ცნობილების უჩვეულო ახალი წელი და წერილი თოვლის ბაბუას საქართველოს პარლამენტიდან - გზაპრესი

ცნობილების უჩვეულო ახალი წელი და წერილი თოვლის ბაბუას საქართველოს პარლამენტიდან

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მსოფლიოში ყველა ადამიანი იმედით, რწმენით, რაღაც განსაკუთრებული ამბის მოლოდინით ეგებება. ამ დღეს ხომ სასწაულები ხდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამის სჯერა. სურვილები და ნატვრები კი ყველას აქვს, ასაკის მიუხედავად.

საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდი და ვთხოვე, თოვლის ბაბუისთვის წერილები მიეწერათ. ფურცელზე გადატანილ ნატვრებს ხომ სხვა ძალა და ენერგია აქვს. იმედია, თოვლის ბაბუა ჩემი რესპონდენტების თხოვნებს შეისმენს და მათ სახლებსაც ადვილად მიაგნებს.

- ნანუკა, ბავშვობაში თოვლის ბაბუას წერილებს სწერდი?

ნანუკა გულუა:

- დიდად არ მახსოვს ის პერიოდი, როცა თოვლის ბაბუის არსებობის მჯეროდა. მგონი, სულ ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა მამაჩემი იყო და ჩემს მერკანტილურ სურვილებს თაღლითურად ვწერდი. მაშინ ვთამაშობდი, რომ ამას ვერ ვხვდებოდი, ასე მაწყობდა. ეს პერიოდი დიდ ასაკამდე გამიგრძელდა.

- ახლა თოვლის ბაბუას რას მისწერდი?

- ჩემთვის თოვლის ბაბუასთან მამაჩემი და მისი ასრულებული სურვილები ასოცირდება. ოღონდ გვერდით მყავდეს და ყოველ ახალ წელს მხოლოდ სიყვარულს ავუხსნიდი; ვეტყოდი ყველაფერს, რისი თქმაც ვერ მოვასწარი. ახლა კი დავწერ:

"ძვირფასო თოვლის ბაბუ!

როგორ მინდა, მართლა დავიჯერო შენი არსებობა იქ, სადღაც, სადაც ვერავინ გხედავს. მინდა არასდროს დამტოვოს ამ შეგრძნებამ და ყოველთვის ჩემთან იყო. მთელი წელი ძალიან, ძალიან კარგად ვიქცეოდი.

შენი ნანუკა".

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. სადაც უნდა ვყოფილიყავით, ამ დღეს დები ზუგდიდში ერთად ვიკრიბებოდით, შემდეგ თბილისში ვიყავით და მშობლები ჩამოდიოდნენ. ბოლო წლებში კი სულ სახლის გარეთ ვარ, ხან კონცერტი მიმყავს, ხან - კორპორაციული საღამო.

- რას ამბობენ, ნანუკას "კარგი ფეხი" აქვსო?

- მარტო ფეხი?!. კარგი გულიც მაქვს და კარგი სურვილები, რომელიც კოსმოსამდე მიდის და, სადაც მივდივარ, ყველგან კარგი განწყობა შემაქვს. ერთ წელს, ჩემდა უნებურად, მეგობრის მეკვლე აღმოვჩნდი. ის გასათხოვარი იყო, არცთუ პატარა ასაკის. დავაოჯახე, დავაწვრილშვილე და არის ბედნიერად. მას შემდეგ ხმა გავარდა, ნანუკას "კარგი ფეხი" აქვსო.

- თავად რომ გათხოვდი, იმ წელს შენი მეკვლე ვინ იყო?

- (იცინის) თავად ვიყავი. მართლა ასე იყო. ვხუმრობდი, ჩემთან არავინ მოხვიდეთ, ჩემი ფეხი ჩემს თავზეც უნდა გამოვცადო-მეთქი და მართლა ასე მოხდა.

- აქამდე გამოგეცადა.

- არ ვიცოდი, საკუთარი თავის მეკვლე როგორ უნდა ვყოფილიყავი. დედაჩემმა მითხრა, 12 საათამდე სახლში არ მოხვიდეო. ეს დაგეგმილად არ უნდა იყოს. ისე მოხდა, რომ კონცერტის დასრულების შემდეგ მივედი, ოჯახსა და საკუთარ თავს ბედნიერება მივუტანე.

- 2022 წელს დედა გახდი, გამორჩეული წელი გქონდა. 2023 წლისგან რას ელი?

