დათუნა ტატულაშვილის ერთადერთი ჩაფიქრებული სურვილი - გზაპრესი

დათუნა ტატულაშვილის ერთადერთი ჩაფიქრებული სურვილი

"ახალი შაბათის შოუს" მსახიობ დათუნა ტატულაშვილისთვის 2022 წელი წარმატებული აღმოჩნდა. როგორც გვითხრა, ეს მისი მეკვლის "კარგი ფეხის" დამსახურებაა...

- გვიამბე, "ახალი შაბათის შოუში" როგორ მოხვდი?

- თავად დამიკავშირდნენ. შემდეგ ერთდღიან საცდელ ჩაწერაზე ვიყავი, მერე კი ოფიციალურად ამიყვანეს - მათი ჯგუფის წევრი გავხდი.

ბავშვობაში "სკეტჩებს" რომ ვუყურებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ მსახიობებთან ერთად მეც ვითამაშებდი, მაგრამ სულ ვამბობდი, - სანამ ცოცხალი ვარ, აქ უნდა მოვხვდე-მეთქი. ამიხდა... თან, ბედნიერების მომტან ინდურ მანტრებს ვუსმენ, გენაცვალე, რაც ადამიანს სურვილის ახდენაში ეხმარება.

- ახლა თავს როგორ გრძნობ იუმორისტებს შორს?

- ძალიან მომწონს! მათთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობ. კარგი ადამიანები არიან, შინაურულად მიმიღეს. მიხარია, როცა მათთან მივდივარ და ვმუშაობ.

- მართალია, "ტიკტოკზეც" იუმორისტულ ვიდეოებს იღებდი, მაგრამ ალბათ ახლა განსხვავებულ სიტუაციაში მუშაობ...

- კი, ტელევიზიაში მუშაობა განსხვავებული, შრომატევადი, მრავალფეროვანი საქმეა. "ტიკტოკს" ვერც შეადარებ - აქ საკუთარ თავთან ბევრი მუშაობა გჭირდება.

- "ახალ შაბათის შოუში" უკვე განსახიერებული როლებიდან ყველაზე წარმატებულად რომელი მიგაჩნია?

- ჩემი და ციაკოს პაემნის "სკეტჩი" ძალიან მომწონს. ამ როლში სერიოზული ვარ. რეალურად, ასეთი არ გახლავართ.

- რეალურ ცხოვრებაში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ, როგორიც "სკეტჩშია" ასახული? "ვაჟკაცურ" გოგოსთან პაემანი გქონია?

- არა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა მეგონა, გოგო კაფეში მხოლოდ ყავაზე დავპატიჟე, მან კი შეუკვეთა ყავაც, ნამცხვარიც, საჭმელ-სასმელიც... შემდეგ, ანგარიშის გასასწორებლად ფული რომ არ მეყო, გოგოს დავემშვიდობე - მეგობარსაც ველოდები-მეთქი, რადგან არ მინდოდა, ენახა, ფულის გადმორიცხვაზე როგორ უნდა "მეჩალიჩა"... ბიძაშვილს მივწერე - ახლავე უნდა მიშველო და ფული გადმომირიცხო-მეთქი...

- იმ გოგოსთან ურთიერთობა გააგრძელე?

- მას მერე არ მინახავს. მივხვდი, რომ ეგ გოგო სახლში შემოსაშვები არ გახლდათ: მთელ ოჯახს "გაგვწეწავდა", ისეთი მჭამელი იყო, გენაცვალე...

- 2022 წლის დადგომისას რა სურვილი ჩაიფიქრე?

- საერთოდ, ახალ წელსაც და ნებისმიერ განსაკუთრებულ დღეს სურვილს ყოველთვის ჩავიფიქრებ ხოლმე. ეს სურვილი მართლა მხოლოდ იმას ეხება, რომ წარმატებული მსახიობი ვიყო. ბავშვობიდან მსახიობობა მინდა.

- სურვილის ჩაფიქრების განსაკუთრებული მეთოდი გაქვს?

- გულში ჩავიფიქრებ ხოლმე. ასევე, სხვადასხვა რიტუალი მინახავს, მაგალითად - როგორ მოვიზიდოთ ოჯახში ბარაქა. ერთ-ერთი რიტუალის მიხედვით, ჩუსტები კართან უნდა დააწყო, რაღაც სიტყვები წარმოთქვა, შემდეგ კი ჩუსტები ნაგვის ურნაში ჩაყარო, ოღონდ - უკან არ უნდა მიიხედო. ეს რიტუალი გამიკეთებია - ამისთვის ყველაზე გაცვეთილი ჩუსტები შევარჩიე... საერთოდ, სურვილის ახდენის ყველა მეთოდს ვცდი ხოლმე. რა იცი, რა ხდება?..

- ახალი წლის დღესასწაულის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ყველაზე მეტად ახალი წლის დღესასწაულის წინა პერიოდი მიყვარს. 2-3 იანვარი აღარ მომწონს.

- წინასაახალწლო პერიოდი რატომ გიყვარს?

