"გურამ შეროზიას ადგილას რომ ვყოფილიყავი, "გამიტყდებოდა" - გზაპრესი

"გურამ შეროზიას ადგილას რომ ვყოფილიყავი, "გამიტყდებოდა"

2022 წელს რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსი" საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა: ლანძღავდნენ თუ აქებდნენ, ფაქტია, ხალხის დიდი ნაწილი ამ გადაცემაზე საუბრობდა. წლის მიწურულს, 31 დეკემბერს შოუს მეორე სეზონის ფინალი გაიმართა და გამარჯვებულად გურამ შეროზია გამოვლინდა...

ჩვენ "პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონის მონაწილეებს ვთხოვეთ გაემხილათ, ვის გულშემატკივრობდნენ...

"ბრეჩკი ჩემი "გვირგვინოსანი" იყო"

ani-kipshidze-1-copy-1673286506.jpg

ანი ყიფშიძე:

- მეორე სეზონს არ ვუყურებდი, მაგრამ იშვიათად რომ შევხედავდი, უკვე ვიცოდი, მონაწილეები ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ და რას აკეთებდნენ. ჩემი აზრით, ვერ "ქაჩავდნენ". ალბათ, იმხელა რეიტინგიც ვერ "დადეს", რამხელაც - ჩვენ. პირველ სეზონში რეიტინგული მონაწილეები რომ არ ვყოფილიყავით, ალბათ ახალი სეზონის "პრაიმჰაუსელები" საზოგადოებას ვერც ვერასდროს მოხიბლავდნენ, რადგან იმ დონემდე განვითარებულები ვერ იყვნენ, როგორც - პირადად მე: ყველაზე რეიტინგული ვიყავი... ერთადერთი, ვინც "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონში მომწონდა, ბრეჩკი იყო. ჩემი აზრით, ის პროექტში დიდხანს უნდა ყოფილიყო. ახალი თაობისთვის სამაგალითო ბავშვია. რეალითი შოუში ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე გახლდათ. ბრავო ამ ბიჭს, რომ ასე გარისკა და პროექტში შევიდა. თან, ისეთი არანაირი თვისება არ ჰქონდა, რომ შეგზიზღებოდა. ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, განათლებული ბავშვია. თან, ჩემი "გვირგვინოსანი" იყო - "პრაიმ ჰაუსის" პირველ სეზონში მგულშემატკივრობდა... მაგალითად, ბაგირასთან დაკავშირებული სიტუაცია მეწყინა, როცა "ლაივზე" თქვა, მწყევლიდნენო. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ძალიან გასაგები იყო, რადგან მეც დღემდე მწყევლიან. ამიტომ ზუსტად ვიცოდი, ბაგირა რას ამბობდა: ჩემ და ჩემი შვილის მიმართაც იგივე აგრესია მოდიოდა და მოდის. პროექტში ჩემი მონაწილეობისას წყევლა, ლანძღვა-გინება პიკში იყო!.. დარწმუნებული ვარ, რეალითი შოუს დამთავრებიდან 3-4 თვის განმავლობაში, ნებისმიერი მონაწილის მიმართ ხალხისგან ნეგატიური დამოკიდებულება ისევ წამოვა, რადგან ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს. პირადად მე, პროექტში მონაწილეობისას, რამდენჯერაც ვინმეს "დისლაიქი" დავუწერე, იმდენჯერ მწყევლეს...

- მეორე სეზონში ვის გულშემატკივრობდი?

- ჩემთვის მნიშვნელობაც არ ჰქონდა, ვინ გაიმარჯვებდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, ვინმეს მიმართ ნეგატიურად განწყობილი ვიყავი-მეთქი.

- ნახე ეპიზოდი, როცა მონაწილეებს ფალოსის ფორმის სათამაშოები თავზე ჰქონდათ დამაგრებული?

- კი, მაგრამ სიმართლე გითხრა, პირადად მე, ასეთ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი, არ ვიცი... ჩვეულებრივი სათამაშო იყო, რა - დიდი არაფერი... აჟიოტაჟის ატეხა არ ღირს - ქვეყანაში ამაზე უარესი რაღაცები ხდება. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მსგავს რაღაცებში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ.

- შენი და გიორგის ურთიერთობასა და ბაგირასა და გურამის წყვილს ერთმანეთს ადარებდნენ. ხედავ საერთოს?

