იღბლიანი, მშვიდი და უკონფლიქტო კურდღლები - გზაპრესი

იღბლიანი, მშვიდი და უკონფლიქტო კურდღლები

"იღბლიანი ადამიანია. მასში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც კი არის. სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს, მშვიდი და მარტივი ცხოვრება ურჩევნია, ყველაზე მეტად სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები ეზიზღება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ ადამიანებს.

"შემიძლია საჭიროების შემთხვევაში თავი შევიკავო"

მსახიობი ნინო შავგულიძე კურდღლის (კატის) წელში დაბადებული მორიელია. მორიელისა და კურდღლის სახასიათო შტრიხები სინთეზში, ერთ-ერთ ყველაზე რთული და ამოუცნობი ადამიანის ტიპს აყალიბებს. ის დაჯილდოებულია კარგი ინტუიციით, კარგი ფინანსური ყნოსვა აქვს და საკუთარი თავის ფასი კარგად იცის.

1794739-657322667646657-655760102-n-copy-1636962866-1673250248.jpg

- ნინო, რადგან შენი წელი იწყება, განსაკუთრებული მოლოდინი თუ გაქვს?

- როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი წელი იქნება. მიხარია, რადგან ჩემი წელი იწყება. ბოლო დროს ხშირად მესმის, კურდღლებისთვის გამორჩეულად კარგი, წარმატებული წელი იქნებაო და ეს განწყობაზე მოქმედებს. ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ. 12 წლის წინაც კარგი წელი მქონდა, გადაღებები მაშინ დამეწყო.

- სახიფათო სიტუაციაში უმეტეს შემთხვევაში "თათებზე" ეცემი?

- მე ხომ მორიელიც ვარ, მორიელებს კი გვაქვს უნარი, დაცემა რაც უნდა მტკივნეული იყოს, ფეხზე მაინც წამოვდგეთ, შეგვიძლია ტრანსფორმაცია განვიცადოთ და თავიდან დავიბადოთ.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- ვფიქრობ, ეს თვისებები ყველა ადამიანში არსებობს, არჩევანს თავად პიროვნება აკეთებს, მე ამ დახასიათებისგან რადიკალურად განსხვავებული გზა ავირჩიე. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიყო ულმობელი ან საშიში და სასტიკი.

- უთქვამთ, რომ შენს თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს?

- ბევრჯერ უთქვამთ.

- "ხალხი მის მზერას თვალს არიდებს".

- ან პირიქით - თვალს ვერ სწყვეტს (იცინის). ხშირად აღნიშნავენ, მეტყველი თვალები გაქვსო.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- შემიძლია, საჭიროების შემთხვევაში თავი შევიკავო. საკუთარ თავთან ლაპარაკი მიყვარს. ზოგჯერ ისეთი ჩაფიქრებული ვარ, ოჯახის წევრები მეუბნებიან, ყველაფერი სახეზე გაწერიაო.

- "მორიელისა და კატის სახასიათო შტრიხები სინთეზში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამოუცნობი ადამიანის ტიპს აყალიბებს. ის დაჯილდოებულია კარგი ინტუიციით".

- ვცდილობ, რთული ადამიანი არ ვიყო და გარშემო მყოფებს ცხოვრება გავუმარტივო. ამოუცნობი შეიძლება მათთვის ვიყო, ვინც ახლოს არ მიცნობს, ახლობლებთან ძალიან გახსნილი ვარ.

- საკუთარი თავით, ქცევით გაოცებული ხშირად დარჩენილხარ?

- რა თქმა უნდა.

- ამ დროს თუ გქონია განცდა, რომ არათუ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც ამოუცნობი ხარ?

- საკუთარი თავის შეცნობის პროცესი ხომ მთელი ცხოვრება გრძელდება. მთავარია, დაკვირვების უნარი გვქონდეს. ინტუიციას რაც შეეხება, ხანდახან შიშიც არის, ხანდახან ადამიანს ეშლება, ეს ინტუიციაა თუ სურვილი? ამიტომ დიდად ყურს არ ვუგდებ.

- "მას კარგი ფინანსური ყნოსვა აქვს და საკუთარი თავის ფასი იცის".

- ჩემზე არ არის ნათქვამი, თუმცა ვისურვებდი, ეს თვისება მქონდეს, შეიძლება ამ მიმართულებით სამუშაო მაქვს.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- არა. შეუცდომელი ხომ არავინ არის, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენი შეცდომები გვეპატიოს, ისევე უნდა ვაპატიოთ სხვებს.

