რამ იმსხვერპლა ლამაზი "გამგეობა" ხვიჩა მაღლაკელიძის ბინაში? - გზაპრესი

რამ იმსხვერპლა ლამაზი "გამგეობა" ხვიჩა მაღლაკელიძის ბინაში?

ხვიჩა მაღლაკელიძეს ბლიცინტერვიუსთვის დავურეკეთ და მის შესახებ სხვადასხვა საინტერესო თუ სახალისო დეტალი შევიტყვეთ...

- წარმოიდგინეთ, არავინ გიცნობთ. საკუთარ თავს საზოგადოებას როგორ წარუდგენთ - ვინ ხართ?

- სხვათა შორის, ხშირად მიწევს ამის გაკეთება. ახლახან თურქეთში ვიყავით და ჩემი ბიჭი მაშაყირებდა, - სასტუმროში ან სადმე რომ შედიხარ, "ხვიჩობ": იქ ვერავინ გცნობს, მაგრამ მაინც შენებურს ატარებო... ეტყობა, სცენიდან, "ობრაზიდან" "ხვიჩობა" გამოყოლილი მაქვს... საზოგადოებას თავს როგორ წარვუდგენ და - როგორც მუსიკოსი, გიტარისტი, შოუმენი, მსახიობი, მომღერალი, პროექტ "იუმორინას" ერთ-ერთი წევრი, ანსამბლ "ქუჩის მუსიკოსების" სოლისტი - ხ. მაღლაკელიძე.

- ბავშვობაში რომელი პროფესიის დაუფლებაზე ოცნებობდით?

- მულტიპლიკატორობა, მეხანძრეობა და კოსმონავტობა მინდოდა... ჩემი უპირველესი ოცნება მაინც მულტფილმების გადაღება იყო. ხატვა, კარიკატურების შექმნა მიყვარდა. მულტფილმების გადაღების ტექნოლოგიაც შევისწავლე, "დავამხეცე"... წარმოიდგინე, ბავშვობაში პატარა მულტფილმიც გადავიღე. პატარა კინოკამერა მქონდა - თითო-თითო კადრით მულტფილმის "აწყობა" შეიძლებოდა. მთელი ზაფხული ვხატავდი. მაინტერესებდა, თუ "ავაწყობდი". ფირის გასაშვებიც მქონდა. მეზობლის ბავშვებს შემოვიკრებდი და კედელზე გაჭიმულ უშველებელ ზეწარზე, როგორც ეკრანზე, ჩემს შექმნილ მულტფილმს ვუშვებდი ხოლმე. "ყოჩი" და მაგარი ტიპი ვიყავი.

- გოგონებს შორის პოპულარობით სარგებლობდით?

- კი, რადგან იმ პერიოდში, ისეთი რაღაცები მიტაცებდა, რაც სხვა ბიჭებს არ აინტერესებდათ. გიტარით ვიპრანჭებოდი, კარიკატურებსაც ვხატავდი... გოგოსთან ურთიერთობის გაბმა რომ მინდოდა, პირველ რიგში, მეგობრულ შარჟს დავუხატავდი. მერე ის ჩემ მიმართ ინტერესს იჩენდა, - დედა, რა საყვარელია ეს ბაღანა, ვინაა, რა კარგად ხატავსო?!. - იწყებოდა ლაქუცი... "დაჟე", გოგონებთან ერთად, რეზინობანასაც ვთამაშობდი, რომ მათ თავისიანად ჩავეთვალე. საიდუმლოებებს მიმხელდნენ... ბოლოს და ბოლოს, უნივერსიტეტში, კურსზე 42 გოგოს შორის ერთადერთი ბიჭი ვიყავი.

- ეს თქვენთვის კარგი სიტუაცია იყო?

- გადასარევი, ხელისგულზე მატარებდნენ! ყურადღებას იმდენად არ მაქცევდნენ, რომ ჩემი თანდასწრებით ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - გოგო, "კალგოტკაზე" თვალი გამექცა, მანიკიური ხომ არ გაქვს, რომ დავიწებოო?.. ხანდახან ისეთ თემებზე საუბრობდნენ, ვწითლდებოდი. გოგონებთან მეგობრობისა და ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია. საერთოდ, მდედრობითი სქესი მიყვარს და ის ნეკნი ალალი იყოს, რაც თავის დროზე ჩემმა წინაპარმა გაიღო...

- მეგობრული დამოკიდებულების გამო, გოგონასთან ურთიერთობისას დისკომფორტი არასდროს შეგქმნიათ? იქნებ ვინმე მოგეწონათ, მაგრამ ის მხოლოდ მეგობრად აღგიქვამდათ?

- სიყვარული, ურთიერთობა და ვნება, რა თქმა უნდა, მეგობრობიდან იწყება: ადამიანებმა ჯერ ერთმანეთის სული უნდა შეიგრძნონ, ინტერესები "გაცვალონ" და მერე იწყება "ჩქმეტა"... თუმცა, საპირისპირო სქესის მეგობრები დღემდე მყავს - ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და მათ მიმართ ერთი "გადაკრული" აზრიც არ გამჩენია...

