ნოდარ ძოწენიძის მწარე ტყვიები, ემოციების პატარა სკივრი და "რქები", რომლებიც ვერ მოიმტვრია - გზაპრესი

ნოდარ ძოწენიძის მწარე ტყვიები, ემოციების პატარა სკივრი და "რქები", რომლებიც ვერ მოიმტვრია

"ჩემი სავიზიტო ბარათი იუმორია. შემიძლია ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია განვმუხტო", - ამბობს მსახიობი ნოდარ ძოწენიძე. როგორ იხსენებს მარჯანიშვილის თეატრში გატარებულ ბავშვობას, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, როგორი ადამიანები აკვირვებენ და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1992 წლის 7 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი.

- ეს მამის (მსახიობი ვასილ ძოწენიძე) და მარჯანიშვილის თეატრში გატარებული დღეების გავლენა იყო?

- რა თქმა უნდა. მე ამ თეატრში გავიზარდე და ბავშვობიდან ამ პროფესიით მოვიწამლე. 212-ე საგრიმიორო და გოგი გელოვანის კაბინეტი გამორჩეულად მახსოვს. მე და ჩემი და პატარები რომ ვიყავით, მშობლები ვერსად გვტოვებდნენ. მამას თეატრში მივყავდი, დედას ჩემი და - ტელევიზიაში. ხან მეძინა, ხან ვთამაშობდი, ხან საგრიმიოროში ვერთობოდი. რეპეტიციების, სპექტაკლის მსვლელობის დროს, უმეტეს დროს კულისებში ვატარებდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ როხროხა, ჩურჩული არ შემიძლია და კარგი იუმორის გრძნობა მაქვს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მცირე ცვლილებას შევიტანდი. ისეთ რამეებს დავაფასებდი, რასაც ახლა ვაფასებ, მაგრამ თავის დროზე სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...მარჯანიშვილის თეატრში მოხვედრა. პირველი მნიშვნელოვანი ეკრანული სახე სერიალში "ტიფლისი" თამაში იყო. ამ დროს, მარჯანიშვილის თეატრის შტატში ახალი მიღებული ვიყავი და 3 სპექტაკლში უკვე ვთამაშობდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებს. მამა წინააღმდეგი იყო, მის პროფესიას გავყოლოდი, მაგრამ ოჯახის წევრები ყოველთვის მხარში მედგნენ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მუდმივად მოძრაობაში ვარ, არ ვჩერდები. ორგანიზმიც და გონებაც მთხოვს, აქტიური ვიყო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ყოველი დღე ისე გავატარო, ემოციურად, თუნდაც ფიზიკურად ერთი ისეთი ფაქტი მაინც მქონდეს, რაც სიამოვნებას მომგვრის და გავიფიქრებ, "რა კარგია, რომ ეს შედგა".

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მოსმენის კულტურა მაქვს, კარგი მსმენელი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია (იცინის), რაღაცებზე უცებ ავჟიტირდები. მიზანს რომ ვისახავ, მერე ჩემში მეორე ნოდარი შემოდის და რაღაცებს მირევს. ხანდახან ჩემში 5 და 6 ნოდარიც კი ცხოვრობს, ყველა თავისკენ მექაჩება, ამ დროს ცოტათი ვიბნევი. ჰო, ისიც არ მომწონს, ხანდახან საკუთარ თავს რომ ვეწინააღმდეგები.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველაფერი. საკუთარ შეცდომებს ყოველთვის ვაანალიზებ. ვფიქრობ, ამის გარეშე პიროვნული ზრდა წამოუდგენელია. ის რამდენიმე ნოდარი, რომელიც ჩემში ენას არ აჩერებს, მაძლევს საშუალებას, სწორი დასკვნები გამოვიტანო.

- პატიება შემიძლია თუ...

- ...შეცდომას ვპატიობ, გულში წყენის ჩადება არ მიყვარს. თუ გეტყვი, რომ გაპატიე, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა გაპატიე. შემდგომში რომ ვიჩხუბოთ და ის ძველი წყენა წამოგაძახო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ არც არაფერი მიპატიებია. შეიძლება ამბავი არც დაგავიწყდეს, მაგრამ სიმძაფრე აღარ აქვს, იმ ამბავს წარსულში ვტოვებ და აღარასდროს ვუბრუნდები.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა უკეთეს, შესაძლებლობით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობდე.

