მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლი, მორალი და წითელი ხაზები - გზაპრესი

მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლი, მორალი და წითელი ხაზები

"ყველაზე მაგარია, როცა სცენაზე მდგომი ეთიშები ყველაფერს და მხოლოდ იქ ხარ, მხოლოდ იმ წუთს, ეს ერთგვარი მედიტაციაა", - ამბობს მსახიობი გიორგი ჯიქია. რა არის მისთვის თეატრის მთავარი ხიბლი, როგორი როლები იზიდავს, რა საერთოს პოულობს კერესასთან (სერიალი "სიყვარულს მიღმა"), როგორი მეუღლე და მამაა? - ამ ყველაფერს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- გიორგი, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, რომ ბავშვობაში ექიმობა გინდოდა, საბოლოოდ კი მსახიობის პროფესია აირჩიე, რატომ?

- ეს განაპირობა სპექტაკლებიდან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა, თეატრში სიარულმა და იმ ატმოსფერომ, რომელიც თეატრში დავინახე, ამ ყველაფერმა ძალიან მომხიბლა. საწყის ეტაპზე, ალბათ შიდა სამზარეულოს ინტერესმა და გარკვეულწილად პოპულარობის წყურვილმაც მომხიბლა. მერე, როცა პროფესიას ეუფლები, ეს საქმე იმდენად გიყვარდება და ეს სიყვარული მსახიობისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, წლები რომ გადის, პოპულარობა უკვე მეორეხარისხოვანი ხდება და რჩება შენი საქმის სიყვარული. ხანდახან საკუთარი თავისთვის შეკითხვა დამისვამს: ამ საქმეს რატომ ვაკეთებ? პასუხი მარტივია, - მიყვარს, ვიცი და ძალიან მაინტერესებს, თან ამოუწურავი პროფესიაა, სხვაგვარად არ შემიძლია.

- საკუთარი თავი სხვა სფეროში ვერ წარმოგიდგენია?

- ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ყველაფერს ჩემი პროფესიის რაკურსით ვუყურებ, თუმცა მიტაცებს ფილოსოფია, ფსიქოლოგია.

- მსახიობის პროფესია ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორiც წარმოგედგინა?

- ჯადოსნური წარმომედგინა და ეს ჯადოსნურობა დარჩა, რაც შეეხება ინტერესს, იმაზე სერიოზული და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ მეგონა.

- დღეს ამ გამოცდილებით, რა შეგიძლია თქვა, ამ პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის?

- მთავარი ხიბლი ძიების პროცესი და კვლევაა. სამყაროს და ადამიანების კვლევა. ხშირ შემთხვევაში, არ ვარ შედეგზე ორიენტირებული, მე უფრო პროცესი მხიბლავს, ვიდრე შედეგი. ყველაზე მაგარია, როცა სცენაზე მდგომი ეთიშები ყველაფერს და მხოლოდ იქ ხარ, მხოლოდ იმ წუთს, ეს ერთგვარი მედიტაციაა. ამიტომ ამბობენ, ამ პროფესიას "ლომკა" აქვსო. 2 საათის განმავლობაში მსახიობი მხოლოდ აწმყოში შეიძლება ვერ იყო, რაღაც აზრები შემოვიდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად არსებობს წუთები, როცა აწმყო გაჩერებული გაქვს, "იქ და იმ მოცემულობაში" ხარ.

- ამას მხოლოდ მსახიობები არ გრძნობთ. მე, როგორც მაყურებელს, კარგი სპექტაკლის მსვლელობისას "აწმყოს შეჩერების" შეგრძნება არაერთხელ მქონია.

- თეატრი ხომ სინთეზური ხელოვნებაა. მსახიობები ამაზე ვართ ორიენტირებულები, მაქსიმალურად მივიღოთ სიამოვნება. ოღონდ, ამას თან უნდა ახლდეს ენერგეტიკა. და რასაც მე ვგრძნობ, ბოლო რიგამდე მივიდეს.

- ამ ჯადოსნობას როგორ ახსნი?

- ეს გამოცდილების და შრომის შედეგია. ენერგეტიკა გადამდები უნდა გახდეს, ამის სავარჯიშოებს მსახიობები პერიოდულად ვაკეთებთ. მსახიობობას ბევრი საერთო აქვს ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიასთან.

- პირველ როლს, პირველ სპექტაკლს როგორ გაიხსენებ?

