ახალი წელი იამაიკაზე, "სამეფო კერძები" და ივნისს მიტანებული გოზინაყის ამბავი - გზაპრესი

ახალი წელი იამაიკაზე, "სამეფო კერძები" და ივნისს მიტანებული გოზინაყის ამბავი

ულამაზესი ფერია - პატარა მათიკო (მზიას 2 წლის გოგონა) მორთულ-მოკაზმულ ნაძვის ხესთან მიგიპატიჟებთ და არც მეტი, არც ნაკლები, გთხოვთ, რომ სათამაშოებს ემთხვიოთ! ნაძვის ხის ტოტზე დასკუპებულ სათამაშო ჩიტებს აუცილებლად უნდა მიეფეროთ და "გულდაწყვეტილი" არც საახალწლო ბურთები დატოვოთ... მოკლედ, "თაყვანისცემის" ამ "რიტუალის" და საერთოდ, საახალწლო სამზადისის შესახებ, თავად მზია გვესაუბრება:

- ალბათ, როგორც ყველა ზრდასრულ ადამიანს, ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა ბავშვობაში უფრო მიხაროდა. ათვლას რამდენიმე თვით ადრე ვიწყებდი - ახალი წელი როდის დადგებოდა, მოუთმენლად ველოდი... დღესასწაულზე გამოვიპრანჭებოდი, ლამაზ ტანსაცმელს ვიცვამდი, თმას საგულდაგულოდ ვივარცხნიდი. ბავშვობაში ნაძვის ხის დადგმა ძალიან მიყვარდა, ყველა სათამაშოს ველაპარაკებოდი, თითოეულს თავისი სახელი ჰქონდა... შემდეგ მთელი დღეები ნაძვის ხის ძირში ვიჯექი და ვთამაშობდი. როცა გავიზარდე, თითქოს ახალ წელს თავისებური სიხარული აღარ ახლდა. რა თქმა უნდა, მაინც სასიხარულო იყო, მაგრამ ძველებურად აღარ ველოდი, მით უმეტეს - რაც მუშაობა დავიწყე, დღესასწაულის წინა პერიოდი ყველაზე დამქანცველი გახდა. შინ ისეთი დაღლილი მივდიოდი, რომ ახალი წელი აღარც მახსოვდა... რაც მათიკო გაჩნდა, ახალმა წელმა ძველებური სიხარული დამიბრუნა. ნაძვის ხესაც სხვა ხალისით ვრთავ. თუკი წინათ ნაძვის ხეს 28-29 დეკემბერს ვდგამდი, ახლა 14 დეკემბერს ავაწყვე: მათიკო სასეირნოდ იყო წასული. შინ დაბრუნებულმა მორთული ნაძვის ხე რომ დაინახა, თვალებგაფართოებული იდგა - ძალიან მოეწონა. მათიკო 2 წლის არის და უკვე მესამე ახალ წელს ხვდება: პირველად - თვეების იყო, მეორედ - სათამაშოების დამტვრევა უკვე შეეძლო. დედებს შორის გავიკითხე და ყველამ მითხრა, რომ ჩვენთვის ნაძვის ხის დადგმა საშინელი ტრაგედიაა, რადგან ბავშვები ამტვრევენო. მაინც დავდგი. მათიკო თავიდანვე მივაჩვიე, რომ სათამაშოები არ დაემტვრია: ვეუბნებოდი, - ამ სათამაშოებს უნდა აკოცო და მოეფერო-მეთქი. დღემდე არც ერთს არ გატეხს - მიდის და ძალიან ნაზად ეფერება, კოცნის... თავის სიყვარულს ასე გამოხატავს. თუ სტუმარი გვეწვია, ისიც ნაძვის ხესთან მიჰყავს და ყველა ბურთზე სათითაოდ აკოცნინებს... მოკლედ, შინ ასეთი რიტუალი გვაქვს - სტუმარი რომ მოდის, ნაძვის ხის სათამაშოებს უნდა ემთხვიოს (იცინის).

- ნაძვის ხეს ყოველ წელს ახალი სათამაშოებით რთავ?