- "ქალი მორიელი ნაწილობრივ ჯადოქარია, მეექვსე გრძნობის წყალობით, გულის სწორს დანახვისთანავე სცნობს".

- მქონია ეს მომენტი, მაგრამ იმდენჯერ შევცდი (იცინის)... შეიძლება ისიც საჭირო იყო, გამოცდილება რომ მიმეღო.

- "სუსტ და მხდალ მამაკაცებს არ სწყალობს".

- ჩემთვის სხვა უნარებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

- მაგალითად?

- მთავარია იყოს კეთილი, მზრუნველი, მისგან პატივისცემას ვგრძნობდე.

- "ის გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე".

- ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, არ მქონია სიტუაცია, ვინმესთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი გამჩენოდეს. პატარა ბრაზი და წყენა ყველას ცხოვრებაშია.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- ვაიმე, რა რთულია (ფიქრობს), სამართლიანი.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".

- მართლა (იცინის)?! სამართლიანთან ერთად, ემპათიური მინდოდა მეთქვა.

ლაშა გურგენიძის ბედნიერება

მსახიობი ლაშა გურგენიძე კურდღლის (კატის) წელში დაბადებული ქალწულია. პედანტია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არათუ ნივთები, არამედ პირადი ცხოვრებაც მოწესრიგებული ჰქონდეს. არ უყვარს ხმაურიანი გარჩევები, სკანდალები.

124037131-3423713374377717-6524237537555090698-n-1673250215.jpg

ლაშა:

- მჯერა, ადამიანი სათანადოდ თუ იშრომებს, მისთვის ყველა წელი წარმატებული იქნება. თუ არ იშრომებს, გინდა კატა იყოს, გინდა - კურდღელი, მაინც არაფერი ეშველება.

- შრომის სიყვარული მნიშვნელოვანია, მაგრამ არის გამართლებაც.

- რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ სამყაროში არსებობს ენერგიები, ჩემს შემთხვევაში, ეს ენერგია იმ დღის განწყობაა.

- იღბლიანი ხარ?

- ასეთი ცოლი რომ მყავს, ასეთი 2 შვილის მამა რომ ვარ, 2 თეატრში რომ ვარ, თეატრალურის დასრულებისთანავე დასში რომ მოვხვდი და დღემდე ამდენი რამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ?! მართალია, ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ იღბალმაც გადმომხედა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი.

- მატერიალისტი ხარ?

- იმ დოზით, რა დოზითაც ყოველდღიური საჭიროებაა. ფულის დაგროვებაზე, იახტასა და მსგავს ფუფუნებაზე არც ვოცნებობ.

- "სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს. ურჩევნია, მშვიდად და მარტივად იცხოვროს".

- საქმეში ყველაფერს მოლეკულამდე ვაკვირდები, სხვის ცხოვრებაში არასდროს ვერევი, საკუთარ თავს კი სულ ვუღრმავდები, ვაკრიტიკებ. ხშირად ეს თვისება დისკომფორტსაც მიქმნის. იმას ვნერვიულობ და განვიცდი, რასაც სხვები ვერც ამჩნევენ. ერთი მხრივ, კარგია, მაქსიმალისტი და იდეალისტი რომ ხარ, მაგრამ ეს ცხოვრებას ართულებს. აქაც ზომიერებაა საჭირო, რომელიც ვერ იქნა და ვერ გამოვიმუშავე.

- "ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც არის".

- სნობიზმი ის არის, რაც არ შეიძლება დამაბრალო. მადლიერი ვარ, ვისთანაც ღმერთმა ურთიერთობის ბედნიერება მომცა, ვინმეს გაცნობისკენ რომ ვილტვოდე, ასე არ არის.

- საკუთარ თავზე კონტროლს იოლად კარგავ?

- ძალიან იმპულსური და ფეთქებადი ვარ, შეიძლება ეს არ გამოვხატო, მაგრამ ხომ ვიცი, ჩემში რაც ხდება. ზოგჯერ ამ აფეთქებას ემოციურადაც გამოვხატავ.

- "მას არ უყვარს ხმაურიანი გარჩევები, სკანდალები".

- რა დოზითაც შესაძლებელია, ბევრ რამეს "ვატარებ".

