"ჩვენ ხომ ყველაზე მეტად პატიება გვიჭირს" - გზაპრესი

"ჩვენ ხომ ყველაზე მეტად პატიება გვიჭირს"

"სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა" - ასეთია იმ ახალი წიგნის სახელი, რომლითაც ბევრისთვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური მკითხველის წინაშე წარსდგა.... 15 დეკემბერს ის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა...

"გზასთან" საუბარში პოეტი ამბობს, რომ მადლიერია მკითხველისგან მიღებული სიყვარულისთვის, რომელიც მისივე თქმით არ დაუმსახურებია, მაგრამ მისთვის წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

- პატარა ქვეყანამ, რომელსაც რთულ პირობებში უწევს არსებობა, გადარჩენა და განვითარება, წინსვლისთვის დრო არ უნდა დაკარგოს. როგორი იყო ეს წელი ქვეყნისთვის, რა შეიძინა ქართველმა საზოგადოებამ?

- სამოქალაქო საზოგადოება ყოველ წელს იზრდება, მაგრამ ასე მგონია, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. წინ მივდივართ, რაღაცებს ვცვლით, მაგრამ ძალიან ნელა, კუს ნაბიჯებით. საბედნიეროდ, ვიპოვეთ ის ფონი, რომლისკენაც უნდა გავიდეთ, რომ სამშვიდობოს გავაღწიოთ. ევროპას ვგულისხმობ, კანდიდატის წევრობის სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ იმედი, რომ ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა, ისევ არსებობს, ამან კი სტიმული უნდა მოგვცეს. თუმცა, ჯერ ბევრი რამ გვიშლის ხელს... საზოგადოება ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე პოლიტიკოსები, პოლიტიკური სივრცე უსაშველო ჭაობად იქცა, რომელიც ყველას ჩათრევას ცდილობს. ერთი ცუდი თვისება გვაქვს ერსაც და ბერსაც, ერთი ნაბიჯით წინ რომ წავიწევთ, რაღაცას რომ მივაღწევთ, საქმე მოგვარებული გვგონია და ჯერ ტემპს დავაგდებთ, მერე კი სულაც შევჩერდებით და სხვას დავუწყებთ ხელში ცქერას. სანამ ამას არ შევცვლით, სულ ასე, ერთ წრეზე მოტრიალე საზოგადოებად დავრჩებით. არადა, უკეთესი მომავლის სურვილი ყველას გვაქვს, ჩვენთვის თუ არა, ჩვენი შვილიშვილებისთვის მაინც. ჩვენ რასაც ვერ მივაღწიეთ, იქნებ მათ შეძლონ; იქნებ თავად გადაწყვიტონ რა ჯობია მათთვის, ქვეყნისთვის. ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ გვეკუთვნის, რადგან მათ რაღაცნაირად თავად შეძლეს ასეთები ყოფილიყვნენ. ვინც მათ აკრიტიკებს, თავისი ბავშვობა გაიხსენოს. მაგრამ ჩვენი შეცდომები დავიწყებული გვაქვს. საყვედური კი არ ვუთხრათ, რჩევა შევაწიოთ, იქნებ უკეთესად გაგეკეთებინაო. ჩვენ კი, პირდაპირ საყვედურით, კრიტიკით ვიწყებთ, როგორი უგვანი თაობა მოდისო. არადა, ისეთი წინა პირობები შევუქმენით, მათ ასაკში იმდენი შეცდომა დავუშვით, რომ ხმა არ გვაქვს ამოსაღები. ამიტომ პირდაპირ ჩხუბსა და ლანძღვაზე კი არ უნდა გადავდიოდეთ, ეს რა თაობა მოდისო, უნდა ვცდილობდეთ, განვითარებაში არ შეფერხდნენ. როდესაც საყვედურით ვიწყებით, მათ ჩვენს საპირისპიროდ განვაწყობთ. საყვედურის მოსმენა არავის სიამოვნებს, რა ასაკისაც უნდა იყოს.

