სიუზან საქსმა ლევან წულაძის ცოლს ბოდიში მოუხადა - გზაპრესი

სიუზან საქსმა ლევან წულაძის ცოლს ბოდიში მოუხადა

ჭოლა ყველაზე დიდმკერდიან ამერიკელ ქალს აეროპორტში ყვავილებით დახვდა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში წაიყვანა, გურია დაათვალიერებინა. ჩვენ "წყვილს" ფილარმონიაში, კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე ვესტუმრეთ, მაგრამ რესპონდენტები ერთად ვერ მოვიხელთეთ.

- სიუზან, როგორც ვიცი, ფრანგულ "ნიჭიერში" მონაწილეობდით...

- ადრე ბარში ვმუშაობდი. იქ ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლასტიკატის ქილა დამიდო გამოსაცდელად, - აბა, თუ დაჭყლეტო? გავჭყლიტე! ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, ვიდეოები გადამეღო, სადაც ჩემი მკერდის შესაძლებლობები იქნებოდა ასახული და "იუთუბზე" ამეტვირთა. როგორც ჩანს, ეს ვიდეოები ნახეს ფრანგული "ნიჭიერის" დამფუძნებლებმა და მიმიწვიეს. მას მერე დავდივარ და ვამტვრევ ყველაფერს (იცინის).

- თქვენი მკერდის ეს გიგანტური ზომა ბუნებრივია?

- პატარა მკერდი არასდროს მქონია, მაგრამ ვერ დავმალავ, ახლა სილიკონით მაქვს გადიდებული, რადგან ეს შოუს სჭირდება. მე "შოუვუმენი" ვარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ნომერი სანახაობრივი გამოვიდეს.

- პირველ ტურში, როცა ჟიურიმ თავისთან მიგიხმოთ, ლევან წულაძე ამოარჩიეთ და მკერდში ჩაიხუტეთ. ნიკა გვარამია რატომ "დააიგნორეთ", არ მოგეწონათ?

- უბრალოდ, ლევანი ძალიან საყვარელი და ბუთხუზაა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს მას უფრო მეტად უნდოდა (იცინის).

- ნახევარფინალის წინ აეროპორტში დაგხვდათ ჭოლა...

- ჰო, ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო, ძალიან გამიხარდა.

- იცით, რომ ლევანს ცოლი ჰყავს. ქართველი ქალების ეჭვიანობაზე თუ გსმენიათ რამე?

- (იცინის) უი, არ ვიცოდი... მართლა არ ვიცოდი, ლევანი ცოლიანი თუ იყო. მაპატიოს მისმა მეუღლემ, თუ რამე ისე არ იყო, როგორც მას მოეწონებოდა.

- უკვე მეორედ ხართ საქართველოში. რას იტყვით ქართველებზე, საქართველოზე?

GzaPress- საოცრად თბილი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. არ მეგონა, ასე კარგად თუ მიმიღებდნენ. აქამდე ბევრ სხვა ქვეყანაში გამართულ მსგავს შოუში ვმონაწილეობდი, სადაც ხალხი მთლად კარგად არ შემხვდა.

- ჩვენს ქვეყანაში რამ გაგაკვირვათ ან რა არ მოგეწონათ?

- ქალაქში მოძრაობის წესებით ვარ გაოცებული. ადამიანები ისე მართავენ მანქანებს, გგონია, ავტომობილში აირბაგი უნდა გაიხსნას (იცინის). ისე გადადიან საწინააღმდეგო მიმართულების გზაზე, ვითომ ეს ბუნებრივი რამ არის... სამაგიეროდ, გაოცებული და გაოგნებული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით.

- ქართული კერძები დააგემოვნეთ?

- თქვენი კერძები საოცრებაა... ძალიან მომეწონა სოკო კეცზე და პური. მთელ მსოფლიოში გამორჩეული პური გაქვთ ქართველებს. და რაც მთავარია, საუკეთესო ღვინოთი შეგიძლიათ, დაიტრაბახოთ!

- როცა ქალაქში მანქანით ან ფეხით გადაადგილდებით, ქართველ მამაკაცებს თქვენი დანახვისას როგორი რეაქცია აქვთ?

- მორცხვები არიან. აეროპორტში ბევრი მოვიდა და ფოტოს გადაღება მთხოვა, ქალაქში ამას ნაკლებად ბედავენ, მხოლოდ მომაშტერდებიან ხოლმე.

- თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით. ოჯახი გყავთ?

- ჩემი ოჯახი არის: დედაჩემი, მამაჩემი, ორი ძმა და ერთი და.

- აქამდე რატომ არ გათხოვდით?

- მიიღეთ ჩემი რჩევა და არ გათხოვდეთ! ჩემი მშობლები ექვსჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ. არ მინდოდა, იგივე გზა გამევლო, რაც მათ გაიარეს.

- შეყვარებული არ ყოფილხართ?

- ვყოფილვარ და "ბოიფრენდი" ახლაც მყავს, მაგრამ დაქორწინებას არ ვფიქრობ.

- ქართველი მამაკაცები მოგწონთ?

- კი. წყნარი, მშვიდი, სასიამოვნო კაცები გყავთ.

- ქართველ მამაკაცზე თუ იქორწინებდით?

- დამაფიქრეთ... არასდროს იცი, რას გიმზადებს ცხოვრება, მაგრამ... არა, როცა ქორწინებაზე ვფიქრობ, ყოველთვის მშობლების განვლილი გზა მახსენდება.

- ბატონო ლევან, ყველა იმას ამბობს, რომ შეყვარებული ხართ სიუზანზე. უნდა მოიფიქროთ ახლა რამე, თორემ დაგენგრათ ოჯახი...

ლევან წულაძე:

- (იცინის) საბედნიეროდ, ჩემი ცოლი წინა ღამით ჩინეთში წავიდა, თეატრიდან გასტროლზე და ვერ შეესწრო ამ ჭორებს, მაგრამ როცა ჩამოვა, როგორ ვიმართლებ თავს, ეს არ ვიცი. ღამით მეუღლე გავაცილე აეროპორტში, მეორე დილით კი სიუზანს დავხვდი. კლასიკური ქართული ღალატის ვარიანტია.

- სიუზანი თუ გააფრთხილეს, აეროპორტში რომ დახვდებოდით?

- ალბათ გააფრთხილეს, რადგან ბავშვობის დროინდელი მეგობარივით შემხვდა. საერთოდ, ძალიან მხიარული და სასიამოვნო ქალია. მის მთავარ ღირსებაზე რომ არაფერი ვთქვა, როგორც ადამიანი, ძალიან მომწონს. შინაგანად სევდიანი ქალბატონია და სწორედ ამიტომ ჩანს გარეგნულად ძალიან მხიარული.

- მუზეუმში ყოფილხართ ერთად...

- დიახ, გურია ვუჩვენე, ჩემო ბატონო, გურული ოდა.

- რა მოეწონა ყველაფერზე მეტად?

- ფიცრები, ძველი ფიცრები, რომელიც დაახლოებით იმ ასაკის არის, რა ასაკისაც მათი სახელმწიფო. 250 წლის ავეჯი დგას მუზეუმში. ეს რომ ვუთხარი, გადაირია.

- ერთად ივახშმეთ?

- არა, ამდენი ვერ მოვახერხეთ.

- ქართული ღვინო მომეწონაო, - მითხრა და ვიფიქრე, რომ თქვენ დააგემოვნებინეთ.

- მის თაყვანისმცემელთა რიგებში მხოლოდ მე არ ვარ. ჰოდა, როგორც ჩანს, დამასწრეს.

- როგორ გგონიათ, სიუზანმა თქვენ რატომ აგირჩიათ, ჟიურიში იყო კიდევ ერთი მამაკაცი.

- ეს უკვე ბედისწერაა.

- თქვენს მეუღლეს, მანანას როგორ მოსწონს თქვენი ეს ამპლუა?

- ზოგადად, არ მაკრიტიკებს ხოლმე.

- გინდობთ თუ ობიექტურია?

- ალბათ, უფრო მომავალზე ფიქრობს (იღიმის).

ნინო მჭედლიშვილი