მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში - გზაპრესი

მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში

ჩვენი ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია, რომელსაც დღესაც ბევრ ოჯახში გულმოდგინედ იცავენ, მეკვლეობაა. ახალი წლის ღამეს, როდესაც საათის ისარი 12-ს გადასცდება, ოჯახს მეკვლე უნდა ესტუმროს და სახლში ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, კეთილდღეობა შემოიტანოს. ადამიანები მეკვლის არჩევას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ის, ვინც ახალი წლის ღამეს ოჯახში პირველი შევა, აუცილებლად ფეხბედნიერი და რაც მთავარია, კეთილი ადამიანი უნდა იყოს და ტკბილეულით ხელდამშვენებულმა აუცილებლად უნდა დაილოცოს: - "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი" ან "ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა"...

მეკვლეობა სტუმარმასპინძლობის რიტუალიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება და გამასპინძლება საქართველოში ოდითგანვე ოჯახის ღირსებას წარმოადგენდა და ახალი წლის პირველ სტუმარს, მეკვლეს განსაკუთრებული პატივით ხვდებიან და უმასპიძლდებიან...

თიკა ფაცაცია:

GzaPress- ჩვენს ოჯახში მეკვლედ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ანი ბილოხოძე მოდის. რატომღაც, თვითონ გადაწყვიტა, რომ ყოველ წელს ჩემი მეკვლე უნდა იყოს.

- "კარგი ფეხი" აქვს?

- კი, "კარგი ფეხი" აქვს, არ ვუჩივი.

- მას რით უმასპინძლდებით ხოლმე?

- ახალი წლისთვის განსაკუთრებულ კერძებს არ ვამზადებ. უბრალოდ, გემრიელ სადილს ვამზადებ და ტკბილეულს ვყიდულობ. ერთადერთი, რაც ამ დღისთვის ჩვენს ოჯახში ყოველთვის მზადდება, ეს გოზინაყია.

- თოვლის ბაბუა თუ მოდის ხოლმე შენს შვილებთან?

- ის ჩვენთან ყოველ წელს მოდის და წელსაც მოვა. ჩემს შვილებს ისეთი ასაკი აქვთ, რომ ემოციურად აღიქვამენ თოვლის ბაბუას მოსვლას, უფროსებს კი ამ ყველაფერის აღარ გვჯერა.

- რას სთხოვენ ისინი თოვლის ბაბუას?

- ჯერ არ უთქვამთ, რა უნდა მოიტანოს ამ მოხუცმა, მაგრამ სავარაუდოდ, მათ სათამაშოებით გაახარებს. მართალია, უმცროსი ჯერ წერილებს ვერ წერეს, საამისოდ პატარაა, მაგრამ ახალ წელს არც ის დარჩება საჩუქრების გარეშე.

- ოდესმე თავად თუ მიგიწერია თოვლის ბაბუასთვის წერილი?

- ასეთი რამ არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდხანს კი მჯეროდა მისი არსებობის.

- მას შენთვის საჩუქრები ყოველთვის მოჰქონდა?

- დიახ, იმედგაცრუებულს არასდროს მტოვებდა. მშობლები უკვეთავდნენ საჩუქრებს თოვლის ბაბუას, იმისდა მიხედვით, თუ რა მჭირდებოდა.

- ნაძვის ხე უკვე მორთეთ?

- კი, მოვრთეთ. ნაძვის ხეს ყოველთვის ბარბარობის დღესასწაულზე, ოჯახის წევრებთან ერთად ვრთავ. ზოგადად, დეკემბერი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი ორი შვილი სწორედ ამ თვეშია დაბადებული.

- ახალ წელს ოჯახში ხვდებით, არა?

- კი, დამდეგს ტრადიციულად, ოჯახში ვხვდები, შემდეგ კი რაიმე ღონისძიებაზე მივდივარ და ან ვმღერი, ან საღამო მიმყავს, ან ორივე საქმეს ვითავსებ. 2015-ს "ქართულ სახლში" ვიზეიმებ, სადაც გრანდიოზული საახალწლო საღამოს წამყვანი ვიქნები და ვიმღერებ კიდეც.

ნიკა გრიგოლია:

GzaPress- მეკვლე არასდროს მყოლია. ახალი წლის ღამეს სპეციალურად არავინ მომიწვევია, - "კარგი ფეხი" გაქვს და მესტუმრე-მეთქი, მაგრამ თავად ბევრჯერ ვყოფილვარ სხვისი მეკვლე, განსაკუთრებით - ბავშვობაში.

- მეკვლე შეიძლება, დაუპატიჟებელი სტუმარიც აღმოჩნდეს.

- იმდენად არ მჯერა მსგავსი რაღაცების, რომ არასდროს დავკვირვებივარ, თუ ვინ შემოდის ახალი წლის ღამეს პირველი ჩემთან. ჩემი წარმატება თუ წარუმატებლობა სხვაზე არ არის დამოკიდებული.

