"როცა ბაიკზე ვზივარ, ვხვდები, რომ სამყაროს მეფე ვარ" - გზაპრესი

"როცა ბაიკზე ვზივარ, ვხვდები, რომ სამყაროს მეფე ვარ"

ნანა მამუკაშვილი საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელიც "სასწრაფო დახმარების" მანქანის მძღოლად მუშაობს. 7 წლის წინ მან ეს სტერეოტიპი დაამსხვრია და მამაკაცებს ტოლს არ უდებს. ცვლაში 24 საათის განმავლობაში ექიმებთან ერთად გამოძახებებზე დადის და თურმე "სასწრაფოს" მანქანაში ექიმების მომლოდინეს ხშირად უწევს ხალხისთვის იმის ახსნაც, რომ მძღოლია და არა ექიმი.

როცა მძიმე პაციენტი კლინიკაში გადაჰყავს, ისიც კარგად აქვს შეგნებული, რომ ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოს პაციენტი კლინიკაში. ეს ადვილი არ არის, რადგან თბილისის ქუჩები ხშირად გადატვირთულია. არასამუშაო დროს ნანა თავისი ბაიკით გადაადგილდება და ასე ადვილად აღწევს თავს საცობებს. მას ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნა ყველაზე მეტად მოსწონს. რეკლამაშიც ხშირად იღებენ და სხვადასხვა სახის ტრიუკის გაკეთებაც უწევს.

- ბაიკთან შეხება ჩემი ყოველდღიურობაა. როცა ბაიკზე ზიხარ, აღგიქვამენ როგორც მაგარ ქალს და ბევრი ღიმილი და კომპლიმენტი, დიდი ყურადღება მოდის ფეხით მოსიარულე თუ ტრანსპორტით მოძრავი ხალხისგან, რაც სასიხარულოა. ასე მგონია, ბაიკის გარეშე დავბერდები, მოვდუნდები. ჩემი ბაიკი ჩემი ოჯახის წევრია, რომელიც სტიმულს მაძლევს. ჩემი რკინის ძალაა, რომელიც ქალს სულ სჭირდება. ბევრისგან მომისმენია - თუ მაღალქუსლიანზე არ დავდექი, თუ ფრჩხილი არ მაქვს გაკეთებული ან თმა სალონში დავარცხნილი, თავდაჯერებულობა მაკლიაო. მეც, როცა ბაიკზე ვზივარ, ვხვდები, რომ სამყაროს მეფე ვარ. მამაჩემის დამსახურებაა, რომ ასე პროფესიულად ვმართავ ბაიკს: მამა მოტომოყვარული იყო და ხშირად ამბობდა, მარტო სწავლა არ არის საკმარისი, ფიზიკურადაც ძლიერები უნდა იყვნენ ბავშვები, უნდა ივარჯიშონო. ბევრი დედმამიშვილი ვართ. გოგონებს ბიჭებისგან არ გვანსხვავებდა, გვეტყოდა, - ძალაც უნდა გქონდეთ, მანქანის, მოტოციკლეტის მართვაც უნდა შეგეძლოთო. პატარა ვეჯექი კალთაში და საჭის მართვა ასე ვისწავლე. მოპედის ტარება 9 წლისამ უკვე ვიცოდი.

- ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ხართ. ალბათ ვარჯიშობთ, არა?

- უკვე 51 წლის გავხდი და ფორმაში რომ ვარ, ეს სწორი კვების შედეგია. ხშირად ვქადაგებ, რომ ყველამ უნდა ჭამოს ცოტა, მაგრამ ის, რაც საჭიროა ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ბევრი რამე, რასაც ვჭამთ, სულ არ არის საჭირო და სასარგებლო. დაბალანსებულ კვებასთან ერთად, ვვარჯიშობ. მგონია, მსუქანი ქალი რომ დაჯდეს ბაიკზე, ეს მოტოს შეურაცხყოფა იქნება. ეს ყველაფერი მინარჩუნებს ახალგაზრდობასაც. არა მარტო ფიზიკურად კარგად გამოიყურები ასეთ დროს, არამედ შინაგანი განწყობაც ძალიან კარგი გაქვს. როდესაც შენს სხეულს უსმენ, მაშინ აღარ გაგირბის თვალი იმისკენ, რაც მავნებელია. საკუთარ თავზე თუ იმუშავებ, ეს გამოგივა. არ უნდა მეჭამა ამდენიო, - ბევრისგან მესმის. ამას ხომ სჯობს, არ ჭამო. როცა გინდა, იყო ლამაზი და ცოტათი შეაჩერო სიბერე, კვებას უნდა მიხედო. 28 წლის ნანა ცოტათი უფრო მსუქანი ვიყავი და მაშინ უფრო მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე დღეს. ამიტომ ვამბობ - თავად ადამიანია საკუთარი თავის ექიმი. თუ კვებას დაარეგულირებ, სულიც გეწმინდება, გუნება-განწყობაც და უფრო მჩატეც ხდები. ქალი ვარ, მაგრამ მეც მიყვარს ლამაზი მანდილოსნების გარემოცვაში ყოფნა...