- წლის ბოლოს არაერთ სკოლას ეწვიეთ, არა?

- დიახ, ამ წელს კიდევ ერთი წიგნი გამოვეცი და იქ თავმოყრილი ლექსებიდან უამრავი იცოდნენ. ჩვენ რომ გვგონია, ამ თაობას წიგნი, კითხვა და აზროვნება არ უყვარს, სინამდვილეში ვცდებით, ძალიან ნაკითხებიც არიან; ჩემი კი არა, მსოფლიოს წამყვანი კლასიკოსები აქვთ წაკითხული და გააზრებული. მოზარდებს შევხვდი და ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა, ისინი უფრო ახლოს გავიცანი. ჩვენგან განსხვავებულად არათუ აზროვნებენ და საუბრობენ, სუნთქვა და ღიმილიც განსხვავებული აქვთ, ლაღი და დამოუკიდებელი. ჩვენი ახალგაზრდობის წლებში ჰაერი უფრო მძიმე იყო, ამიტომ შედარებით ტანჯვით ვსუნთქავდით. ამან რასაკვირველია, თავისი გავლენა იქონია, მით უფრო, რომ წნეხისა და ცენზურის ქვეშ ცხოვრება დიდხანს მოგვიხდა. ამიტომ, ახალმა თაობამ ბევრი რამ ჩვენზე უკეთ იცის, ბევრ რამეში გვჯობნიან...

რამდენიმე დღის წინ მე-5 და მეთორმეტეკლასელ მოზარდებს შევხვდი. ამ ასაკის ადამიანებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მაინც ისე ვნერვიულობ, როგორც გამოცდაზე გასული სტუდენტი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მინდა მათი ბოლომდე მესმოდეს და მათაც ესმოდეთ ჩემი. ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო, რადგან კარგად გრძნობენ, ადამიანი, შემოქმედი როდის არის ნამდვილი და მართალი. მათგან ვიგებ იმას, რაც დიდი ხნის წინ მაკლდა, რისი სურვილიც მქონდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი. იმდენად სწორ კითხვას სვამენ, ვხვდები, აზროვნებენ, ფიქრობენ, განიცდიან. ლექსებს კი არ იზუთხავენ, გააზრებულად კითხულობენ. უამრავი სკოლა მოვიარე, ათეულობით მოსწავლეს შევხვდი და ყველა სკოლა ბედნიერმა დავტოვე. მათ უკვე იციან, რა უნდათ; თავისუფლების, დამოუკიდებლობის გემო იციან; ეროვნულობის განცდა გამძაფრებული აქვთ; მტერსა და მოყვარეს ჩვენზე მკაფიოდ არჩევენ, რადგან არავინ კარნახობს და ჩასჩიჩინებს სწორი გზა რომელია, თვალსაწიერი ფართო აქვთ. ყოველთვის მინდოდა ბავშვისთვის სხვას კი არ დაევალებინა, რომელ ლექსს წაიკითხავდა, მას თავად აერჩია, რადგან მომავალი თაობა არის ქვეყნის, საზოგადოების მაჯისცემა და ჩვენ, უფროსებმა მათი მისწრაფებები უნდა ვიცოდეთ; მათი თავისუფლება არ უნდა შევზღუდოთ და ის უნდა წაიკითხონ, რაც თავად სურთ და არა ის, რაც მე მინდა. ჩემი ახალი წელი ეს თაობაა, ვისზეც ვსაუბრობთ... მათ გარეშე არაფერი იქნება. ახალგაზრდობა არის ქვეყნის საყრდენი და მამოძრავებელი ძალა.

ჩვენსა და მომდევნო თაობას, სხვა თვისებებთან ერთად, ზომიერების არქონის პრობლემა აქვს. ასე მგონია, ესეც იმ წნეხის გავლენაა, რომელიც გამოვიარეთ. ჯერ დიდხანს ვიყავით ყველაფერში, მათ შორის, სამშობლოს, ერთმანეთის სიყვარულში შეზღუდულები, შემდეგ რეჟიმი რომ დაიმსხვრა, ყველაფერმა ერთიანად ამოხეთქა და სიყვარულშიც, ტალახის სროლაშიც ზომიერება დავკარგეთ.

