ახალი წელი მილიარდერის აგარაკზე და თოვლის ბაბუის თანაშემწე სიმპათიური მამაკაცი - გზაპრესი

ახალი წელი მილიარდერის აგარაკზე და თოვლის ბაბუის თანაშემწე სიმპათიური მამაკაცი

ბავშვობაში ასე ალბათ თითოეული თქვენგანი მოქცეულა. როცა ვიზრდებით, გვავიწყდება: სურვილები რომ აგვისრულდეს, მთელი წლის განმავლობაში კარგად უნდა მოვიქცეთ...

GzaPressთოვლის ბაბუის სახლს მივაგენი... დათოვლილ ნაძვებში ჩაფლულ, ხის მყუდრო და თბილ სახლს, სადაც ყველა ადამიანის საახალწლო სურვილი და ნატვრაა თავმოყრილი, და მისთვის გასაგზავნი წერილების შეგროვება გადავწყვიტე. ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდი და განზრახვა გავუზიარე. "მერე მართლა ამისრულდება?" "ვინ ამისრულებს?", "აიფონი რომ ჩავწერო, ვინმე მიყიდის?" "კარგი რა, ღადაობ?" - გულუბრყვილო პასუხი მრავლად იყო. უცნაურ შეთავაზებაზე ძალიან იხალისეს, მაგრამ წერილის დაწერა არ დაიზარეს. უმეტესობა იმაშიც გამომიტყდა, ამას პირველად ვაკეთებო და ახალი წლის ღამეს სასწაულის ახდენის მოლოდინში ვიქნებიო. ახლა მათი წერილები მე მაქვს და სანამ თოვლის ბაბუას გადავცემ, თქვენ წაგაკითხებთ.

ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი:

- რომ დამირეკე და მკითხე, - თოვლის ბაბუას წერილს დაუწერო? - ბავშვივით გავიხარე. მსგავსი რამ 5-6 წლის ასაკში არ გამიკეთებია და ახლა მაინც დავწერ.

- მაშინ წერილებს რატომ არ წერდი?

- ერთ დღეს ბაღში ზეიმი გვქონდა და დავინახე, თოვლის ბაბუა ტანსაცმელს როგორ იცვლიდა, მაგრად "გამიტყდა". მანამდე რას ვფიქრობდი თოვლის ბაბუაზე, ნამდვილად არ მახსოვს. ამ სცენას რომ შევესწარი, თანატოლებთან არაფერი მითქვამს და ის პლასტმასის მანქანაც სიხარულით ავიღე, რომელიც საზეიმო ვითარებაში გადმომცა. ჩემი თოვლის ბაბუა მამაჩემი იყო.

ხვიჩამ თოვლის ბაბუისთვის შემდეგი შინაარსის წერილი შეადგინა (ყველა წერილში სტილი დაცულია):

ჩემო ქათქათა თოვლის ბაბუა!

ვითვალისწინებ რა შენს ასაკს, ამაგდარობას, მოსახლეობისადმი გონივრულ-ზომიერ დამოკიდებულებას (ზოგს რომ უსრულებ და ზოგს - არა), გთხოვ ერთადერთ რამეს: უშველე რამე ჩვენს გაჭირვებულ შოუბიზნესს, აწ უკვე გარდაცვლილს. გარდაცვლილს კი არა, სიკვდილის პირას, ხროტინში მყოფს (რამეთუ ზოგიერთის რეპერტუარი მართლა ჰგავს ამ ხროტინს). თუკი რეინკარნაციის გზით მოახერხებთ მის შველას, მაშინ იქნებ სხვა რამედ გარდასახული მოავლინო თავიდან კაცობრიობას. სიკვდილამდე შენი ერთგული და მეხოტბე, ხვიჩა მაღლაკელიძე.

- თოვლის ბაბუა ამ წერილს რომ წაიკითხავს, როგორ ფიქრობ, რას გააკეთებს?

GzaPress- ბარკალზე ხელს შემოირტყამს. შუბლზე ძმრიან ტილოს გაიკრავს. არა მგონია, ვინმეს მისთვის ოდესმე მსგავსი წერილი მიეწეროს. კულტურის სამინისტროს მისწერე, რამდენჯერაც გინდა, იქ თოვლის ბაბუები არ არიან. უი! ახლა იცი, რას მივხვდი? აქამდე საქართველოში მგონი, მარტო ირმები შემოდიოდნენ, რქიანი ირმები და როგორც მიდიოდა ჩვენი საქმე, ყველამ ვიცით. წელს იმედი მაქვს, ნამდვილი თოვლის ბაბუა მოვა, ნამ-დვი-ლიი! რქიანები აღარ გვინ-დაააა!!!

