"წლის ერუდიტი", "წლის ანტიერუდიტი", ყველაზე ბუზღუნა, მხიარული და დაბნეული რესპონდენტები - გზაპრესი

"წლის ერუდიტი", "წლის ანტიერუდიტი", ყველაზე ბუზღუნა, მხიარული და დაბნეული რესპონდენტები

ხშირ შემთხვევაში, რესპონდენტის დათანხმება ძალიან ჭირს. ამის გამო არაერთხელ დამიჩივლია, ეს რუბრიკა ყველაზე მეტად მანერვიულებს-მეთქი, მაგრამ თან ყველაზე მეტად მიყვარს. მუშაობის პროცესში თავადაც ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ, მკითხველსაც არაერთი ცნობილი ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ გავაცანი ინფორმაცია. წელს რუბრიკის სტუმარი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 50 ცნობილი სახე იყო. როგორც ყოველი წლის ბოლოს, ამჯერადაც შემაჯამებელ სტატიას გთავაზობთ. დღეს გაიგებთ, ვინ იყო 50-ს შორის საუკეთესო, ვინ იყო ყველაზე მხიარული, დაბნეული, ბუზღუნა რესპონდენტი; ვინ გახდა "წლის ერუდიტი" და "წლის ანტიერუდიტი".

რუბრიკის პირველი სტუმარი პაროდისტი მამუკა ლომაშვილი გახლდათ. მისთვის ცოტათი განსხვავებული, მეტად დამაბნეველი, სახალისო კითხვები შევადგინე და ახალი წლის დღეებში ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვესტუმრე. მამუკამ ჩვეული იუმორითა და სისხარტით, მკითხველის გამხიარულება მოახერხა და არც საკუთარი "ფეხის" გაპიარება გასჭირვებია. გამიმხილა, ბავშვობაში სასურველი მეკვლე ვიყავი. ოჯახში მრავალფეროვნება "კარგობა" და "დადებითობა" რომ შემეტანა, ცალ ფეხზე ბოტასს ვიცვამდი, მეორეზე - კლასიკურ ფეხსაცმელს და კარს გამიღებდნენ თუ არა, ორივე ფეხით ვისკუპებდიო. პაროდისტი რამდენიმე კითხვამ აშკარად დააბნია, მეკამათა კიდეც, მაგრამ სწორი პასუხის გაცემა დასმული კითხვების 63%-ზე შეძლო.

შეხვედრაზე სიამოვნებით დამთანხმდა ექიმი ჯონი ჯანაშია (68%). "მოწაფეობა კომუნისტების პერიოდში მომიწია. მაშინ კარგი წიგნები გამოდიოდა, მაგრამ არ იშოვებოდა. კარგი წიგნის ხელში ჩაგდება დღესასწაული იყო, ზოგჯერ რამდენიმე დღე ვინახავდი, რომ წაკითხვის სიხარული გამეხანგრძლივებინა". მისთვის რთულად ამოსაცნობი გმირები მეტად საინტერესოები არიან.

უკვე აღვნიშნე, უმეტეს შემთხვევაში, რუბრიკაში ჩაწერაზე რესპონდენტის დათანხმება ძალიან ჭირს. მსახიობი გიორგი მარშანია (56%) იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა. როცა დავურეკე, მისმა რეაქციამ გამაკვირვა, - "უი, "ერუდიტში" უნდა ჩამწერო? მიხარია". შეხვედრის დროს კი "სიხარულის" მიზეზი ასე ახსნა: - განა იმიტომ მიხარია, რომ ძალიან ერუდირებული ვარ და ყველა კითხვას პასუხს გავცემ. რომელ კითხვაზეც პასუხი არ მეცოდინება, შემრცხვება. მომავალში მეტის წაკითხვასა და ცოდნის შეძენას შევეცდები. რომ გითხრა, ჟურნალებს ხშირად ვკითხულობ-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ "გზაში" ამ რუბრიკას წაუკითხავს არასდროს ვტოვებ. იმასაც ვაღიარებ, რომ ბევრი რამ მისწავლია.

არ ვიცი, მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება, მომღერალ თიკა ჯამბურიას (29%) ჩემი კოლეგების მისამართით არაერთხელ გამოუთქვამს საყვედური, - ჟურნალისტები მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან და სხვას არაფერს მეკითხებიანო. ამიტომ მას სხვა კუთხით წარმოჩენის შესაძლებლობა მივეცი და მის ერუდიციასა და ინტელექტში გასარკვევად შინ ვესტუმრე. საუბრის დასაწყისში მისივე ნათქვამი სიტყვები შევახსენე და დავპირდი, რომ პირად ცხოვრებაზე ერთ კითხვასაც არ დავუსვამდი. პირობა შევასრულე.