- საშიშად ბედნიერების შეგრძნება მაქვს. ყოველი წლისგან ველი ამის მოფრთხილებას და ამ შეგრძნებით არსებობას. უმადური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, უფრო მეტს ველოდები-მეთქი. იმას, რაც ადამიანის ბედნიერების კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს, 2022 წელს ვეზიარე. მინდა ამ შეგრძნებით ვიყო მთელი ცხოვრება.

- მეც ამას გისურვებ!

- მხოლოდ ფეხი და გული კი არა, ენაც კარგი მაქვს. წარმატებას გისურვებ, ბევრ სიხარულს, წინსვლას, ბრჭყვიალა მომავალს... დამირეკე, ეს ყველაფერი რომ აგიხდება.

თემო ნიქაბაძე:

- თოვლის ბაბუა ძალიან მიყვარს, არსებობს, არ არსებობს - არ მაინტერესებს; სიკეთესთან სითბოსთან, სიყვარულთან, საჩუქრებთან ასოცირდება.

- რას მისწერ?

"თოვლის ბაბუ!

გეტყვი იმას, რაც ძალიან, ძალიან მინდა და იმედი მაქვს, თხოვნას შემისრულებ. ახალი წლის ღამეს, ჩემთან რომ მოხვალ, მესის მაისური მომიტანე და მის რომელიმე თამაშზე დასასწრები ბილეთებიც მოაყოლე. მინდა, სტადიონზე ვიყო და ისე ვუგულშემატკივრო. ეს ჩემი ოცნებაა. გელოდები მოუთმენლად და დიდი სიყვარულით".

- ახალ წელს სად ხვდები?

- ახალ წელს ყოველთვის ფარცხანაყანებში, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდებოდი. წელს კონცერტი მიმყავს და განსხვავებული წელი მექნება. 2023-ში საკუთარი თავის მეკვლეც ვიქნები. ერთი გამოვცადო, რა იცი, რა ხდება, ჩემს ფეხს აქებენ და...

- ახალ წელს უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- 2 წლის წინ, ჩემს სოფელში მგლების შემოსევა იყო. შიშისგან ხალხი გარეთ ვერ გადიოდა. ამაზე უჩვეულო რაღა უნდა მომხდარიყო?!

მაია ხორნაული:

- ბავშვობაში საჩუქრები თოვლის ბაბუის გარეშე მომდიოდა. ამ კეთილი არსებისთვის წერილების მიწერა ჩემი ბავშვობის შემდგომ პერიოდში უფრო აქტუალური გახდა. ყოველი ახალი წლის დილას, საჩუქრები ნაძვის ხესთან მხვდებოდა. სასიამოვნო იყო ნაძვის ხის მორთვის პროცესი, ამ რიტუალს მთელი ოჯახი ვესწრებოდით. ხეს თავზე წითელ ვარსკვლავს ვადგამდით. გამორჩეულად მახსოვს, საახალწლო მისალოცი ბარათები რომ იყო, ზოგს თოვლის ბაბუა ეხატა, ზოგს - ნაძვის ხეები. მისალოცი ბარათების გაგზავნა ძალიან კარგი ტრადიცია იყო, სულ მინდა, რომ აღდგეს. იმ ბარათებს სხვაგვარი ენერგეტიკა აქვს.

- ინახავთ?

- რა თქმა უნდა. მაშინ ახლობლებს სულ ვწერდით, ჩვენც გვწერდნენ. მე და ჩემს დას ბარათებს მშობლებიც გვიგზავნიდნენ, ამ ფორმითაც გვილოცავდნენ. უნდა გადავხედო, იქნებ ის სურვილებიც ასრულდა.

- ახლა რა გსურთ, თოვლის ბაბუას რას მისწერთ?

- "თოვლის ბაბუ!

ძალიან ძვირფასო და საყვარელო, მინდა სულ იყო, მინდა სულ ახარებდე ბავშვების გულებს და გქონდეს შესაძლებლობა, რომ ადამიანებს ოცნებები აუხდინო, პატარებს ბავშვობა გაულამაზო. ჩემთვის რა მინდა? უამრავი რამ არსებობს, რაც ძალიან გამახარებს, მაგრამ გამოგიტყდები, ცოტათი მორიდებული ვარ. ამჯერად ჩემი გახარების ამბავს თავად შენ განდობ. აბა, შენ იცი და შენმა ინტუიციამ. მიყვარხარ ძალიან, ძალიან..."