- მეკვლედ ხომ არ ხარ სადმე მიპატიჟებული?

- მეკვლე ჩემს სახლში ყოველთვის მე ვარ. ახალი წელი მოვა და მერე გავდივარ, მთელი ღამე ვმუშაობ, მინდა ბარაქა დამებედოს. წელს რომ მუშაობით დაიწყებ, მერე მთელი წელი სამუშაო გექნება.

- საჩუქრების საკითხი უკვე მოაგვარე?

- უკვე შეძენილი მაქვს და შვილებმა და მეუღლემ რომ არ იპოვონ, ყველაფერი მანქანით დამაქვს. შანსი არ არის, სახლში ისეთ ადგილზე დადო, ვინმემ არ იპოვოს.

- ახალ წელს უჩვეულო გარემოში თუ შეხვედრიხარ?

- წლების წინ ერთ მომღერალთან ერთად, რუსეთში ერთ-ერთი მილიარდერის აგარაკზე შევხვდი. კარგი იყო.

- კარგად გადაიხადა?

- მაშინ იმ ფულით ერთ მანქანას კი იყიდდა კაცი.

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- თოვლის ბაბუის არსებობის დღემდე მჯერა, იცი? შენ - არა?

- მეც მჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის გასაგზავნი წერილების შეგროვებას ხომ არ დავიწყებდი?!

- სადღაც არსებობს, ეჭვიც არ მეპარება. ბავშვობაში მამიდას "თოვლის ბებოს ზღაპარზე" დავყავდით. ისეთი ბედნიერი ვიყავი!.. მაგრამ მაშინ წერილებს არ ვწერდი.

- ახლა რას მისწერ?

- ამისრულდება?

- რა თქმა უნდა, შენ ხომ სასწაულების გჯერა. მთელი წლის განმავლობაშიც კარგად თუ იქცეოდი, მით უმეტეს, უნდა დაწერო.

- კარგი, დაგიჯერებ.

ძვირფასო თოვლის ბაბუა

ამ წუთში ყველაზე მეტად ლეპტოპი მჭირდება. თუ გამომიგზავნი, ძალიან გამახარებ. ვიცი, წერილს ჩემს მსგავსად ბევრი ადამიანი გწერს. შეიძლება, ყველასთვის ვერც კი მოიცალო. ჩემთან მოსვლას თუ ვერ მოახერხებ, გული არ დამწყდება. შენ თუ არ გეცლება, საახალწლო საჩუქარი ვინმე სიმპათიურ მამაკაცს გამოატანე. ძალიან მჭირდება ბინა. იქნებ ეს მამაკაცი ბინით უზრუნველყოფილი იყოს. რაღა დაგიმალო და, უარს არც "რეინჯ-როვერის" გასაღებზე ვეტყოდი.

დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და სასწაულის მოლოდინით სავსე, შენი მაკა შალიკაშვილი.

მაკა:

- თოვლის ბაბუას თანაშემწედ ვინმე სიმპათიური მამაკაცი არ ეყოლება?

- იმედია, ეყოლება და გამოგიგზავნის.

- თოვლის ბაბუას წერილი თინანომ ჩემზე ადრე მისწერა. მისი თოვლის ბაბუა მამამისის ნაცნობია. თინანოს ტელეფონი უნდა. მგონი, აუსრულდება.

- ახალ წელს როგორ და სად შეხვდები?

