"ყველაზე მეტად მისი ლურჯი თვალები, მისი დაკოჟრილი ხელები მენატრება..." - გზაპრესი

"ყველაზე მეტად მისი ლურჯი თვალები, მისი დაკოჟრილი ხელები მენატრება..."

"ინეზა კემულარია" საკმაოდ პოპულარული გახლავთ სოციალურ ქსელში. ეს "ქალბატონი" შეულამაზებლად ამბობს სათქმელს, დაუფარავად გადმოსცემს საკუთარ გრძნობებს და მწარე სიმართლესაც პირში მოგახლის, თუმცა ამ ყველაფერს იუმორით ისე ფუთავს, რომ საზოგადოების გამხიარულებას იწვევს... "განსაკუთრებული იუმორი არ მაქვს, უბრალოდ, ამ ფორმითაც ხალხთან ურთიერთობა, საუბარი მიადვილდება", - ამბობს ლადო, რომელიც თავად გახლავთ "ინე დეის" რეჟისორიც, პროდიუსერიც, ხალხისთვის გადმოსაცემი სათქმელის ავტორიც და როლის შემსრულებელიც. ლადო ამჯერად საკუთარ რეალურ ცხოვრებაზე გვესაუბრა...

ჩემი სოფელი

- წლების გასვლის შემდეგ უფრო გამიღვივდა სიყვარული და პატივისცემა ჩემი სოფლისადმი. ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ... ზოგჯერ თვალებს დავხუჭავ და ვმოგზაურობ ჩემი ეზოს ყოველ კუთხეში. ვიხსენებ, სად დგას ბუშმალას და სად - ხასხასა ქლიავის ხეები.

ვიხსენებ იმ საოცარ წლებს, რაც ჩემს სოფელთან და სახლთან მაკავშირებს.

დავიბადე სენაკის რაიონ სოფელ ნოსირში, რომელიც არცთუ ისე ცნობილი სოფელია, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ იქ მე დავიბადე (იცინის). დავამთავრე ნოსირის საჯარო სკოლა. საოცარი სიყვარული სუფევდა სკოლაში და განსაკუთრებით, ჩემს კლასში, ამაში კი დიდი წვლილი დამრიგებელს მიუძღოდა...

ჩემი ბავშვობიდან დღემდე, ბევრი წელი გავიდა, მაგრამ სოფელში სასიკეთოდ თითქმის არაფერი შეცვლილა. აი, ძალიან მინდა გერმანიის რომელიმე სოფელი ქართულს შევადარო, მაგრამ ამას არ ვიზამ, კიდევ უფრო მეტად რომ არ დასწყდეს გული ჩვენებურებს...

პოლიტიკურმა ძალებმა მთელი 20 წელი მხოლოდ ჩხუბში გაატარეს და არავის უფიქრია სოფლის განვითარებაზე... დაწერილი მაქვს გეგმა სახელწოდებით "სოფლის ძალა", სადაც აღწერილია, თუ როგორი უნდა იყოს ჩემი, ჩვენი სოფელი და როგორი - არა... აქ მთავარი ჩანაფიქრი ისაა, რომ regioni ისევ ახმაურდეს...

ოჯახი

- ოჯახი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მყავს მამა, რომლისგანაც ბევრი საჭირო რაღაც ვისწავლე. მაგალითად, მასწავლა, როგორი უნდა იყოს პატიოსანი, შრომისმოყვარე და მართალი კაცი...

მყავს ასევე ორი და. ჩვენ თითქოს ერთი სული გვაქვს, ერთი გული და ერთი გონება... საოცარი ურთიერთობა გვაკავშირებს. მადლიერი ვარ ასეთი დაძმური სიყვარულისთვის, ეს კი ჩვენ დედამ ჩაგვინერგა. სამწუხაროდ, 2014 წლის სექტემბერში, ავტოავარიის შედეგად გამოგვეცალა ხელიდან ოჯახის გული, ჩემი დედა... ამის შემდეგ მძიმე დრო დაგვიდგა ოჯახს; გვიჭირდა იმ რეალობის გააზრება, რაც თავს დაგვატყდა. ძირითადი "მამა მარჩენალი", კარგი ცოლი, შვილებისთვის თავგანწირული დედა, საოცარი ადამიანი დავკარგეთ...

