"ასეთი საქციელით შეურაცხყოფას არ მივაყენებდი მამაჩემს, რომელმაც ისედაც ბევრი რამ მაპატია" - გზაპრესი

"ასეთი საქციელით შეურაცხყოფას არ მივაყენებდი მამაჩემს, რომელმაც ისედაც ბევრი რამ მაპატია"

"პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთმა გამორჩეულმა მონაწილემ - ბაგირამ, იმავე დეა ხიდეშელმა პროექტი ნახევარფინალამდე დატოვა. მანამდე, დეასა და გურამ შეროზიას რომანტიკული წყვილიც დაიშალა... როგორ იქცა დეას ყოველდღიურობა ჯოჯოხეთად, როგორ იზრდებოდა პროექტში პიროვნულად, რა შემთხვევაში მიიჩნევს გურამისგან შერიგების ინიციატივას მანიპულაციის მცდელობად, რატომ არ დაიმაგრა ფალოსის ფორმის სათამაშო თავზე "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეთა უმრავლესობის მსგავსად? - ამ და სხვა დეტალებზე დეა ხიდეშელი თავად გვესაუბრება...

- 2022 წელი თქვენთვის როგორი იყო და ახალ, 2023 წლისგან რა მოლოდინი გაქვთ?

- პირადი პრობლემები, საშინელი რეალობა და პოსტპანდემიური განწყობა ერთმანეთს დაემთხვა. ამ ყველაფერმა 2022 წელს ურთულესი დეპრესიული პროცესი გამატარა. მეგობრებთან ურთიერთობაში გამოსავალს ვერ ვპოულობდი, ოთახში ვიკეტებოდი, თავს არ ვუვლიდი, გამუდმებით ვტიროდი, წარსულს მივტიროდი... კარის ზარის ან კაკუნის ხმის გაგონებისას ისტერიკული შიში მქონდა, მუსიკის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ვიყავი, შემეცნებაზე არ ვფიქრობდი... შემეძლო, რამდენიმე დღის განმავლობაში ვწოლილიყავი, თუმცა, მადლობა ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით - ბებიას, რომელმაც არ მიმატოვა: მივლიდა და ხანდახან ჩემი ყვირილის ატანაც უწევდა ადამიანს, რომელმაც გამზარდა და ოჯახის გამო ემიგრაციაში დიდხანს ცხოვრებაც მოუხდა. ჩემი ჯანმრთელობის გამო, ჩემგან ხმამაღალ საუბარს ითმენდა... ოჯახთან ჩემს ასეთ დამოკიდებულებას დღეს ვნანობ. დედას, რომელიც ძალიან მიყვარს, არაფრის გამო ვამტყუნებდი, უხეშ სიტყვებს ვეუბნებოდი, მაგრამ მან მაინც არ მიმატოვა, მკურნალობაში და იმის გაგებაში მეხმარებოდა, რომ მარტო არ ვარ! ამ ურთულეს პერიოდში ოჯახი დამეხმარა, წამოვმდგარიყავი და "ახალი" დეა ხიდეშელი გამეცოცხლებინა, გამოვჩენილიყავი შოუში და ჩემი მოქმედებებით თანატოლი ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ შიშებს არასდროს უნდა დავნებდეთ. სამყაროში იმაზე ძვირფასი არაფერია, ვიდრე თვითშეფასება, საკუთარ თავში სიძლიერის აღმოჩენა... მოკლედ, იმ დროს სინანულით უფრო ვიხსენებ, ვიდრე ცუდად, რადგან იმ პერიოდმა უზომოდ გამაძლიერა!

186684f1-373d-41e8-b311-414736470c2d-copy-1672646942.jpeg

- რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ "პრაიმ ჰაუსში" ყოფნა ცხოვრების რთულ პერიოდთან გამკლავებაში, ყურადღების გადატანაში გეხმარებოდათ...

- პროექტში ყოფნისას 24 საათი კამერების წინ გიწევს მოქმედება: გძინავს თუ საჭმელს მიირთმევ, გამუდმებით ფიქრობ, რომ ამას მაყურებელი ნახავს. ან კარგი მსახიობი უნდა იყო (24 საათი კარგ მსახიობად ყოფნა რთულია) და ეს ნიუანსები გააკონტროლო, ან - გულწრფელი და ეცადო, შეცდომების არ შეგეშინდეს. შენივე შეცდომების და მაყურებლის კრიტიკის საფუძველზე საკუთარ თავს პიროვნულად ყოველდღიურად ზრდი და აძლიერებ. პირადად მე მეორე გზა ავირჩიე, ბოლომდე ჩემი პრინციპების და იმ ადამიანური ღირებულებების ერთგული დავრჩი, რის გამოც ხშირად ვისჯები ურთიერთობებში, მაგრამ ღირსებას ვინარჩუნებ. 24-საათიანი გადაღების რეჟიმი, მაყურებლის ჩართულობა, შოუში არსებული ფსიქოლოგიური ფონი მეხმარებოდა არჩევაში - თვითგადარჩენის ინსტინქტი თუ ღირსების შენარჩუნება? "პრაიმ ჰაუსში" საკუთარ თავს ვზრდიდი ცუდიდან კარგისკენ...

- ღიად საუბრობთ, რომ საყვარელი მამაკაცისგან ძალადობის მსხვერპლი გახდით. როგორ იქეცით მსხვერპლად?

- მსხვერპლად ყოველთვის შენივე გრძნობები გაქცევს. შეიძლება ამ დასკვნით ვცდები, მაგრამ მანიპულაციის ბერკეტი ყოველთვის ის გრძნობაა, რომლის გამოც ქალებს უამრავი დამცირების მოსმენა და პარტნიორისგან ძალადობაზე თვალის დახუჭვა გვიწევს. სიყვარულის გამო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვითმენდი. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა უკვე ფიზიკური ძალადობის სახე მიიღო. ფიზიკურმა ზეწოლამ, შეგრძნებამ, რომ ის ძლიერი იყო - ვერავინ მოერეოდა, ოჯახი აღარ მიმიღებდა, რადგანაც მეგონა, ეს მათთვის დამამცირებელი იქნებოდა, - ყოველდღიურობა ჯოჯოხეთად მიქცია. ჩემმა ასეთმა სიბრმავემ და ოჯახის კარგად "არცნობამ" ლამის ფსიქიატრიულ კლინიკამდე მიმიყვანა.

- პროექტში თქვენი მონაწილეობის ამსახველ ეპიზოდებს, ძველ "სტრიმებს" თუ უყურებთ? მაყურებლის თვალით როგორ აფასებთ თქვენი და გურამის წყვილს?

- პატარა მონაკვეთებს ვუყურებდი, მაგრამ გადაცემა დღემდე არ მინახავს. ძირითადად, ეპიზოდებს მეგობრები და გულშემატკივრები მიგზავნიდნენ, პირადი შეტყობინების სახით... გურამთან ურთიერთობაში ვიღაც მესამე პირი არასდროს გამითვალისწინებია და ჩამირევია. პირადად ვეცადე, ჩვენი ურთიერთობა გულწრფელი ყოფილიყო, თუმცა ბევრ საკითხთან დაკავშირებით არასწორი დასკვნა თავადვე გამოიტანა. საუბარს აზრი არა აქვს. ის ყოველთვის ყველაფერთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ მართალია. ახლა გურამი პროექტშია და თამაშის პროცესი აქვს. არ ვაპირებ, ჩემი განცხადებებით ხელი შევუშალო. ჩემი აზრი და გულისტკივილი უკვე იცის. პირადად მე, შოუს და ადამიანს შორის ადამიანს ვირჩევ! რიგი საკითხები სხვა ფორმებში დავინახე. გურამთან ჩემი კონფლიქტი ამ ფაქტმა გამოიწვია, ვნახოთ... თუ მაყურებელი ელის, რომ შევრიგდებით, არ ვიცი, რა გიპასუხოთ. თუ გურამმა შერიგება პროექტის მსვლელობისას ისურვა, ამას არ გავაკეთებ. არ მინდა, ჩემი გრძნობები და ადამიანის მიმართ დამოკიდებულება გამოჩნდეს, როგორც შოუ. ეს ურთიერთობაა და ამ თემით მანიპულირების საშუალებას არავის მივცემ, მით უმეტეს - გურამს. თუ შერიგების ინიციატივა პროექტის მსვლელობისას გამოიჩინა, მივხვდები, რომ მართალი ვყოფილვარ: მისთვის შოუა მთავარი და არა - დეა ხიდეშელი; თუ ეს პროექტის შემდეგ მოხდება, ე.ი. ჩემთან გულწრფელია და ვცდებოდი! ვნახოთ, რა იქნება...

e56ba48c-91bb-4771-abdb-bebcbdafb70e-copy-1672646957.jpeg

- როგორ ფიქრობთ, პროექტში შესვლისას ახალი რომანტიკული ურთიერთობისთვის მზად იყავით? ახლა თუ ხართ მზად?

