"თითქოს გონება გამინათდა, სიცოცხლეს აზრი მიეცა" - გზაპრესი

"თითქოს გონება გამინათდა, სიცოცხლეს აზრი მიეცა"

ასაკი: 44 წლის.

განათლება: დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: "კომედი შოუს" მსახიობი.

ჰობი: ცეკვა, სიმღერა.

ცხოვრების დევიზი: "მშვიდობა ყველასთან და ყველგან".

- ქეთი, რომელი კერძი უნდა იყოს აუცილებლად შენს საახალწლო სუფრაზე?

- (იცინის) არ მაქვს გამორჩეული კერძი, რომელიც აუცილებლად ახალი წლის დღესასწაულისთვის უნდა მოვამზადო. შარშან შემწვარი კარტოფილი მქონდა. სპეციალურად ახალი წლისთვის კი არ შევწვი, უბრალოდ, მინდოდა... შარშანწინ ახალ წელს მარტო ვიყავი, 1 ჭიქა შავი ღვინო გეახელი, დავწექი და დავიძინე... საჭიროდ არ მიმაჩნია, სპეციალურად ახალი წლის დღესასწაულისთვის კერძები მოვამზადო.

- დილით, როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?

- ყავა. მიხარია, რომ ცოცხალი ვარ და ყავა უნდა დავლიო. საერთოდ, "ყავისტი" არ ვარ - მხოლოდ დილით ვსვამ. ყავის სურნელს რომ ვგრძნობ, მოტივაციაც მოდის. ბედნიერი ვარ, რომ დილა თენდება და ყავა "მელოდება"...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, ვის ესაუბრები?

- ჩემს შვილს. ვეკითხები, - სახლში როდის მოხვალ? დღეს ბევრი უნდა იმუშაო-მეთქი (იცინის)?

- მეგობრები მოფერებით რას გეძახიან?

- ქეთის, ქეთოს, ზოგი - ქეთინოსაც... პრობლემა არ მაქვს: ვისაც რა უნდა, ის დამიძახოს.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- სიზმრებს იშვიათად ვხედავ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჩემი გარდაცვლილი და დამესიზმრა: თითქოს ერთად ვიყავით - სტუმრად მოვიდა. ვიცოდი, რომ ამქვეყნად არ იყო და გაოგნებული ვიყავი, როგორ მოვიდა-მეთქი?!.

- ოდესმე დეპრესიაში ან ისეთ სტრესში თუ ყოფილხარ, რომ ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია?

- რა თქმა უნდა, ფსიქოლოგის დახმარებაც დამჭირვებია და ფსიქიატრისაც... ჩვენს ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ფსიქიატრი თუ დაგჭირდა, რთულ სიტუაციაში ხარ. ძალიან ცუდია, ვინც ასე აღიქვამს. პირადად მე, ეს ჩვეულებრივად მიმაჩნია...დეპრესია ძალიან რთულად მქონდა - ფსიქიატრის ჩარევა დამჭირდა. ვმკურნალობდი... ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.

- შეგიძლია, მიზეზი გვითხრა, რის გამოც დეპრესია დაგემართა?

- კონკრეტული მიზეზის გამო არ ყოფილა. ვინც ამ საკითხში ჩახედულია, მიხვდება: შეიძლება დეპრესიას მიზეზი არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, დეპრესია რამდენჯერმე მქონდა...

- 1 თვის განმავლობაში 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- წენგოსფერი ძალიან მომწონს. კონკრეტულად მწვანეს ხომ სხვადასხვა ტონალობა აქვს, არა? უშუალოდ კაკალს გარედან მწვანე ქერქი რომ აქვს, ეგ მომწონს.

- ასეთი ფერის ბევრი სამოსი გაქვს?

- არა. დღეს ვეძებდი ასეთი ფერის სამოსს (იცინის).

- რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ დიეტის დროსაც კი?

- გურმანი არ ვარ. ერთადერთი, ყველის გარეშე ვერ ვძლებ.

- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, როგორ გაანაწილებდი, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?