- 12 საათზე სახლში ვიქნები, მეგობართან ერთად. მერე ალბათ სადმე წავალთ და გავერთობით. ყველაზე კარგად ის წლები მახსენდება, როცა მსახიობები ყოველ ახალი წლის ღამეს "თეატრალურ სარდაფში" ვიკრიბებოდით, დილამდე ერთად ვიყავით. დღემდე ყველაზე სასიამოვნო მოგონებად რჩება.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

GzaPress- თოვლის ბაბუისთვის წერილი ბავშვობაში არასდროს მიმიწერია. ჩათვალე, რომ დღეს ჩემი დებიუტია. ჩემი წერილი ლაპლანდიის არც ერთ არქივში შემონახული არ იქნება. ჩემი ბავშვობა რთულ პერიოდს დაემთხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობლები თოვლის ბაბუის არსებობაში არ მარწმუნებდნენ. უბრალოდ, იმ პერიოდში ეს ცოტათი ძნელად დასაჯერებელი ამბავი იყო, სიმტკიცეს მოკლებული. ჩემს თოვლის ბაბუას უკან გაჩხაპნილი მკლავი ჰქონდა, თან "სნეგუროჩკა" ახლდა და მასში ხურდებს ვყრიდი, მთელი ბავშვობის განმავლობაში მხოლოდ ეს დატვირთვა ჰქონდა და სხვა არაფერი. ზოგადად, დღესასწაულებს ნიჰილისტურად არ ვუყურებ. ეს განტვირთვისა და ყოველდღიური ყოფისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა. ახალ წელს სხვა განწყობები და სუნი მოაქვს. გურიაში კალანდობა მნიშვნელოვანი ამბავი იყო, ძალიან მიხაროდა. განსაკუთრებით იმ "ასაფეთქებლების" შემოსვლა, რომელიც თბილისიდან გურიაში სპეციალურად ჩამოჰქონდათ. ახალი წლის ერთი და მთავარი მოგონება შუქის მოსვლას უკავშირდება. ეს ამბავი მაშინ ხდებოდა, 12 საათს 15 წუთი რომ დააკლდებოდა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები. ამ დროს ე.წ. ცენტრალური შუქი ირთვებოდა. ეს მაღალი ძაბვის შუქს ნიშნავდა, მანამდე დაბალი ძაბვის ენერგია მოდიოდა. ცოტათი სცეციფიკური და რთულად ასახსნელი ამბავია.

- ოჯახში როგორი ტრადიცია გქონდათ?

- მეკვლე ხან მე ვიყავი, ხან - სხვა. ამ დროს ტელევიზორი იყო ჩართული. მხოლოდ საახალწლო კონცერტებს რომ მინდობოდი, მთლად კარგი გემოვნება ვერ ჩამოგიყალიბდებოდა.

- მეკვლედ მეზობლები არ გეპატიჟებოდნენ?

GzaPress- ამ მხრივ სახელგანთქმული კაცი არ ვიყავი. არ ვიცი, წელს როგორ და სად შევხვდები. მირჩევნია, ხმაურს მაქსიმალურად გავერიდო. დიდი იმედი და სურვილი მაქვს, ამას მოვახერხებ.

- თოვლის ბაბუას რას მისწერ?

ბატონო თოვლის ბაბუა!

მოგესალმებით და გისურვებთ, ყველა კარგი სურვილი, რომელიც ბავშვებმა ჩაიფიქრეს, აგესრულებინოთ... მეც ვიცი და თქვენც იცით, რომ ეს შეუძლებელი საქმეა, მაგრამ ჩვენი მისიაც ხომ შეუძლებლის შეჭიდებას გულისხმობს?

პატივისცემით, გიორგი კეკელიძე.

თუ საახალწლო გოზინაყისთვის ნიგოზი ჯერ არ დაგიჭრიათ, შეგიძლიათ, ამ საქმისთვის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი მოიხმოთ.

- სადაც ვნახავ, ნიგოზი დასაჭრელია, ყველგან მე ვჭრი. ეს საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ გოზინაყის გაკეთება არ ვიცი.

- თოვლის ბაბუა ბოლოს შენთან როდის იყო?

- აღარ მახსოვს. შეიძლება, იმიტომ არ მოდიოდა, რომ წერილებს არ ვწერდი?

- რა თქმა უნდა.

- მისი არსებობის მჯერა. შინაგანად ყოველთვის მწამდა, ძალიან კეთილი და ჯიგარი მოხუცია. საერთოდ, ახალი წლის დღესასწაული მიყვარს. 31 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან მოუსვენრობა მიპყრობს.

- თოვლის ბაბუას რას მისწერ?

- მოკლე და ყველაფრის მთქმელ წერილს გავუგზავნი.

ძვირფასო თოვლის ბაბუა!

როცა მოხვალ, თოვლიც მოიყოლე, რა, საჩუქრებთან ერთად.

