ლაშა ტალახაძის ტრიუმფალური სეზონი და ჰობი, რომელიც გულდაწყვეტილს არასდროს ტოვებს - გზაპრესი

ლაშა ტალახაძის ტრიუმფალური სეზონი და ჰობი, რომელიც გულდაწყვეტილს არასდროს ტოვებს

სწორედაც რომ ტრიუმფალური გამოვიდა ლაშა ტალახაძისათვის წლევანდელი, 2022 წელიც. ადრიან გაზაფხულზე მან ჯერ ალბანურ ტირანაში გამართულ ევროპულ ჩემპიონატზე იზეიმა გამარჯვება, სეზონის ბოლოს კი ბოგოტის მსოფლიოს ჩემპიონატიდანაც ჩამოიტანა ოქროს მედალი.

თუმცა ამჯერად ჩვენმა ძალოსანმა საკმაოდ მოკრძალებული შედეგით - ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ტაშკენტის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლაშამ ორჭიდში 492 კგ მოაგროვა. შესაბამისად, ჩემპიონის ასეთი დაბალი შედეგი სრული მოულოდნელობა იყო. ამის ახსნა ყველაზე უკეთ თავად ლაშასა და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს შეუძლიათ და მეც სწორედ მათ ვთხოვე კომენტარი.

- გიორგი, პირველ რიგში, ორივეს მოგილოცავთ მორიგ დიდ გამარჯვებას და დამდეგ წელსაც ასეთივე წარმატებებს გისურვებთ. ლაშა ჯერ 30 წლისაც არ არის და თავისი მიღწევებით ჩვენი სპორტსმენებიდან მხოლოდ ლეგენდარულ ვიქტორ სანეევს თუ ჩამორჩება. დარწმუნებული ვარ, იგი მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ევროპისა და მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატებზე ნაჩვენებმა შედეგებმა ცოტა გაგვაკვირვა. რა იყო ამის მიზეზი?

- მოლოცვისთვის მადლობას მოგახსენებთ. ჩვენს გულშემატკივრებს კი დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ საგანგაშო არაფერია. ლაშას გარდა, თავიანთი საუკეთესო შედეგების გამეორება ვერ შეძლეს ვერც სხვა პრიზიორებმა. ამის მიზეზი ბოგოტის გეოგრაფიული მდებარეობაა. კოლუმბიის დედაქალაქი ზღვის დონიდან 2 640 მ სიმაღლეზეა გაშენებული და შეუჩვეველი ადამიანისთვის იქ ძნელია სუნთქვა. თუმცა ლაშასთვის მთავარი პრობლემა ეს არ ყოფილა. გახსოვთ ალბათ, ივნისის დასაწყისში ლაშამ საკმაოდ მძიმე ტრავმით იასპარეზა კონტინენტის წლევანდელ ჩემპიონატზე და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ მაშინაც შედეგები ერთობ მოკრძალებული ჰქონდა. ახლაც, ბოგოტისთვის ვერ მოასწრო სრულად მოშუშება, თუმცა მაინც ბოლომდე იბრძოლა და ოქროს მედლებიც მოიპოვა.

- ლაშა, ვიდრე გიორგისთან ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებ, მინდა შენც გკითხო. შეჯიბრების დროს შტანგის წონას მწვრთნელი უკვეთს. მაინტერესებს, ამ დროს ის გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს თუ შენც გეკითხება?

- ვარჯიშებზეც და შეჯიბრებებზეც წონას მწვრთნელები არჩევენ. მათ უკეთ იციან, როგორი ტაქტიკით წარმართონ ფიცარნაგზე ბრძოლა. ასპარეზობის დროს სიტუაციები სწრაფად იცვლება. ათლეტებმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ და განსაზღვრონ. მათ კი საამისოდ არ სცალიათ, შტანგაზე უნდა მოახდინონ კონცენტრირება და წონის ასაწევად მოემზადონ. ამიტომ წონას მწვრთნელები ირჩევენ, როდის რა წონა შეარჩიონ, რა დროს გარისკონ და საერთოდ, შეჯიბრებების ტაქტიკას ისინი ირჩევენ, სპორტსმენები კი მათ ენდობიან. მეც ორივეს ვენდობი, პირად მწვრთნელს - ავთო გახოკიძესაც და ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძესაც.

- გიორგი, ისევ შენთან მაქვს კითხვა. 1968 წლის ოლიმპიური თამაშები, ბოგოტის მსგავსად, მაღალმთიან მეხიკოში, ზღვის დონიდან 2 240 მ სიმაღლეზე ჩატარდა. მაშინაც სპეციალისტებს ეშინოდათ, რომ გაუხშოებული ჰაერი სპორტსმენებს ხელს შეუშლიდა სარეკორდო შედეგების ჩვენებაში, მაგრამ მოხდა პირიქით. იმ სახეობებში, სადაც ასპარეზობები სწრაფად მიმდინარეობს - ვთქვათ, 100 მ-ზე რბენაში, - შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შეგახსენებ, რომ მეხიკოში ათლეტებმა 76 ოლიმპიური და მსოფლიოს 28 რეკორდი დაამყარეს. ვიქტორ სანეევმაც სწორედ მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა. შენც იცი, ძალოსნობაშიც ათლეტები სულ რამდენიმე წამი უნდებიან წონის აწევას. ასე რომ, აქაც ბოგოტაში, წესით, უკეთესი შედეგები უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა...