- განსხვავებული კომპლექტაცია მაქვს ხოლმე. წელს ისე გამოვიდა, რომ იასამნისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოები "ავურიე". შემდეგ 1 სალათისფერი სათამაშო ისე მომეწონა, რომ ეს ფერიც დავამატე. ყოველ წელიწადს ახალ-ახალ სათამაშოებს ვყიდულობ. ახლა უკვე ბევრი დამიგროვდა. ამიტომ მხოლოდ ისეთს ვიძენ, რომელიც განსაკუთრებულად მომწონს. ნაძვის ხეს რომ ავაწყობ და მოვრთავ, ძალიან მიხარია. ყველას ვთხოვ ხოლმე, რომ შეაქოს (იღიმის).

- თოვლის ბაბუის არსებობის რა ასაკამდე გჯეროდა?

GzaPress- ბალიშის ქვეშ რა საჩუქრებიც გვხვდებოდა, ვიცოდით, რომ მშობლები გვიმზადებდნენ. მახსოვს, ერთხელ სათამაშო აქლემი და შოკოლადის კანფეტები დამხვდა... ასე რომ, "თოვლის ბაბუს ინსტიტუტი" ჩვენთვის აქტუალური არ იყო.

- ამ მხრივ, მათიკოს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- მინდა, რომ წელს ნაძვის ხის ქვეშ "საქური" ("საჩუქარს" ასე უწოდებს) დავახვედრო. საერთოდ, უყვარს, როცა სახლში საჩუქრით ხელდამშვენებული მივდივარ. შინ დაბრუნებულს სულ ხელებში მიყურებს: აინტერესებს, - აბა, რა "საქური" მივუტანე? რატომღაც, თოვლის ბაბუ ძალიან მოსწონს. როცა ვეკითხებით, რა უნდა მოგიტანოსო, გვპასუხობს - პატარა თოვლის ბაბუო (იცინის)!..

- თოვლის ბაბუს პირადად შეხვედრია?

- ჯერ "ცოცხლად" არ უნახავს, თუმცა ქუჩაში მოსიარულე განათებული, საახალწლოდ მორთული მანქანები ძალიან მოსწონს. საერთოდ, არაფრის ეშინია, მაგრამ "ბახბუხი" აშინებს და გამწარებული გამორბის ხოლმე. ახლა ნელ-ნელა ვაჩვევ: როგორც კი საახალწლო ფოიერვერკის ტკაცუნს გავიგონებთ, ფანჯარასთან მიმყავს და ვაჩვენებ, რომ "ბახბუხი" კარგია. თუ არ შევაჩვიე, ახალ წელს გაგიჟდება.

- საახალწლო სუფრაზე თავად ზრუნავ?

- წინათ რაღაცებს ვამზადებდი. მოუცლელობის გამო, ახლა მზა პროდუქტის ყიდვას ვამჯობინებ. იყო პერიოდი, როცა ყოველ წელს, გოზინაყის მომზადებას ვცდილობდი, მაგრამ რაღაც ვერ დავამუღამე: ხან ძალიან რბილი გამოდის და იშლება, ხან - ძალიან ხმება. ჩემი სამარცხვინო დიასახლისობის ამბავს მოგიყვები: ერთხელ გოზინაყი ხის დაფას ისე ძლიერად მიეკრო, რომ გახმა და გაუბედურდა, ვერ ვაგლეჯდი. მერე არ მეცალა - სულ "გადარბენაზე" ვიყავი. ამიტომ ეს გამხმარი გოზინაყი ხელს რომ მიშლიდა, ავდექი და აივანზე "გავდგი": ვიფიქრე, - რომ მოვიცლი, მერე გავრეცხავ-მეთქი. ჰოდა, ივნისამდე აივანზე იდო (იცინის)... როგორც იქნა, მოვიცალე და დაფას "ჩამოვახიე", გავრეცხე... მას შემდეგ გოზინაყი აღარ მომიმზადებია. შარშან დედაჩემმა გამომიგზავნა. შეიძლება, წელს მათიკოს ხათრით, მომზადება ისევ ვცადო - იქნებ, ამჯერად მაინც გამომივიდეს...

- სხვა რა აუცილებელი ნუგბარი ან კერძი ამშვენებს შენს საახალწლო სუფრას?

