თათა გიორგობიანის სამოთხე და ჯოჯოხეთი - გზაპრესი

თათა გიორგობიანის სამოთხე და ჯოჯოხეთი

თათა გიორგობიანი ახალი წლის დღესასწაულს სცენაზე შეხვდა, რაც მისთვის უჩვეულო არ ყოფილა, თუმცა წელს მომღერლის კი არა, მოცეკვავის ამპლუაში გახლდათ: მოგეხსენებათ, თათა მეგაშოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს...

- 2022 წელს ცხოვრებაში ბევრი სიახლე მქონდა. წარმატებული წელი იყო, თუმცა წარმატება "ჰაერზე" არ მოდის - თავისი სირთულეები სდევდა, რამაც მგონია, რომ პიროვნულად ძალიან გამზარდა. 2023 წელს კიდევ უფრო მეტ წარმატებას, კონცერტს, მეტ ადამიანთან ურთიერთობას, ეკრანიდან თუ სცენიდან მეტი ხალხის გახარებას და გულთბილი დამოკიდებულების მიმოცვლას ველი.

- წელს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ახალი წლის დღესასწაულს სცენაზე შეხვდი, არა?

- დაახლოებით 10 წელია, ყოველთვის სცენაზე ვხვდები, ოღონდ - როგორც მომღერალი. წელს სცენაზე მოცეკვავის სტატუსით პირველად შევხვდი (იღიმის). ძალიან მიხარია, რადგან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" საკმაოდ მეგობრული "შიდა სამზარეულო" გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფინალს ნელ-ნელა ვუახლოვდებით, კარგი გარემო, მეგობრული სიტუაციაა. მათთან ერთად ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა ძალიან გამიხარდა.

- ინტერნეტში ზოგი წერს, თითქოს "ღამის შოუს" ბენდი შენსა და ბაბის შორის მხოლოდ ერთ-ერთ თქვენგანს უმესიჯებს...

- ამის შესახებ არ მსმენია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები თანაბრად გვგულშემატკივრობენ. ჩვენთან დამოკიდებულებაში ეს იგრძნობა კიდეც. ყოველთვის მხარში გვიდგანან... სახალისო პრომო გადავიღეთ და შეიძლება ეს აზრები აქედან წამოვიდა: პრომოში, ვითომ გაბუ და ჯიმი ჩემკენ იყვნენ, ბენდი კი - ბაბისკენ, მაგრამ ეს ხუმრობა იყო. ჩვენ ერთი ოჯახი, ერთი გუნდი ვართ. მე და ბაბის ერთმანეთის წარმატება გაგვახარებს, რა თქმა უნდა. შეიძლება, ზუსტად ისე - არა, როგორც საკუთარი თავის წარმატება გაგვახარებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ვართ და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ვგულშემატკივრობთ... მასაჟი იქნება, წამალი, კვება, მუსიკის არჩევა თუ ჩაცმულობასთან ან მაკიაჟთან დაკავშირებული რჩევა, ერთმანეთს ვეხმარებით. მჯერა, ასეთი ურთიერთობა ბოლომდე გასტანს.

- ცეკვასთან დაკავშირებით, შენს შესაძლებლობებზე როგორი წარმოდგენა გქონდა, როცა პროექტში შედიოდი?

