"ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ - მომწონს სავსე ფორმები" - გზაპრესი

"ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ - მომწონს სავსე ფორმები"

24 წლის თიკო ყაველაშვილი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორია. ის უკვე 7 წელია სხვებს ეხმარება სწორი კვებითა და ვარჯიშის მეშვეობით სხეულის სასურველი ფორმების მიღებაში. გამორჩეული გარეგნობის გამო, მის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია და შესაბამისად, მუდმივი განხილვის თემაა მისი ვიზუალიც.

- 12 წელი სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი. ეს იყო: ხელბურთი, ფეხბურთი, ცოტა ხანს ძალოსნობაზეც ვიარე, ასევე კრივზეც, კინგბოქზე, მაგრამ ერთხელაც, ხელბურთის თამაშისას ტრავმა მივიღე, მუხლი დავიზიანე, ამის შემდეგ კი დიდ სპორტში ყოფნას ვეღარ შევძლებდი. ვარჯიშის და მუხლის "გაძლიერებას" ვფიქრობდი და სწორედ იმ დროს გამოჩნდა დავით ქაცარავა, რომელმაც თავის დარბაზში ინსტრუქტორობა შემომთავაზა. მისი წყალობით ასეც მოხდა. მაშინ 17 წლის ვიყავი, ყველა საჭირო მომზადება გავიარე, რაშიც შედიოდა სერტიფიცირება და პრაქტიკაც. ამავდროულად ვვარჯიშობდი და დაზიანებულ ფეხზე ვზრუნავდი. მალე მეშვიდე წელი დაიწყება, რაც უკვე შემდგარი ინსტრუქტორი ვარ და ჩემი სამსახური მომწონს.

- თქვენს ოჯახზეც მიამბეთ, სად გაატარეთ ბავშვობა და ჩამოთვლილი სპორტის სახეობებიდან, რომელს გინდოდათ გაჰყოლოდით?

- ბავშვობა ფონიჭალაში გავატარე. 12 წლის ვიყავი, საცხოვრებლად ვარკეთილში რომ გადავედით. დიდი ოჯახი მაქვს და ყველანი ერთად ვცხოვრობთ. დედა 47 წლისაა, მამა 50-ის. 5 დედმამიშვილი ვართ: 4 გოგონა და ყველაზე უმცროსია ბიჭი. და-ძმას შორის უფროსი ვარ. ხელბურთის თამაში სულ მინდოდა. ერთხელაც სკოლაში გუნდი შეკრეს და იქ სათამაშოდ მეც შემარჩიეს. სამჯერ გავხდი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მეკარე, გუნდიც ხშირად ხდებოდა გამარჯვებული, პირველ თუ არა, საპრიზო ადგილებს მაინც ვიკავებდით. თავდაპირველად ჩემიანებს არ ესიამოვნათ, სპორტის ეს სახეობა რომ ავირჩიე, თან მეკარე ვიყავი, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს რომ მივაღწიე, პირიქით, ყველანაირად მხარში დამიდგნენ. მოკლედ, წარმატებული მეკარე ვიყავი და სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად გვქონდა გასვლითი შეკრებები, თამაშები. ერთხელ ბელორუსშიც გავხდი მათი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე. აქედან გამომდინარე, დიდ გეგმებს ვისახავდი, ხელბურთის თამაშს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვაპირებდი, რადგან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის სამზადისის დროს, 2 თვით ადრე მივიღე ტრავმა. მენისკი, მყესები გავიგლიჯე, დავიზიანე და ეს მოედანზე, საქართველოს ჩემპიონატზე მოხდა. რადგან გუნდში ვიყავი და არა ნაკრებში, ყურადღება დიდად არ მომაქციეს. დაახლოებით წლინახევრის განმავლობაში დაზიანებული მუხლით ვთამაშობდი. ერთი ოპერაცია კი გავიკეთე, მაგრამ მეორე ვეღარ "გავქაჩე". ტრავმას დროულად ყურადღება რომ ვერ მივაქციე, მდგომარეობა გართულდა. ხელბურთს რომ შევეშვი, მეგობარმა ჩემი სიძლიერის გამო, ძალოსნობაზე მისვლა მირჩია. სხვათა შორის, იქაც კარგი შედეგები მქონდა, არაერთხელ ავწიე საკმაოდ მძიმე წონა. ერთხელ 110 კილოს რომ ჩავუჯექი, მაშინ მივხვდი, ჩემი მუხლი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. სწორედ ის პერიოდი იყო, როცა დავით ქაცარავა დამიკავშირდა და მასთან მუშაობა დავიწყე. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მთელი ბავშვობა ვთამაშობდი. ბიჭებს რომ ვუგებდი და ამას ყველა ხედავდა, ერთ-ერთ გუნდში თამაშიც შემომთავაზეს. თუმცა მოგეხსენებათ, ფეხბურთი საკმაოდ მოძრავი სპორტია და ისევ და ისევ მუხლის გამო, მაგასაც შევეშვი. ბოლო ოპერაცია მუხლზე დაახლოებით 2 წლის წინ გავიკეთე. ჯვარედინი მყესები ძალიან მქონდა დაზიანებული. საერთოდ, ოპერაციის შემდეგ, 4-დან 6 თვემდე მჭირდება სარეაბილიტაციოდ. 3 თვის წინ კისტა აღმომაჩნდა, ოპერაცია დამჭირდა და ამანაც ამომაგდო რეჟიმიდან. რამდენიმე დღეა ვარჯიში განვაახლე.

