ავთო ქაჯაია: "არ მესმის იმათი ლოგიკა, ვინც ჩვენს ბრძოლას ფულს უკავშირებს" - გზაპრესი

ავთო ქაჯაია: "არ მესმის იმათი ლოგიკა, ვინც ჩვენს ბრძოლას ფულს უკავშირებს"

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან დღემდე, ქართველი მებრძოლების შესახებ გახმაურებული ამბები, სატელევიზიო გადაცემები და საგაზეთო სტატიები ადასტურებს, რომ ჩვენი თანამემამულეები გამორჩეული მეომრები არიან. როგორც უკრაინელები ამბობენ, თუ ბრძოლის ველზე რაიმე სიგიჟე ხდება, ე.ი. იქ ქართველები არიან!.. ერთ-ერთ ქართულ ბატალიონს თავზე ხელაღებული სიმამაცის გამო "შერეკილებიც" კი შეარქვეს. უკრაინელების თქმით, "ეს შერეკილი ქართველები, რუსებს სანგრებში ზურგიდან ადგებიან თავზე", "ალყიდან გამოძვრებიან და მოალყეებს თავადვე აქცევენ ალყაში"...

"შერეკილების" მეთაურ ავთო ქაჯაიას მაშინ ვესაუბრეთ, როდესაც სამკურნალო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. უფრო ვრცლად ომში წასვლის მოტივებსა და მიზნებზე მთავარი "შერეკილი" თავად გვესაუბრება.

- 2003-დან 2017 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი. ვნახე რუსების რეალური სახე 2004 და 2008 წლებში, ასევე - აფხაზეთის ომის დროსაც. მაშინ 10 წლის ვიყავი. დედა აფხაზეთიდან მყავს, მამა სამეგრელოდანაა, მაგრამ უშიშროების თანამშრომელი იყო და ომში მონაწილეობდა. ერთი თვე ტყვედ იყო ჩავარდნილი, მერე ვიღაც აგრბაში გაცვალეს. ჩვენ მკვდარი გვეგონა. მახსოვს, ბებიამ როგორ გამოფინა მისი ტანსაცმელი, მერე იყო შავები და ბევრი ცრემლი... ამ ყველაფერმა ჩემში თავისი კვალი დატოვა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიმაჩნდა, რომ რუსი ჩემი მტერი იყო. უკრაინაში იმიტომ წავედი, რომ რუსებზე შურისძიების შესაძლებლობა მომეცა. დიახ, მე არაფერი მაქვს დასამალი, ჩემი ბიძების, ძმების, ჩემი მიწასთან გასწორებული სამშობლოს გამო უნდა ვიძიო შური. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ საიმისო არაფერი მჭირს, ფულის გამო ტყვიას შევუშვირო შუბლი. ჩემი ბიზნესი მქონდა აწყობილი. პოლონეთში ვცხოვრობდი, რამდენიმე მანქანა ვიყიდე და ტაქსად გავაქირავე. ჩემს ოჯახსაც უზრუნველვყოფდი და სხვებსაც ვეხმარებოდი. არ მესმის იმათი ლოგიკა, ვინც ჩვენს ბრძოლას ფულს უკავშირებს. მე ყველგან წავიდოდი და ყველგან ვიბრძოლებდი, სადაც რუსებთან დაპირისპირების საშუალება მექნებოდა. მოლდავეთში რომ შეჭრილიყო, იქაც წავიდოდი. ნახეთ, რუსეთი ჩემი მტერია, ჩემი ძმების სისხლი მართებს. მოხდა ისე, რომ ჩემი სამშობლოს ამაწიოკებელი, ჩემი ძმების მკვლელი რუსეთი სხვა ქვეყანაში შეიჭრა და ახლა იქ დაიწყო ხალხის ხოცვა. რა გარანტია გვაქვს, რომ ერთ დღეს ისევ არ შემოიჭრება ჩვენთან?! მხოლოდ ერთხელ დაღვარა უდანაშაულო ხალხის სისხლი თუ ორჯერ?! ძალიან მარტივად შეუძლია, საკუთარი მიზნების მისაღწევად საქართველოში ისევ განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია, თუნდაც იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ რუსების წინააღმდეგ ბრძოლა იმდენად მინდოდა, მოტეხილი მხარით ჩამოვედი უკრაინაში.

- მკლავი რატომ გქონდათ მოტეხილი?

- უკრაინაში ომის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე მოვყევი ავარიაში. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, თაბაშირი მოვიხსენი. მარტის დასაწყისში უკვე უკრაინაში ვიყავი.