- ბავშვობაში მეკვლედ ვინ გეპატიჟებოდა?

- ბევრი ახლობელი ადამიანი თუ მეზობელი დაჟინებულად მთხოვდა, მათთან მეკვლედ მივსულიყავი. რატომ ეგონათ, რომ მათი წარმატებები ჩემი "ფეხის" დამსახურება იყო, არ ვიცი(იცინის). პირადად მე, ასე არ ვფიქრობ. ჩემი ფეხები წარმატების საწინდარი ვერ იქნება.

- ნაძვის ხე უკვე ააწყვე?

- დიახ, მეუღლესთან ერთად ავაწყვე და ძალიანაც მომწონს.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუა თუ მოდიოდა შენთან?

- კი, მოდიოდა (იცინის), მაგრამ პირისპირ არასდროს შევხვედრივარ, რომ გამეცნო. საჩუქრებს მიტოვებდა და ქრებოდა.

- დიდი ხანი გეჯეროდა მისი არსებობის?

- ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკამდე მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის... სამაგიეროდ, იცით, რა გამახსენდა? - ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მასზე "ფარული ჩანაწერები" მოვიპოვე და სიმართლე გამოვააშკარავე (იცინის).

- ახალი წლის ღამეს ტრადიციულად, ოჯახში ხვდები?

- არც ერთ ახალ წელს არ მიწევს სახლში ყოფნა. დამდეგს ტრადიციულად, რომელიმე "ივენთზე" ვხვდები ხოლმე. ზუსტად ვიცი, წელსაც ასე მოხდება.

მანიკა ასათიანი:

GzaPress- 2015 წელს ჩემი მეკვლე ვინ იქნება, წინასწარ არ ვიცი. აი, შარშან თავად ვიყავი ჩემი ოჯახის მეკვლე (იცინის). ამ დღეს ტრადიციულად, მეგობრები, ახლობელი ადამიანები მოდიან ჩვენთან და ვინ ვის დაასწრებს, ამას ვერ განსაზღვრავ.

- შარშანდელი შენი მეკვლეობით თუ ვიმსჯელებთ, როგორი "ფეხი" აღმოგაჩნდა?

- "კარგი ფეხი" მქონია და ეს აქამდე არ ვიცოდი (იცინის). ნამდვილად არ ვემდური 2014-ს. ყველანაირად კარგი წელი იყო ჩემთვის... მეკვლეს ყოველთვის ტკბილეული შემოაქვს ოჯახში, ჩვენ კი საახალწლო სუფრასთან ვიწვევთ და ერთმანეთს ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებთ.

- თუ მეკვლედ ისეთი ადამიანი გესტუმრებათ, რომელსაც ამბობენ, რომ "ცუდი ფეხი" აქვს, როგორ მოიქცევი?

- მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მეკვლის "ფეხის" მჯერა-მეთქი. უბრალოდ, რადგან ეს ქართული ტრადიციაა, პატივ ვცემ და ვიცავ კიდეც.

- როგორ ფიქრობ, თოვლის ბაბუა მოვა შენს შვილთან?

- დიახ, აუცილებლად მოვა. ჩემი შვილი 2 წლისაა, წერა არ იცის და დედას დაავალა, თოვლის ბაბუას გადასცეს საკუთარი სურვილები (იცინის). ძალიან უყვარს სათამაშოები, განსაკუთრებით კი მანქანები. გიო ახალ წელს ძალიან ბევრ საჩუქარს მიიღებს.

მიშა ბაღათურია:

- როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ახალი წლის ღამეს ჩვენთანაც მოდის მეკვლე, მაგრამ კონკრეტული პიროვნების მოწვევაზე არასდროს გვიფიქრია. ისე, ტრადიციულად, ყოველ დამდეგს პირველად ოჯახში ჩემი ძმა შემოდის ხოლმე.

- თუ გჯერა იმის, რომ მეკვლის "ფეხმა" შეიძლება, ოჯახში როგორც კარგი, ასევე ცუდი რაღაცები მოიტანოს?

- ამ ყველაფერის ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ ტრადიციას პატივს ვცემ. ვფიქრობ, მეკვლის "ფეხზე" არ არის დამოკიდებული წლის განმავლობაში მომხდარი ამბები (იცინის).

- თავად თუ ყოფილხარ ვინმეს მეკვლე?

- კი, ვყოფილვარ. სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორი ფეხი მაქვს.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდა?

- მჯეროდა, ოღონდ - ძალიან ცოტა ხანს. მახსოვს, სკოლაში რომ შევედი, იმ წელს თოვლის ბაბუის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. მიუხედავად ამის, საახალწლო საჩუქრებს მაინც ვიღებდი. ოჯახის წევრები: მამა, დედა, ბებია და ბაბუა ამ მხრივ ძალიან მანებივრებდნენ.

- უკვე იცი, სად შეხვდები ახალ 2015 წელს?

- მოსკოვში, მეგობრებთან ერთად.

ლიკა ქაჯაია