- ჩემს ახლობლებს აუცილებლად რაღაცებს ვაჩუქებდი, სიურპრიზებს მოვუწყობდი. გავიგებდი, ვის რა სჭირდება. შეიძლება, მათთვის ბინები ვერ მეყიდა, მაგრამ მცირეოდენით თუ გავახარებდი, ეს ბედნიერებას მომანიჭებდა... თანხას ჩემთვისაც გამოვიყენებდი.

- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღია?

- ვაიმე, არაფერი მახსენდება...

- მაშინ ის გვითხარი, ძირითადად, როგორ კომპლიმენტებს გეუბნებიან?

- უი, რა გამხდარი ყოფილხარ?! ტელეეკრანზე უფრო სრული ჩანდი. რეალურ ცხოვრებაში უფრო ლამაზი ყოფილხარო... რა თქმა უნდა, ასეთი კომპლიმენტები უფრო მეტად მახარებს (იღიმის). - რა უშუალო, კარგი გოგო ხარო, - ჩემ შესახებ ამ ტიპის კომენტარებიც ყოველდღე მესმის...

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- "ოროსან-სამოსანი". სწავლა არ მიყვარდა. გაკვეთილის ახსნისას რაღაცას თუ ბევრჯერ ვერ გავიგებდი, მერე საერთოდ ვეღარ ვიგებდი ხოლმე. არც ვსწავლობდი... ჰოდა, "სამოსანი" გამოვედი. მოკლედ, იმ დროს სწავლა და საერთოდ, სკოლაში სიარული არ მინდოდა. რაღაცნაირად, მოსწავლეობის პერიოდი "გავიტანე" - ძლივს დავამთავრე. სასწავლო საგნებს შორის ისტორიას უფრო ვსწავლობდი - მნიშვნელოვანი თარიღების დამახსოვრება მომწონდა...

- მამაკაცთან პირადად შეხვედრისას, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- მხრები.

qeti-1-copy-1673285716.jpg

- ავტოსაგზაო საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავს?

- ფიქრებში წავალ ხოლმე... ტრანსპორტში მობილურ ტელეფონს არ ვიყენებ. შეიძლება მუსიკა ჩავრთო...

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- პირველ რიგში, სახლი. კიდევ, ფინჯანი ყავის დასალევად სადმე კაფეში, მარტო ან მეგობართან ერთად რომ დავჯდები, "ვკაიფობ" ხოლმე...

- აკვიატებული ფრაზა გაქვს?

- არა.

- არც შენი ცნობილი პერსონაჟის - ლუნას ფრაზებს იყენებ?

- სიმართლე გითხრა, ლუნა აღარ მახსოვს. რაღაცნაირად დამავიწყდა, იცი? დიდი ხანია, მასთან შეხება აღარ მქონია. სერიალი რომ დაიწყოს და ეგ პერსონაჟი "წამოიწიოს", როლში შევალ, მაგრამ ახლა ნამდვილად, ფრაზებიც არ მახსოვს.

- ადამიანს რა ნიშნით აფასებ?

- გულწრფელობით, რადგან თავად გულწრფელად საუბარი მიყვარს.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლა?

- საერთოდ, კმაყოფილი ვარ თუნდაც იმ საქმით, რომელსაც ვაკეთებ. პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა მაქვს.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- სარგებლობის მოტანა ალბათ, გულღიაობით, ღიმილით ან კარგი სიტყვის თქმით შემიძლია. შესაძლოა, შენ მიერ ვინმესთვის ნათქვამი 1 სიტყვა ძლიერი შვება, სიცოცხლის ტოლფასი იყოს. პირადად მე ისეთ სიტუაციაში ვყოფილვარ, რომ ადამიანის 1 სიტყვით, ცუდად მყოფი ფაქტობრივად, მეორედ დავბადებულვარ: მაშინ თითქოს გონება გამინათდა, სიცოცხლეს აზრი მიეცა... რასაც ვგრძნობ და აღვიქვამ, იმავეს ვფიქრობ: შეიძლება, ჩემი 1 სიტყვა ან ქმედება ადამიანისთვის ბევრის მთქმელი და სარგებლობის მომტანი იყოს.

ეთო ყორღანაშვილი