3-copy-1672646602.jpeg

- დღეს ქალაქში ერთ-ერთი ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორი ხართ. თქვენს სამუშაო განრიგზე, ვარჯიშსა და კვების რეჟიმზე მიამბეთ...

- თითქმის ყოველდღე ვმუშაობ და კვირაში 1 დღე ვისვენებ. მოსწავლეები ძირითადად საღამოს მყავს - ამ დროს ვარჯიშის მეტი მსურველია. დილის საათებში მოსწავლეებს ონლაინ ვავარჯიშებ და მხოლოდ ემიგრანტები მყავს. საზღვარგარეთ სპორტდარბაზებში სიარული და ინსტრუქტორის მომსახურება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ვცდილობ, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება, მათთვის დრო ასე გამოვნახო. მაგალითად, გერმანიაში რამდენიმე ემიგრანტი გოგონასთვის მინდოდა ხელი შემეწყო და დილაობით, მათ ონლაინ, ერთად ვავარჯიშებდი, შუადღეს კი დრო ჩემთვისაც მრჩება და კვირაში ოთხჯერ ვვარჯიშობ. რაც შეეხება კვებას, ეს ცოტა რთული საკითხია. როდესაც მთელ დღეს დარბაზში ვატარებ, კონტეინერებით წაღება მიწევს. შინ 12 საათზე რომ ვბრუნდები, მეორე დღისთვის გამზადება კიდევ უფრო რთულია. ვცდილობ, დღეში ოთხჯერ ვიკვებო. სხვებსაც იმავეს ვურჩევ, საკვების სრულყოფილად მიღება შუადღეს შეუძლიათ. ოთხჯერ კვებას თუ ვერ ვახერხებ, შეიძლება ორჯერ ვჭამო, მაგრამ არა ღამის საათებში. საღამოს მაქსიმუმ 7-8 საათს არ გადავაცილებ. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად საჭიროა ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი რაციონი უმთავრესად ცილებისგან შედგება, რადგან კიდევ მინდა კუნთოვანი მასის ზრდა. რაც შეეხება სითხეს, 30 კილოზე რეკომენდებულია 1 ლიტრი წყლის დალევა. ჩემი წონიდან გამომდინარე, ნორმა 2-ლიტრნახევარია. დღის განმავლობაში ზოგჯერ ამდენს ან მეტსაც ვიღებ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დარბაზში ვარ, მოსწავლეები მყავს და კვებას ვერ ვახერხებ. ვცდილობ ფეხით ვიარო, მით უმეტეს, სუფთა ჰაერზე, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებ, დარბაზში მისული, ვარჯიშის დღეც რომ არ მქონდეს, აუცილებლად ვდგები ბილიკზე. ბოლო ოპერაციის შემდეგ 68 კილო ვარ, თუმცა თავს კომფორტულად ვგრძნობ, როცა 65-ს ვიწონი და მინდა ეს წონა მალე დავიბრუნო.

