ნუ დააკავებ, სხვა კუთხის წარმომადგენლებიც ათამაშეო (იცინის). ფილმი სამეგრელოს შესახებაა, მაგრამ მასში მხოლოდ მეგრელები არ იქნებიან. უბრალოდ, რამდენიმე პერსონაჟთან დაკავშირებით, მინდოდა, მეგრული ხასიათი, გარკვეული ინტონაცია ბუნებრივად ყოფილიყო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გოგოსა და ბიჭის სიყვარულის გარდა, ფილმში სხვა "გადამკვეთი ხაზებია": ყველაფერი ნამდვილ ამბებს ეფუძნება, რაც ბავშვობიდან დღემდე ჩემს გონებაში იყო დალექილი. ფილმს შემეცნებითი ხასიათი ექნება, მაგალითად - ყველამ იცის, რომ სამეგრელოსთვის ცხარე კერძებია დამახასიათებელი, მაგრამ ბევრმა არ იცის, საქართველოს ამ კუთხეში ცხარე კერძები რატომ დამკვიდრდა; ასევე არ იციან, სამეგრელოში საქორწინო ლხინს გვიან რატომ იწყებენ... მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეპოქის ამსახველ ფილმს ვგეგმავთ, მასში, ოქროს საწმისიდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი იქნება აღწერილი. რა თქმა უნდა, აფხაზეთის "ხაზი" აუცილებლად გვექნება, რადგან ეს მთელი საქართველოს ტკივილია...

ბევრი გულანთებული ადამიანი მხარში ამოგვიდგა, როგორც შეეძლოთ. მინდა ყველა მხარდამჭერსა და გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. ემიგრანტები აქტიურად გვეხმარებიან... გარშემო ძალიან კეთილ და კარგ ადამიანებს ვიკრებთ... ფილმის სახელწოდების "ფეისბუკ"-გვერდი გვაქვს. საქველმოქმედო კამპანიაც - "გადაიღე ფილმი 1 ზარით" - დავიწყეთ, სადაც ერთი სატელეფონო ზარის განხორციელებით, ფილმის საბიუჯეტო ფონდში ლარი ჩაირიცხება. ამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ფილმის "ფეისბუკ"-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ... სპეციალურად ამ აქციისთვის მასშტაბური ვიდეორგოლიც გადავიღეთ. სამეგრელოში მცხოვრებ ქორეოგრაფებს, ვინც ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო, მადლობას ვუხდი: რვავე ქალაქში 600-მდე ბავშვი შევკრიბეთ. მათ ერთი და იგივე ცეკვა ჰქონდათ მომზადებული...

ნინო ქანთარიაც საქართველოში ჩამოვიყვანეთ, რომ ახლოს გაგვეცნო და გაგვეგო, რისი გაგებაც წინასწარ იყო საჭირო... ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ფილმის მთავარი ბიუჯეტის მოსაძიებლად. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო ბიზნესმენებთან, ორგანიზაციებთან. მსოფლიო დიასპორების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკოს დახმარებით, ჩვენი ფილმი ყველა იმ დიდ ქვეყანას მოივლის, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ასევე ვგეგმავთ ორგანიზებულ ჩვენებებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

GzaPress

- სამეგრელოსთან თავად მჭიდრო კავშირი გაქვთ?

- ბავშვობაში, 1990 წლამდე, როგორც კი სასწავლო წელი სრულდებოდა, სოხუმში მივემგზავრებოდით და ვისვენებდით. ყველაფერი კარგად მახსოვს. ამასთან დაკავშირებით დიდ სიყვარულსა და სევდას განვიცდი... ჩემი მშობლები წარმოშობით მარტვილიდან არიან. შეგნებული ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. იქ ბევრი ნათესავი მყავს, საკუთარი სახლიც გვაქვს... ვცდილობ, ჩემს შვილებს ამ კუთხის სიყვარული და პატივისცემა გადავცე. ყოველ ზაფხულს ისინი სამეგრელოში მიმყავს, თუმცა ისეთი ხანგრძლივი დროით - ვერა, როგორც ბავშვობაში მე მივდიოდი - მთელ 3 თვეს იქ ვატარებდი...

- როდის აპირებთ ფილმის გადაღებების დაწყებას?

- ყველაზე რთული ისაა, რომ ფილმში მოქმედება 1 კვირაში ხდება. წლის განმავლობაში სამეგრელოში დავდიოდით და გარემოს ზემოდან დრონით ვაკვირდებოდით, რომ გაგვერკვია - როდის იყო ყველაზე ლამაზი. აღმოჩნდა, რომ ასეთი პერიოდია აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. მანამდეც და მერეც - ბუნება იცვლება. პირველად სიტუაციას ჭადრები აფუჭებენ - ფოთლები უყვითლდებათ და სცვივათ... მაისში, ივნისში სიმწვანეა, მაგრამ მდინარეები ისეთი ფერის არაა, როგორის ჩვენებაც ფილმში გვინდა. ფილმი მხოლოდ სიუჟეტით, იუმორით კი არა, ფერებითაც განსხვავებული, კაშკაშა უნდა იყოს... ახლა გადაღებები დავანაწევრეთ: მაგალითად, არის ლოკაციები, სადაც სულ ნაძვნარია და დიდად არ ჩანს, წელიწადის რომელი დროა, ასევე - ზღვაზე, ინტერიერში... დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში ფილმის პირველ ეპიზოდებს გადავიღებთ...

ეთო ყორღანაშვილი