როგორ გადავწიოთ პრობლემების "ფარდა" და დავინახოთ ბედნიერება - გზაპრესი

როგორ გადავწიოთ პრობლემების "ფარდა" და დავინახოთ ბედნიერება

მსახიობი ნათია ფარჯანაძე წლებია, თეატრში თამაშობს. პოპულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. ამბობს, რომ მისთვის სპექტაკლსა და სერიალზე მუშაობა თანაბრად საინტერესოა. ნათია ცნობილი ბიზნესმენის - ლაშა პაპაშვილის ცოლის დაა და თითქმის ყოველ ახალ წელს პაპაშვილების მეკვლეა. ინტერვიუში ის ამ ოჯახის საახალწლო ტრადიცებზეც მოგვითხრობს.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა, მაგრამ ბალეტზე არ მიმიყვანეს და როგორ გამოვიდოდი? ამის გამო გული მწყდება თუ არა? - ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განვიცდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ვაიმე, როგორი ხუჭუჭა თმა აქვსო (იცინის).

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

GzaPress- ...ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სულ მიმართლებს და ყველაფერს იოლად ვაღწევ. პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი გახლავართ. ბავშვობაში "სპექტაკლობანას" თამაში მიყვარდა. დიდი როლი ითამაშა იმ ფილმებმა და სპექტაკლებმა, რომლებმაც ჩემზე, როგორც მაყურებელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი - 4 წლის ელისაბედი. ძალიან ემოციური ბავშვია. როცა ეკრანზე მხედავს, მოსწონს, ზოგჯერ კი ნერვიულობს. ბოლო პერიოდში სცენაზე ჩემს გამოჩენას უფრო შეეჩვია. ზაფხულში ერთი თვე გასტროლი გვქონდა და ედინბურგში წავიყვანე. კულისებში ჭკვიანად იყო, რეპეტიციებს ესწრებოდა. მერე ერთ პატარა ეპიზოდში თავადაც ითამაშა, გარემოს მეტად გაუშინაურდა. სულ ვეუბნები: რასაც სცენაზე ხედავ, ვითომ ხდება, ეს სინამდვილე არ არის-მეთქი.

- საახალწლოდ ელისაბედი თოვლის ბაბუას სთხოვს...

- ...ამბობს, რასაც მომიტანს, ის მინდაო. ახლახან ბაღში ზეიმი ჰქონდა და დაიჩივლა, ჩვენი თოვლის ბაბუა ნამდვილი არ იყოო. - ამას რატომ ამბობ-მეთქი? - ბოტასები ეცვა. მგონი, გადაცმული თოვლის ბაბუა იყოო. პატარაა, მაგრამ არაფერი გამოეპარება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მხიარული ვარ. ხშირად მეუბნებიან, შენი განწყობა გადამდებიაო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ძალიან ფიცხი ვარ და ეს არ მომწონს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ისევ დავუშვებდი (იცინის). ადამიანები ხომ უმეტესად, ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ.

- დათმობა შემიძლია თუ...

- ...ეს დათმობა ჩემი პრინციპების ღალატს არ ნიშნავს. კომპრომისზე წასვლა მეტ-ნაკლებად უნდა შეგეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა ვერც შედგება.

- ცრემლს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება. ძალიან სენტიმენტალური გავხდი. წლების წინ ეს ჩემთვის უცხო რამ იყო, დღეს კი შემიძლია, ვიტირო კარგ სპექტაკლზე, სიმღერაზე, რეკლამაზეც კი...

- ბოლოს ვიტირე,..

- ...ერთ-ერთი ფილმის ნახვისას.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...გეგმების დაწყობა არ მჩვევია. მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ, მით უმეტეს - შორეულ მომავალზე.

- ვიბნევი, როცა...

- ...რაღაც მძაბავს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...რომელიმე თბილ ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე.

- საახალწლოდ მოგზაურობას...

- ...არ ვგეგმავ. ახალ წელს თბილისში შევხვდები, მერე შეიძლება, საქართველოში რომელიმე ზამთრის კურორტს ვესტუმრო. თხილამურებით სრიალიც მიყვარს.

- დასასვენებლად წავალ...

- ...ალბათ დასთან და მის შვილებთან ერთად.

- თქვენი და - ხათუნა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის მეუღლეა. ახალ წელს ერთმანეთს სტუმრობთ?

- უმეტეს შემთხვევაში, ლაშასთან და ხათუნასთან სტუმრად ჩვენ მივდივართ. ისინი ბევრნი არიან (იცინის). ახალ წელს თბილ მოსიყვარულე ოჯახში ყოფნას რა სჯობს? იქ მხიარულება და ბავშვების ჟრიამულია.

- გამოდის, რომ პაპაშვილების მეკვლე ხართ, არა?

- კი, ასე გამოდის.

- ლაშა როგორი ადამიანია, მის პიროვნულ თვისებებზე რას გვეტყვით?