- თეატრალურში რომ ჩავაბარე, ვერ ვცეკვავდი. ამბობდნენ, რიტმის გრძნობა არ აქვსო და ამას განვიცდიდი. პედაგოგმა სოსო ნემსაძემ ჩემს პროფესიულ აღზრდაში კარგი როლი ითამაშა. პირველ კურსზე რომ ვიყავი, მან მეოთხეკურსელებთან სადიპლომო სპექტაკლი დადგა. მე და ჩემი ჯგუფელი, ამირან ქაჩიბაია აგვიყვანა, პატარა როლები მოგვცა - მოცეკვავე ცხენები უნდა ვყოფილიყავით. ქორეოგრაფს უთხრა, ამ ორმა ადამიანმა უნდა იცეკვოსო. ამირანი იცეკვებს, მაგრამ გიორგი ვერა, შანსი არ არის, ამას ხელს ვერ მოვკიდებო. მაშინ ბატონმა სოსომ თქვა, დარწმუნებული ვარ, იცეკვებსო. ერთკვირიანი ვადა მოგვცა. ერთ კვირაში ზუსტად ისე ვცეკვავდი, როგორც უნდა მეცეკვა. ეს ამბავი თავში იმდენად ჩავიდე, რომ იმ პერიოდში შარდენზე სულ დავდიოდით და 6 თვის შემდეგ, იქ მეგობრებთან ერთად უკვე ტამტამზე დაკვრაც კი შევძელი.

- ანუ სათანადოდ მონდომების შემთხვევაში, მიუღწეველი არაფერია.

- რა თქმა უნდა. შეიძლება ეს უნარი მქონდა კიდეც, მაგრამ გამოცდის დროს ნერვიულობამ ხელი შემიშალა და თავი სათანადოდ ვერ წარმოვაჩინე. მსახიობობა შრომის და გამოცდილების პროფესიაა. ქმედითი, პრაქტიკული პროფესია, რომელიც დიდ ინტელექტს ითხოვს, მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე მუშაობაა.

- ეკრანზე პირველი როლი რომელი იყო?

- მე-2 კურსზე ვიყავი, თურქმა რეჟისორმა მოკლემეტრაჟიანი მელოდრამა გადაიღო, იმ ფილმში ეტლში ვიჯექი და გოგო მიყვარდებოდა. ეს ფილმი ჩვენი სიყვარულის ამბავზე იყო.

- როგორი პერსონაჟები გიზიდავს: რომლებიც შენ გგავს თუ რომელთანაც ინტერესთა დიდი კონფლიქტი გაქვს?

- რომელიც არ მგავს. მსახიობი ალბათ ყველა პერსონაჟთან შენს იდენტიფიცირებას ახდენ, მაგრამ მირჩევნია, პერსონაჟთან ბევრი ბრძოლა მქონდეს. ის გმირი, რომელიც ძალიან მგავს, არ მხიბლავს და თავს ცოტათი უხერხულადაც კი ვგრძნობ.

- ოდესმე როლზე, მიუღებლობის გამო, უარი შეგნებულად გითქვამს?

- ასეთი შემთხვევა მქონდა. გარყვნილი ბერის როლი უნდა მეთამაშა, ოღონდ იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ განა ეს გარყვნილება ცუდია, პირიქით, რა მოხდა, რომ გარყვნილია, ბერები ხომ ასეთები არიან. ნოველის მორალი ჩემთვის მიუღებელი იყო და სპექტაკლში თამაშზე უარი თამამად ვთქვი. მაშინ თეატრალური ახალი დამთავრებული მქონდა. იმაზეც კი არ დავფიქრებულვარ, მერე სხვა როლებს მომცემდნენ თუ არა.

- დღესაც იმავენაირად მოიქცეოდი?

- აუცილებლად! პერსონაჟის სათქმელი ჩემს ზნეობრივ მორალთან თუ წინააღმდეგობაშია, ვერ შევასრულებ. არსებობს რაღაც, რასაც ვერ გადავაბიჯებ, რაც ჩემთვის წითელი ხაზია.

- სხვა შემთხვევაც გქონია?

- არა. ჩემთვის სხვა ცენზურა არ არსებობს. ახლახან კახა კინწურაშვილის და თორნიკე გოგრიჭიანის კოცნის სცენაზე რომ ამბავი ატყდა, ეს სრული სისულელეა. არ შეიძლება ასე აკრიტიკო მსახიობი, მით უმეტეს, როცა სპექტაკლი არ გაქვს ნანახი. კახა და თორნიკე პროფესიონალები არიან.

- პრემიერის დღე ყველა მსახიობისთვის დიდი ღელვაა. სპექტაკლის შემდეგ, ვინ არის ის ადამიანი, ვის აზრსაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდები?

- მეგობრები, ჩემი მეუღლე, რომელიც პროფესიით მსახიობია და შინ რომ ვბრუნდებით, სულ ვთხოვ, შთაბეჭდილება გამიზიაროს. ის ძალიან ობიექტური და კრიტიკულია, რაც ბუნებრივია, მეხმარება.

- კერესა - ეს არის როლი, რომელმაც....

- ...პოპულარობა მომიტანა. კერესა ჩემგან ძალიან განსხვავებულია.

- ბევრ "კერესას" იცნობ?

- ვიცნობ, ასეთი ადამიანები ხომ არსებობენ. ამ პერსონაჟის ცხოვრება საინტერესოდ განვითარდა. შემდეგ რას მოიფიქრებს სცენარისტი, ვნახოთ.