- "მან ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ მოიპოვოს სასურველი ნივთი, ადამიანის გული".

- საკუთარ სურვილებში ყოველთვის გარკვეული ვარ, მაგრამ როგორ მოვიპოვო, ამაზე შეიძლება ბევრი ფიქრი დამჭირდეს.

- პედანტი ხარ?

- ზედმეტადაც კი. ქაოსში ცხოვრება არ შემიძლია, მეც ვირევი.

- "მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არათუ ნივთები, არამედ პირადი ცხოვრებაც მოწესრიგებული ჰქონდეს".

- რა თქმა უნდა, ეს სიმშვიდისთვის მჭირდება. ადამიანებთან ურთიერთობები დალაგებული უნდა მქონდეს.

- რთულ სიტუაციებში "თათებზე" უმტკივნეულოდ დაცემას რამდენად ახერხებ?

- ამ დროს საკუთარი თავი ხელში მიჭირავს, მტკივნეულად არ დავეცემი, თუმცა მქონდა შემთხვევები, როცა შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელი გზა ადვილად ვერ ვიპოვე.

- "ოცნების კოშკების აგება არ სჩვევია".

- მართალია. მიწაზე ყოველთვის მყარად ვდგავარ.

- "თვისება, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს, ახლობლებთან უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს".

- ესეც ჩემი პედანტური ბუნებიდან და წესრიგის სიყვარულიდან მაქვს. მაგრამ ვცდილობ, სათქმელი ისე ვთქვა, ბრაზი არ გამოიწვიოს.

- მეამბოხე და მებრძოლი მეტად ხარ თუ დამთმობი?

- მებრძოლი ვარ, მაგრამ კომპრომისზე წასვლაც შემიძლია. დავთმობ, თუ ამ ქმედებას სასიკეთო შედეგი მოჰყვება, სიტუაცია კარგისკენ შემოტრიალდება.

- "საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- საზოგადოებას გააჩნია, არც უამისობაა, მაგრამ მეგობრებთან თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.

"კომფორტის ზონიდან გამოსვლა მიჭირს"

მსახიობი სალომე ჭულუხაძე კატა-კურდღლის წელში დაბადებული მშვილდოსანია. მას უყვარს კომფორტი, ოჯახური იდილია და მეგობრული საღამოები.

37013170-10215137955556363-2866362621030825984-n-copy-1673250230.jpg

სალომე:

- როდესაც დამირეკე და ამ რუბრიკაში ჩაწერა შემომთავაზე, დავფიქრდი, 12 წლის წინანდელი პერიოდი ჩემთვის რაიმე ფორმით თუ იყო გამორჩეული და ასეთი ვერაფერი გავიხსენე. ახლა რომ გითხრა, ჩემი წელი იწყება და რაღაც განსაკუთრებული განცდა მაქვს-მეთქი, ტყუილი იქნება.

- როგორ თვლი, იღბლიანი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, არც უიღბლობას ვუჩივი. მგონია, რომ შედარებითია. იღბლიანი ვარ, რადგან სომალიში არ დავიბადე, სადაც წყალი და ელემენტარული პირობები არა აქვთ.

- საკუთარ თავზე კონტროლს ადვილად კარგავ?

- არა, წონასწორობიდან იშვიათად გამოვდივარ.

- როდესაც პრობლემის წინაშე დგახარ, გამოსავალს იოლად პოულობ?

- ჯერ ისეთი პრობლემის წინაშე არ დავმდგარვარ, საიდანაც გამოსავალი ვერ მიპოვია, მაგრამ ეს ყოველთვის იოლი არ არის. მე ვარ ადამიანი, რომელსაც კომფორტის ზონიდან გამოსვლა ძალიან უჭირს.

- "სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს, მშვიდი და მარტივი ცხოვრება ურჩევნია".

- მარტივად მირჩევნია, მაგრამ ამ სიმარტივეში არ არის ზედაპირულობა. უბრალოდ, დეტალებს არ ვუკირკიტებ.

- ეს საკუთარი თავის სიღრმეში "ჩახედვასაც" ეხება?

- ნაწილობრივ ეხება.

- "მას უყვარს თავის გამოჩენა. თუ რამეს სწავლობს, სწავლობს იმისთვის, რომ საზოგადოებაში თავი გამოიჩინოს".

- ეს ჩემზე არ არის ნათქვამი. რამეს თუ ვსწავლობ, ჩემთვის ვსწავლობ.