- ძალიან თბილი ადამიანია, ბევრ სიკეთეს აკეთებს. ახლა რომ დავფიქრდი, გამოდის, რომ ყველაფერი დადებითი უნდა ვთქვა, საკუთარი ოჯახის წევრის ქება კი მეუხერხულება. ყურადღებიანი ადამიანია, კარგი მამა, შვილების აღმზრდელობით საქმეში აქტიურადაა ჩართული, თავისუფალ დროს ბავშვებთან ატრებს. ლაშას მანამდეც ვიცნობდი, ვიდრე ხათუნა ცოლად გაჰყვებოდა. ჩვენი სიძე რომ გახდა, მაშინ ბანკის პრეზიდენტი იყო.

- ჩვევად მაქვს, ყოველი ახალი წლის ღამეს...

- ...ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერთად, დილამდე კარგად გავერთო. ხან ოჯახში ვიკრიბებით, ხან კლუბში მივდივართ. 12 საათს ყოველთვის შინ ვხვდები, ეს ტრადიციაა. საახალწლო სამზადისში, სუფრის გაშლაში ვმონაწილეობ. გოზინაყის მომზადება არ მეხერხება.

- ცხოვრებას მილამაზებს...

GzaPress- ...შვილი. დილით რომ გაიღვიძებ და ქალაქს გახედავ, ცოცხალი რომ ხარ, შენი მშობლები, მეგობრები კარგად რომ არიან, სამსახური რომ გაქვს - ეს ყველაფერი კარგ განწყობას ქმნის. მთავარია, ამ ყველაფრის დანახვა შეგეძლოს, რაც ადამიანებს არც ისე ეადვილებათ, ამაში კი ხელს ბევრი რამ უშლით. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, რომ იყოს და ეს მთავარს ფარავს. ამიტომ უნდა შეძლო, პრობლემების "ფარდა" გადასწიო და გაიხარო იმით, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი ხარ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ყველაფერს. ქუჩაში საცობში რომ ვხვდები, ვცოფდები. წონასწორობას ვკარგავ მაშინ, როცა მძღოლები მოძრაობის წესებს არღვევენ, უზნეოდ იქცევიან. თავად კარგი მძღოლი ვარ.

- ბოლოს დამაჯარიმეს...

- ...იმდენი ხანია, ჯარიმა არ გადამიხდია, აღარც კი მახსოვს, ბოლოს რისთვის დამაჯარიმეს.

- მეზარება...

- ...დილით ადრე გაღვიძება, მაგრამ მაინც მიწევს ხოლმე.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...წასვლა მაშინ უფრო მიჭირს, როცა შესაძლო შედეგს ვაცნობიერებ. გაუცნობიერებლ რისკზე უფრო ხშირად წავსულვარ.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა ადამიანების ცხოვრებაში, რომელზეც ურთიერთობები დგას.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...სულ შეყვარებული ვარ და ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას. შეყვარებული ვარ ოჯახზე, მშობლებზე, საქმეზე, გართობაზე... ეს მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თუ არ გიყვარს, მკვდარი ხარ.

- მეშინია...

- ...იმდენი რამის მეშინია, რომელი ერთი ვთქვა? არ მიყვარს შიშებზე ლაპარაკი, თქმისიც კი მეშინია (იცინის).

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მსაყვედურობენ, მაგრამ არ მამახსოვრდება, რის გამო მსაყვედურობენ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ეს ის შემთხვევაა, როცა ერთდროულად უხერხულობასაც ვგრძნობ და სიხარულსაც.

- ვნანობ, რომ...

- ...ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ დაკარგულ დროსაც ტყუილად არ ჩაუვლია.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...საჭმელების მომზადება. ცუდი მზარეული ვარ და ინტერესიც არ მაქვს. ამ ბოლო დროს ჭამა შემიყვარდა. ჰოდა, იქნებ სადილების მომზადებაც ვისწავლო.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...არ არსებობს თემა, რომელზეც ერთ ადამიანთან მაინც არ ვილაპარაკებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...დავხარჯავდი. ფულის ხარჯვამ შეყოლა იცის, მეხერხება ეგ საქმე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბებიისგან ვიღებ ხოლმე დარიგებებს. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრა, რომ ის ბრძენი ქალია. მის აზრს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი რჩევები არაერთხელ გამომდგომია. კონკრეტული შემთხვევის გახსენება მიძნელდება, მაგრამ ყოველთვის, როცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირს, მასთან მივდივარ.

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...მატერიალურზე ნატვრას არ "დავხარჯავ". ვინატრებდი, რომ ყველა ადამიანი ჯანმრთელად იყოს. მთავარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობაა, დანარჩენი ყველაფერი შეიძლება მოიპოვო.

- დაბოლოს...

- ...ახალ წელს გილოცავთ! თქვენც იმავეს გისურვებთ, რასაც - საკუთარ თავს. ფოკუსირებას პრობლემებზე ნუ გავაკეთებთ, კარგის დანახვის უნარი გამოვიმუშაოთ და მერე ბევრი რამ უკეთესად იქნება.

თამუნა კვინიკაძე