- როგორც გავიგე, ბრძოლის ველზეც არაერთხელ დაიჭერით. ახლაც ამის გამო იმყოფებით სამკურნალო დაწესებულებაში...

- ბევრი არაფერი, სულ რაღაც სამჯერ დავიჭერი. ერთხელ ფოსფორი დაგვაყარეს, აფეთქების ტალღამ გადამისროლა და მიწაზე შეუხორცებელი მკლავით დავეცი; შედეგად ლავიწი ჩამომივარდა და მგრძნობელობა საერთოდ დავკარგე. ღმერთს მადლობა, მარცხენა მხარი მაქვს დაზიანებული და არა - მარჯვენა. ბრძოლის ველზე ეს საერთოდ არ მაწუხებდა, მაგრამ მაინც მმკურნალობენ. მე თვალის პრობლემა უფრო მაწუხებდა: მეორედ თვალში დავიჭერი, უფრო სწორად, ნამსხვრევი მომხვდა და ახლა მინუს თორმეტი მაქვს. კონტუზია ორჯერ მივიღე, თავში კი გემატომა მაქვს.

- "შერეკილების" შესახებ გავრცელებული ამბები სიმართლეა თუ ცოტა გაზვიადებული?

- რას გულისხმობთ?

av6-1673864599.jpg

- მაგალითად იმას, რომ რუსებს სანგრებში, ზურგიდან ადგებოდით თავზე.

- არა, ეს რატომ უნდა იყოს გაზვიადებული?! სრული სიმართლეა. იყო მომენტები, როდესაც ფრონტის ხაზზე მტერი ორასი ან სამასი მეტრით დაშორებულ პოზიციებზე იყო გამაგრებული. როდესაც ასეთი სადაზვერვო ინფორმაცია მოგვდიოდა, რუკას დავიდებდით წინ და ოპერაციას ვგეგმავდით. საბოლოოდ, მტერს სანგარში ვესხმოდით თავს. სხვათა შორის, ისეთი სიუტუაციიდან გამოვდიოდით უვნებლები და ცოცხლები, რომ თავადვე გვიკვირდა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდით, რომ რაღაც ძალა გვმფარველობდა.

- მალე ერთი წელი შესრულდება, რაც რუსეთ-უკრაინის ომში ხართ. რა გამოცდილება მიიღეთ, რა ნახეთ ახალი?

- ამ ომმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ რუსები არიან სადისტები, მაროდიორები, ქურდები და მკვლელები. ბავშვები მეცოდებიან და, როგორ ვთქვა, თორემ მთლიანად გასაწყვეტია ეს ერი. 18 წელია, ფორმა მაცვია, ავღანეთშიც ვარ ნამყოფი, ერაყშიც და კოსოვოშიც. მეგონა, ყველაფერი მქონდა ნანახი და ომში აღარაფერი გამიკვირდებოდა. შევცდი. აქ საშინელებები ვნახე, ასეთი სისასტიკის ჩამდენი ადამიანი ჯანმრთელი ფსიქიკის ვერ იქნება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვიბრძოლო, შევაკვდე და არ დავუშვა, რომ ეს პირსისხლიანი მანიაკები ჩემს მიწაზე კიდევ ერთხელ შემოვიდნენ. ჩვენ ხშირად გვქონია საუბარი "ქართული ლეგიონის" ბიჭებთან და სხვა დანაყოფის ქართველ მებრძოლებთან, ყველა იმ აზრზეა, რომ აქ სიკვდილი სჯობს იმის საქართველოში ნახვას, რაც რუსებმა აქ გააკეთეს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მათ მიერ დარბეული სოფლები, ოჯახები, ენით უთქმელი საშინელების დატრიალება შეუძლიათ.

- უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განწყობა როგორია თქვენ მიმართ?

- მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის კი არა, მებრძოლების განწყობაც დადებითია. საქართველოს დროშის დანახვაზე ყველას ერთნაირად უბრწყინდება თვალები. ქუჩაში გვცნობენ, მოდიან, მადლობას გვეუბნებიან, გვეხვევიან, გვლოცავენ.

318925349-134053462816810-5898533119785713289-n-1673864612.jpg

- რას ფიქრობთ ჯან-ღონით სავსე უკრაინელ მამაკაცებზე, რომლებიც დღეს საქართველოში ემალებიან ომს?

- მაგათზე არც მე ვფიქრობ კარგს და არც უკრაინელები. საერთოდ, უკრაინელები ძალიან მაგარი მებრძოლები არიან. 17, 18 წლის ბავშვებს უკვე იარაღი უჭირავთ ხელში, მაგრამ როგორც ყველა ერში, აქაც არიან გამონაკლისები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ. ისეთებიც არიან, ვისაც უბრალოდ ეშინია.

- საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ გერმანიაში გაქვთ სამხედრო წვრთნა მიღებული და არაერთ საერთაშორისო მისიაში ხართ ნამყოფი საქართველოს სახელით. ასეთი გამოცდილების კადრმა საკუთარი ქვეყნის არმია რატომ დატოვეთ?

- იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის არმიას და ზოგადად ჩემს ქვეყანას რუსების მონები დაეპატრონენ და პროფესიონალიზმი აღარავის სჭირდება. 2017 წელს საქართველოს მთავარსარდალმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ჩემთვის საბედისწერო განცხადება გააკეთა: მან თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. ხელისუფლებაშიც არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ამ პოზიციას დაგმობდა. ჩემთვის ამით ყველაფერი ნათელი გახდა. მივხვდი, რომ საქართველოს უკვე რუსები მართავდნენ. გავბრაზდი და ჩემი განწყობა ხმამაღლა გამოვხატე. მაშინ ლოჯისტიკის სატანკო ბაზაზე ვმუშაობდი სერჟანტის პოზიციაზე. არავინ დამიჯერა, მაგრამ ახლა დადასტურდა ყველაფერი.

- მაინც რა დადასტურდა?

- ის, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს. პრემიერი ღარიბაშვილი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ზუსტად იმას ამბობენ, რასაც რუსები. ერთიერთში იმეორებენ რუსულ ნარატივს, რომ ჩვენ აქ ფულისთვის ვიბრძვით, რომ "ნაიომნიკები" ვართ და ა.შ. თვითონ ერთი დღე არ გაუტარებიათ ფრონტის ხაზზე, არც რაიმე იდეისთვის უბრძოლიათ ოდესმე, ყოველთვის ბუჩქებში იჯდნენ და ისე ელოდებოდნენ ხელსაყრელ მომენტს. რა იციან მაგათ, ჩვენ რის გამო ვიბრძვით?! თავად წარმოუდგენლად მიაჩნიათ იდეისთვის სიცოცხლის სასწორზე დადება და ჩვენიც იმიტომ არ სჯერათ ან სჯერათ და შურთ, ჩვენ რომ შეგვიძლია სიცოცხლის დათმობა სამშობლოსთვის და მაგათ - არა. აუცილებლად მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ჩვენ საქართველოში დავბრუნდებით ხელებაწეული, მშვიდობიანად... რაც ყველაზე მთავარია, აფხაზეთიდან შემოვალთ საქართველოში, ოღონდ ახლა უკრაინაში დავამარცხოთ რუსეთი...

- ე.ი. კიდევ დიდხანს აპირებთ ომში ყოფნას. ამასთან დაკავშირებით ოჯახის მხარდაჭერა გაქვთ?

- საწყალი დედაჩემი სულ ჩემს დარდშია. მიეჩვია კიდეც ამას... მეუღლე უთქმელი გოგოა, არაფერს მსაყვედურობს, მაგრამ ვიცი, ძალიან დარდობს. 15 წლის გოგო მყავს - მხატვარი, დიზაინერი, მოდელი, ბიჭი 10 წლისაა - ფეხბურთელია, რუსთავის "ლოკომოტივში" თამაშობს. მათ იციან რისთვისაც ვიბრძვი და ისიც იციან, რომ სხვაგვარად არ შემიძლია. მე იმისთვის ვიბრძვი, რომ ჩემს შვილებს არ მოუწიოთ მერე ომში ყოფნამ, მშვიდად შეძლონ თავიანთი საყვარელი საქმის კეთება. მინდა, ჩემს ბიჭს იარაღის მაგივრად ბურთი ეჭიროს ხელში. ჩემმა გოგონამ ჩემდამი მხარდაჭერა თავისი ნახატით გამოხატა, რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დახატა და გამოფენაზე გაიტანა. რაღაც კონკურსი იყო, საუკეთესო ექვსეულში მოხვდა.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- სადღაა ჩემი ახალი წელი?! ხუთი წელია, ახალი წელი არ მქონია. შობა და ახალი წელი მაშინ მქონდა, როდესაც შინ ვიყავი, ჩემს მშობლებთან და ცოლ-შვილთან. ახლა არაფერია, მხოლოდ დარდია და მონატრების გამძაფრება... შვილებთან ჩახუტება მინდა...

- გამარჯვებას, შინ მშვიდობით დაბრუნებას და მონატრებულ ოჯახთან ჩახუტებას გისურვებთ!

- თქვენი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ახალ წელს გილოცავთ, მალე გამთლიანებულ, ძლიერ, მართლა დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვროს!

ხათუნა ბახტურიძე