მარიამ მამისმედიშვილი: "მხოლოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს, მთავარია ურთიერთობები" - გზაპრესი

მარიამ მამისმედიშვილი: "მხოლოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს, მთავარია ურთიერთობები"

მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი კიდევ ერთ ახალ სიმღერას შესთავაზებს მსმენელს. ირინა სანიკიძის ტექსტზე სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაუწერა, არანჟირების ავტორია ბორიკო შხიანი, მასტერინგი ეკუთვნის ალეკო ბერძენიშვილს, ჩაიწერა „ბრავო რექორდსში“. პრემიერა ახალი წლის შემდეგ შედგება და როგორც მარიამი ფიქრობს, მსმენელს ძალიან შეუყვარდება.

- „სანამ დედა გავხდებოდი, მეგონა, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი. ჩემი გულის საზღვრები გამოკვეთილი იყო და რა მშვენიერია, როცა ხვდები, რომ ზღვარი იშლება. ჩემი სიყვარული უსაზღვროა“ (უმა თურმანი).

- რა საინტერესო სიტყვებია. სანამ დედა გავხდებოდი, რა თქმა უნდა, ვერც წარმოვიდგენდი, როგორი იყო შვილის სიყვარული. ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, როგორი იქნება ან ჩემს თავზე მეტად თუ მეყვარება-მეთქი? ჩემი აზრით, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, სხვა შემთხვევაში ვერც სხვების შეყვარებას შეძლებ, მაგრამ დედობა სულ სხვა ემოციაა; იმდენად ძლიერია, რომ შესაფერის სიტყვებს ვერ მოძებნი ამ გრძნობის გადმოსაცემად. ალბათ კიდევ უფრო კარგი შეგრძნებაა, როდესაც გაზრდი, მისცემ განათლებას და მერე ამ ყველაფრით დატკბები.

შვილის მიმართ განუზომელი სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მისცე. მე 24 წლის ვარ, ლუკა 4-ის და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვმეგობრობთ. ჭკვიანი ბავშვია, თუმცა აქვს სიჯიუტის მომენტებიც. ვთვლი, ასეც უნდა იყოს, თავისი აზრი ბავშვსაც აქვს, შენ კი უნდა მისცე საშუალება, გრძნობები გამოხატოს. მე და ბექა ერთი პერიოდი რაღაცებს ზედმეტად ვუკრძალავდით და მერე მივხვდით, ლოიალურად უნდა მოვექცეთ და ჩვენი შეხედულებები არ მოვახვიოთ თავზე; უნდა ავუხსნათ, რა არის არასწორი და რატომ. ამიტომაც არის დედობა ყველაზე რთული და ვნახოთ, მე როგორ გავართმევ თავს.

- „ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან არჩევანი მეტად დიდია“ (ბერტრანდ რასელი).

- შეცდომების დაშვებისგან არავინ ვართ დაზღვეული. კარგი იქნება, უშეცდომოდ ვიცხოვროთ, მაგრამ ასე არ ხდება. შეცდომა ადამიანს ავითარებს და ასწავლის. მთავარია გაიაზრო, რა დააშავე და გამოასწორო. შეიძლება მეორედაც შეგეშალოს, მაგრამ მიხვდე, ეს უკვე პროგრესია. ცუდი ის არის, რომ ვერასდროს ხვდები, რა შეგეშალა და არც გამოსწორების სურვილი გაქვს. ადრე უფრო განვიცდიდი, შეიძლება ღამე არც დამძინებოდა იმაზე ფიქრით, ეს როგორ მომივიდა-მეთქი?! ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ, თუ რამე არასწორად გავაკეთე, როგორ გამოვასწორო. გამოუსწორებელი კი არაფერია, ბოროტების გარდა.

- „ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი“ (ილია ჭავჭავაძე).

- მართალია და გეტყვით, რატომ. ბებია მარიგებდა: ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებ ან სიტყვას იტყვი, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი, თითოეულ სიტყვასა და საქციელს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვისთვისო. და თუ მაინც შეცდი, მაშინ გულწრფელი სინანული სჯობს, რაც მხოლოდ დიდსულოვან ადამიანებს შეუძლიათ. მე ძალიან მიმტევებელი ვარ, თუმცა არ მიყვარს, საზღვარს რომ კვეთენ ჩემთან ურთიერობაში. წყენა მალევე მავიწყდება, მაგრამ ადამიანზე მიცრუვდება გული და მასთან ურთიერთობას აღარ ვაგრძელებ. ალბათ ერთმანეთს უნებლიე შეცდომები უნდა ვაპატიოთ. ჩემთვისაც უპატიებიათ, თუმცა გამოუსწორებელი და მიუტევებელი არც არაფერი ჩამიდენია. არ მაქვს სურვილი, ვინმეს ცუდი გავუკეთო.

- „იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი“ (პლატონი).

- მომწონს გამონათქვამი: უნდა იცხოვრო ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია შენთვის. უნდა ვეცადოთ ვიყოთ მაქსიმალურად სამართლიანები და რაც შეიძლება მეტი სითბო, სიყვარული გავცეთ. სხვას არაფერს აქვს აზრი, მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები ჩვენც და ის ადამიანებიც, ვინც გვიყვარს, დანარჩენი ყველა პრობლემა მოგვარებადია.