- თქვენი ხასიათის უარყოფით თვისებად რა მიგაჩნიათ?

- ზედმეტად პუნქტუალური ვარ. ამით ყველას ნერვებს ვუშლი. მაგალითად, თუ სადმე 12 საათზე ვარ მისასვლელი, 11-ის ნახევარზე მივდივარ და სხვას ვლანძღავ, ვაგინებ, - რატომ არ მოდიხარ-მეთქი?! თუ მეუღლესთან ერთად სადმე წასასვლელი ვარ, მასაც ვატყუებ - დანიშნულ დროზე 1 საათით ადრე დროს ვუსახელებ, რადგან საერთოდ, ცოლებს სახლიდან "არგამოტევა" სჭირთ. მეუბნება ხოლმე, - შენ წადი, მანქანა გაახურეო... ვატყობ, მთელი ცხოვრება მანქანას ვახურებ - ჩემი ძირითადი მოვალეობა ესაა... მოკლედ, პუნქტუალურობაა, რაც მტანჯავს. ჩემი "მინუსი" ეგაა. ალბათ, ეს კარგი თვისებაცაა და ცუდიც... ისე, ბევრი სხვა მინუსიც მაქვს, მაგალითად - შეიძლება გავიხედ-გამოვიხედო და თუ პატრული არ დგას, არც კამერაა დამონტაჟებული, საგზაო მოძრაობის წესი დავარღვიო. კანონმორჩილი ვარ, კანონმოყვარული - არა.

- ოდესმე ალბათ თქვენც დაგგვიანებიათ სადმე...

- უბრალოდ, ერთხელ თვითმფრინავის რეისს ვერ მივუსწარით: გერმანიაში კონცერტი გვქონდა. გადასხდომით მივფრინავდით. თვითმფრინავი თბილისიდან გვიან აფრინდა, რაც ჩვენი კი არა, ავიაკომპანიის ბრალი იყო. სტამბოლში მეორე თვითმფრინავს ვერ ჩავუსწარით. შემდეგ რეისზე გადაგვსხეს. ნერვიულობა, გაჭაღარავება, მთელი ამბავი გამოვიარე... თავზე, შუაში თმა რომ არ მაქვს, ალბათ იმ დროს გამცვივდა... კონცერტს ჩავუსწარით, მაგრამ დასვენება ვერ მოვასწარით. საყვედური მივიღეთ, მაგრამ დამნაშავეები არ ვყოფილვართ.

- თქვენი საყვარელი იუმორისტული გადაცემა რომელია?

- "ტეენტეზე" "კომედი ქლაბი" მომწონს. საერთოდ, რუსულ ტელეარხებზე იუმორისტულ გადაცემებს ვუყურებ. კარგი იუმორით გამოირჩევიან - ამ მხრივ, მათ შრომას დიდ პატივს ვცემ. წინათ, ედი მერფის შოუები ძალიან მიყვარდა...

- ქართული იუმორისტული გადაცემებიდან რომელი მოგწონთ?

- "ვანოს შოუ", "გიორგი გაბუნიას შოუ" ძალიან კარგი, საინტერესო საყურებელია - შრომობენ ბიჭები... ასევე, ნოე ჟორჟოლიანს დავასახელებ: როგორია, როცა ყოველდღე ეთერში გადიხარ, იუმორისტულ გადაცემას ამზადებ?!. კარგი გუნდი, სცენარისტები ჰყავს, რომლებიც მუშაობენ, დღე და ღამე საქმეში არიან ჩართულები...

- რისი კომპლექსი გაქვთ?

- მაგალითად, ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს ვერ ვუყურებ. საკუთარი თავის ყურების კომპლექსი მაქვს. მაშინაც კი, როცა ტელეეთერში გადაცემა გადის, გია ბაღაშვილი მეტყვის ხოლმე, - კარგი იყო, ნახეო? - კი, კი, ვნახე-მეთქი, - ვატყუებ. სინამდვილეში, ვერ ვუყურებ. წინათ ჩემს ხმასაც ვერ ვუსმენდი, მაგრამ ეს კომპლექსი გადავლახე, რადგან ჩანაწერს რამდენჯერმე უნდა მოუსმინო, რომ თუ რამე შეცდომაა, გამოასწორო...

- თქვენ და თქვენი მეუღლე ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

- ხანდახან გვარით - "ჩახვაძე" მივმართავ, ხან - "იურევნას" დავუძახებ ხოლმე, ის - "ჯემალოვიჩს" მეძახის, ოღონდ - იშვიათად.

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?

- სად დაიკარგე? კაცს ერთხელ არ მოიკითხავო... ამას ძალიან განვიცდი.

- მერე, სად იკარგებით?