- საერთოდ, არ ვფიქრობდი, თუ შოუში ვინმეს მიმართ რამე სახის გრძნობა ან ურთიერთობის სურვილი გამიჩნდებოდა, მით უმეტეს - იმ ადამიანის მიმართ, რომლის კრიტიკის და ბულინგის მსხვერპლი აბიტურიენტობისას გავხდი, როცა არასრულწლოვანი ვიყავი, თუმცა წლების წინ მიღებული ტკივილი და წყენა პატივისცემამ და სიმპათიამ ჩაანაცვლა... ახლა კვლავ ტკივილებს ვებრძვი, თუნდაც - გურამის მიმართ: ვხვდები, რომ მართალი ვარ, მაგრამ მინდა ვცდებოდე და ის იყოს მართალი... ახლა მსურს დავისვენო, მივხედო ჩემს სამსახურს, ჩემს პროფესიას და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის რამე საქმე მოვიფიქრო.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პროექტის ერთ-ერთმა "ჩელენჯმა", როცა მონაწილეებს თავზე ფალოსის ფორმები ჰქონდათ დამაგრებული. რეალური მიზეზი რა იყო, რის გამოც ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიიღეთ?

- ინტერნეტში ჩემს სექსუალურ ფოტოსა და ვიდეოს ხშირად ნახავთ. ვფიქრობ, ეს ესთეტიკურია - ამას ისე ვუყურებ, როგორც ხელოვნებას. მსიამოვნებს, როცა სექსუალურ ქალად მაფასებენ, მაგრამ თავზე "რაიმეს" გაკეთება და ამით მაყურებლის გაღიზიანება ჩემთვის მიუღებელია. პირველ რიგში, ასე მამაჩემს არ მოვექცეოდი - ასეთი საქციელით შეურაცხყოფას არ მივაყენებდი კაცს, რომელმაც ისედაც ბევრი რამე მაპატია და ძალიან მეგობრულად დამიდგა გვერდში. მოკლედ, ყველაფერს აქვს ზღვარი. მადლობა პროექტს, რომ ჩემს ნებას პატივი სცა და ამის გამო "გაფრთხილება" არ მომცა.

- ხშირად ახსენებთ წყალტუბოსა და ქუთაისს. გვიამბეთ, რა გაკავშირებთ ამ ქალაქებთან?

- წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე. დედაჩემი დღემდე წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. მიყვარს ჩემი მიტოვებული საკურორტო ქალაქი, თავისი ხალხით, სპეციფიკური, განსხვავებული იუმორით, წვიმიანი ამინდით, ძველი სასტუმროებით, რკინიგზის დაშლილი სადგურით და იმ მოგონებებით, რომლითაც ჩემი მშობლების თაობა ცხოვრობს. რაც შეეხება ქუთაისს, ეს ქალაქი პარიზს და ციურიხს მირჩევნია. ამ უძველესი და ულამაზესი სატახტო ქალაქის ქუჩები არტისტული ადამიანებით სავსეა. ქუთაისი ის ქალაქია, რომლის მოსახლეობამაც საუკუნის წინ თბილისი კულტურულ ლიკვიდაციას გადაარჩინა. ქუთაისისა და ქუთაისელების მიმართ ჩემი სულიერი დამოკიდებულებით ვამაყობ. ქუთაისში აუცილებლად ვიცხოვრებ... ისე, რომ იცოდეთ, რაჭველი ვარ. ულამაზესი სოფელი მაქვს... ასე ვარ გამოკიდებული თბილისს, წყალტუბოს, ქუთაისსა და რაჭას შორის - "კაცი ვერ გეიგებს, ბოლო-ბოლო ვინ ვარ, რა მინდა ან სად მინდა" (იცინის)!..

- პროფესიით ვინ ხართ? რა მიზნები და გეგმები გაქვთ?

- "საქართველოს უნივერსიტეტში" ვსწავლობდი. ჩემს ჯგუფელებთან და ლექტორებთან ერთად, იქ საუკეთესო წლები გავატარე. სტრატეგიული ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. ამჟამად, ერთ-ერთ დითეილინგ ცენტრში პიარის, რეკლამირებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა მინდა და ვეძებ სხვა სამსახურს, რომელიც ტელევიზიასთან და მაყურებელთან უფრო ახლოს იქნება.

- "მისტერ პლანეტის" კონკურსზე, სადაც თქვენ და გურამი გიორგი მეტრეველის საგულშემატკივროდ იმყოფებოდით, ორგანიზატორმა იტალიის საგზურებით დაგაჯილდოვათ, თუმცა ეს მანამდე იყო, ვიდრე თქვენი წყვილი დაიშლებოდა... თქვენ და გურამი ერთად სამოგზაუროდ მაინც წახვალთ?

- კონკურსის ორგანიზატორმა, უსაყვარლესმა ქალბატონმა ეკა მგალობლიშვილმა დადებითი ენერგია და სიყვარული მაჩუქა. ჩემგან დიდი სიყვარული და პატივისცემა მას... იმედია, მე და გურამი იტალიაში ცალ-ცალკე, მაგრამ ერთდროულად მაინც გავემგზავრებით და იქ მაინც მოიფიქრებს, რომ ხანდახან მეც უნდა მაჩუქოს ყვავილები (იცინის)... იტალია, ყვავილები... კი დაფიქრდებოდა შერიგებაზე ქალი!..

ეთო ყორღანაშვილი