- ვიბნევი...

- ...როცა ისეთ სიტუაციაში ვხვდები, რომ არ ვიცი, იქ რა ხდება. ასევე შეიძლება, მშვენიერი მანდილოსნის დანახვისას დავიბნე და მაშინაც, როცა მათემატიკის განტოლებას ვუყურებ.

- ვნანობ...…

- ...რომ თავის დროზე ფორტეპიანოზე დაკვრა არ ვისწავლე. ყველაფერში თვითნასწავლი ვარ, ხან რა მომინდება, ხან - რა და მის კეთებას ვიწყებ. ხანდახან ენერგია მაკლდება. ადრე ეს ენერგია სულ მქონდა, მაგრამ სისულელეებში ვხარჯავდი.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვიყო იქ, სადაც ვარ. სასიამოვნო და პროდუქტიული დღე მქონდა. ახლა მშვიდად მივალ სახლში, ამ ყველაფრის ანალიზს გავაკეთებ და დავისვნებ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...ცუდ სარკაზმს, ცინიზმს. ამ დროს თავად ამ საქმის პროფესიონალი ვარ, დიდი "ლეველი" მიჭირავს. ხანდახან მწარე siტყვების „სროლის“ შემდეგ, საკუთარ თავთან დისკომფორტი მაქვს, არ მომწონს და ვფიქრობ, ნეტავ ხმა სულ არ ამომეღო-მეთქი.

- მეზარება...

- ...ვარჯიში. სულ ასე ხდება: ვიწყებ, ვიწყებ, ვიწყებ, მერე მართლა ვიწყებ, მაგრამ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, მერე რაღაც ხდება, ვჩერდები და მერე ძალიან ვირევი.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის? აი, ნებისმიერ დროს რომ შემიძლია გავიღიმო და ჟრუანტელმა დამიაროს.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ყოველდღე სკოლაში დავდიოდი, სულ რომ 39 გრადუსი სიცხე მქონოდა, მაინც მივდიოდი, რომ ის მენახა. მოუთმენლად ველოდი, ზარი როდის დაირეკებოდა, რომ ის მენახა.

- ეს რა ასაკში ხდებოდა?

- VIII-IX კლასში ვიყავი, მას შემდეგ ისეთი ემოციური განცდა აღარც მქონია.

- ახლა შეყვარებული არ ხარ?

- კონკრეტულ ადამიანზე არა, მაგრამ ისე ყველაფერზე შეყვარებული ვარ.

- მაკვირვებს...

- ...რომ ხშირად ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ, საკუთარ პოტენციალს არ იყენებენ, დროს და ენერგიას უაზრობაში ფლანგავენ. მაკვირვებს, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში ხალხი ერთი ჭეშმარიტი იდეის გარშემო ვერ გაერთიანდა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკას, მზიან ამინდს. დის და დეიდაშვილის შვილებს და ზოგადად ყველა პატარას, კარგ ფილმს, სპექტაკლს, საკვებს... ჩემი კარგ ხასიათზე დაყენება მარტივად შეიძლება, მაგრამ დილით თვალის გახელისას, მზის დანახვა ძალიან მოქმედებს.

- ვრისკავ...

- ...არის შემთხვევა, როცა ვამბობ, - ან არაფერი, ან ყველაფერი, ოქროს შუალედის გარეშე. შეიძლება შემოთავაზება ისე მივიღო, არ დავფიქრდე, რა მოხდება, მაგრამ ამას ისე ვიღებ, როგორც თავგადასავალს. სიტუაციიდან მალე გამოსვლაც შემიძლია. ვიტყვი, აქ მე აღარ უნდა ვიყო, ეს ყველაფერი არ მომწონს და გავალ, თუმცა თავიდან ეს "თავით გადახტომის" მომენტი მაქვს.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- ძალიან, მე ხომ დამკვირვებელი ვარ. ატმოსფეროს, ადამიანებს ვაკვირდები და ემოციების პატარა სკივრში ვინახავ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ზოგჯერ ნებისყოფა ბოლომდე არ მყოფნის და ეს მაწუხებს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს უხერხულად ვგრძნობ.

- ეს ფაქტი არასდროს გახარებს?

- არა, მადლობას რომ გადავიხდი, ყველაფერი იქ უნდა დასრულდეს. როცა ვიღაც მცნობს, ეგეც უხერხულობას მიქმნის. მირჩევნია, ჩრდილში ვიყო, ჩემი საქმე ჩუმად და წყნარად ვაკეთო.