- ბევრი დღესაც ფიქრობს, რომ მხოლოდ ვარჯიში დაეხმარება სასურველი ფორმების მიღებაში და კვებით ხელს არ უწყობენ. ასეა თქვენს პრაქტიკაშიც?

- დღესდღეობით 30 მოსწავლე მყავს და მათგან შეიძლება მაქსიმუმ 2 ფიქრობდეს ამგვარად, რადგან ხალხს გათვითცნობიერებული აქვს ეს ყოველივე. ასე ალბათ დამწყები თუ იფიქრებს, მაგრამ ყველას მაქსიმალურად ვუხსნი, სასურველი შედეგისათვის ვარჯიშზე დამოკიდებულია დაახლოებით 30%, ხოლო კვებაზე - 70.

- პანდემიის პირველი პერიოდის კარჩაკეტილობამ, არაერთი ადამიანი დააყენა წონის მატების პრობლემის ქვეშ და უმოძრაობამ სხეულის ფორმების ცვლილებებიც გამოიწვია...

- დიახ, მას შემდეგ თითქმის 35% ამ პრობლემით მოდიოდა. ამავდროულად ხშირია მჯდომარე სამსახურისგან გამოწვეული პრობლემები, რაც კისრისა და ზურგის ტკივილით გამოიხატება. მომზადება მაქვს გავლილი სარეაბილიტაციო კუთხითაც და ვინც ამ პრობლემით მომმართავს, ვცდილობ, ყველას მაქსიმალურად დავეხმარო.

- განსხვავებული გარეგნობა გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი მიეჩვია, რომ ვიღაცისთვის სისტემატური ვარჯიში და საკუთარ სხეულზე ზრუნვა ჩვეულებრივი ამბავი და ასე ვთქვათ, ნორმაა, თითქოს ამას ბოლომდე მაინც ვერ ვითავისებთ. რას გეუბნებიან და თქვენამდე რა შეფასებები მოდის უცნობი ადამიანებისგან?

- თამამად ვიტყვი, რომ ჩემი დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობა 90%-ს მოსწონს. საერთოდ, ფიტნეს-ინსტრუქტორებად ძირითადად, გამხდარი ადამიანები წარმოუდგენიათ. ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ, მომწონს სავსე სხეული და ფორმები. ამ თემასთან დაკავშირებით, ქუჩაში არანაირი კრიტიკა არ ყოფილა, სოციალურ ქსელშიც უფრო მეტად, პოზიტიური კომენტარები ჭარბობს. ზოგჯერ ანონიმური და "ფეიკ ექაუნთებით" არის ხოლმე 1-2 შემდეგი შინაარსის შეფასება: სხვებს რომ ავარჯიშებ, ჯერ შენ გაქვს დასაკლებიო... ასეთ "ფეიკ" კომენტარებს ირონიულად ვუყურებ. ასე უფრო მეტად, ქალები ფიქრობენ, ჩემს ფორმებს სიმსუქნედ თვლიან, რეალურად კი ეს ჩემთვის სილამაზეა და ესთეტიკური. ვინც ჩემთან სავარჯიშოდ მოდის და წონის კლება უნდა, ამაში ხელს ვუწყობ, ისევე როგორც მათ, ვინც მეუბნება, რომ ჩემნაირი ფორმები სურს ჰქონდეს (იღიმის).

1-copy-1672646618.jpeg

- საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ ადამიანთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში იწერება ბოროტული და ვიტყოდი, დამცინავი კომენტარები პლასტიკურ მანიპულაციებთან დაკავშირებით. "ამდენი ოპერაცია რომ გავიკეთო, მეც ლამაზი ვიქნები" და ა.შ. ალბათ ასე თქვენზეც წერენ...

