სასმელს მონატრებული სპორტსმენები და ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე
ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, გადავწყვიტეთ, რამდენიმე ადამიანისთვის გვეთხოვა, საახალწლო არდადეგებთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები და მოგონებები ჩვენი მკითხველებისთვის გაეზიარებინა...
"ბიჭებს ჩემ მიერ მომზადებული კერძები ძალიან უყვართ"
გიორგი ჭინჭარაული, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი:
- საერთოდ, არდადეგები არ მიყვარდა, უსაქმურობისგან ცუდად ვხდებოდი (იცინის). ძირითადად, ჩემი საინტერესო ცხოვრება ყოველდღიური საქმითაა განპირობებული. დასვენების პერიოდში საინტერესო, დასამახსოვრებელი ეპიზოდები ნაკლებად მაქვს - მეგობრებთან ერთად გართობა ჩვეულებრივი რამეა... მთელი ცხოვრება მერჩივნა, რაღაცით დაკავებული ვყოფილიყავი, დრო უქმად არ დამეკარგა. ახლაც ასე ვარ: სახლში ყოფნისას სულ ვწუწუნებ - მინდა რაღაც გავაკეთო-მეთქი... რაც დავოჯახდი, რა თქმა უნდა, საახალწლო ნაძვის ხის მორთვაში მეუღლეს ვეხმარები. ამ პროცესით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ: ნათურების შემოხვევა განსაკუთრებულად მეზარება - ერთმანეთზე მიბმული რომ არის, ნერვები არ მყოფნის... სამზარეულოში ტრიალი მეხერხება და ძირითადად, ამაში ვაქტიურობ, მაგალითად - გოზინაყის მომზადებაში... რა თქმა უნდა, ახალი წლის დღესასწაულზე სპორტსმენები მსტუმრობენ. ხანდახან გათენებული არ არის, როცა "ესემესები", სატელეფონო ზარები მომდის - ინტერესდებიან, სად ვარ, სოფელში (ლაფანაანთკარი) თუ თბილისში? ძირითადად, სოფელში ვარ, რადგან მშობლები იქ მყავს. მთელი ბავშვობა იქ გავატარე და ახალი წლის დღესასწაულსაც ლაფანაანთკარში ვხვდები. ბევრი "გემრიელობაც" სოფელში უფროა. ბიჭებს (სპორტსმენებს) ჩემ მიერ მომზადებული კერძები ძალიან უყვართ. ხანდახან, როცა საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე ვართ, ნატრობენ: - აუ, ახლა სამზარეულოში ჭინჭარაული შეუშვანო (იცინის)! ექიმი ვარ. ამიტომ არ გამოვა, რომ შეჯიბრებაზე ყოფნისას სამზარეულოში ვიტრიალო, მაგრამ მაგალითად, დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც შეკრებაზე ვართ ხოლმე, ერთ დღეს გუნდს საჭმელს ვუმზადებ, რომ ჩემი ნახელავით გემრიელად ისიამოვნონ... ახლაც, კოლუმბიიდან რომ მოვფრინავდით, თვითმფრინავში ატყდნენ: - აბა, ჭინჭარაული, მწვადი როდის უნდა შევწვათო? დღეს-ხვალ უკვე ვგეგმავთ, სად შევიკრიბოთ... ვერ ვიტყვი, ბევრს სვამენ-მეთქი - სასმელს ზომიერების ფარგლებში გეახლებიან. მთელი წელი შეკრებებსა და შეჯიბრებებზე ვართ. შესაბამისად, სასმელს მონატრებულები ახალ წელს ცოტას სვამენ - "ეპარებიან"... ზოგს სადღესასწაულო სუფრაზე თავისი მეგობრები მოჰყავს, ერთმანეთს გვაცნობენ... დიდი სამეგობრო წრეა. ხანდახან ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, იმდენი ვერ ვეტევით, რამდენიც გვინდა, რომ დავეტიოთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დრო მაინც ერთად გავატაროთ. ახალი წლის დღესასწაული ისე არ გავა, რომ მე, ლაშა ტალახაძე, რეზი დავითაძე და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი ერთმანეთს არ შევხვდეთ. შეიძლება, ზუსტად 31 დეკემბერს და 1-ლ იანვარს - არა, მაგრამ შობამდე ვცდილობთ, ჩვენი "გემრიელი" დღეები ერთმანეთს გავუზიაროთ... როგორც მახსოვს, შარშან ჩვენი მეკვლე რეზი დავითაძე იყო - პირველი ეგ მოვიდა. თან გაფრთხილებული მყავდა: აბა, წესიერი წელი მოიტანე-მეთქი! მგონი, არა გვიშავდა: 2022 წელი ნორმალური იყო... ერთადერთი, ეს წელი რეზის არ წაუვიდა კარგად: ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 1, ბრინჯაოს მედალი აიღო, მსოფლიო ჩემპიონატს კი ტრავმებით შეხვდა. ვიწვალეთ, ვიწვალეთ, სალიცენზიო ქულები კი შევაგროვეთ, მაგრამ მედალთან - ცოტათი გაგვიჭირდა... კარგია, რომ გამახსენდა: რეზის უნდა ვკითხო, - შენი მეკვლე ვინ იყო? მისი ფეხი არსად ვნახო-მეთქი (იცინის)!..