- ჩემი აზრით, საერთო არაფერია: პირველი დღიდანვე ვთქვი, რომ გიორგი მომწონდა. მის შესახებ არ მითქვამს, მეზიზღება-მეთქი. ჩემი გრძნობები და შეხედულებები თავიდან ბოლომდე გულწრფელი იყო... ბაგირასა და გურამს რაც შეეხება, კარგად გარკვეული არ ვარ, რა როგორ მოხდა - როგორც აღვნიშნე, პროექტს იშვიათად ვუყურებდი... სხვათა შორის, თავდაპირველად კიდევ ვიღაცებს მამსგავსებდნენ, მაგალითად - ევას, რის შემდეგაც "ტიკტოკ"-"ლაივებში" ასეთ კომენტარებს ვიღებდი: ანი, შენი "ნუდები" ვნახეო. ფიქრობდნენ, ევას ნაცვლად, ფოტოებზე მე ვიყავი. შეიძლება ასეთი კომენტარების ავტორები ბავშვები იყვნენ, ვერ გავიგე... შემდეგ ხატიას შემადარეს - უბრალოდ ცეკვავდა და ამიტომ. მერე ბაგირას მამსგავსებდნენ... ბოლოს აღარავინ დარჩა, ვისაც მიმამსგავსებდნენ (იცინის)... როგორც აღვნიშნე, პირადად მე, არ მაინტერესებდა, ვინ გაიმარჯვებდა, მაგრამ ჩემს "გვირგვინოსნებს" კოსტას გამარჯვება უნდოდათ.

- "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მსვლელობისას, შენი მხარდამჭერების ჯგუფი გურამ შეროზიას მხარდამჭერების ჯგუფად გადაკეთდა. ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთე...

- ეგ საქმე უკვე ისეთია, რომ ვერაფერს ვეღარ შევცვლით. გურამის ადგილას რომ ვყოფილიყავი, "გამიტყდებოდა". ჩემი მხარდამჭერების ჯგუფში უამრავი ადამიანი იყო გაწევრებული. უცებ ჩემმა პროდიუსერმა დამირეკა - ჯგუფი გურამ შეროზიას ფანკლუბად გადაკეთდაო. - როგორ თუ გადაკეთდა-მეთქი?! ის ქალბატონი (ჟანა) მოვძებნე, ვინც ეს გააკეთა და ვკითხე, - რა მოხდა-მეთქი? მითხრა, - ეს შენი ჯგუფი როგორ იყო? მე გავაკეთეო. - ქალბატონო, პირდაპირ ეთერში "სტრიმზე" ამ ჯგუფს "პიარს" ვუკეთებდი, რომ ჩემი "გვირგვინოსნები" შემოსულიყვნენ და როგორ მეუბნებით, რომ ჩემი არ არის-მეთქი?!. იქ მთელი ჩემი მოგონებები გახლდათ... გურამ შეროზიას არაფერი დაუშავებია. იცი, ეს როგორი თემაა? პროექტში ყოფნისას არ იცი, გარეთ რა ხდება. რაც უფრო მეტი გულშემატკივარი გყავს, უფრო მეტად ბედნიერი ხარ, ცხადია, მაგრამ გურამი რომ გამოსულიყო და ეთქვა, - დიდ ბოდიშს გიხდიო, კარგი იქნებოდა, რადგან ჯგუფში ბევრი "გვირგვინოსანია" გაწევრებული, რომელთაგან ზოგს კიდევ სჯერა, რომ გურამ შეროზიას მხარს ვუჭერდი. არადა, არავის ვგულშემატკივრობდი.

"კარგი იქნებოდა, მეორე სეზონის გამარჯვებული გოგო ყოფილიყო"

salome-kapanadze-1-1-copy-1673286545.jpg

სალომე კაპანაძე:

- საერთოდ არ მეგონა, თუ მეორე სეზონს ვუყურებდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, საღამოობით "ჩავჯდომოდი" და მენახა - თურმე საინტერესო ყოფილა... მიკვირდა ხოლმე, რეალითი შოუში ამდენი მაყურებელი როგორ იყო ჩართული? ჩემი აზრით, მეორე სეზონი მართლა ძალიან საინტერესო იყო, ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის მონაწილეები ჰყავდა... გამორჩეულად არავის ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ჩემს ყურადღებას გოგონები უფრო მეტად იქცევდნენ. პროექტიდან რამდენიმე მათგანის "გავარდნის" გამო გული დამწყდა - არ ველოდი, თუ ასე მალე დატოვებდნენ... რადგან პირველ სეზონში ვმონაწილეობდი, ზუსტად ვიცი, რას გრძნობდნენ, როგორი ემოციები ეუფლებოდათ, რა დაბრკოლებებს აწყდებოდნენ... ყველას სიტუაცია კარგად გავიაზრე. მესმოდა, რამხელა სტრესის ქვეშ იყვნენ, როცა სახლის გარეთ ინფორმაცია მათთვის მიუწვდომელი იყო. გარედან უარყოფით თუ დადებით ემოციებს იღებდნენ... ამიტომ მხარდაჭერის განცდა გოგონების მიმართ უფრო მქონდა... ბოლოს პროექტში ძლიერი მონაწილეები დარჩნენ. დიდი კონკურენცია იყო. ფინალს მოუთმენლად ველოდი. კარგი იქნებოდა, რომ მეორე სეზონის გამარჯვებული გოგო ყოფილიყო.