- არანაირი პლასტიკური ჩარევა არ მაქვს, მაგრამ ბევრი ქალბატონი "მიმტკიცებს", რომ მკერდის ოპერაცია მაქვს გაკეთებული - ამხელას რომ იკეთებდი, რად გინდოდა, ცოტა პატარა გაგეკეთებინაო (იღიმის). ცხვირზეც იმავეს ფიქრობენ, სინამდვილეში არანაირ მანიპულაციას არ მივმართავ. მხოლოდ წარბების მიკრობლეიდინგი მაქვს გაკეთებული, რომელიც 2-წლიანია და ვფიქრობ, ძალიან კომფორტულიც. კარგი ფორმა მქონდა, მაგრამ წარბების დაბოლოების ცოტა ზევით აწევა მინდოდა. შედეგით კმაყოფილი ვარ.

ზევით, საუბარში გამომრჩა და მინდა ახლა ვთქვა, რომ წლების წინ, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში 25 კილო ჩემით დავიკელი. ფიტნეს-ინსტრუქტორად ჩემი აყვანის ერთ-ერთი მიზეზი ეს გამოცდილებაც იყო. ხელბურთის თამაში რომ დავიწყე, დაახლოებით 15 წლისა 85 კილოს ვიწონიდი და 60 კილომდე დავედი. ეს შედეგი ერთდროულად მივიღე კვების რეჟიმის დაცვითა და ვარჯიშით. მაშინ არც სპორტდარბაზში დავდიოდი, მხოლოდ ხელბურთზე. ვარჯიში კი ქუჩის ტრენაჟორებზე დავიწყე. დილის 6 საათზე სტადიონზე გავდიოდი, ვვარჯიშობდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე სკოლაში მივდიოდი და ამის შემდეგ ხელბურთზე. ამას წინათ სოციალურ ქსელში გვქონდა განხილვა, რომ ყველას არ აქვს სპორტდარბაზში სიარულის საშუალება, კარგად რომ გამოიყურებოდე, ამისთვის საჭიროა ბევრი ფული და ალბათ ამაში პლასტიკური ოპერაციებიც გეხმარებაო. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვარჯიში ქუჩის ტრენაჟორებით დავიწყე. თუ ადამიანს, სპორტდარბაზში სიარულის შესაძლებლობა არ აქვს, დღეს ყველა უბანში, სხვადასხვა ლოკაციებზე ტრენაჟორებია დამონტაჟებული და მსურველებს იქ ვარჯიში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი წონის გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ხშირად ვიყავი. როდესაც დავიკელი, სასურველ ფორმაში ჩავდექი და უფრო მეტად გავლამაზდი, იმ ადამიანებისგან წამოვიდა სიმპათიები და ყურადღება, ვისთვისაც ერთ დროს დაცინვის ობიექტი გახლდით. შეიძლება ითქვას, ბოროტმა ადამიანებმა მომცეს მოტივაცია. ჩემი თავდაჯერებულობისა და სილამაზის საიდუმლო შინაგანი პოზიტიურობა და ძალა გახდა.

- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ, რას ეთმობა და რას აპირებ სამომავლოდ?

- იშვიათად, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა მეძლევა, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ძირითადად დროს სტადიონზე ვატარებ. თუმცა, ეს აუცილებლად კარგად დასვენების შემდეგ ხდება. შინ ფილმებს ვუყურებ, სახლის საქმეებს ვაკეთებ და სტადიონზე მერე გავდივარ. ძირითადად, კარიდან კარში თამაში მიყვარს და ყველას ვუგებ (იღიმის). ზოგჯერ ხელბურთსაც ვთამაშობ, დაცვაში ვარ ან შეტევაში, კარში არ ვდგები, რადგან მუხლს ვუფრთხილდები. რაც შეეხება გეგმებს, ხელბურთის ინსტრუქტორი ვარ, გავლილი მაქვს ფიტნეს-ინსტრუქტორის არაერთი კურსი, მათ შორის, საერთაშორისოც და ამ ეტაპზე ვფიქრობ, სამომავლოდ პროფესიული განვითარებისთვის, ყველა საჭირო საფეხური გავიარო. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია ამ სფეროში ვარ, ის ყოველდღიურად ვითარდება და ადამიანს რაიმე ახლის შესწავლის საშუალება რომ გეძლევა, უნდა გამოიყენო. ჩემი დიდი სურვილია, მომავალში საკუთარი სავარჯიშო დარბაზი მქონდეს.

ანა კალანდაძე