პოლიტიკოსის  სამი საუკეთესო მომენტი - გზაპრესი

პოლიტიკოსის  სამი საუკეთესო მომენტი

იმედია, მომავალი 2023 უფრო ფეხბედნიერი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ცივილიზებული სამყაროსთვის", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე. როგორც გვითხრა, ახალ წელს ცოლ-შვილის გარემოცვაში, ტრადიციულად სამარხვო სუფრით, შვილებთან ერთად მომზადებული გოზინაყით და გურული ჩიჩილაკით ხვდება.

- ყოველთვის მიხარია ახალი წლის დადგომა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ 31 დეკემბერს საცივიდან თავს არ ვიღებ და ყანწებს ვცლი. ასე არ არის. შობასა და ახალ წელს ჩემს ოჯახში, მყუდრო გარემოში ვხვდები, შემდეგ დღეებში კი ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას. უფრო მეტიც, ახალი წლის დღეებში ყველაზე ინტენსიურად ვმუშაობ ინტელექტუალური თვალსაზრისით. უცხოელ პარტნიორებსაც ხშირად ვხვდები.

- წინასაახალწლო სამზადისში არ მონაწილეობთ?

- არა, ეს ჩემი მეუღლის, ქეთის საქმეა. ჩემგან ოჯახში მოტრიალე კაცი არ დადგა. არც გოზინაყს ვამზადებ და არც საჩუქრებს ვარიგებ. არც მე ვითხოვ სხვებისგან სიურპრიზს.

- და არც სურვილების ჩაფიქრების გჯერათ?

- აი, გაგიკვირდებათ და, სურვილების ჩაფიქრების ნამდვილად მჯერა. ვიცი, მკითხავთ და წინასწარ გეტყვით, ჩემი ოცნება ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობაა. მაქვს ენერგია, რომელიც არ მინდა ჩხუბსა და ნეგატივში გავლიო, საქმის კეთება მსურს.

- შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ახალი წელი გაიხსენოთ?

- რა თქმა უნდა, შემიძლია. ეს პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც ქეთისთან ერთად შევხვდი თავისუფლების მოედანზე, ღია ცის ქვეშ.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- ვენაში. გაცნობისთანავე გამოვართვი ტელეფონის ნომერი. მას შემდეგ, რაც ევროპაში მივლინებით მიწევდა წასვლა, სულ ვცდილობდი, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადაჯდომის დროს მაინც მოვხვედრილიყავი ვენაში და ქეთის დავკავშირებოდი. არსად მომყვებოდა, ტრადიციული ოჯახიდანაა და თავისი წესები ჰქონდა. პირველად ბათუმში წავედით ერთად, დაბადების დღეზე. როგორც კი განვმარტოვდით, მაშინვე ხელი ვთხოვე. ქეთიმაც თანხმობა მითხრა.

- თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტის შესახებაც გვიამბეთ.

- სამი მომენტი გვქონდა და სამივე ჩვენი შვილების დაბადებას უკავშირდება. პირველი შვილის დაბადება მაინც საოცრება იყო, მიხეილის დაბადებას პირადად ვესწრებოდი. მეორე შვილი შუა არჩევნებისას დაიბადა. მახსოვს, ქეთი მანქანაში ჩემ გვერდით იჯდა და მითხრა, სამშობიაროში წამიყვანეო. იმდენად გადართული ვიყავი საქმეზე, სამშობიარომდე ვერც მივხვდი, რატომ მიმყავდა. შუადღეს დაიბადა დავითი. ანასტასია კიევში გაჩნდა, ცოტა ნაადრევად. სხვათა შორის, ქორწილიც კარგად მახსენდება, ნაღდი ქართული ქორწილი გვქონდა, ყველა ტრადიციის დაცვით.

- როგორი მამა ხართ?

- ძალიან მკაცრი არ ვარ. ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერც იქნები. ახლა ისეთი დროა, ბავშვებმაც კი იციან თავიანთი უფლებების შესახებ. შესაბამისად, ვცდილობ, ყველაფერი მშვიდად და წყნარად ავუხსნა.

- რამდენად ახერხებთ პოლიტიკის დატოვებას ზღურბლს მიღმა?

- ვცდილობ, დავტოვო, მაგრამ არ გამომდის. ბავშვებს ვიცავ პოლიტიკისგან, ქეთის - ვერა.

axa-celi45-1672642800.jpg

- ქეთი თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს?

- რა თქმა უნდა, სხვაგვარად როგორ შეიძლება? ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა. ყოველთვის ყველაფერზე ერთი აზრი გვაქვს, ხანდახან ვკამათობთ კიდეც. თუ საქმე პოლიტიკას ეხება - არა, მაგრამ ოჯახურ საკითხებში მე უფრო დამთმობი ვარ. არ მიყვარს, როცა მებუტება. ამიტომ, თუ ისე მოხდა, რომ რამის დათმობა არ შემიძლია, მერე დავდევ და ვეხვეწები, შემირიგდეს. ზოგჯერ შესარიგებლად რაღაცებსაც ვჩუქნი. თუმცა, შერიგების სხვა მექანიზმებიც არსებობს.

- ვიცი, რომ ქეთის ევროპაში ცხოვრება უნდა, თქვენ რატომ არ თანხმდებით?

- იმიტომ, რომ საქართველოში მინდა წარმატებას მივაღწიო; ჩემი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში მსურს მონაწილეობა.

ხათუნა ბახტურიძე