ბავშვობის მხიარული და სევდიანი მოგონებები

- ისე, ახლაც "ბავშვი ვარ". ყოველთვის მიყვარდა ისტორიების მხატვრულად გადმოცემა. ამიტომაც, როცა ბათუმიდან შინ ვბრუნდებოდი, შემოვიკრებდი ბავშვებს და მათ ლამაზად გაფორმებულ, საინტერესო ამბებს ვუყვებოდი. ყველამ იცოდა, რომ რაღაცებს ვიგონებდი, მაგრამ ინტერესით მისმენდნენ და როცა საუბარს დავასრულებდი, მთხოვდნენ: კიდევ მოყევი, ლადო, ტყუილიც რომ იყოსო...

ბავშვობის დროინდელი მოგონებებიდან ერთ ამბავს გაგიზიარებთ: რუსთავიდან ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა ჩემი თანატოლი ეკა, რომელსაც მოჰქონდა უამრავი სათამაშო და მერე ერთად ისე ვერთობოდით, ვერც ვგრძნობდით, მთელი ზაფხული როგორ გადიოდა... დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა ეკამ ულამაზესი კუბები ჩამოიტანა. ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეთხოვა, რამდენიმე კუბი ჩემთვის ეჩუქებინა. უარი მითხრა. ამიტომაც შევიმუშავე გეგმა: ვიცოდი, შუადღეს ეკას დააძინებდნენ. ჰოდა, თამაშის დროს ეს კუბები კიბის ქვეშ შევყარე. ეკა რომ წაიყვანეს, დრო ვიხელთე, მაისურში 10 კუბი ჩავიყარე და სახლისკენ გავიქეცი...

შინ მისულს ეზოში დედა დამხვდა. მკითხა, თუ რას ვმალავდი მაისურში. ვუპასუხე, ეკამ კუბები მაჩუქა-მეთქი. მიხვდა ალბათ, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და, - წამო, ვკითხოთ, მართლა გაჩუქაო? ცრემლები წამომცვივდა და ვაღიარე, რომ მოვიპარე. როცა თვალები ტირილისგან დამისივდა, დედამ თქვა: მოდი, არავის არაფერი ვუთხრათ, უბრალოდ, კუბები ისევ იქ დავაბრუნოთ, საიდანაც აიღე და შემდეგშიც აუცილებლად უნდა იკითხო, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ ნივთის აღებაო?! სლოკინ-სლოკინით გადამარბენინა მეზობლის ეზო და კიბის ქვეშ დავყარე სანატრელი კუბები ისე, რომ არავის ვუნახavვარ... ეს ამბავი ჩემთვის გაკვეთილი იყო...

პროფესიის ძიებაში

- მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ უნდა მქონოდა ისეთი პროფესია, რომელიც მომიტანდა კარგ შემოსავალს, მაგრამ არასდროს უთქვამთ, მეფიქრა პროფესიაზე, რომელიც სიამოვნებას მომანიჭებდა... ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. მქონდა მცდელობა, თეატრში მემუშავა, მაგრამ უარი მივიღე დიპლომის არქონის გამო.

სკოლა დავამთავრე და პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, მაგრამ... ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ოცნებები გვერდით გადავდე. იმ პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტული იყო ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მომიწია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამ და რაც მოვახერხე, ის იყო, რომ მხოლოდ პროფესიული განათლება მივიღე და გავხდი რესტორატორი, რაც ჩემი ოცნება ნამდვილად არ ყოფილა...

15 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა სფეროში, ამიტომაც ბევრნაირი ცოდნა დამიგროვდა. ახლა ვფიქრობ: სტერეოტიპი, რომ აუცილებლად "უმაღლესი" უნდა დაამთავრო, მოძველებული და ვადაგასულია. მთავარია, ადამიანმა აკეთო ის, რაც შენს სულს, თავს და ქვეყანას გამოადგება...