თიკა:

- "ერუდიტი", ანუ?

GzaPress- სხვადასხვა სფეროდან მაქვს მომზადებული კითხვები. ერთგვარი ინტელექტუალური თამაშია.

- აუ! კარგი იქნება.

"კარგი" დასაწყისი "ცუდად" გაგრძელდა. მოგეხსენებათ, თიკა სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ სწორი პასუხი ამ სფეროდან დასმულ ბევრ მარტივ კითხვაზე არ იცოდა. მან მხოლოდ დასმული კითხვების 29%-ს უპასუხა და ამ მაჩვენებლით "წლის ანტიერუდიტი" გახდა.

"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მე ვარ მკითხველი და მერე - არტისტი. წიგნი ჩემი ყველაზე დიდი და ძლიერი ნარკოტიკია", - ამ სიტყვებით დაიწყო ჩემთან საუბარი მსახიობმა თინა მახარაძემ. მას ჩვევად ჰქონია რამდენიმე ნაწარმოების ერთდროულად კითხვა. თამამი განცხადებების გამო, ეს მსახიობი ბევრ ადამიანში აგრესიას იწვევს. ბევრი მიმდევარიც ჰყავს. "ერუდიტისთვის" კი ურიგო რესპონდენტი არ აღმოჩნდა, თინამ სწორად დასმული კითხვების 68%-ს უპასუხა.

მომღერალ ბექა ჩხაიძეს კი სოციალურ ქსელში შევეხმიანე და ინტერვიუსთვის შეხვედრა ვთხოვე. რუბრიკის სახელი რომ გაიგო, მირჩია, არ გამოგადგები, ვინმე სხარტი გონების რესპონდენტთან უკეთესი ინტერვიუ გამოგივაო. თან მაინც დაინტერესდა და რამდენიმე წუთის შემდეგ მომწერა, - როგორი კითხვები უნდა დამისვაო? ჩვენი პირადი მიმოწერა ასე გაგრძელდა:

- წუთში ერთხელ არის, წამშიც ერთხელ არის, საათში არ არის და წელიწადში 2-ჯერ არის. რა არის?

- დრო?

- მაგრად გამაცინე. ამ კითხვაზე პასუხს იმ შემთხვევაში გეტყვი, ინტერვიუსთვის თუ შემხვდები.

- არ მგონია, კარგი რესპონდენტი ვიყო (10 წუთის შემდეგ). აუ, რა არის? ახალი წელი?

- არა.

- მითხარი, გთხოვ, და შეხვედრაზე შევთანხმდეთ.

წლების განმავლობაში ამ რუბრიკაზე მუშაობამ ურჩი რესპონდენტების ინტერვიუზე დათანხმების არაერთი მეთოდი მასწავლა. ბექა იმდენად დავაიტერესე, იმ დღესვე შემხვდა. მან კითხვების 60%-ს უპასუხა.

მსახიობ ლევან სუხიტაშვილს (72%) სად აღარ უსწავლია. ჯერ ექიმობა ნდომია და სამედიცინოზე ჩაუბარებია, მერე - ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ბოლოს - სამსახიობოზე. ლევანი ყველაზე მხიარული რესპონდენტი იყო. აღნიშნა კიდეც, მხიარული ადამიანები მეტად მიზიდავენ. ისეთები, ჩემი ჭკუის რომ არიანო.

GzaPress- "შენი ჭკუის" როგორია?

- ამყოლი, გამგები, მეგობრული... "დაგრუზული" ადამიანები ჩემზე ცუდად მოქმედებენ.

მოგეხსენებათ, ლევანი გორიდან არის. ეს კითხვა მას შეგნებულად დავუსვი.

- რა ჰქვია ვაშლის არაყს?

- სიდრი.

- სიდრი ვაშლის ღვინოს ჰქვია.

- აბა, არ ვიცი? ვაშლის ქვეყნიდან ვარ და ამ კითხვაზე როგორ უნდა ჩავიჭრა?

- კალვადოსი ჰქვია. თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეგვიძლია თუ არა, ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ კაშკაშა მზიანი ამინდი იქნება?

- შესაძლებელია მზიანი ამინდი იყოს, არა?

წელს რუბრიკის სტუმარი იუმორისტი გოჩა თანდარაშვილიც (82%) გახლდათ. თურმე პროფესიით სამრეწველო პროდუქციის ექსპერტია. სახელმწიფო უნივერსიტეტში კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი დაამთავრა. უცნაური მეხსიერებით გამოირჩევა, - ვერ იმახსოვრებს პერსონაჟების სახელსა და გვარს, მაგრამ არასდროს ავიწყდება ემოცია, რომელიც წიგნის კითხვის დროს ჰქონდა და ფურცლის რომელ ნაწილზე რომელი ეპიზოდი ეწერა.