- ეს ყველაფერი ვიცით მეც და ლაშამაც, მაგრამ გარემო ფაქტორების მოქმედება ცალკეულ სპორტსმენებზე ინდივიდუალურია. ლაშა უნიკალური ათლეტია. იმედია, ტრავმას მალე მოიშუშებს და ისევ თავის მაღალ შედეგებს დაიბრუნებს. მეტსაც გეტყვით, შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტალახაძემ მეორე პრიზიორს, სომეხ ვარაზდატ ლალაიანს 35 კგ-ით აჯობა, ბოგოტაში კი მხოლოდ 4 კგ მოუგო. ლაშამ, რომ იტყვიან, ზურგს უკან კონკურენტის მოახლოება, მისი „სუნთქვა“ იგრძნო და ეს კარგიც არის. მომავალში მეტად მობილიზებული იქნება.

- შენ რას იტყვი, ლაშა, მოახლოებული კონკურენტი იმოქმედებს შენზე თუ არა?

- ვარჯიში არასდროს მეზარებოდა. დარბაზში ეს ყველამ იცის. ვცდილობ, მწვრთნელების რჩევა-დარიგებები გავითვალისწინო. არც რეჟიმს არ ვარღვევ.

- დავიჯერო, ქართველი კაცი არც საახალწლოდ გაუსინჯავ ჭაშნიკს ჩვენებურ ღვინოს?

- დასვენება და ენერგიის აღდგენა ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი სპორტსმენებს სჭირდებათ. ძალიან მიყვარს ნადირობა, მეგობრებთან ერთად ბუნებაში, ხელუხლებელ ტყეში და სუფთა ჰაერზე სეირნობა. რა თქმა უნდა, თუ რამეს მოვინადირებ, ჰო კარგი, თუ არა და, ხელცარიელიც მივსულვარ სახლში, არც ეგაა პრობლემა. ვიცი, იქ ოჯახში დაყენებული ციცქა-ცოლიკაური დამხვდება. სხვათა შორის, უფროსი თაობის სპორტსმენებისგან გამიგონია, რომ ენერგიის აღსადგენად ზოგჯერ ისინი თითო ჭიქა წითელ ღვინოს სვამდნენ. არც ჩემი მწვრთნელები არ მიშლიან, მაგრამ მე მაინც ძალიან იშვიათად ვსვამ, ვთქვათ - საახალწლოდ ან სააღდგომოდ თუ დავლევ ერთ-ორ ჭიქას.

- მსოფლიოს ძალოსნობის ისტორიაში სულ ხუთ ათლეტს აქვს მოპოვებული ოლიმპიური თამაშების სამი ოქროს მედალი, მათ შორის ერთ-ერთი კახი კახიაშვილია. შენ ორ ოქროს უკვე დაეუფლე. ალბათ არც მესამეზე იტყვი უარს, არა?..

- ოლიმპიურ ოქროზე აბა, ვინ ამბობს უარს?!. მაგრამ ამაზე ახლა არ ვფიქრობ. ვიცი, ტიტულის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე შენარჩუნება, მაგრამ პარიზამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა. ჩემთვის ახლა მთავარია ტრავმის მოშუშება და სპორტული ფორმის აღდგენა.

- დაკვირვებული ვარ, შტანგასთან მისვლის წინ და მერეც, ყოველთვის პირჯვარს იწერ. მაინტერესებს, ღმერთიც გეხმარება?

- ღმერთი მწამს და მიყვარს. დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდევაც, რომ ჩემს გამარჯვებებში, და არა მარტო სპორტში, უფლის ნებაც არის. მინდა, რომ უფალი ფარავდეს ჩვენს ერს, ჩვენს საქართველოს. მშვიდობა მინდა იყოს ჩემს ქვეყანაში 2023 წელსაც და შემდგომშიც.

lasha-talakhadze-213-copy-1673285894.jpg

- გიორგი, ბოლოს ისევ შენ მინდა გკითხო. მსოფლიოს ცნობილი სუპერმძიმეწონოსნების, ვთქვათ, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების, უკრაინელი ლეონიდ ჟაბოტინსკის ან ვასილი ალექსეევის შედეგებს თუ გავიხსენებთ, სპორტული დიდების მწვერვალზე ისინი 8-10 წელი იმყოფებოდნენ. თუ ლაშა ტალახაძის მიღწევებს შევადარებთ, გამოდის, რომ მისი პიკი პარიზის ოლიმპიადა იქნება და ამით დაასრულებს თავის კარიერას. შენ რას ფიქრობ?

- მოდი, ასე ვთქვათ: ყველა ათლეტი ცალკე შემთხვევაა და მათი შედეგებიც ინდივიდუალურ მონაცემებზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს სპორტსმენის ჯანმრთელობას, მის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ კონდიციებს, გარემო პირობებს, კონკრეტულ სიტუაციებს. ასე რომ, როდემდე გაგრძელდება ლაშა ტალახაძის გამარჯვებები, ამას დღეს ვერავინ ვერ გეტყვით. ჩვენ ამაზე ახლა არც ვფიქრობთ. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი მომავალი ოლიმპიადაა.

- პარიზის ოლიმპიადისთვის შენი შვილები, კახი და საბაც ხომ არ შემოგვთავაზებენ რაიმე სიურპრიზებს?

- ვერ გეტყვით, ძნელი სათქმელია, ყველაფერი თავად კახისა და საბაზეა დამოკიდებული. მონაცემებიც აქვთ, მოტივაციაც და შანსიც. რა გამოვა აქედან, ამას მომავალი გვიჩვენებს. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი შვილებიც ასახელებენ ჩვენს ქვეყანას. საერთოდ, ქართველი კაცის გამარჯვება ყოველთვის მახარებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ერს, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი, ქართველ სპორტსმენებს კი მომავალშიც მსოფლიოს რანგის გამარჯვებები ვუსურვო.

გოგი ფრანგიშვილი