- კასკადიორის როლიც მოირგეთ და ტრიუკებსაც აკეთებთ თქვენი ბაიკით, ეს რთული არ არის?

- "კასკადიორობა" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბევრგან უკვე ვიყავი დუბლიორის როლში მიწვეული, ამ კუთხითაც მქონდა წარმატებები. ერთხელ ადგილზევე გადაწყდა, მიმეღო მონაწილეობა და იქვე გავრისკე. საერთოდ, მშიშარა არა ვარ. მხოლოდ ახლობლების ცუდად ყოფნის მეშინია, სხვა არაფრის. მითხრეს, რა უნდა გამეკეთებინა და, გავაკეთე. ბავშვობაში მინდოდა, პილოტი გამოვსულიყავი და სულ მეფრინა. ბებოსთან რომ ჩავყავდით, იქ იყო ხე, რომელიც რაღაცნაირად დრეკადი გახლდათ და იმის ქერქს იყენებენ ღვინის ჭურის სახეხად, რადგან ელასტიკურია. ერთი მოხუცი გამეხუმრა, - ჯერ ამ ხეზე ფრენა ისწავლე და მერე ისწავლი ვერტმფრენის მართვასო... ჯირითიც მიყვარდა. ამ ყველაფერმა განაპირობა და მიმაჩვია ხიფათებს. ძალიან ადვილად მოხდა კასკადიორის როლში ჩემი მონაწილეობაც. ხშირად ვატარებ ბაიკს ხელის გარეშე, ტრიუკებსაც ვაკეთებ, სისწრაფეც მიყვარს, ამ დროს მოდის ჩემთან ბედნიერება, ღიმილი. ცუდია მხოლოდ ის, რომ ახლა, ამ წლებში მოხდა ამ ყველაფრის განვითარება, თორემ კარგი კასკადიორი, კარგი სპორტსმენი გამოვიდოდი...

მე რომ ბაიკით დავდიოდი, ეს მაშინ ყველას უკვირდა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი. მეგონა, პრობლემები შემექნებოდა, მაგრამ მეც შევიცვალე დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და, მათთან ურთიერთობა რომ დავალაგე, სასიამოვნო გახდა ეს ურთიერთობაც. სხვანაირად ესმოდა ჩვენი თაობის ხალხს, მაგრამ მათ რეაქციებს რომ ღიმილით და კარგი იუმორით შევხედე, ამან გაამართლა. მომწონს, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მათგან პატივისცემას ვგრძნობ. ყოფილა შემთხვევები, ყვავილებიც მოუტანიათ სახლში, ჩემს ჭიშკართან ცეცხლიც დაუნთიათ, რადგან ეგონათ, გათხოვილი არ ვიყავი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე თბილისელია, ადრე მქონდა პრობლემები ამ თაყვანისმცემლების გამო, ძვირიც დამიჯდა მისი შემორიგებაც, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ჩემი წარმატება მისი წარმატებაც იყო და ბევრი რამე გადააფასა. ვფიქრობ, ზეგავლენა ჩემს მეუღლეზე მაინც უცხოეთმა მოიტანა: წლებია, საზღვარგარეთ ცხოვრობს და შეხედულებებიც შეეცვალა...

- ერთადერთი ქალი ხართ, რომელიც "სასწრაფოს" მანქანას მართავს. როგორ შეხვდნენ ამ ამბავს მძღოლი კაცები?

- უკვე შვიდი წელია, რაც "სასწრაფოში" ვმუშაობ და აქ ჩემი ადგილი დავიკავე. დედა ექიმი მყავდა. ხშირად მახსენდება მისი ნათქვამი, - შენგან კარგი ექიმი დადგებოდაო... გავიარეთ გადამზადება, პირველადი დახმარების სხვადასხვა პროგრამა. როცა ექიმებთან გიწევს ყოფნა, მათგანაც ბევრს სწავლობ. მძღოლები ზოგჯერ სანიტრებიც ვართ, ექიმების დამხმარეებიც. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ექიმში შევშლივარ ვინმეს, როცა სამივე შევსულვართ პაციენტთან, რადგან მდგომარეობა მძიმე იყო...