- მსახიობობა ხომ "ჩრდილში ჩუმად და წყნარად" საკეთებელი პროფესია არ არის.

- აი, მანდ წინააღმდეგობაში მოვდივარ. ოჯახშიც სულ მაგას მეუბნებიან, დედამიწის ზურგზე ერთადერთი მსახიობი ხარ, რომელიც ცნობადობისთვის არ იბრძვიო.

- არადა აცნობიერებ, რომ ეს საჭიროა.

- რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გაყიდვისთვის საჭიროა, მაგრამ ტელევიზიებში სიარული, შოუებში გამოსვლები, ლექსების წაკითხვები და ა.შ. ეს ჩემი არ არის. გამომწერებმა, ჩემმა მაყურებელმა იცის, სად უნდა მიპოვოს, ამიტომ ყველგან მოდებული არ ვარ.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" თამაშობ, მაყურებელი გცნობს?

- რა თქმა უნდა. მაშინაც მცნობდნენ, როცა "ტიფლისში" ვთამაშობდი.

- შიში მაქვს...

- ...ადამიანური შიშები მაქვს, მაგრამ არაფერი მაპანიკებს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...არაფერს. ვარჯიში რომ არ მეზარებოდეს, კარგი ფიგურა მექნებოდა. ალერგიული ვარ და ამ ალერგიას გავაქრობდი.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხანდახან ისეთ ადგილებში ვამბობ სათქმელს, სადაც არ უნდა ვთქვა. არადა, ბუნებით დიპლომატი ვარ. ხმის მაღალი ტემბრი მაქვს და ზოგჯერ ჰგონიათ, ვყვირი. ვინც კარგად მიცნობს, მათთან ამის ახსნა არ მჭირდება, მაგრამ მქონია შემთხვევა, უთქვამთ, მერე რას ყვირი, წყნარად ვერ იტყვიო? არადა, ამ დროს უბრალოდ ვლაპარაკობ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა. ეს არის ჩემი დიდი ტკივილი. დღეს ეს ენა თუ არ იცი, ბევრი კარი დახურული გაქვს. თავის დროზე გონებაში ჩავიბეჭდე, რომ ეს არასდროს გამომივიდოდა და დღემდე ეს "რქები" ვერ მოვიმტვრიე.

- თავისუფლება...

- ...ჰგავს ჟანგბადს, რომელსაც ფილტვებში ღრმად ჩაისუნთქავ; ჟანგბადს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- როცა მარტო ვარ...

- ...მაშინაც არ ვარ მარტო, ხან 5 ნოდარი ვართ, ხან - 7, ხასიათს გააჩნია. ვუსმენ მუსიკას, ვფიქრობ, ასეთი ფსიქოტიპი ვარ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...იმ ოცნებას ავიხდენდი, რომლის ახდენის პროცესშიც ახლა ვარ და ბევრი ფული რომ მქონდეს, უფრო გამიადვილდებოდა.

- რა ოცნებაა ეს?

- ქალაქის თეატრი, - ახალი დამოუკიდებელი სივრცე, რომელიც მსახიობებმა ჩვენი ხელებით ავაშენეთ, სადაც ახლა ძალიან ცივა და ფული რომ მქონდეს, პრობლემას მარტივად მოვაგვარებდი.

82990221-750500348773986-8747263152472719360-n-copy-1672644699.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მარტო ყოფნა მჭირდება. იმ ტოქსიკურ გარემოს აუცილებლად უნდა გავეცალო, ამ დროს შეიძლება, ჩანთა მოვიკიდო და წავიდე იქ, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბებიაჩემის ფრაზა სულ მახსოვს: "რასაც არაფერი ეშველება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს; არ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა, მოხდა და რას ვიზამთ".

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...საკუთარ თავთან ჭიდაობას აზრი ყოველთვის აქვს. მნიშვნელოვანია, გამოვიმუშაოთ დისციპლინა, რომელიც ყველაფრის გასაღებია. სიცოცხლის აზრი ხომ მოძრაობაშია, არ გავჩერდეთ, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც ვიაროთ და სულ გვქონდეს მიზანი, რომ საკუთარი თავი უკეთესობისკენ შევცვალოთ!

თამუნა კვინიკაძე