მისი მეგობარი იუმორისტი ლაშა გაბუნია, ყველაზე მეტად დაბნეული და ბუზღუნა რესპონდენტი იყო. შეხვედრისას ჩვენი დიალოგი ასე დაიწყო:

- რას ლაპარაკობ, "ერუდიტში უნდა ჩამწერო? დავღუპულვარ და ვერ გამიგია. რომ დამირეკე, რატომ არ მითხარი?"

- გეკითხა და გეტყოდი.

- აუ! რა ვქნა?

- ახლა აღარაფერი გეშველება.

- რომ მცოდნოდა, ასეთი მძიმე შეხვედრა გვექნებოდა, არ დაგთანხმდებოდი.

ლაშა უჩვეულოდ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სწავლით გამორჩეული მოსწავლე ყოფილა.

"მართალია, პროფესიონალთა გუნდში არასდროს მითამაშია, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები კომპიუტერულ თამაშებში გამოვცადე და არცთუ ისე ცუდი შედეგი ვაჩვენე", - მითხრა მსახიობმა ანა სანაიამ (63%) და ჩემი გამოწვევა, ყოფილიყო "ერუდიტის" სტუმარი, სიამოვნებით მიიღო.

- წიგნი მოგიპარავს?

- კი, ერთი ოჯახიდან "ტომ სოიერის თავგადასავალი" წამოვიღე. მერე დავაბრუნე, მაგრამ... ერთმა ლექტორმა მასწავლა, ისეთი ოჯახიდან წიგნის წამოღება, სადაც არავინ კითხულობს, დიდი დანაშაული არ არისო. რაღაცნაირად, ეს განწყობა გამომყვა.

წიგნების ქურდობის ამბები აღიარა, ჯგუფ "ფრანის" სოლისტმა, გაგა ჩიხლაძემ. სხვადასხვა დროს თურმე იმდენი წიგნი მოუპარავს, ერთი კარგი ბიბლიოთეკა გამოვიდოდა, მაგრამ ქურდის ქურდის ამბავი ხომ გაგიგიათ და ერთ დღეს მოპარული წიგნები გაგასთვისაც მოუპარავთ.

"თეატრალურში რომ ვაბარებდი, მაშინ ვიგრძენი, რაც უნდა ნიჭიერი იყო, ნაკითხი თუ არ ხარ, ინტელექტი თუ არ გაქვს, შენგან კარგი მსახიობი ვერ დადგება. მსახიობს უწიგნურობა ძალიან ეტყობა". გაგამ სწორი პასუხის გაცემა დასმული კითხვების 65%-ზე შეძლო.

"როცა ახალ ნაწარმოებს ვეცნობი, სურვილი მიჩნდება, იმ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმიც ვნახო", - მითხრა მსახიობმა, ნინო შავგულიძემ (68%).

ახალი ნაწარმოების გაცნობას კი ხშირად რამდენიმე მეგობართან ერთად იწყებს, შემდეგ აწყობენ გარჩევას, მსჯელობენ ამა თუ იმ სიუჟეტისა და პერსონაჟის გარშემო. ეს მეთოდი კი წაკითხულის კარგად დამახსოვრების საუკეთესო საშუალებაა.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- რავიკთან "ტრიუმფალური თაღიდან". პატრიოტია, სიტყვაძუნწია. მომწონს სიტყვაძუნწი ადამიანები, ყველაფერს შორიდან რომ აკვირდებიან, ბევრი რომ იციან, მაგრამ ზედმეტს არასდროს ლაპარაკობენ. კარგი მეგობრები არიან. რავიკი ძალიან მამაკაცურია, ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე, ერთი პერიოდი მასზე ვიყავი შეყვარებული.

"არის წიგნი, რომელსაც წაიკითხავ და სამუდამოდ გამახსოვრდება და არის წიგნი, რომელსაც გადაიკითხავ და მალე გავიწყდება. ბევრი წიგნი წაკითხული მაქვს, მცირე ნაწილი - გადაკითხული. თეატრალურში გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში ვიყავი. სწავლა რომ დავიწყეთ, მისი პირველი კითხვა იყო, - ბიბლია რომელს გაქვთ წაკითხული? უმეტესობას არ გვქონდა წაკითხული. იმ წიგნების ჩამონათვალში, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა წაგვეკითხა, პირველი ეს წიგნი ეწერა". - გაიხსენა მსახიობმა, სალომე შარვაძემ. უყვარს ინტელექტუალური თამაშები. თავის დროზე მასზე დიდი გავლენა "უცნობი ქალის წერილებმა" მოახდინა. იმდენად შეძრა, რომ ოცნებობდა, უცნობი ქალის როლი შეესრულებინა.