- მომწონს დღესასწაულისთვის სამზადისი, საყიდლებზე წასვლა, ნაძვის ხის მორთვა... ბავშვობაში, მე და ბებია ნაძვის ხეს ერთად ვრთავდით, ოღონდ - ათასჯერ დავშლიდით, ისევ ავაწყობდით... ასე ვერთობოდით (იცინის). ახლა კედლის ნაძვის ხე გვაქვს: ნათურებით გავაკეთეთ. ასე გადავწყვიტეთ... ძირითადად, საჩუქრებს ჩემი ძმისთვის ვარჩევთ: თოვლის ბაბუას რასაც მისწერს, რომ მოუტანოს, იმაზე მერე ჩვენ ვიხარჯებით.

- წელს ხარჯიანი სურვილები ჰქონდა?

- წელს თოვლის ბაბუას მისწერა, რომ ტელეფონი უნდოდა. საჩუქარი უკვე მიიღო.

- თოვლის ბაბუის არსებობის თავად რომელ ასაკამდე გჯეროდა?

- სიმართლე გითხრა, არასდროს მჯეროდა, რადგან თოვლის ბაბუის როლში დეიდაჩემი იყო და ვიცანი: რომ გაიქცა, დავინახე... ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუამ საჩუქრად სათამაშო, ასაწყობი ტანკი დამიტოვა. დედამ მითხრა, - გარეთ გაიხედე, თოვლის ბაბუა გაიქცა, თუ დაინახავო... გავიხედე და დეიდაჩემი არ მირბოდა?! მაშინ მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს.

- შეიმჩნიე თუ გააგრძელე თოვლის ბაბუისთვის სურვილების მიწერა?

- ვერ ვიტყვი, ბავშვობაში ილუზიებში ვცხოვრობდი-მეთქი. უფრო მეტიც, 5-6 წლისა მეგობრებს დავცინოდი, ვისაც თოვლის ბაბუის სჯეროდათ და ვეუბნებოდი, რომ არ არსებობდა.

- დღესდღეობით შენთვის "თოვლის ბაბუა" ვინ არის?

- ალბათ ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს: დედაჩემი, რომელიც ძალიან მახარებს, ყველა სურვილს მისრულებს.

- საახალწლო სუფრის სამზადისში მონაწილეობ?

- რა თქმა უნდა. კერძებს ვამზადებ: ბაჟეს, შქმერულს, ასევე - ქაბაბს ლავაშში ვახვევ... მე და ბებია გოზინაყს ერთად ვამზადებთ.

- ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდები ხოლმე?

- ყოველთვის სახლში, სუფრასთან ვხვდები. შემდეგ მეგობრები ერთმანეთს ვუკავშირდებით და ცალკე ვერთობით... ჩვენი ოჯახის მეკვლე ყოველთვის ჩემი ძაღლი პედროა.

- "კარგი ფეხი" აქვს?

- კი, ძალიან! შარშანაც ჩემი მეკვლე იყო. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემს თავს რაღაც კარგი ხდება...

- სადღესასწაულო განწყობას შენს ოთხფეხა მეგობარსაც უქმნი?

- სპეციალური საახალწლო ფორმა აქვს, რომელსაც ვაცმევ. სახლში სადღესასწაულოდ გამოწყობილი შემოდის... ფეიერვერკების ძალიან ეშინია, სულ იმალება...

- ასეთ დროს, სტრესთან გამკლავებაში როგორ ეხმარები?

- ხელში ამყავს, ვეფერები, ვაწყნარებ და სადღესასწაულო სუფრიდან რამე "გემრიელობას" ვთავაზობ. სტრესი ცოტათი უმსუბუქდება...

- მოთხოვნადი მეკვლე ხარ?

- დღემდე არავის უთქვამს, - ჩემი მეკვლე უნდა იყოო, მაგრამ ჩემი მისვლა ყოველთვის უხარიათ.

- ბავშვობაში საახალწლო არდადეგებს როგორ ატარებდი?

- ბაბუას და ბებიას ღორები ყოველთვის ჰყავდათ - იმისთვის ზრდიდნენ, რომ შობას დაეკლათ. საახალწლო არდადეგებიდან შობის დღესასწაული მიხაროდა, რადგან სანათესავო ერთად ვიკრიბებოდით, მაგრამ ღორის დაკვლას რომ ვუყურებდი, მწვადს ვეღარ ვჭამდი - ღორი მეცოდებოდა... რაც გავიზარდე, საახალწლო არდადეგები ჩვეულებრივად ჩაივლის ხოლმე, ბავშვობაში კი შინ ფერადი ფურცლები მომქონდა, ვჭრიდი და ჯაჭვებს ვაწყობდი, რომლითაც მე და ბებია მთელ ეზოს ვრთავდით... დიდი ეზო გვაქვს, რომელშიც 2 ოჯახი ვცხოვრობთ. ყოველ ახალ წელს დიდ სუფრას ვშლით და დღესასწაულს ერთად ვხვდებით. 30-40 ადამიანი ვართ ხოლმე... ჩემს ბავშვობაში სულ თოვლიანი ზამთარი იყო. სახლთან დაღმართია და ციგით ვსრიალებდით... ზუსტად მახსოვს, ბოლოს თოვლიანი ზამთარი 2009 წელს იყო. მას მერე ზამთარში თოვლი აღარ მოდის, სამწუხაროდ. შარშან თოვლი მარტში მოვიდა. თოვლისგან თოვლის ბაბუა გაზაფხულზე გავაკეთე, აბა, რა მექნა (იღიმის)?!.

ეთო ყორღანაშვილი