76a14cfa-d60f-4fa6-b723-f5469381e2ee-1672035963.jpg

ჩემი პირველი და ამჟამინდელი სამსახური

- პირველი სამსახური 15 წლისას გამომიჩნდა, ბავშვთა გასართობ ცენტრში ანიმატორად მოვეწყვე. დღემდე მახსოვს ბავშვების ბედნიერი სახეები, როცა ჩემთან ერთად ცეკვავდნენ და თამაშობდნენ... ამჟამად ბერლინში ერთ-ერთი სასტუმროს მიმღებში ვმუშაობ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სამუშაოთი და თანამშრომლებით. ვფიქრობ, წინ საინტერესო რაღაცები მელოდება.

ემიგრაციის გზა...

- "იმ წუთას" ყველაზე მეტად სახლიდან, ქვეყნიდან, ქალაქიდან, საკუთარი თავისგან გაქცევა მინდოდა და ეს ჩემი გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ დროისთვის ერთ-ერთ წარმატებულ სადღესასწაულო ცენტრში ვმუშაობდი და მართალია, ხალხის სიყვარული, ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ სამწუხაროდ, გამიჩნდა ფინანსური პრობლემები, რომელსაც ვერ ვაგვარებდი ჩემი შემოსავლით და ამიტომაც, დეპრესია დამეწყო. სწორედ მაშინ მივიღე ქვეყნის დატოვების და გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება. რატომ გერმანია? - დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა ქალაქ მარტვილში, რაღაც კონცერტის დასრულების შემდეგ დედასთან მოვიდა ტურისტი და სთხოვა, გავეშვი გერმანიაში, რადგან ფიქრობდა, რომ კარგად ვცეკვავდი და დიდი მომავალი მექნებოდა. დედამ, რა თქმა უნდა, უარით გაისტუმრა, პატარაა, ვერსად გავუშვებო. ამ საუბრის შემდეგ ვკითხე, რა იყო გერმანია? დედამ რაღაცები მიამბო ამ ქვეყანაზე და მას შემდეგ გულში ჩამივარდა, ოცნებად მექცა გერმანიაში წასვლა.

პატარაობაში ყველას "ვატყუებდი", - ამ ზაფხულს გერმანიაში მივდივარ-მეთქი (იცინის)...

2017 წელს ახლობლებს, ნათესავებს ვკითხე, თუ რა გზით შეიძლებოდა ჩემი ოცნების ახდენა? მათი პასუხი დაახლოებით ერთნაირი იყო: რთული ქვეყანაა და მანდ შენ ვერაფერს შეძლებო... მერე გავარკვიე, რომ შესაძლებელი იყო პოლონეთიდან გადასვლა... თბილისში ვიპოვე ოფისი, საიდანაც დიდი იმედებით გამამგზავრეს პოლონეთში. იქ ჩასულს, დაპირებულისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი დამხვდა. ვნახე ბევრი მოტყუებული, გაუბედურებული ქართველი და მეც მათ რიგს შევუერთდი... ერთ ქართველს, რომელიც საბუთების მოწესრიგებას და სამსახურის შოვნას დამპირდა, ძალიან დიდი თანხა გადავუხადე, მაგრამ მაინც მომატყუა და ღამით ქუჩაში დამტოვა ჩემი ჩანთის ამარა...

გარკვეული დროის შემდეგ ახლობელმა შემომთავაზა, გერმანიაში ჩავსულიყავი და რესტორანში დამლაგებლად მემუშავა. ხელფასი მიზერული იყო, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა და დავთანხმდი. ორ წელზე მეტი არალეგალად ვიცხოვრე ამ ქვეყანაში, მაგრამ თავი არასდროს დამიკარგავს...

img-0480-copy-1672035954.jpg

"ინე დეი"

- ინეზა იმ წარსულის ნაკრებია, რაც მინახავს და გამიგონია სამეგრელოში. რამდენიმე პერსონაჟი "მყავდა", მაგრამ ინეზა იყო და არის გამორჩეული, ის ხალხმა შეიყვარა. თავად როლის მორგება არ გახლდათ რთული, რადგან ინეზა ზოგჯერ, ჩემს სათქმელსაც ამბობს. პერსონაჟს პოპულარულობა მოუტანა მისმა გამორჩეულმა იუმორმა, პირდაპირობამ და გულახდილობამ. ადამიანებს არ უყვართ ხელოვნური იუმორი ან სკეტჩი.

ინეზაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომაც, როცა მასზე გადაღებულ ვიდეოს უყურებს, მაყურებელი საკუთარ თავსაც პოულობს და ეს მისთვის იმდენად მისაღები, სასიამოვნოა, რომ მოუთმენლად ელოდება მორიგ ვიდეოს... ინეზას კიდევ ერთი პლუსი აქვს: ის არასდროს აბულინგებს სხვას და არ ეხება ისეთ თემებს, რაც შესაძლოა, ვინმესთვის მტკივნეული იყოს...

შორიდან დანახული საქართველო და პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს...

- ვწუხვარ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიწევს. არ მეგულება დღეს პოლიტიკოსი ან საჯარო მოხელე, ვისაც Tavisი ქვეყანა უყვარს. იცით, რა ფერია საქართველო უცხოეთიდან? შავ-თეთრი! თეთრი ის მხარეა, რასაც უცხოელი მეგობრებიც ამჩნევენ: დიდი ისტორია, ლამაზი მთები, ზღვები, განსაკუთრებული ბუნება, ქართული ენა, ტრადიციები, კულტურა, კერძები და ა.შ. და შავი? - შიმშილი, მზრუნველობას მოკლებული მოხუცები, მიუსაფარი ძაღლები ქუჩაში, პოლიტიკური დაპირისპირება, გაუმართავი ჯანდაცვისა და განათლების სისტემა, პროდუქტების უსაშველოდ მაღალი ფასი, დაუსაქმებლობა, დარდი, წუხილი, კრედიტები და მისი პროცენტი, სოფლები წყლის, დენის, სკოლის, მომავლის გარეშე; ქალზე, კაცზე, ბავშვზე ძალადობა... ეს ყველაფერი დავინახე მას მერე, რაც იმ გარემოს მოვწყდი, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი, თითქოს, ნორმად ითვლება...

ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი ადამიანი

- ეს დედაა, რა თქმა უნდა... ყველაზე მეტად მისი ლურჯი თვალები, მისი დაკოჟრილი ხელები მენატრება...

1649273626507-1672035941.327.jpg

წლების შემდეგ, ისევ საქართველოში...

- ემიგრაციიდან სამი წლის შემდეგ პირველად ჩავფრინდი საქართველოში. დაუვიწყარი იყო ის ემოცია, როდესაც თვითმფრინავში გამოაცხადეს, რომ ვიმყოფებოდით საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი ჰაერი მენატრებოდა, სახლი, ეზოში ბუშმალას ხე, დედის საფლავი... ჩემი ჩასვლა ბევრისთვის სიურპრიზი იყო, იცოდნენ მხოლოდ ბიძებმა და ბიცოლამ. კარანტინის გავლის შემდეგ, პირველად შევხვდი ბათუმში უფროს დას. მისი ემოციები და სახე არ მავიწყდება... შემდეგ სოფელში, დედაჩემის საფლავზე მივედი, მერე კი ჩემს ორსულ პატარა დას ჩავეხუტე, შემდეგ მამას ვესტუმრე ჩემს თბილ სახლში... ვერ აღგიწერთ, ეს რა იყო. ყოველი ჩახუტება, ყოველი კარგი და თბილი მისალმება ჩემს გულშემატკივრებთან იმ ჭრილობას მიშუშებდა, რაც ემიგრაციაში მყოფს მომადგა... ახლა ისევ ემიგრაციაში ვარ, მაგრამ შემიძლია ნებისმიერ წუთს გავფრინდე საქართველოში... არ ვიცი, რა შემთხვევაში დავbრუნდები საბოლოოდ, რთულია ამის თქმა. ჩვენ კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება, რომ ვისწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა, ქვეყნის და ხალხის სიყვარული.

დაბოლოს, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის და იმისთვის, რომ მიყურებთ, მისმენთ. პატივისცემით: თქვენი ლადო, ბერლინიდან...

ლიკა ქაჯაია