- მეკვლედ დადიოდით?

- ეს ტრადიციაც ძალიან მიყვარს. წლებია, ოჯახში ერთი მეკვლე გვყავს და დიდი სიხარულით ვხვდებით. თავად მეზობლის ოჯახში დავდიოდი მეკვლედ, ახლა ჩემმა შვილმა ჩამანაცვლა.

- ახალ წელს უჩვეულო გარემოში შეხვედრიხართ?

- ერთხელ მე და ჩემს მამიდაშვილს, ახალი წლის ღამეს მეგობართან სტუმრად რომ მივდიოდით, საბურავი გაგვისკდა და ახალ წელს ქუჩაში შევხვდით. ეს ამბავი ახალციხეში მოხდა. ახლობლებს ხმა რამდენიმე საათის შემდეგ მივაწვდინეთ, მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა. იმ ამბავმა ძალიან გაგვამხიარულა, სტრესული სულაც არ იყო. ვამბობდით, გამორჩეულად გაგვახსენდებაო. რადგან სტუმრად მივდიოდით, შამპანური, ტკბილეული გვქონდა. ყველას ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, მხოლოდ ჩვენი დედაქალაქი კი არა, პლანეტის ყველა ქალაქი მშვიდობით სავსე იყოს!

ბაბი კირკიტაძე:

- როგორც ყველა ბავშვი, თოვლის ბაბუას წერილებს მეც ვწერდი, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ის არ არსებობდა: გვიანი ღამე იყო. გამეღვიძა და იმ ოთახში შევბოდიალდი, სადაც ნაძვის ხე იდგა. დავინახე, იქ საჩუქრებს თოვლის ბაბუა კი არა, დედაჩემი ალაგებდა... ჩემთვის ახალი წლის დღესასწაული დღემდე ძალიან ჯადოსნურია, საახალწლოდ სურვილებიც ყოველთვის გამზადებული მაქვს.

- თოვლის ბაბუას გაუმხილე.

- "თოვლის ბაბუ!

ახლა შენთან, სამყაროსთან, ღმერთთან, ვარსკვლავებთან მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, ბედნიერი ვიყო! ნივთებზე გართულება არასდროს მქონია, არასდროს მიმიწერია და ახლა რაც მინდა, იმას საკუთარი შესაძლებლობებით მოვახერხებ. მატერიალური სურვილების ასრულების თხოვნით უკვე აღარავის მივმართავ. მიყვარხარ, შენი ბაბი".

- მეკვლედ გეპატიჟებიან?

- ერთ წელს სრულიად შემთხვევით, 31 დეკემბერს კონცერტის შემდეგ, მეგობარს გვიან მივაკითხე. ის წელი მისი ოჯახისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა. მეორე წელს მეკვლედ ოფიციალურად დამპატიჟეს, თან კარი გადაკეტეს, ვინმე სხვა რომ არ შესულიყო (იცინის).

- ახალ წელს უჩვეულო გარემოში შეხვედრიხარ?

- მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, მთელი ოჯახი კონცერტზე მივდიოდით, მაგრამ საცობში აღმოვჩნდით და მანქანების იმდენად დიდი ნაკადი იყო, ვეღარ გავაღწიეთ. იმ ახალ წელს სხვა უამრავ ადამიანთან ერთად, ქუჩაში შევხვდით. მახსოვს, ყველანი მანქანებიდან გადმოვედით, ათვლა დავიწყეთ და ახალი წელიც დადგა. ვინც იქ იყო, ეს ამბავი ყველას ემახსოვრება.

- შენთვის 2022 წლის მთავარი ამბავი რა იყო?

- ჩვენი ბენდისთვის წარმატებული წელი იყო, ბევრ რეგიონსა და ქალაქში გვქონდა კონცერტი. ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვარ, რომელიც 2023 წელს სრულდება და ძალიან მინდა, ამ პროექტის ფინალში ვიყო, დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. 2023 წელს მექნება სიახლეები კარიერაში, რასაც ჯერ ვერ გაგიმხელთ.

- სიახლეს პირად ცხოვრებაში არ ელოდები?

- არა, როგორიც იყო წლევანდელი და გასული წელი, ისეთივე იქნება 2023-იც. თუმცა, ეს ის ამბავია, რომელსაც ასე დაგეგმილად ვერ განსაზღვრავ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" საკუთარ თავში ახალი აღმოჩენები გაგაკეთებინა?