- ინტერვიუს მსვლელობისას თქვი, რომ მსახიობი ყველა პერსონაჟთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს. ამ განსხვავებულ კერესასთან, რა საერთოს პოულობ?

- რაღაც მომენტში შეიძლება გამოკვეთილად არ ჩანდეს, მაგრამ კერესა უყურადღებოა. შეიძლება კარი ღია დარჩეს, გაზი ანთებული და ა.შ. მეც ასეთი ვარ. არის შემთხვევები, როცა ვფიქრობ, ამაზე მეც კერესასნაირი რეაქცია მექნებოდა-მეთქი.

- სიყვარულის თემა?

- ეს გამორიცხულია, ამ მხრივ ჩვენ შორის მსგავსებას ვერ ვხედავ. ყველას ვეუბნები, კერესა ერთგულია-მეთქი, მაგრამ არავის სჯერა.

- ეს განცდა რატომ გაქვს?

- ის გახდა საკუთარი თავის, საკუთარი სიტყვის ერთგული. თაკოს უთხრა, შენთან ვარო, ამ დროს გაიგო, ბავშვი მისია, შვილზეც არ თქვა უარი, მაგრამ თაკოც არ დააღალატა. ხომ შეიძლება, ანნა უყვარდეს კიდეც, მაგრამ რადგან თაკოს პირობა მისცა, ამ არჩევანს იცავს.

- სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე, პარტნიორის ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია?

- ძალიან მნიშვნელოვანია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თეატრშიც და სერიალშიც გამიმართლა. სერიალში ორივე გოგო (სოფო გორელაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე) და დედა (ნატო ებანოიძე) ძალიან, ძალიან კარგი პარტნიორები არიან. მგონი, ჩემი და ნატოს სცენებს ეს ეტყობა. გოგონებთან სულ კონფლიქტი და რომანტიზმია, ორივე ხაზი ერთ ფერში მიდის. ჩემი და ნატოს ურთიერთობა ძალიან ცოცხალი, იუმორნარევი და თბილია, რაც ნატოს დამსახურებაა.

- რეალურ ცხოვრებაში როგორი მეუღლე ხარ?

- ამაზე ჩემი მეუღლე უფრო კარგად გიპასუხებდა.

- თავად როგორ თვლი?

- ხან კარგი ვარ, მეგობრული, ხანაც - ცუდი. ჩვენ ერთმანეთი თეატრალურში გავიცანით.

- ცუდში რას გულისხმობ?

- როცა გადატვირთული გრაფიკი მაქვს, სულ გადაღება, რეპეტიცია, სპექტაკლი ამ დროს თავს რაღაცებს ვეღარ ვუყრი, შეიძლება წავიზარმაცო, ეს მჩვევია. ამ დროს ცუდი მეუღლე ვარ.

- რომანტიზმი, სასიამოვნო მოულოდნელობები თქვენს ურთიერთობაში რამდენად ხშირია?

- ამაზე ორივე ვზრუნავთ, აუცილებელია, ურთიერთობას აცოცხლებს. მიხარია, რომ ამის სურვილი გვიჩნდება, ასე იქმნება ჰარმონია. 15 წელია ერთად ვცხოვრობთ და ზუსტად ვიცით, რა დროს რა გვჭირდება, ერთმანეთთან როგორ უნდა ვიურთიერთოთ.

- 2 შვილი გყავთ, ბავშვების აღზრდaSი რამდენად ჩართული ხარ?

- სულ ვცდილობ, ბავშვების აღზრდაში მაქსიმალურად ჩართული ვიყო. ფეხბურთის გაგებაში არ ვიყავი, ჩემი შვილი 9 წლის არის, ისე მაგრად აინტერესებს ფეხბურთი, მისი ხათრით ბევრი რამ ვისწავლე, მასთან ერთად ვუყურებ, ის კი არ შემომყავს ჩემს სამყაროში, მე შევედი მისაში, როგორც თანატოლი, მისი ინტერესი ჩემი ინტერესი გახდა.

309359730-130304379760841-8618128039951031586-n-copy-1672036411.jpg

- მსახიობობით არ ინტერესდება?

- არა და ძალიან მიხარია. საბოლოო ჯამში მე ვინ მეკითხება, არჩევანი მან უნდა გააკეთოს, მაგრამ არ მინდა, ამ რთულ გზას დაადგეს. ეს პროფესია 80%-ით მაინც გამართლებაზეა.

- თეატრის ინტრიგებისგან თავის არიდებას ახერხებ? ცუდად არასდროს შეგხებიან?

- თეატრალური სამყაროსთვის ეს უცხო არ არის, მაგრამ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვარ, თავისუფალ თეატრში სულ 25 მსახიობამდე ვართ. მეგობრული გარემოა, მსგავსი რამ არ ხდება, ვიღაცამ რომ მოინდომოს, არც გამოუვა, ამ მხრივ მშვიდად ვარ.

თამუნა კვინიკაძე