ქართლოს ნატროშვილი

- ახალ წელს მიხეილ სააკაშვილთან ერთად შეხვედრიხარ?

- არა. ცხოვრებაში ეს ადამიანი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.

- როგორ ფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი თოვლის ბაბუას რას მისწერდა?

თოვლის ბაბუა!

მოგესალმები. ნუ, როცა მოხვალ, უსაჩუქროდ არც ჩვენ გაგიშვებთ. შეგიძლია, "შუშის კოლბიდან" ბიძინა ჩაისვა ხურჯინში და წაიყვანო.

მიშა სააკაშვილი

- უჩვეულო ახალი წელი გქონია?

GzaPress- სტუდენტობის წლებში მეგობართან ერთად სამეგრელოში წასვლა გადავწყვიტე და ახალ წელს რიკოთზე შევხვდი. თოვდა, დიდი საცობი იყო. მანქანაში საჭმელი გვქონდა, გადმოვიტანეთ კაპოტზე, ჯიგრული სუფრა გავშალეთ და ასე ეგზოტიკურად შევხვდით ახალი წლის შემობრძანებას. მამა კახელი მყავს, დედა - მეგრელი და თავს ყველაზე კარგად რიკოთზე ვგრძნობ (იცინის).

გამორჩეულად კიდევ ერთი ახალი წელი მახსენდება. იმ ახალ წელს სენაკში შევხვდი. ვიცოდი, რომ იქ ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომელსაც ისეთი არავინ ჰყავდა, რომ მისულიყო და ახალი წელი მიელოცა. გადავწყვიტე, მთელი საღამო მათთან გამეტარებინა, ის ადამიანები გამეხალისებინა და მგონი, გამომივიდა. ასეთ დროს "ზარიადკაზე" ვარ, დადებითი ემოციებით ვივსები.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

- ჩემს ბავშვურ წარმოდგენაში თოვლის ბაბუა ერთი ფუმფულა, თეთრწვერიანი საყვარელი მოხუცი იყო. 9 წლამდე მისი არსებობის გულწრფელად მჯეროდა, მაგრამ წერილებს არასდროს ვწერდი. მადლობა, რომ ამის შესაძლებლობა ახლა მომეცი!

- თოვლის ბაბუას რას სთხოვ, დაწერე.

- წერილი? - არა, თოვლის ბაბუასთან შემდეგი შინაარსის დიალოგი მექნებოდა:

- ძვირფასო თოვლის ბაბუა, როგორ ხარ?

- კარგად. აბა, მითხარი, რა გინდა, შეგისრულო?

- მე ეგოისტი ვარ. პირველ რიგში გთხოვ, ბანკის ვალები დამიფარო. შენი შოკოლადები და ტკბილეული არ მინდა. რეკვიზიტებს გეტყვი და თანხა ჩამირიცხე.

- მეორე სურვილის უფლებაც გაქვს.

- ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად მიმყოფე. და კიდევ... მოიცა, მოიცა, შენ რომელი პოლიტიკური პარტიიდან ხარ?

- მე აპოლიტიკური ვარ, შვილო.

- მეც აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ისეთი სურვილიც მაქვს, რომლის მოგვარებასაც პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ. მე რაც გთხოვე, შეგიძლია, ყველაფერი დაივიწყო. ჯანდაბას ჩემი თავი. ძალიან გთხოვ, პენსიონერებს პენსია გაუზარდე, რომ ახალი წლის სუფრის გაწყობა შეძლონ და ბედნიერად იცხოვრონ. სულ ესაა, რაც შენთვის მინდოდა მეთხოვა. მადლობა, რომ მომისმინე და მხოლოდ ბოლო სურვილის ასრულებას ველოდები.

GzaPressაი, ასეთი დიალოგი მექნებოდა ამ კეთილ არსებასთან. ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. ირგვლივ დადებითი აურა ტრიალებს. ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდები. მერე სად წავალთ და როგორ გავერთობით, ჯერ არ ვიცი.

- საახალწლო საჩუქრები უკვე შეიძინე?

- კი. მე შევიძინე და ჩემს საჩუქრებსაც ველოდები.

- როგორი ტრადიცია გაქვთ? საჩუქრების გაცვლა 12 საათზე ხდება?

- არა, მე სულსწრაფი ადამიანი ვარ და 12 საათამდე ვერ ვითმენ.

თამუნა კვინიკაძე