- სულ მეგონა, დრო არ მქონდა. თურმე მეტი ენერგია, მეტი დრო და მეტი შესაძლებლობა მქონია. საკუთარ თავში აღმოვაჩინე გამძლეობა, მცირე დროში სტრესის დაძლევის უნარი. ახალი ცეკვის სწავლა, სათანადოდ წარმოჩენა, ახალი ურთიერთობები, მეგობრების შეძენა... მოკლედ, ამ პროექტში ერთ ცხოვრებას გადიხარ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსია, რომელსაც თავისი წესები აქვს, ეს არის ბრჭყვიალა, ძალიან პოზიტიური, თბილი და დასამახსოვრებელი შოუ.

- ბატონო იაგო, ბავშვობაში თოვლის ბაბუას წერილებს სწერდით?

იაგო ხვიჩია:

- არა.

- რატომ?

- მომენტი, მისი არსებობის იმდენად დამეჯერებინა, რომ ტექსტი მიმეწერა, არ მახსოვს. ჩემს გახარებას მშობლები თოვლის ბაბუის გარეშეც ახერხებდნენ.

- სურვილები ხომ ყველა ასაკში გვაქვს. ახლა რას მისწერდით?

- (იცინის) ახლა?

- დიახ.

- ბავშვი რომ ვიყო, მივწერდი, მინდა ძალიან ნიჭიერი ვიყო-მეთქი! ასეთი "საჩუქრის" მოტანა თუ შეიძლება.

- ახლა ხომ ბავშვი არ ხართ.

- ვაა!!! ახლა რა უნდა ვთხოვო?

- რაც გინდათ.

(პაუზის შემდეგ)

"თოვლის ბაბუ!

ეს წერილი ცოტათი ადრე რომ დამეწერა, აუცილებლად გთხოვდი, მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახადე-მეთქი. ეს სურვილი უკვე ამისრულდა. ახლა გთხოვ, ადამიანებში იმედი და პერსპექტივის განცდა გააჩინე. ძალიან მინდა, გვქონდეს რწმენა, რომ შეგვიძლია ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ".

- ბავშვობაში მეკვლედ გეპატიჟებოდნენ ან ახლა თუ გეპატიჟებიან?

- ხშირად მეკვლეობა არის საბაბი, მეგობრებმა ერთმანეთი მივიპატიჟოთ. ბავშვობაში მეკვლედ გამოყენებული ვიყავი.

- "გამოყენებული"? რა უცნაურად ამბობთ.

- (იცინის) აი, ბავშვებს რომ მეკვლედ იყენებენ, ბედნიერი ფეხი აქვთო.

- რომელიმე ახალ წელს უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- მგონი, ყოველი ახალი წელი თავისებურად უჩვეულოა. ერთ-ერთი გამორჩეულად მახსოვს, მთვრალებმა ზღვაში ვიბანავეთ. როგორც დედაჩემი ამბობს, ხიფათიანი ვარ და შარში ხშირად ვეხვევი.

- ახალ წელს ზღვაში ბანაობა თქვენი იდეა იყო?

- არა, მსგავსი იდეების ავტორი თავად არასდროს ვარ. მეგობარს სურდა და სოლიდარობა გამოვუცხადე.

- ოჯახში საახალწლო სამზადისში ჩართული რამდენად ხართ?

- პოლიტიკურად ძალიან აქტიური პერიოდია, ახლაც პარლამენტში ვარ. ჩემი კოლეგები აქ შიმშილობენ და საზეიმო განწყობა არ მაქვს. აქტიურობით დიდად სხვა წლებშიც არ გამოვირჩეოდი, ზარმაცი ვარ. აუცილებლობა თუ არ არის, მირჩევნია, სხვამ იაქტიუროს და მე ამ პროცესში მეორეხარისხოვანი როლი მქონდეს.

- ერთ-ერთ კულინარიულ შოუში მონაწილეობდით, კულინარია თქვენი ძლიერი მხარეა?

- არა, მაგრამ ამ შოუში გარკვეული უნარები შევიძინე. რომ მოვინდომო, რაღაც გამომივა. ამ სფეროში თავდაჯერებულობა ნამდვილად მაკლია. ისეთი მოკლე ამოცანის გადაწყვეტა, როგორიცაა სალათის დაჭრა, კვერცხის შეწვა და სოსისის მოხარშვა, შემიძლია.