- მეორე სეზონის "პრაიმჰაუსელებიდან" რომელიმე მათგანი პირველი სეზონის რომელიმე მონაწილეს ხომ არ გაგონებდა, თუნდაც - თამაშის სტილით?

- ვაიმე, კი: თამაზა "ერთი ერთში" პატრიკია! წინათ თამაზას არსებობის შესახებ საერთოდ არ ვიცოდი. პროექტში რომ დავინახე, შოკში ვიყავი: გარეგნობით, საუბრის მანერით, იუმორით პატრიკს ძალიან ჰგავს. ამის შესახებ პატრიკსაც ვესაუბრე - ვერ ვხვდები, თქვენ შორის ასეთი მსგავსება როგორ შეიძლება იყოს-მეთქი?!.

"თამაზა ხალხზე დადებით ზეგავლენას ახდენს"

img-2383-copy-1673286678.jpeg

თეონა კოჭლამაზაშვილი:

- ვერ გეტყვი, ყოველდღე ვუყურებდი-მეთქი, რადგან ამისთვის არც მეცალა. "ტიკტოკზე" პატარა ვიდეო თუ შემხვდებოდა, იქიდან ვხვდებოდი, პროექტში დაახლოებით რა ხდებოდა. გამორჩეულად არავის ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებდი - კარგად მიჰყავდათ "პარადი" (იცინის).

- რომელიმე მათგანს პირველი სეზონის მონაწილეს ხომ არ ამსგავსებდი?

- ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს მაგონებენ. პირველი სეზონის მონაწილეები შეუცვლელები ვართ - ამას ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი (იცინის). მეორე სეზონის ყველა მონაწილე თავისებური იყო: ზოგი - თამაშში, ზოგი - ალალ-მართლობაში და ა.შ. ყველაზე პოზიტიურად განწყობილი თამაზას მიმართ ვიყავი - ძალიან საყვარელია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მისი მიდგომა მართლა მომწონს... ზუსტად ვიცოდი, შიგნით (სახლში) რა ხდებოდა. ამიტომ იქ მონაწილე ყველა ადამიანის მესმოდა, რას რატომ და როგორ აკეთებდნენ. შესაბამისად, ვინმეს მიმართ აგრესიულად ან ნეგატიურად განწყობილი არ ვყოფილვარ. თამაშში ყველას თავისი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული, რომელსაც ბოლომდე მიჰყვებოდნენ. ვფიქრობდი, რომ ფინალში გურამ შეროზია, კოსტა და თამაზა იქნებოდნენ. მგონია, რომ თამაზა ხალხზე ძალიან დადებით ზეგავლენას ახდენს.

"თავდაპირველად, გოგა ჯაბაური თავისი ტაქტიკით გიორგი ნაზღაიძეს მაგონებდა"

lizi-koniadze-1-copy-1673286598.jpg

ლიზი ქონიაძე:

- ჩემი აზრით, პირველი სეზონი უფრო საინტერესო იყო: მონაწილეებმა არ ვიცოდით, სად შევდიოდით, როგორი გარემო, წესები დაგვხვდებოდა. დიდ რისკზე მივდიოდით. თან, ჩემთვის, როგორც პირველი სეზონის ასაკით ყველაზე პატარა მონაწილისთვის, ძნელი იყო... სახლში რომ შევედით, ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა: ვცხოვრობდით, ყველაფერს განვიცდიდით... ჩემი აზრით, მეორე სეზონის მონაწილეები მომზადებულ ნიადაგზე შევიდნენ. გარკვეული წესები კი შეიცვალა, მაგრამ მეტ-ნაკლებად იცოდნენ, სახლში როგორი გარემო, სიტუაცია იქნებოდა. უკვე ყველა მონაწილეს ეტყობოდა, რომ კონკრეტული მიზნები და სტრატეგია დასახული ჰქონდათ. ზოგმა პირველი სეზონის მონაწილის სტრატეგია აირჩია, ზოგმა საკუთარი მოიფიქრა... საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, პირველი სეზონი მეტად ბუნებრივი და საინტერესო იყო. პირველი სეზონის მონაწილეებიც უფრო საინტერესო ადამიანები გახლდნენ, რადგან პროექტებში ისეთები იყვნენ, როგორიც რეალურად არიან.

- შეგიძლია გვითხრა, ვინ გამოიყენა პირველი სეზონის მონაწილის სტრატეგია და ვინ მოიფიქრა საკუთარი?

- კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ მონაწილეთა ქმედებებში რაღაც "კვეთები" იყო, თუნდაც - კოალიციის თემა, რომელიც პირველი სეზონის გადმონაშთი მგონია. პირადად არც ერთს არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მსვლელობისას "პრაიმ ჰაუსში" შევედი კიდეც. მეტ-ნაკლებად ვიცნობ გურამს - გადაცემის ჩაწერაზე ვნახე... ყველას მიმართ ნეიტრალურად განწყობილი გახლდით. ბოლომდე არავის ვუგულშემატკივრებდი, ვის გამარჯვებასაც ჩემთვის აზრი ექნებოდა. რომელიმე მათგანის მიმართ აგრესიულად განწყობილიც არ ვყოფილვარ: ვიცი, კამერების წინ ცხოვრება როგორი ძნელია... ასე რომ, ქცევების გამო არავის განვიკითხავ.

- მეორე სეზონის შემხედვარეს, პირველი სეზონის მონაწილე ხომ არ გაგახსენდა?

- თავდაპირველად, გოგა ჯაბაური თავისი ტაქტიკით გიორგი ნაზღაიძეს მაგონებდა. გოგას ეს ვუთხარი კიდეც, როცა პირადად ვნახე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თავის ტაქტიკას ბოლომდე ისე ვერ მიჰყვა, როგორც ეს გიორგიმ გააკეთა (იღიმის)...

"მინდოდა მონაწილეებისთვის მეთქვა, - გურამს პროექტი არ მოაგებინოთ-მეთქი"

keti-cherkezia-copy-1673286654.jpg

ქეთი ჩერქეზია:

- კოსტა სანიკიძეს მგონი, 16 წლიდან ვიცნობ. ამიტომ ჩემი ფავორიტი მონაწილე იყო! თან ვიცი, როგორი ადამიანია: ძალიან კარგი ტიპი, ყველაზე ალალი ბიჭია, ვინც კი სადმე შემხვედრია. მინდოდა, პროექტში მოეგო. "პრაიმ ჰაუსს" ყოველდღე ვუყურებდი-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ, მაგრამ ვიცი, ხანდახან კოსტა უარყოფით ადამიანად ჩანდა, თუმცა ასე ვერ მიხვდები, ვინ როგორი პიროვნებაა. რადგან ვიცი, კოსტა ძალიან კარგი ბიჭია, ამიტომ მინდოდა, მას მოეგო. თან, კოსტა ცუდს მართლა არაფერს გაუკეთებს ადამიანს - ამაზე თავს დავდებ... პროექტში ბაგირა მომწონდა. სამწუხაროდ, გავარდა. მინდოდა, ფინალში ყოფილიყო, რადგან ჩემი აზრით, ამას იმსახურებდა. თან, ამ გოგოში გარკვეულწილად, საკუთარ თავს ვხედავდი: ემოციური იყო, სათქმელის პირდაპირ მიხლა იცოდა... ბაგირა ისედაც მომწონს - გადაღებებზე გავიცანი, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ლენუკაც ძალიან კარგი, პირდაპირი გოგოა. გურამს რაც შეეხება, თავდაპირველად ძალიან მომწონდა. არც მას და არც მის ბლოგს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, ინტერნეტს მიღმა რასაც აკეთებდა. ჭკვიანი, ნიჭიერი ადამიანია. მართლა მხოლოდ ტვინით აზროვნებს და არა - გულით: ისეთი განათლებულია, ვერ მოსთხოვ, რომ სხვაგვარად დაგელაპარაკოს, რადგან ის უკვე სხვანაირადაა "აწყობილი", მაგრამ არ მინდოდა, პროექტში გაემარჯვა. გამარჯვებას კოსტა უფრო იმსახურებდა ყველანაირად. თან, ეს კოსტას უფრო სჭირდებოდა. მიმაჩნდა, რომ ფინალში თამაზა, გურამი და კოსტა უნდა ყოფილიყვნენ. თამაზას იუმორი "ჰაი ლეველზეა" (იღიმის)... შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ბოლოს, როცა უკვე ყველა მონაწილე გურამის წინააღმდეგ წავიდა, მაშინვე გიორგი ნაზღაიძე გამახსენდა. იცი, როგორ მინდოდა, პროექტში ვყოფილიყავი და მონაწილეებისთვის მეთქვა, - გურამს პროექტი არ მოაგებინოთ-მეთქი?! პირველი სეზონის მონაწილეებმაც ეგ შეცდომა დავუშვით: ყველანი გიორგის წინააღმდეგ რომ "ავბუნტდით", რეალურად, მას ხალხმა ამიტომ დაუჭირა მხარი, თორემ გიორგი რა მხარდასაჭერია?! მან პროექტში ჩვენი დამსახურებით გაიმარჯვა (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი