მსახიობის პროფესიას შეჭიდებულ კასტინგ-მენეჯერი - გზაპრესი

მსახიობის პროფესიას შეჭიდებულ კასტინგ-მენეჯერი

24 წლის თათა ედიბერიძე ამ სერიალის კასტინგ-მენეჯერი და ერთ-ერთი გმირის - ელენეს როლის შემსრულებელი გახლავთ. მართალია, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ საქმეს ალღო აუღო და არა მარტო პარტნიორების, არამედ რეჟისორისგანაც დაიმსახურა შექება. თუმცა, როგორც თათა ამბობს, - თავად საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი არ არის.

GzaPress- იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. სტუდენტი რომ გავხდი, დაახლოებით ორ თვეში სარეკლამო კომპანია "სარკეში" დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთი რეკლამის გადაღების დროს შემომთავაზეს, კასტინგ-მენეჯერად მემუშავა. გამოსაცდელ ვადად ერთი თვე მქონდა, ერთი თვის შემდეგ კი თანამშრომლად გამაფორმეს. დატვირთული დღის რეჟიმის გამო, უნივერსიტეტში სიარულს ვერ ვახერხებდი, მხოლოდ გამოცდებზე მივდიოდი.

- სერიალზე - "ტიფლისი" სამუშაოდ ვინ მიგიწვია?

- ფილმის რეჟისორი - ლევან დაბრუნდაშვილი და მე დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ რეკლამებზე, მოკლემეტრაჟიან ფილმებზე, კლიპებზე. 3 წლის წინ ლევანმა ტელეკომპანია GDS-ის არხის კასტინგ-მენეჯერობა შემომთავაზა. ცხადია, ეს წინადადება მივიღე.

- ელენეს როლზე როგორ აგიყვანეს?

- გარდა საქმიანი ურთიერთობისა, ლევანთან მეგობრობაც მაკავშირებს. სერიალის "პრე პროდაქშენი" უკვე დაწყებული გვქონდა. ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთან ერთად ვისხედით, როცა ლევანმა მითხრა: მსახიობ გოგოს ვეძებ, ელენეს როლისთვის. ის უნდა იყოს დაახლოებით ისეთი გარეგნობის, როგორიც შენ ხარ: თხელი, გამხდარი, ღია ფერებშიო... უცებ გაჩერდა, დამაკვირდა და წამოიძახა, - გადაწყვეტილია, შენ ითამაშებ ელენეს როლსო. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ვიდრე გადაღებას დავიწყებდით, ვეუბნებოდი: იქნებ მოგვეძებნა ვინმე სხვა, მე ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ მაქვს-მეთქი, მაგრამ ლევანმა ყურიც არ მათხოვა (იღიმის).

- ე.ი. ეს შენი პირველი როლია, არა?

- დიახ, ასეთი სერიოზული დიალოგებით, ემოციებით სათამაშო პირველი როლია, მაგრამ მანამდე ვმონაწილეობდი კლიპებში, რეკლამებში, ეპიზოდურ როლებში.

- ალბათ, გადაღების დროს ნერვიულობ...

- სიმართლე გითხრათ, პირველ დღეს დიდად არ მინერვიულია. ალბათ იმიტომ, რომ კარგად არ მქონდა გაცნობიერებული, როგორი რთული საქმე მქონდა გასაკეთებელი. მეგონა, ესეც ეპიზოდური როლივით, იოლად შესასრულებელი იქნებოდა და ყველაფერი ორ სერიაში დამთავრდებოდა, მაგრამ შევცდი. ჰოდა, რაც უფრო მატულობს გადაღებების დღე, მით უფრო მეტად ვნერვიულობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სერიალში ჩემს პარტნიორებს: კახა კინწურაშვილს, ნატუკა გულისაშვილს, ნატო გაგნიძეს. ისინი ძალიან მეხმარებიან.

- როგორ ფიქრობ, ელენე რითი გგავს?

- არაფრით, ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული გოგოა. მეგობრებს ასეთ როლში ჩემი ნახვა გაუკვირდათ, თან - ბევრს ხალისობენ ამაზე... უკვე 8 წელია, მოკლე ვარცხნილობას ვატარებ. ამ სერიალში კი გრძელი თმა მაქვს. ჰოდა, ამის გამო ბევრი ვერც მცნობს (იცინის). მსახიობებისგან მსმენია: კოსტიუმს რომ ჩაიცვამ, გმირის ხასიათიც თავისთავად მოვაო. მართლაც ასე ყოფილა. როგორც კი კოსტიუმს მოვირგებ, ეგრევე წელში ვსწორდები, თავი ოდნავ მაღლა აწეული მაქვს და აბსოლუტურად სხვა გოგო ვხდები - სევდიანი, ნაზი, ჰაეროვანი...

- სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს: როდესაც გადასაღებ მოედანზე ხარ თუ როდესაც კადრს მიღმა აკეთებ საქმეს?

GzaPress- ჩემთვის ორივე საქმე კომფორტულია. მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. თუმცა, რაღაც მიზეზების გამო სამსახიობოზე არ ჩავაბარე. უნდა გითხრათ, რომ გამიმართლა, რადგან მოვხვდი იმ გარემოცვაში, სადაც ყოფნა ყოველთვის მინდოდა. რეჟისორებთან, პროდიუსერებთან, მსახიობებთან ურთიერთობა და გადასაღებ მოედანზე ყოფნა ის არის, რაც ძალიან მომწონს, ამ ყველაფერზე ვგიჟდები.

- სერიალის გადაღებები სად მიმდინარეობს?

- ჩვენი ძირითადი სამუშაო ადგილი საპატრიარქოს ტყეა, სადაც დიდი დეკორაციები გვაქვს აშენებული. მთელი აგვისტო და სექტემბერი ამ ტყეში გავატარეთ და ლამის დავიხოცეთ კიდეც (იცინის). საშინელი სიცხე იყო, მსახიობებს კი ჩოხები გვეცვა.

- კადს მიღმა მომხდარ, საინტერესო ამბავს ხომ არ გაიხსენებ?

- იქიდან გამომდინარე, რომ რეჟისორებს კარგი იუმორის გრძნობა აქვთ, გადაღებების პროცესიც კი მხიარულად მიმდინარეობს. დაახლოებით 45 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს ამ სერიალზე და ეს ადამიანები ან სერიალის გადაღებაზე მუშაობენ, ან გადასაღებად ემზადებიან. თითოეული ჩვენგანი მაყურებელზე უკეთ ხვდება საკუთარ შეცდომას. ვეცდებით, მეორე სეზონზე უფრო სრულყოფილად შევასრულოთ დაკისრებული საქმე. გადამღები ჯგუფის ასაკობრივი ზღვარი 18-დან 35 წლამდეა ანუ ახალგაზრდები ვართ და საქმის კეთების პარალელურად, რაღაცებს ვსწავლობთ, ვიზრდებით, ვიხვეწებით. ცოტა არ იყოს, გადაღლილებიც ვართ, რადგან ძალიან რთული პროექტია და ბევრი შრომა გვიწევს, მაგრამ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი შედგა და ჩვენს სერიალს უკვე ბევრი ერთგული მაყურებელი ჰყავს.

- როგორც კასტინგ-მენეჯერს, რისი კეთება გიწევს ხოლმე?

- კასტინგ-მენეჯერს მჭიდრო კავშირი აქვს როგორც მსახიობებთან, ასევე რეჟისორებთან ანუ ორივე მხარეს უნდა მოერგო, თან - ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ ყველა ბედნიერი იყოს (იცინის). ასევე, ამ პროფესიის ადამიანი უნდა იყო აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური და აუცილებლად - დიპლომატი. თუ შინაგანად ასეთი არ ხარ, ამ პოზიციაზე ვერ იმუშავებ. კიდევ, აუცილებლად უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სხვანაირად არაფერი გამოვა... ვამბობ ხოლმე: ახლა GDშ ჩემი მეორე სახლია, სახლი კი ის სასტუმროა, სადაც ღამით დასაძინებლად მივდივარ-მეთქი. მუშაობით ცხადია, ვიღლები მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა.

- გართობისთვის დრო გრჩება?

- როგორი აქტიური სამუშაო რეჟიმიც მაქვს, ისეთივე აქტიურია ჩემი პირადი ცხოვრებაც. ჩემი დასვენება მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობაა. ჰოდა, როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ამისთვის დროს ყოველთვის გამოვნახავ. ალბათ ამიტომაც არის, რომ სულ გამოუძინებელი სახე მაქვს.

- შეყვარებული გყავს?

- არა, თავისუფალი ვარ.

- როგორი ბიჭები მოგწონს?

GzaPress- ასეთ შეკითხვებს არ ვარ მიჩვეული (იცინის). როგორი ბიჭები მომწონს? - ჩემთვის ადამიანის გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ვიგრძნო, რომ მამაკაცი ჩემზე ძლიერია. აუცილებლად უნდა იყოს ჯენტლმენი, კარგად აღზრდილი. კაცს "დასტოინობა" უხდება.

- როგორ ფიქრობ, როგორი მსახიობი ხარ?

- ეკრანზე ჩემ მიერ შესრულებულ როლებს ვერ ვუყურებ, რადგან ყალბი მგონია. სულ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებისგან, რეჟისორისა და მაყურებლებისგანაც დადებით შეფასებას ვიღებ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

- საახალწლო დღესასწაულისთვის სამზადისი უკვე დაიწყე?

- ჩემი სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ჯერ ამისთვის ვერ მოვიცალე, თან - სიმართლე გითხრათ, ნაძვის ხის აწყობა-გალამაზება დიდად არ მიყვარს. სახლის მორთვაზე და იმ ყველაფერზე, რაც ახალ წელს უკავშირდება, ჩემი და ზრუნავს. ვფიქრობ, მას უფრო კარგად და გემოვნებიანად გამოსდის. ერთადერთი, რასაც წელიწადის ამ დროს ვაკეთებ და რითიც ვინტერესდები, ეს ჰოროსკოპია. მაინტერესებს, რისი წელი მოდის და მერე ამ ნიშნის შესახებ რაღაცებს ვკითხულობ. გამოგიტყდებით და ამასაც გართობის მიზნით ვაკეთებ. დამდეგს ტრადიციულად, შინ ვეგებები, მერე კი მეგობრებთან ერთად სადმე გასართობად მივდივარ.

- წელს ამ ტრადიციის დარღვევა ხომ არ მოგიწევს და სერიალ "ტიფლისის" გადამღები ჯგუფი ერთად ხომ არ შეხვდებით დამდეგს?

- არა მგონია, ასე მოხდეს. ისედაც, 24 საათი ამ ადამიანების ყურება მიწევს და ახალ წელსაც ეგენი რომ დავინახო, შეიძლება, თავი მოვიკლა (იცინის). ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და გვიყვარს ერთმანეთი.

მარეხ ჭონიშვილი