- შენი ატირება ადვილია?

- არა. სიმშვიდეც ადვილად მოდის. პატარა რომ ვიყავი, მაშინ უფრო ემოციური ვიყავი.

- "მას უყვარს ოჯახური იდილია, მეგობრული საღამოები, წვეულებები".

- აი, ეს ზუსტად ჩემზეა, ასეთი საღამოების მოწყობა მიყვარს, მაბედნიერებს და არასდროს მეზარება.

- "აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის წინაშე, მაგრამ ამასთანავე, ხშირად თავის ახლობლებზე, შვილებზე მაღლა მეგობრებს აყენებს".

- სიტუაციას გააჩნია. იმ მომენტში, ჩემს შვილზე მეტად მეგობარს თუ ვჭირდები, რა თქმა უნდა, მასთან ვიქნები. ისე კი შვილზე წინ არავის ვაყენებ.

- "ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის სიყვარული, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიცაა".

- სნობიზმი გარკვეული დოზით საკუთარ თავში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს აღმოუჩენია, გამონაკლისი მეც არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ამ მიმართულებას ჩემში განვითარება არ მივცე და ვებრძოლო. მაღალი საზოგადოებისკენ სწრაფვა არ მაქვს.

- "მას სძაგს სკანდალები, ხმაურიანი გარჩევები".

- მართალია. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს, ეს არის.

- როგორ ახერხებ, სიტუაციიდან ყოველთვის სუფთად გამოხვიდე?

- ჯერჯერობით მიმართლებს, დიდ სკანდალებში არ გავხვეულვარ.

- მატერიალისტი ხარ? ასტროლოგები თვლიან, რომ კარგი ფინანსური ალღო გაქვს.

- სამწუხაროდ, ასე არ არის. საჭიროა, ცოტათი მატერიალისტი იყო.

- "თავისუფლებისმოყვარე, მოხეტიალე ადამიანია".

- მართალია, ხეტიალს მოგზაურობას ვეძახი.

- რისკზე თამამად მიდიხარ?

- არა, ფრთხილი ვარ.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, როცა გული და გონება სხვადასხვას გეუბნება, ამ დროს როგორ იქცევი?

- უმეტეს შემთხვევაში, გულის კარნახით ვმოქმედებ. ვერ ვიტყვი, რომ გამართლებულია, მაგრამ...

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- კი, რაც დიდად არ მომწონს. ისეთ რამეებს, როგორიცაა ნათელმხილველებთან სიარული, სიზმრები, იმის ცოდნა, თუ რა მელის მომავალში, ძალიან მაშინებს. ამას ყოველთვის თავს ვარიდებ.

- შეფასებების დროს რამდენად პირდაპირი ხარ?

- ახლობლებთან ძალიან პირდაპირი ვარ, სიხისტეს ვიჩენ. ვისაც ვიცი, ეწყინება და სწორად ვერ გამიგებს, მათთან თავს ვიკავებ.

- სპონტანურობა გჩვევია?

- კი, ეს ადამიანს, ცხოვრებას, ყოველდღიურობას მეტად საინტერესოს ხდის.

- "მიუხედავად იმისა, რომ გულღიაა, ხშირად ძალიან მარტოსულია".

- მარტოსულად თავი მიგრძნია, მაგრამ ეს განცდა ხშირად არ მქონია.

- "შემოქმედებით საქმიანობაში ხშირად ვერ ახერხებს გაექცეს მიმბაძველობას".

- მიმბაძველობა ძალიან არ მომწონს და ყოველთვის ვცდილობ გავექცე. ჩემი მისამართით ეს არც რეჟისორებისგან, არც კრიტიკოსებისგან, არც არავისგან მსმენია. ჩემს პროფესიაში ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია.

- "ხშირად მისი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა".

- ჩემი აზრით, 4 და 5 წელი ხანმოკლე არ არის, ვიღაცისთვის კი ალბათ ხანმოკლეა, მთელი ცხოვრება თუ არ გაგყვება.

- ბედნიერ 2023 წელს გისურვებ!

- ახალი წლის შემობრძანებას მეც ყველას ვულოცავ! 2023 წელს ახალ სახლში შევხვდით. ახლებური ახალი წელი მაქვს. ჩემი შვილიც უკვე გაიზარდა და თანდათან რაღაცებს ხვდება.

თამუნა კვინიკაძე