ჩვენს პატრიარქს ძალიან მძიმე პერიოდში მოუწია ეკლესიის მეთაურობამ და ალბათ დიდი მადლია, რომ იმ დროს სწორედ ის იყო ჩვენი პატრიარქი. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა, ბევრი ბედნიერი წელი მაკავშირებს. პირველად რომ შევხვდი, საკმაოდ ახალგაზრდა იყო. ის ჩემთვის ქვეყნისა და სარწმუნოების მსახურების მაგალითია. ჩვენ მასაც ისე მოვექეცით, როგორც სხვა დამსახურებულ ერისკაცებს ვექცეოდით და ახლაც ვექცევით. შემდეგ, ეს ყველაფერი ჩვენს შთამომავლობას უკან დაუბრუნდება. სამყაროში არაფერი იკარგება, არც აგრესია მიდის სადმე. ისე, როგორც ილიას მკვლელობაა დღემდე მთელი ერის სირცხვილი, ისე იქნება ეს ლანძღვა-გინებაც. 2 იანვარს აქვს იუბილე, 90 წლის მოიყარა, ბოლო წლებია უშურველად ესვრიან ტალახს, მაგრამ საყვედური არ დასცდენია. მოთმინებისა და მიტევების გასაოცარი მაგალითია. ჯანმრთელობას ვუსურვებ, დიდხანს გვყავდეს მეოხად... ურთიერთობაში ისეთი თავმდაბალი, უშუალო და თავისუფალია, რომ ვერც კი იფიქრებ, თუ ყოველ საღამოს უფალს ესაუბრება. საოცარი სითბო და შინაგანი ძალა აქვს, შეუძლებელია არ გამოგყვეს. ხანდახან მრცხვენია, რომ ვერაფერს ვაკეთებ მისი უანგარო სიყვარულის პასუხად. 77 წლის კაცი ვარ და აწი რისი მომსწრები გახლავართ, მაგრამ მთავარია, შეცდომა არ დავუშვა და ცუდი არაფერი გავაკეთო, თორემ ამ ასაკში გამორჩეულისა და განსხვავებულის გაკეთებისთვის დაგვიანებულია. ხანდახან ვფიქრობ, უფალმა ბუნების სახით ადამიანს ასეთი მაგალითი მისცა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ამ გზას დაბადებიდან ცხოვრების აღსასრულ-დასასრულამდე გადის ღვთისშვილი, თუმცა, ბედის მუხანათობით, ამ გზას ზოგი გაზაფხულზე წყვეტს და ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, ზოგი შემოდგომაზე და ესეც ტრაგედიაა, მაგრამ ზამთრამდე მიღწევაც რთულია. სიყვარული გაძლევს ძალას, ცხოვრების აღმართსაც გაუძლო და დაღმართსაც.

- მაგრამ იმავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც არის, არა?

- დიახ, მაგრამ ამის შიშით მასზე უარი არ უნდა ვთქვათ. ერთმანეთის სიყვარული დავკარგეთ და ამიტომ ვართ ამ დღეში. როგორც ვახსენე, ჩვენ ხომ ყველაზე მეტად პატიება გვიჭირს. ძალიან მალე გავაღმერთებთ ადამიანს და შემდეგ, ერთი ფეხის გადაბრუნება ან განსხვავებული აზრის გამოთქმა და ისევე მალე ვესვრით ტალახს. ან კიდევ, თუ რამეში მეორეზე ძლიერი აღმოჩნდა, არც მაგას ვახარებთ, როგორ თუ ის პირველია, ჩემზე მეტად უყვართო... რჩეულს, რომელიც ზნეობრივი სიმაღლით ჩვენგან შორს დგას, ვეღარ ვიტანთ. ეს გუშინ არ დაწყებულა. ასე მგონია, მას შემდეგ მოგვყვება წყევლასავით, რაც სამოთხიდან გამოგვაგდეს.