- მოუცლელობის ბრალია, თორემ კი არ ვიმალები! ვმუშაობ... უმეტესობა, ვისაც ვენატრები, ჩემს სანახავად თავად მოდის სტუდიაში, სახლში... საერთოდ, ჩემი ახლო მეგობრები იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი გიტარა სულ "ფეხებზე ჰკიდიათ": საქეიფოდ რომ დავსხდებით, გიტარის და მუსიკის ხსენება არაა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. აბა, სადმე რომ მივალ და მეკითხებიან, გიტარა წამოიღე თუ არა, ვერ ვხვდები - რატომ უნდა წამეღო?! გიტარას კი არა, მე მშია. თუ დამპატიჟე, თავად დამახვედრე გიტარა...

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- დედამიწისთვის სარგებელი ყველა ადამიანს მოგვაქვს - ნეშომპალით, სასუქი მასალით ვამარაგებთ: ჩვენი სხეული რომ გაიხრწნება, რამდენიმე ათასი წლის შემდეგ ჩვენგან ნავთობს ან ქვანახშირს ამოიღებენ... ალბათ ეს იქნება ყველაზე დიდი სარგებელი, რასაც სამყაროს მოვუტან.

- თქვენი მესაიდუმლე ვინ არის?

- პრინციპში, საიდუმლოებები არ მაქვს. ჩემ შესახებ ოჯახის წევრებმა აბსოლუტურად ყველაფერი იციან - "მოხარშულს" მიცნობენ...

GzaPress

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, ვის ესაუბრებით?

- ჩემს უმცროს ვაჟს - ილიკოს, რადგან ისეთი ასაკი აქვს, რომ სულ რაღაცები აინტერესებს და უნდა ვუპასუხო. როცა შინ არ ვარ, მირეკავს და ჩვენ შორის აზრთა ჭიდილი იწყება...

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, თქვენს ყურადღებას პირველად გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- პროფესიის გამო, პირველ რიგში, ფრჩხილებზე, თითებზე ვუყურებ, რადგან გიტარისტი ვარ, - მაინტერესებს, გიტარაზე როგორ დაუკრავდა. შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყოს, მაგრამ მაინც თითებზე ვუყურებ - ნეტავ, გიტარა თუ მოუხდება-მეთქი?.. არა, ტელეგადაცემაში ირაკლი კობახიძემ გიტარაზე მშვენივრად დაუკრა. ვერ წარმოვიდგენდი, არ ველოდი...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ალბათ - ფრენის უნარს. ფრენა კარგია. გრავიტაცია დამაძლევინა, მეტი არაფერი მინდა. წარმოიდგინე, რა საინტერესო იქნება, - დაჰკრავ ფეხს და ჰაერში აფრინდები! სპორტის ასეთი სახეობა - აერომილი არსებობს: შუშის დიდ მილში, ქვემოდან ჰაერი ძლიერად უბერავს და ზემოთ გაგდებს... ასეთ მილში ქორეოგრაფიული ნომრები იდგმება! დიდი სურვილი მაქვს, ვინმე ინვესტორი ვიპოვო და დავაინტერესო, რომ თბილისში ან ბათუმში დიდი აერომილი დავდგა. ბავშვებსაც გავახარებთ... ძვირი ღირს: მაგალითად, მოსკოვში 10 წუთი რომ "იფრინო", 400 დოლარი ჯდება...

- შინ ცხოველი ან ფრინველი გყავთ?

- თუთიყუში მყავდა. ჩემმა ბიჭმა გალიაში ფანქარი ჩაუგდო, თუთიყუშმა შეჭამა და მოკვდა... სამწუხაროდ, ჩემს ოჯახში პატარა ცხოველები ვერ ხარობენ. ქამელეონიც მყავდა, ფერებს იცვლიდა. ყრუ იყო (საერთოდ, ქამელეონები ბუნებრივად ყრუები არიან). მოფერებით "გამგეობა" დავარქვი, ხან "მთავრობასაც" ვეძახდი. ისე, ალისა ერქვა. ლამაზი იყო. ისიც მოგვიკვდა - რაღაც ისეთი შეჭამა, რომ ვერ მოინელა... ახლა ძაღლი მინდა ძალიან, მაგრამ მე-11 სართულზე მისი ყოლა რთულია. ილიკო გიჟდება, ძაღლები ისე უყვარს! ბულვარის ძაღლებს პირში ხელს უყოფს. ანტირაბიულ კაბინეტში "აბონემენტი გვაქვს" - ცოფზე ვიცრებით ხოლმე, მაინც გვეშინია... იქ მისულებს უკვე ასე გვხვდებიან, - მობრძანდით, კარგა ხანია, არ ყოფილხართო... ერთხელ სახლში, გამწოვში მერცხალი გაიჭედა. ჩამოვიყვანეთ... როგორი ავი ფრინველი ყოფილა! დაგვკორტნა!.. რამდენიმე დღის განმავლობაში ვუმკურნალეთ, მერე გავუშვით...

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სიმართლე და ერთგულება. ინტერვიუშიც ყველაფერი გულწრფელად გითხარი - არაფერი დამიმალავს...

ეთო ყორღანაშვილი