- პროექტში დარჩენილებს შორის მგონი, ერთადერთი მონაწილე ვარ, ვინც წინათ არ ცეკვავდა. დანარჩენ მონაწილეებს მინიმუმ, ქართული ცეკვების გამოცდილება მაინც აქვთ. მაგალითად, ვანესა ლათინურ ცეკვებს ასრულებდა. პირადად მე, ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, როცა 6-7 წლის ვიყავი. ჰიპ-ჰოპზე ანი ჯავახის სტუდიაში შევედი - ასე ვთქვათ, "მოვსინჯე". დაახლოებით 2 თვე ვიარე. საკმარისად არ მივლია, რომ ვთქვა, ცეკვები ავითვისე-მეთქი, მით უმეტეს - გასათვალისწინებელია, რომ პროექტში ლათინურ ცეკვებს სპორტული მიმართულებით ვასრულებთ, რომელიც ძალიან შრომატევადია. პროფესიონალებიც კი წლობით ვარჯიშობენ, რომ ისეთი დახვეწილი შედეგი მიიღონ, რომელსაც შემდეგ ოფიციალურ შეჯიბრებებზე ვხედავთ. ზოგჯერ მგონია, ჟიური ჩვენც ზუსტად ასეთ შედეგს გვთხოვს (იცინის) და ავიწყდებათ, რომ ნომრებს 1 კვირაში ვამზადებთ. ჩემი და ბაბის შემთხვევაში, ეს მოსამზადებელი ერთი კვირა კიდევ უფრო მცირდება: ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, უკვე ყოველდღე კონცერტები გვაქვს. რეალურად, 1-2 დღე გვრჩება იმისთვის, რომ ცეკვა ვისწავლოთ, კარგად დავიმახსოვროთ, თითოეული მოძრაობა, მიმოხვრა დავამუშაოთ. ამიტომ, თუ სხვა მონაწილეები არ მიწყენენ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო, ყველაზე მეტი ექსტრიმი ზუსტად მე და ბაბის გვაქვს... საკუთარ თავს ვერ ვაფასებ - სუბიექტური ვარ. საერთოდ, პირველი ტურიდანვე მეგონა, რომ ყველა მონაწილე ჩემზე უკეთ ცეკვავდა. ალბათ, ეს უკვე ხალხმა, ჟიურიმ უნდა გადაწყვიტოს, როგორ ვცეკვავ, თუმცა მზად ვარ, როგორც გამარჯვებისთვის, ისე დამარცხებისთვის. რა თქმა უნდა, გამიხარდება, რაც უფრო "შორს წავალ". ჩვენს თითოეულ ნომერში მართლა დიდ შრომას "ვდებთ". რატიც ძალიან ცდილობს, ჩვენი ნომერი მაქსიმალურად ლამაზი, სანახაობრივი იყოს, ყოველ ტურში სხვადასხვანაირი ხასიათი ვაჩვენოთ... თავს ნამდვილად არ ვზოგავთ, მით უმეტეს - ამ შეზღუდულ დროში, რაც გვაქვს. იმედია, ბოლომდე გავალ, თუმცა ეს კონკურსია - ყველაფრისთვის მზად უნდა იყო... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჟიურის შენიშვნების გათვალისწინება და ტურიდან ტურამდე "გაზრდაა". მგონია, ეს "ზრდა" არის (იღიმის)...

- რეალურად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენი მოტივაცია რა არის, პრიზები თუ?..

- არა მხოლოდ! რა თქმა უნდა - პრიზებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პროექტი ნამდვილად დიდი ზეიმია! ფიზიკური გამოცდაცაა და ნერვებისაც. ბევრი სტრესული სიტუაცია გვაქვს, რადგან პასუხისმგებლობას ვგრძნობთ სრულიად საქართველოს წინაშე, ასევე - პროექტის პროდიუსერების, მეწყვილის, ოჯახის წევრების, მეგობრების და საკუთარი თავის მიმართ. დრო რომ გავა, არ მინდა თქვან, თითქოს შემეძლო და ვერ გავაკეთე ან ვიზარმაცე, რაღაცაში ცოტათი თავი დავზოგე... ამიტომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა უდიდესი გამოცდაა. პროექტში მეგობრები შევიძინე, სხეულის ფორმებიც იხვეწება, მაყურებლებს ლამაზ ნომრებს ვაჩვენებთ, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გვრჩება... ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავები" არის ჯოჯოხეთიც და სამოთხეც (იცინის).