- რუსეთ-უკრაინის ომმა, თითქოს მსოფლიო შეცვალა. ცივილიზებულ სამყაროს სამართლიანი დასასრულის იმედი აქვს, რომელიც აგვიანებს. რას ფიქრობთ ამაზე?

- როდესაც ცოდვა-მადლზე ვსაუბრობთ, იმაზე მეტი უბედურება რაღა უნდა ვნახოთ, როდესაც ერთი რელიგიის ადამიანებს შორის ასეთი სისხლის ღვრაა გაჩაღებული, რასაც მე ძმათა შორის ომსაც ვუწოდებ. ევროპაში უამრავი მაგალითი გვქონდა, როდესაც მართლმადიდებელი ერები ერთმანეთს ებრძოდნენ, "ერთმორწმუნე ძმის" ხიშტი არაერთხელ იწვნია საქართველომაც. თუნდაც ბოლო შემთხვევისას, 2008 წელს, ხუთი დღის განმავლობაში რომ მიანგრ-მოანგრია რუსეთმა პატარა საქართველო, მსოფლიოს არაფრისმთქმელი განცხადებები და აღშფოთება კი არა, პრინციპულობა რომ გამოეჩინა, არც იმ ხუთდღიან ომში დაიღუპებოდა ამდენი ადამიანი და არც 2014 წელს მოხდებოდა უკრაინაზე პირველი თავდასხმა, რომ არაფერი ვთქვათ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ სისხლის ღვრაზე. რუსეთი ამდენს ვერ გაბედავდა. ახლა რუსეთისგან მომავალი საფრთხე ევროპას მიუახლოვდა და მაშინ გამოფხიზლდნენ, ოღონდ უკვე უკრაინელების სისხლის ღვრის ხარჯზე...

ისტორიამ შემოგვინახა ყველა იმპერატორის თუ დიქტატორის დასასრული. ბოლოს და ბოლოს, რომის იმპერია დაიმსხვრა და არც რუსეთია გამონაკლისი, მით უფრო, რომ კორუფციაშია ჩაფლული. დღეს თუ ხვალ, რამდენიმე თვეში თუ წელში, მისი ბოლოც ასეთია - ძირმორყეული რუსეთიც დაენარცხება. მსოფლიოზე ბატონობის სურვილი მასზე ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ აიხდინეს. არც ერთი დიქტატორული რეჟიმი სამუდამო არ ყოფილა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამას ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. გულ-ღვიძლი მემდუღრება ბახმუტთან დაცემულ ბიჭებზე, ოჯახებს მათი ცხედრებიც არ ეღირსათ... რანაირი შობა-ახალი წელი უთენდება იმ ხალხს... სასოწარკვეთილება მკლავს და ღამე არ მაძინებს, რომ ვერაფერს შველი, შორიდან შეჰყურებ იმ ჯოჯოხეთს, რასაც რუსეთი უკრაინაში ატრიალებს და ახალი წელი მშვიდად როგორ უნდა გაითენო? ოღონდ, ეს მხოლოდ რუსეთის ბრალი არ არის, ეს იმ მსოფლიო ლიდერების კისერზეც არის, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა. უფალი შეცდომის გამოსწორების შანსს ყველას აძლევს და იმედია, თუ ძალიან დაგვიანებული არ არის, ისინი გამოასწორებენ დაშვებულ შეცდომებს...

იცოდეთ, თუ ხელს არ გავანძრევთ, სხვისი იმედიც არ უნდა გვქონდეს. ხანდახან საკვანძო საკითხების გარშემოც ვერ ვერთიანდებით, ერთმანეთს ფეხებში ვებლანდებით: არიქა, იმან ჩემზე უფრო კარგი საქმე არ გააკეთოს და ხალხის თვალში უკეთესად არ წარმოჩინდესო. იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემდეგ შვილები, შვილიშვილების თაობა მოდის.

tariel-4-copy-1672646156.jpg

- პოლიტიკოსების დამსახურებით საზოგადოებაში გაჩენილ განხეთქილებას გულისხმობთ?