"ასეთ დროს ვიცი, რომ არსად მეჩქარება,"
ნიკო ნანიტაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:
- რაც მეუღლე და შვილები მყავს, ყველაზე მეტად მაშინ ვისვენებთ, როცა დაახლოებით 1 კვირით, ბაკურიანში ან სადმე სხვაგან ერთად მივდივართ. ასეთ დროს ვიცი, რომ არსად მეჩქარება, ოჯახთან ვარ... ყველაზე მეტად ეს მახარებს. საერთოდ, ახალი წელი ძალიან მიყვარს, რადგან თუ დღესასწაულს კარგი განწყობით, სიხარულით და სიყვარულით თავად არ შევხვდით, ალბათ, დადებითიც არაფერი მოხდება, მით უმეტეს, ყველას ძალიან "გაფუჭებული" გვაქვს ნერვები, გადაღლილები ვართ... ბავშვობაში ახალი წლის დადგომა ყოველთვის მიხაროდა, რადგან ბიძაჩემი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ამ პერიოდში საქართველოში ჩამოდიოდა ან უამრავ საჩუქარს მიგზავნიდა. დღესასწაულის მოახლოებისას საათებს ვითვლიდი, რომ ახალი წელი დამდგარიყო... მოგეხსენებათ, ჭიათურაში გავიზარდე. საახალწლო არდადეგები განსაკუთრებულად არ მახსოვს: ჭიათურაში, გაჭირვებულ ხალხში, ჩვენი არდადეგები ის იყო, რომ სამეზობლო ახალი წლის დღესასწაულებს ერთად აღვნიშნავდით, ერთმანეთს ვსტუმრობდით. ყველა შეპირებული იყო, ვინ ვისი მეკვლე იქნებოდა...
"ხომ ვხედავდი, რომ ხელოვნური წვერი კაცს ეკეთა, არა?"
ქეთი ხუციშვილი, "კომედი შოუს" მსახიობი:
- ახალი წელი განა არ მიყვარს? ძალიან მიყვარს. უბრალოდ, განსაკუთრებულად არ აღვნიშნავ. მაგალითად, შარშან რუს პირას შევხვდი: მე და ჩემი შვილი მანქანით დედაჩემთან გავედით. დედა კერძო სახლში ცხოვრობს. სახლთან რუ მოედინება. ვიფიქრე, 12 საათი რომ გახდება, სახლში მერე შევალთ-მეთქი. რუსთან ვიდექით, ბათქაბუთქში მოვყევით... შემდეგ სახლში შევედით... ბავშვობაში დედაჩემს შეეძლო, 50 კაცისთვის განკუთვნილი სუფრა გაეშალა. ალბათ, ამის შემხედვარეს აღარ მომინდა, იგივე გამეკეთებინა. საერთოდ, ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მყავს: ჩვენთან სულ გაშლილი სუფრა, სიმღერა და სტუმრიანობა იყო... მახსოვს, ახალი წლის ყოველ დღესასწაულზე სტუმრები ან ჩვენთან მოდიოდნენ, ან - თავად ვსტუმრობდით... საახალწლო არდადეგებს ძირითადად, სახლში ვატარებდით. ნაძვის ხეს არასდროს ვაწყობდი: ალბათ 1-2 სათამაშოს თუ ჩამოვკიდებდი... ნაძვის ხე ახლაც არ მაქვს და არც შარშან მქონია. ჩემი შვილი მეუბნება, - პატარა ნაძვის ხე მაინც ამოიტანე, დადგიო. ჯერ არ ვიცი, ვფიქრობ - ამოვიტანო და თუ არა... როგორც აღვნიშნე, ასეთ რაღაცებში ბავშვობაშიც არ ვმონაწილეობდი. მგონი, თოვლის ბაბუის არსებობისაც არ მჯეროდა, რადგან ხომ ვხედავდი, რომ ხელოვნური წვერი კაცს ეკეთა, არა (იცინის)? რაღაც არ მახსოვს, თოვლის ბაბუა მარხილით მოსულიყოს... სხვათა შორის, 10-11 წლისას, თოვლის ბაბუასთან ერთად ფოტო მაქვს გადაღებული, მაგრამ ვიცოდი, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო...
ეთო ყორღანაშვილი