ერთხელ საჭესთან ვიჯექი და ველოდებოდი ექიმების დაბრუნებას. უეცრად მოვარდა ქალი, - გვიშველე, ექიმო, გოგო ცუდად არის, კვდებაო! - ექიმი კი არა, მძღოლი ვარ-მეთქი. - რას ჰქვია, ექიმი არ ხარ, აბა, ვინ ხარ, აქ ზიხარო!.. მივხვდი, მასთან "ჭიდაობას" აზრი არ ჰქონდა და გავყევი. ისეთი სასოწარკვეთილი იყო, ვიფიქრე, ამაზე მეტი მაინც ხომ ვიცი, იქნებ დავეხმარო-მეთქი. მერვე სართულზე ავედით. გოგონა სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იყო. წნევის აპარატი ვითხოვე, დახმარება გავუწიე და თან ვეუბნებოდი, "სასწრაფოს" ბრიგადა გამოეძახა...

87379420-2829300130495043-5966990226017484800-n-copy-1673285551.jpg

ბევრჯერ მოსულან აგრესიითაც და უთქვამთ, - მძღოლი შეუშვით მისამართზე და თვითონ დარჩით მანქანაში, ეს ხომ უსინდოსობააო!.. ერთხელ მიჩივლეს კიდეც: ჩვენი უფროსი უმტკიცებდა, ქალია მძღოლი და მამაკაცი - ექიმიო, მაგრამ მაინც არ დაიჯერეს... 7 წელია, ამ გუნდის წევრი ვარ. ერთი ოჯახივით გახლავართ, 24 საათი გამოძახებიდან გამოძახებაზე ერთად დავდივართ. ვფიქრობ, ქალბატონი ექიმებისთვისაც არ არის ცუდი, როცა საჭესთან ქალი მძღოლი ზის. როცა დაღლილი გამოდიხარ, შეიძლება, ქალ მძღოლს მხარზე თავიც დაადო. თან, მასთან ყველაფერზე შეგიძლია საუბარი და ესეც კომფორტულია. მეც, როცა საჭესთან ვარ და ვხედავ, პაციენტს დახმარება სჭირდება, ზოგჯერ დედის, ზოგჯერ შვილის პოზიციიდან ვუდგები საქმეს...

პროფესიით იურისტი ვარ. ყოველთვის მომწონდა ადამიანების დახმარება. ჩემი ოცნება მოსამართლეობა იყო. ეს ოცნება ვერ ავისრულე. ახლა ვხვდები, როგორც მძღოლი, წინ ვერ წახვალ. მას შემდეგ, რაც საქართველოში გაჩნდა პარამედიკები, ძალიან მინდა ამ პროფესიას დავეუფლო. ეს არის ნოვაცია. შემოიყვანეს მოტოები, რომელზეც ზის ექიმი და მიდის გამოძახებაზე. ჩვენი რაიონის "სასწრაფოშიც" გვყავს ერთი ასეთი პარამედიკი. ვფიქრობ, ამას შევძლებ.

51 წლის ვარ, მაგრამ სულ განვითარებაზე ვფიქრობ. დღეს, როცა საცობებია ქალაქში, პარამედიკები უფრო კარგად მუშაობენ, სწრაფად მიდიან დანიშნულების ადგილას, პირველად დახმარებას გაუწევენ და თუ პაციენტი გადასაყვანია საავადმყოფოში, იძახებენ სხვა ბრიგადას.

- საცობებში როგორ ახერხებთ მანევრირებას?

- უამრავი მძიმე შემთხვევა მქონია. ერთხელ რეანიმაცია მიდიოდა მანქანაში, პაციენტს 4-ჯერ გაუჩერდა გული და ფაქტობრივად, წუთები წყვეტდა მისი სიცოცხლის საკითხს. სახიფათო მანევრების გაკეთებამ მომიწია, რომ დროზე მივსულიყავით კლინიკაში... დღეს ის პაციენტი ცოცხალია. ექიმების დიდ დამსახურებასთან ერთად, ჩემი წვლილიც იყო იმაში, რომ გადარჩა. როცა მძიმე პაციენტი გიწევს მანქანაში და სწრაფად მიდიხარ, შეიძლება დაღუპო ყველა, ამიტომ მძღოლობა დიდი პასუხისმგებლობაა. რაც ჩემზეა დამოკიდებული, იმას ვაკეთებ.