- დიახ, როგორც კი გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება, ხან ერთი ძალა გამოვარდება მის ჩასაქრობად, ხან მეორე, ხანაც მესამე... სანამ დღევანდელი პოლიტიკური სივრცე არ დაცხრება, ადამიანები ყველაფრის ერთმანეთისთვის გადაბრალებას არ შეეშვებიან და პასუხისმგებლობის აღებას არ მიეჩვევიან, მცირედი რამის შესაცვლელად პატარა ნაბიჯებით სიარული მოგვიწევს. დასაკარგი დრო კი არ გვაქვს... არადა, არც ინტელექტი გვაკლია და არც გონიერება, შეგვიძლია დროშასავით წავუმძღვაროთ ჩვენს ქვეყანას, ისე, როგორც საქართველოს ეკადრება, მაგრამ არ ვფიქრობთ ამაზე. როდესაც პოლიტიკოსებს ამაზე ველაპარაკები, ეს ადვილი არ არისო, მპასუხობენ. საქართველოს ბედი ადვილი არასდროს ყოფილა: უამრავი ურდოს მოგერიება, გადარჩენა, განვითარება და მსოფლიოში თავისი ადგილის დამკვიდრება უწევდა, მაგრამ ახერხებდა. როდესაც მოგვინდომებია, გამოგვსვლია. საქართველოს, ქართველ ხალხს მართლაც უმძიმესი ისტორიული წარსული აქვს, სისხლით შეკოწიწებული, შიდა თუ გარე ბრძოლებით გათანგული. დანის წვერზე სიარული არასდროს ყოფილა უცხო. ახლა კარგი პერსპექტივა გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ დათმობა ისწავლონ, დროებით მაინც გვერდზე გადადონ ამბიციები და ამისკენ თავიანთ მომხრეებსაც მოუწოდონ, პირიქით იქცევიან - ცდილობენ, ხალხიც განაწყონ მტრულად. დაუნდობლობისკენ მოუწოდებენ ერთმანეთს. საზოგადოებას სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტი ჩამოუყალიბეს. ასეთი ყოფილა ადამიანის ბუნება, სიძულვილს თესავენ და ხალხი ცუდს უფრო ადვილად ისრუტავს. ერთი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდა, რომელიც ხალხის ნდობას დაიმსახურებს და საზოგადოების აზრს შეკრავს, რათა მთავრობის, ოპოზიციური პარტიების გადმოგდებულ სატყუარას კი არ ჩაეჭიდოს და დრო არ გალიოს, თავად გაუჩინოს ორივე თავსატეხი. იმ დროს, რაც ამ წუთისოფელში მაქვს დარჩენილი, იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო სასარგებლო, მაგრამ ვის ადარდებს უბრალო ხალხის აზრი, ტკივილი ან სიხარული?!.

ამ ახალ წელს ერთადერთი სურვილი მექნება - ამ თაობას მაინც ნუ შევაჭრით ფრთებს, ჩვენს პირად წყენას თუ აგრესიას ნუ გადავაყოლებთ ამ თაობას. ივერია, რამდენიც უნდა ვიძახოთ, გნებავთ ვიმღეროთ, თავისით ვერ გაბრწყინდება; ვერც ტერიტორიები დაბრუდება დაუღალავი შრომის გარეშე.

მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას, ღირსეულ გამარჯვებას და იმ სანუკვარი ოცნების ასრულებას, რისთვისაც სისხლს ღვრიან. უკრაინაში ომია, მაგრამ არც ჩვენთან არის მშვიდობა. ამიტომ ჩემს ქვეყანასაც მშვიდობას, წინსვლას და განვითარებას ვუსურვებ, რომ ამ თაობამ მაინც შეიქმნას ღირსეული მომავალი.

ლალი პაპასკირი