- შეიძლება ითქვას, რომ 10 წელია, საახალწლო არდადეგები არ გქონია?

- კი, თუმცა ბენდის წევრები ისე მიყვარს, რომ ახალი წლის დღესასწაულს მათთან ერთად მხიარულად ვხვდები, მაინც სულ ოჯახური გარემო გვაქვს ხოლმე... ის სიტუაციაც მომენატრა, როცა ახალ წელს ოჯახში ხვდები, შემდეგ კი ღვინის ბოთლით ხელში მეზობლებთან გადადიხარ.

- შენს სახლში სადღესასწაულო განწყობის შექმნაში მონაწილეობდი?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ ხოლმე, მაქსიმალურად "ჩავერთო", თუმცა სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ. ბებო მეხუმრება, - სახლში ისე ცხოვრობ, როგორც სასტუმროშიო. შინ მივდივარ, ვიძინებ და მოვდივარ. ყოველდღიური "გადარბენები" მაქვს. ოჯახის წევრებს საყიდლებში უფრო ვეხმარები, თოვლის ბაბუის ასისტენტი ვარ (იღიმის). ახალი წლის დღესასწაულის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრას ვახერხებ თუ არა, მათთვის სიმბოლური საჩუქრების მიძღვნა მაინც მიყვარს, - თოვლის ბაბუამ თქვენთვის გამომატანა-მეთქი. რა თქმა უნდა, ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ყველას ოჯახში ფუსფუსია, უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. არის ჩურჩხელა, გოზინაყი... წელს თოვლის ბაბუს ვთხოვე, ძალიან ბევრის ჭამა შემეძლოს, მაგრამ არ ვსუქდებოდე, წონაში არ ვიმატებდე (იცინის). იმედია, ამისრულებს.

- საახალწლო სუფრიდან რომელი ნუგბარი გიყვარს განსაკუთრებულად?

- ალბათ ჩურჩხელა, ჩემი საყვარელი ნუგბარია. მგონი, ზომიერებას ვერ ვგრძნობ, იმდენს ვჭამ...

- თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდა?

- თოვლის ბაბუა არსებობს! რას მეუბნები, რა კითხვაა (იცინის)?!. მინდა ბავშვებს ვუთხრა, კარგად მოიქცნენ, რომ შემდეგ თოვლის ბაბუამ დამსახურებული საჩუქრები მოუტანოს, ოღონდ - მაინცდამაინც ბოლო მოდელის მობილურ ტელეფონს ნუ სთხოვენ, თოვლის ბაბუაც ცოდოა...

315969464-1942873326053395-1385429048108233985-n-1673285318.jpg

- თავად როგორი ბავშვი იყავი?

- ისეთი მორიდებული ვიყავი, საღეჭი რეზინიც რომ მომინდებოდა, თავს ძალიან ვიკავებდი, დედისთვის მეთხოვა. თუ ნაყინი ან შოკოლადი მომინდებოდა, ასე ვეკითხებოდი: - დედიკო, ახლა ფული გვაქვს-მეთქი?.. მგონი, დღესდღეობით ასეთი ბავშვები აღარ არიან (იცინის). პრეტენზიული არ ვყოფილვარ. სადმე რომ დამსვამდნენ, ჩემთვის ვთამაშობდი. ბევრი არც არაფერი მჭირდებოდა...

- პირველი თუ 14 იანვარი?

- ორივეს აღვნიშნავ, რადგან ქართველები ვართ და გვიყვარს, რაც უფრო მეტი ზეიმი და მხიარულება იქნება. შესაბამისად, ორივე თარიღს იმედებით, ენთუზიაზმით სავსე ვეგებები... ახალ 2023 წელს საქართველოს და სრულიად მსოფლიოს მშვიდობას ვუსურვებ! მინდა ყველას ოჯახში წინსვლა, წარმატება, ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო იყოს!..

ეთო ყორღანაშვილი