საავარიო სიტუაციაც მქონია. ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და მანქანის სარკეები დავაზიანე. ბავშვი გადაგვყავდა, რომელსაც უცხო სხეული ჰქონდა გადაყლაპული და მძიმე მდგომარეობაში იყო... ხშირად განწირული ხმითაც მიყვირია, რომ მანქანებს გზა დაეთმოთ. ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ მიგვისწრია ჰოსპიტლამდე საცობების და ცუდი მოძრაობის გამო, რეანიმაცია დაწყებულა მანქანაში, ასეთ დროს კი ზოგჯერ მანქანის გაჩერებაც საჭიროა, რომ ექიმებს ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცეთ. ხშირად გვიწევს უკანა სვლით ან მოყინულ გზებზე სიარული. მაგალითად, იმ უმძიმეს დღეს, 13 ივლისს, ურთულესი პაციენტი ჩამოვიყვანეთ ურთულეს გზებზე: ბუხაიძიდან ჩამოდის ვიწრო ქუჩა, გზაზე იმხელა მდინარე მოდიოდა, წყალმა კინაღამ წაგვიღო, რამდენიმე მეტრი ათრია მანქანა. მაინც შევძელი დამემორჩილებინა. ამის შემდეგ სასწრაფოდ ახალდაბაში წავედით, იქიდან მძიმე პაციენტები გადმოჰყავდათ. კოჭებამდე ტალახი, სეტყვა იყო, წაქცეული ხეები, ცურავდა მანქანა, არ ჩანდა გზა, თან გაჩქარებენ, - დროზე, დაშავებულები არიანო! არ დამჯდარა არც ერთი ექიმი, ფეხზე იდგნენ და გზას უყურებდნენ. გაოცება მაშინ გენახათ, როცა ადგილზე მივედით და მაშველებმა ქალი დამინახეს საჭესთან... იქიდან წამოვიყვანეთ ფეხმოგლეჯილი კაცი, სისხლისგან იცლებოდა. - შოკისკენ მიდის მდგომარეობა და რაც შეიძლება სწრაფად იარეო, - მითხრეს ექიმებმა. იყო მანქანის მოსრიალების, გადავარდნის საშიშროება, მაგრამ ამ დროს იმდენად "ჩემია" საჭე, მივიყვანე მშვიდობით კლინიკამდე. ზოგს ჰგონია, მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს. ქალები ძლიერები ვართ. არა მგონია, რომ მარტო კუნთის სიძლიერეშია ძალა, ძალა ტვინშია და ძალა არის შენი საქმის სიყვარულში. აბა, რატომ არსებობს სიტყვები: "დედაბოძი", "დედაკაცი"?!. არა მგონია, ქალს კაცზე ნაკლები ძალა ჰქონდეს.

nan1-copy-1673285502.jpg

- ახალ წელს მორიგეობა ხომ არ გიწევთ?

- ხშირად მიწევს ახალ წელს მორიგეობა. წელს პირველად არ ვარ მორიგე. მანქანაშიც შევხვედრივარ დამდეგს და პაციენტის მისამართზეც. იყო შემთხვევა, როცა საჭესთან ვიჯექი და ველოდებოდი მისამართზე შესული ექიმების გამოსვლას და ამ დროს იმდენი რამე მომიტანეს სხვებმა, რომ ჩემს ექიმებს დავხვდი ნობათითა და ტკბილეულით. არამიზნობრივი გამოძახებებიც არის, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, როგორც წინა წლებში იყო. პანდემიამ, ვფიქრობ, საერთოდ შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება. ბევრი სიკვდილიანობა იყო და რაც მაშინ ვნახე, დღემდე მახსენდება. აუარებელი მსხვერპლი გვხდებოდა კლინიკებში. ძალიან ძნელი სანახავი იყო. მიგვყავდა მძიმე პაციენტი და როცა მეორე მისვლაზე ექიმები მის მდგომარეობას კითხულობდნენ, ვიგებდით, რომ გარდაიცვალა.

- წელს სად შეხვდით ახალ წელს?

- ამ დღეს მარტო ნაძვის ხე დავტოვე სახლში და ევროპაში, ჩემს მეუღლესა და შვილთან წამოვედი. მინდა მშვიდობიანი და იღბლიანი წელი იყოს და ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ! ვფიქრობ, ბოლო დროს იმდენად აჩქარდა სამყარო, რომ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ მეტი სიყვარულის გაცემა. არ არის შურის, ჭორაობის დრო. ერთმანეთი უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, მეტი სიკეთე ვაკეთოთ. ძალიან მინდა, ყველა თავის ოჯახში, ბედნიერად შეხვდეს შობა-ახალ წელს.

თეა ხურცილავა