- ძირითადად - ფხალეული. ამ პერიოდში, მარხვას ვიცავთ ხოლმე. ხანდახან ჩემს მეუღლეს მუზა მოსდის და რაღაცებს ამზადებს. რამდენიმე საფირმო კერძი აქვს, მაგალითად - ფოლგაში გამომცხვარი კალმახი ტარხუნით და შემწვარი ხორცი, რომელსაც წინასწარ ამუშავებს, სხვადასხვა სუნელს უკეთებს... მოკლედ, ახალ წელს ეს 2 "სამეფო კერძი" გვაქვს, რომელიც ყველას სავსებით ჰყოფნის, ვინც გვსტუმრობს. პლუს, 1-2 "მისატანებელიც" გვაქვს, ყველი, პური, კეთილი გული... ბევრი კერძის მომზადება არ მიყვარს. ახალ წელს ყველაზე საშინელი ის არის, რომ სადაც მიდიხარ, ყველგან ჭამ და შენც ყველა მაძღარი გსტუმრობს. ამიტომ ჩვენი სადღესასწაულო სუფრა ასე მოკრძალებულად, მაგრამ გემრიელად გამოიყურება.

- სადღესასწაულო სამოსზე განსაკუთრებულად ზრუნავ?

- კი, ეს ცრურწმენა ბავშვობიდან გამომყვა: ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო. საღამოს კაბას არ ვიცვამ, მაგრამ მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული ვარ. თან, სტუმრებიც მოდიან... მეკვლეს ტრადიციაც გვაქვს. შარშან სასაცილო სიტუაცია შეიქმნა: ჩვენი მეგობარი - ილუშა ჩვენთან ცხოვრობდა. მეკვლედ სხვა მეგობარი დავიბარე. ილუშა გავაფრთხილე, - ახალ წელს შინ პირველი შენ არ შემოხვიდე-მეთქი, მაგრამ ამასობაში, ის ხუმრობის ხასიათზე დადგა - სახლიდან გავიდა და შემოვიდა. დავასკვენით, რომ მეკვლე ილუშა იყო და ძალიან გავუბრაზდი - რატომ შემოხვედი-მეთქი?! მაშინ მათიკო კიდევ უფრო პატარა იყო. ჩვენს ძაღლს - ბონოს კუჭი ჰქონდა აშლილი. ისე დაემთხვა, რომ მეკვლეობიდან პირველი 2 დღის განმავლობაში, ხან ბონო "აკეთებდა" სახლში, ხან მათიკო გადაწყვეტდა, რომ პამპერსის გარეშე მოესაქმებინა, ეს ყველაფერი კი - ილუშას ბრალდებოდა. მგონი, ახლა ძალიან უხარია, რომ ეს წელი იწურება - ფიქრობს, იქნებ თავი დავანებოთ და ყველაფერი მას არ დავაბრალოთ... წელს მეკვლე ვინ გვეყოლება, ჯერ არ მომიფიქრებია.

- საახალწლო განწყობილება ზოოპარკშიც იგრძნობა?

- კი, იქაურობას სადღესასწაულოდ ვრთავთ, "საშობაო სოფელი" გვექნება - თოვლის ბაბუით და საახალწლო განწყობილებით. საახალწლო პროგრამები "ფეისბუკის" გვერდისთვისაც მოვიფიქრე.

- ახალი წლის დადგომას ბონოც გრძნობს?

- იმას გრძნობს, რომ გარეთ ხმაურია - სროლები არ უყვარს და როგორც კი ბრახაბრუხი იწყება, მაშინვე ყეფს და მთელ სახლში დარბის. ასე რომ, წელსაც დიდი გნიასი გველოდება.

- სასუსნავებისკენ არ მიიწევს?