- „ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს“ (ზიგმუნდ ფროიდი).

- არა მხოლოდ ქალისთვის, ვისთვის არ არის სასიამოვნო, როცა სხვას უყვარხარ? თუ მაინცდამაინც ქალებს გულისხმობს ფროიდი, კი ბატონო, ვეთანხმები, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგიერთ ქალს იმდენად უყვარს კარიერა, დროც არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის.

- „სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება საქმეები“ (ერიხ მარია რემარკი).

- ეს არის სრული ჭეშმარიტება, ერთი ლექსი მაქვს დაწერილი და ახლა გამახსენდა: „ერთია, რას ამბობს სიტყვები, მეორე, რას გვიგრძნობს გული, და ქმედებებით ნათქვამი, ჭეშმარიტება სრული“. ყველანაირ სიყვარულში მთავარია ქმედება, ის განსაზღვრავს სიტყვებსაც, გრძნობებსაც; მხოლოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს, მთავარია ურთიერთობები, რამდენად ყურადღებიანი, გულისხმიერი ხარ.…ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთი; ადამიანი ადამიანისთვის მზეაო, - ნათქვამია და ეს სრული სიმართლეა. ვიღაცის კარგმა დამოკიდებულებამ თუ სიტყვამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს შენი ერთი ჩვეულებრივი დღე და პირიქით, სხვისმა არასწორმა ქმედებამ შესაძლოა მთელი დღე და განწყობა გაგიფუჭოს.

ბექა არ არის რომანტიკული, კახელია და პირდაპირი. მითხარი, რა გინდა და გავაკეთებო, - ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ალბათ სიყვარული გიჩენს იმის სურვილს, რომ ადამიანი სიურპრიზებით გაახარო. მახსოვს ერთი შემთხვევა, ჩვენი გაცნობიდან მალევე, ერთ დღეს მაღაზიასთან ჩავიარეთ და დავინახე ძალიან ლამაზი ჩანთა. არც მითქვამს, რომ მომეწონა. მეორე დღეს მოვიდა და ლამაზად შეფუთული ყუთი გამომიწოდა, ეს შენი საჩუქარიაო. ჯერ შეყვარებულებიც არ ვიყავით. გავხსენი ყუთი და დავინახე ის ჩანთა, რომელსაც წინადღეს უბრალოდ შევხედე. ეს დამოკიდებულება ძალიან მესიამოვნა, ასეთი საქციელით მოიგო ჩემი გული.

- „ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას“ (გოტფრიდ ლესინგი).

- არ ვეთანხმები. არასდროს მიჭირს კომპლიმენტის თქმა და არც შურის მომენტი მაქვს. ამას წინათ მაღაზიაში ერთ-ერთ მოლარეს ულამაზესი თვალები ჰქონდა, ცისფერი, კაშკაშა. ვუყურე, ვუყურე და ბოლოს ვუთხარი: ვაიმე, არ შემიძლია არ გითხრათ, რა ლამაზი თვალები გაქვთ-მეთქი. იმას რა სჯობს, ადამიანებს დღეს რომ გაუფერადებ შენი სიტყვებით. ბევრჯერ მითქვამს კომპლიმენტი სხვებისთვის და კიდევ ბევრჯერ ვეტყვი, მით უფრო, რომ უამრავი ლამაზი ქალი გვყავს საქართველოში.

image00046-copy-1672037114.jpeg

- „მუსიკაში, როგორც ჭადრაკში, დედოფალი უძლიერესია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც მეფეს აქვს“ (შუმანი).

- ჩვენს საუკუნეში ხშირად ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე. ჩემი აზრით, უმეტესად ოჯახს მაინც მამაკაცი უზრუნველყოფს, რადგან ქალს ბევრი სხვა ვალდებულებაც აქვს. რა თქმა უნდა, ქალებიც ვმუშაობთ და შემოსავალიც გვაქვს, მაგრამ მეტი წილი პასუხისმგებლობა მაინც კაცზეა. ალბათ ამას თუ გულისხმობდა შუმანი, თორემ ოჯახში პასუხისმგებლობები ორივემ უნდა გაინაწილოს და გადაწყვეტილებებიც ერთად უნდა მიიღონ.

-„სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა; სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი - აღარაფერი არ ვიქნებოდით. ვინღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს.. მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა“ (გურამ დოჩანაშვილი).

- ალბათ ყველას გვიფიქრია, ნეტავ, რა იქნება 100 წლის მერე, რა მოხდება, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით? ბევრი იმის შიშით ცხოვრობს, რომ მოვკვდები, ღმერთს რა პასუხს გავცემო? ჩემი ნება რომ იყოს, ცოტათი გავახანგრძლივებდი ადამიანის სიცოცხლეს. სიკვდილ-სიცოცხლე უცნაური რამ არის, მაგრამ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია - რაც და როგორც ხდება, ალბათ, ასე ისურვა განგებამ...…

P.S. გამოყენებულია omo geti-ის ფოტოები

ნინო ჯავახიშვილი