მუსიკოსმა ნუცა ჯანელიძემ (65%) გამიმხილა, თინეიჯერობის წლებში, როგორც გოგონების უმეტესობა, მეც სასიყვარულო ამბებით ვინტერესდებოდი, მაგრამ ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, "დეკამერონი" ნაკლებად მიზიდავდა, სხვები მალულად კითხულობდნენო. შეკითხვაზე, - მეგობრად რომელ პერსონაჟს აირჩევდი? ორიგინალურად მიპასუხა. - მეფე გიორგის და ვრონსკის გავეპრანჭებოდი.

როცა მუსიკოს დათო ფორჩხიძეს დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე, თავდაპირველად იუარა, "არა მგონია, ამ რუბრიკისთვის კარგი რესპონდენტი ვიყო. გამოდის, რომ გამოცდაზე გასვლა მომიწევს?" - შემდეგ კი დამთანხმდა და ინტერვიუს ჩასაწერად სტუდიაში დამპატიჟა. მან დასმული კითხვების 69%-ს სწორად უპასუხა და იმის შესახებაც გულახდილად მიამბო, რომ შალვა რამიშვილის შოუში მის გამოჩენას ბევრი ახლობლის გაოცება მოჰყვა. "რატომღაც, უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩამითვალეს. ასეთი დამსახურებული ადამიანი "მუზიკანტად" რატომ დაჯექიო? ყველას ავიწყდება, რომ "მუზიკანტი" ვარ".

წელს რუბრიკის ყველაზე საინტერესო სტუმრები კლუბ "რა? სად? როდის?" მოთამაშეებიც იყვნენ.

"განათლებულობის მიხედვით ტვინებს შორის ვიზუალური სხვაობა არ არსებობს", - ამიხსნა ექიმმა-ნეიროქირურგმა, ლევან თოფურიძემ (74%) კლუბში "რა? სად? როდის?" თითქმის 20 წელია, თამაშობს. იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე და თბილისის 6-გზის ჩემპიონი. მისი საყვარელი მწერლები ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი, აკა მორჩილაძე, მიხეილ ბულგაკოვი, ფიოდორ დოსტოევსკი და ო,ჰენრი არიან. ფლობს მესამე თანრიგს ცურვაში, უყვარს თხილამურებზე დგომა და დაივინგი.

იურისტ დავით ლომინაძეს კი ისეთი ნაწარმოებები მოსწონს, "მძიმე წიგნებს" რომ ეძახიან. ინტელექტუალთა კლუბში 2009 წლიდან თამაშობს. მითხრა, რომ "არანორმალური" მეხსიერება აქვს. 2010 წელს დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ტელეგადაცემაში - "რა? სად? როდის?" დღის მოაზროვნედ დაასახელეს. უყვარს წიგნების კითხვა (დაწოლილ მდგომარეობაში), მუსიკის მოსმენა (სიბნელეში), თევზაობა და ჯეოპარდი.

- ყველაზე მეტჯერ რომელი ნაწარმოები გაქვს წაკითხული?

- რობაქიძის "გველის პერანგი" 100-ჯერ მექნება წაკითხული.

- 100-ჯერ?

- რობაქიძის სტილი ძალიან მომწონს, მაგრამ ის მწერლად არ მიმაჩნია, ფილოსოფოსია. ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. "გველის პერანგში" ფერსათზე წერს, ფერსათი ჩემი სოფელია.

GzaPressგიორგი ბაქრაძე კლუბში "რა? სად? როდის?" 1993 წლიდან თამაშობს, მაგრამ ინტელექტუალურ თამაშებში მანამდე იყო ჩართული, სანამ ეს კლუბი ჩამოყალიბდებოდა. ის საქართველოს ყველა დროის, ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნეა. არაერთგზის ჩემპიონი და საქართველოს "რა? სად? როდის?" პირველი მაგისტრი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკის საკითხებში ერთ პატარა ინტელექტუალურ "თამაშზე" სიამოვნებით დამთანხმდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან დასმული კითხვების 90%-ს უპასუხა და ამ მაჩვენებლით 50 რესპონდენტს შორის საუკეთესო აღმოჩნდა. გიორგი ბაქრაძის შთამბეჭდავ ტიტულებს დღეიდან ჟურნალ "გზის" "წლის ერუდიტის" წოდებაც მიემატა. ვულოცავთ ბატონ გიორგის გამარჯვებას და მას საჩუქრად წიგნს - "ქართული სპორტის ენციკლოპედია" გადავცემთ.

თამუნა კვინიკაძე