- "ბავშვობიდან" ისე გავზარდეთ, რომ მაგიდიდან რამის აღებას ვუკრძალავდით და ჩვენც არ ვაჭმევდით. ამიტომ ეს მავნე ჩვევა არ ჰქონდა, სანამ მათიკო არ გაჩნდა, რომელსაც სიარულისას სულ "პეჩენიები" და რაღაც "გემრიელობები" სცვივა. ბონო მათიკოს მთელი დღე კუდში დაჰყვება და ხელებში უყურებს, რომ როგორმე რაღაც გაუვარდეს. მათიკომ გაატუტუცა. ახლა ბონო სულ სასუსნავის ძიებაშია. უკვე რამდენჯერმე ქურდობაშიც არის შემჩნეული. ეს მათიკოს ბრალია - სპარტანულად გაზრდილი ძაღლი მან "გაგვიფუჭა".

- ახალ წელს უცხო ქვეყანაში შეხვედრიხარ?

GzaPress- კი. სულ ვოცნებობდი, რომ ახალ წელს თბილ ქვეყანაში შევხვედროდი. ვიდრე მათიკო ამქვეყნად გამოჩნდებოდა, იამაიკაზე ვიყავით - ახალ წელს იქ შევხვდით. მახსოვს, იქ დღის 3 საათი იყო, როცა საქართველოში ახალი წელი დადგა.. პლაჟზე ვიწექით. თეთრი ქვიშის და ლაჟვარდოვანი ზღვის ფონზე წარმოუდგენელი იყო, რომ "სადღაც" თბილისში ახალ წელს ხალხი საცივში "იჯდა" და ახალ წელს აღნიშნავდა. იამაიკაზე ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო. როცა ახალი წელი იქაც დადგა, ხალხი მთელ ქალაქში დადიოდა და ღლაბუცობდა, მაგრამ იქაური ქუჩური სიტუაცია ქართულისგან ძალიან განსხვავდებოდა, მრავალფეროვნებისა და ხალისის თვალსაზრისით... შემდეგ პლაჟზე რეგეი მუსიკის კონცერტი გაიმართა. მერე ქალაქში ვსეირნობდით. იქ ე.წ. "ჯერქ ჩიქენ" ძალიან პოპულარული საჭმელია - იქვე ქუჩაში ქათმებს წვავენ. მთელ ქალაქში მისი სურნელი იდგა... ბევრი ვიხეტიალეთ, მაგრამ კარგად გავერთეთ - თბილ ქვეყანაში ახალი წლის შეხვედრა მომეწონა.

- ახლა სურვილების ახდენის შენეულ მეთოდზეც გვიამბე.

- ადრე ვიღაცამ მითხრა, - სანამ 12 საათი დარეკავს, უნდა მოასწრო, რომ ფურცელზე სურვილი დაწერო, ცეცხლი წაუკიდო, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარო და დალიოო. ასე ერთხელ მოვიქეცი და სურვილი ამიხდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ამ რიტუალის "ბრალია" (იცინის). კიდევ ერთს გეტყვით: მათიკო ქორწინებიდან მეცხრე წელს შეგვეძინა. მანამდე ვიღაცამ გვითხრა: ბავშვი რომ გაგიჩნდეს, ნაძვის ხის დადგმა ბარბარობამდე უნდა მოესწროსო. რა თქმა უნდა, ეს რჩევა არასოდეს გამითვალისწინებია - ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ასე დაემთხვა: როცა მათიკო გაჩნდა, იმ წელს ნაძვის ხე ბარბარობას მოესწრო (იცინის).

- ახალი წელიწადისგან რას ელი?

- განსაკუთრებულს - არაფერს. მიზნები და ოცნებები მაქვს. ცხოვრების დინებას მივყვები, თან - ვმუშაობ. ვცდილობ, დრო უქმად არ დავკარგო, რადგან დროის ნაყოფიერად ხარჯვა ოცნებების ახდენის საფუძველია. საინტერესო გეგმები მაქვს. ზოოპარკის "ფეისბუკის" გვერდზე ხომ ვწერ? ჰოდა, ერთ-ერთმა გამომცემლობამ გადაწყვიტა, ზოოპარკის ამბები წიგნად გამოსცეს. ახლა ამ წიგნზე ვმუშაობ, რომელიც წესით, 2015 წელს უნდა გამოვიდეს. იმედია, ცუდი არაფერი მოხდება - მშვიდობა იქნება და ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ შეგვექმნება. დანარჩენს ყველაფერს მოევლება.

ეთო ყორღანაშვილი