- თქვენთვის 2022 წლის მთავარი ამბავი რა იყო?

- მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მეგობრებმა იციან, როგორი გულშემატკივარი ვარ, ჩემი ოცნება ახდა.

babi-kirkitadze-o-h-copy-1672647352.jpg

ნინო მუმლაძე:

- მიხვედრილი ბავშვი ვიყავი, ვერასდროს მატყუებდნენ. 2 წლისა ვმღეროდი, ვცეკვავდი, კონცერტებს ვატარებდი, ჩემი რეპერტუარი მქონდა. იმ პერიოდში მამამ სახლში თოვლის ბაბუს ფორმა მოიტანა. სცენა დადგეს, მამა მაღაზიაში უნდა ჩავიდესო. სინამდვილეში, სადარბაზოში გავიდა, იმ ფორმაში გამოეწყო, საგულდაგულოდ შეიფუთა, მხოლოდ თვალები უჩანდა. შემოვიდა და რომ დავინახე, აღვფრთოვანდი, ვიმღერე, ვიცეკვე, საჩუქრები მივიღე, დავემშვიდობე და წავიდა. რამდენიმე წუთში მამა "მაღაზიიდან" მოვიდა. ვუსაყვედურე, სად იყავი-მეთქი და თოვლის ბაბუს სტუმრობის ამბავი მოვუყევი. ყველა აღფრთოვანებული იყო, უხაროდათ, რომ ჩემზე შთაბეჭდილება მოხდინეს. 1-ელი იანვრის დილა რომ გათენდა და გავიღვიძე, ოჯახის ყველა წევრს ეძინა. ხან დედასთან მივედი, ხან - დეიდასთან, მაგრამ ყველამ მომიშორა, ღამენათევები იყვნენ და ეძინებოდათ. ბოლოს მამასთან მივედი. ცალი თვალით გამომხედა: - მამი, ცოტა ხნით დამაძინეო. - ადექი, თოვლის ბაბუ, ადექი-მეთქი... ასე გაიგეს, რომ იმ ღამესაც ვიცანი, მაგრამ არ შევიმჩნიე.

- თოვლის ბაბუს ახლა რას მისწერ?

"ძვირფასო თოვლის ბაბუ!

პირველ რიგში გთხოვ, მშვიდობა იყოს მსოფლიოში, ამის გარეშე არაფერს აქვს აზრი. გთხოვ, ჯანმრთელად მიმყოფე საყვარელი ადამიანები. ჩემი დიდი ოცნებაა, კარგ, მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმში, საინტერესო როლი შევასრულო, აქამდე ამის შესაძლებლობა არ მომეცა და თოვლის ბაბუ, გთხოვ, 2023 წელს ამის შანსი მომეცეს. ამ წერილს დიდი სიყვარულით გწერ, შენი ნინო მუმლაძე".

- გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსოვს?

- ახალ წელს ყოველთვის შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდებოდი. 2003 წელი დგებოდა, პირველად ქუჩაში რომ შევხვდი. დიდი საახალწლო კონცერტი ჩატარდა, მაშინ სტუდენტი ვიყავი და ცეკვის თეატრის წევრიც, საახალწლო ღონისძიების გასაფორმებლად შეგვარჩიეს. 12 საათი რომ შესრულდა, ანგელოზის ფორმა მეცვა, ვიდექი სცენაზე ანგელოზის ფრთებით და ჩემს თავზე ფეიერვერკი ფეთქდებოდა. ეს ახალი წელი ემოციურად ყველაზე კარგად მახსოვს.

- როგორი იყო შენთვის 2022 წელი?

- ამოქოქვის წელი იყო: პანდემიის გამო სულ შინ რომ ვიყავი, ეს გაცდენილი დრო უეცრად ავინაზღაურე. შემოქმედებითი თვალსაზრისით, კარგი წელი იყო, ისეთი ტემპით ვიმუშავე, ახლა დასვენება მენატრება. 2023 წელს მინუს 13 კილოგრამით ვეგებები და საკუთარ თავთან ვდებ პირობას, რომ 2024 წელს კიდევ 7 კილოგრამით ნაკლები შევხვდები.

- ბედნიერ წელს გისურვებ!

- გილოცავ, ვულოცავ "გზის" მკითხველს, ყველა ჩვენგანისთვის ბევრი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი წელი იყოს!

თამუნა კვინიკაძე