ჯანო იზორიას ყაბალახიანი "თოვლის ნაძვუა" - გზაპრესი

ჯანო იზორიას ყაბალახიანი "თოვლის ნაძვუა"

შემოქმედებითი თვალსაზრისით, 2022 წელი მსახიობ ჯანო იზორიასთვის ნაყოფიერი იყო, თუმცა შარშანდელმა წელმა მსახიობს ახლობელი ადამიანების დაკარგვის გამო გული ატკინა...

- საერთოდ, ახალი წლის დღესასწაული მიყვარს. ყოველ წელს იმედით, სიხარულით ვხვდები. წელს განსაკუთრებულად კარგი განწყობით ველოდი. იმედი მაქვს, ყველაფერი ფანტასტიკურად იქნება. ჩემი უმცროსი შვილი - თებე უკვე გაიზარდა. ახალი წლის დღესასწაული ბევრად უფრო ხალისიანია, როცა შინ ბავშვები არიან. უფროსი შვილიც - ევაც მოვიყვანე. ბავშვებმა 1-2 დღე ერთად გაატარეს, ვითამაშეთ.

- თოვლის ბაბუის საკითხი როგორ არის თქვენს ოჯახში?

- ჯერჯერობით, თებე პატარა ასაკისაა იმისთვის, რომ თოვლის ბაბუას წერილი მისწეროს, მაგრამ ევა ყოველ წელს სწერს, შემდეგ კი თოვლის ბაბუა მიდის და ყველაფერს შოულობს, რაც წერილში წერია. ზოგჯერ ევა ისეთ რაღაცას წერს, რაც საშოვნელად რთულია. ამიტომ წერილს ახალი წლის დღესასწაულამდე 1 თვით ადრე ამზადებს - თოვლის ბაბუას საშუალებას აძლევს, მისი საჩუქრები ეძებოს და იპოვოს (იცინის). საერთოდ, პრეტენზიული ბავშვი არაა: ისეთ საჩუქრებს წერს, რაც უყვარს და აინტერესებს: "ბარბის" თოჯინა, თავისი სახლ-კარით, სამზარეულოთი... მიხარია, რომ ასეთი საჩუქრები მოსწონს, რადგან თოჯინებით თამაშისას ამბებს იგონებს, სიუჟეტებს ქმნის... ჩემი აზრით, დღესდღეობით უფრო სასიხარულოა, რომ ბავშვი ასეთი თამაშებით ერთობა და არა - პლანშეტით და ლეპტოპით. ბავშვს ფანტაზიის უნარი უვითარდება. შეიძლება, მომავალში მისგან რეჟისორიც დადგეს (იღიმის).

- წელს ნაძვის ხე მორთეთ?

- კი, მაგრამ დიდი კარადის თავზე დავდგით - ყველას ზემოდან "გვიყურებს" (იცინის). ქვემოთ მისი დადგმა ვერ გავრისკეთ, რადგან ნაძვის ხისკენ თებე ერთი-ორჯერ გაიწია. მოსართავი სათამაშოები ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ შეიძლება, ბავშვი დაშავდეს. თან, ნათურებიც საშიშია... ჩვენს ნაძვის ხეს ყოველ წელს ყაბალახს ვახურავ. ხის მრგვალ სათამაშოებს, რომლებსაც "თებე" და "ევა" აწერია, ისე ვამაგრებ, თითქოს თვალებია - ჩემი შვილები ხომ ჩემი თვალისჩინები არიან, არა?!. ცხვირისთვისაც შესაბამის სათამაშოს ვარჩევ, ულვაშს "წვიმით" ვაკეთებ... ჩვენს ნაძვის ხეს რომ შეხედავ, თოვლის ბაბუას ჰგავს. ვხუმრობ ხოლმე - ჩვენი თოვლის ნაძვუაა-მეთქი (იცინის) ანუ ნაძვის ხეცაა და ბაბუაც...

- ახალი წლის დღესასწაულს ბავშვობაში როგორ ხვდებოდი?

- ერთი კვირით ადრე ვემზადებოდით: სპეციალურ ფხვნილებს (რომლებიც დეფიციტური იყო) ვშოულობდით, რომ ასაფეთქებლები, ე.წ. ზრუპაკეტები გაგვეკეთებინა. მერე ერთმანეთს ვუზიარებდით, ვის რამდენი ჰქონდა. ვისაც ცოტა ჰქონდა, გვეცოდებოდა და ვუყოფდით. 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, ჩვენს "ზრუპაკეტებს" ვისროდით... შემდეგ შინ ტკბილეულს მივირთმევდით... ბავშვთა ანსამბლ "თეთრ თოლიაში" ყოფნისას მიუზიკლებში ვმონაწილეობდი, ასევე - სპექტაკლებში: ხან ტურა "ვიყავი", ხან - მგელი... 2-დან 6 იანვრამდე სპექტაკლები და კონცერტები მქონდა ხოლმე. მაშინ ფოთის პორტი ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრებს ამზადებდა, სცენას რთავდა... საოცრება იყო!.. პორტი ქალაქს ეკუთვნოდა, ახლა კი გაყიდულია... ხშირად ვამბობ, პორტიდან ქალაქს მოგების 4-5% რომ რჩებოდეს, ფოთი ამსტერდამივით იქნებოდა!.. წინათ, პორტს ქართველი ხელმძღვანელობა ჰყავდა. მახსოვს, ცენტრალური ტელეარხების ყველა საახალწლო გადაცემის გენერალური სპონსორი სწორედ ფოთის პორტი იყო ხოლმე...

- ასაფეთქებლებით ბავშვები არ დაშავებულხართ?

- არა, ადრინდელი ბევრად უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე ახლანდელი ასაფეთქებლებია. უბრალოდ, ბეტონზე ან რკინაზე უნდა გესროლა, რის შემდეგაც ლაქას ტოვებდა... ევას ცაში ლამაზი ფეიერვერკების ცქერა უყვარს. თებეს ეძინა ახალი წლის ღამეს - ხმაურს არ შეუწუხებია... ახალ წელს ცაში ფეიერვერკები ლამაზ ფერებად რომ იშლება, მითქვამს, რა მაგარია-მეთქი, მაგრამ ჩემი ძმა, ნიკა ტრაბახობს - ეგ რა არის იმასთან შედარებით, რაც ოლიმპიადის გახსნაზე მინახავსო?! სატრაბახო ნამდვილად აქვს, მაგრამ ვპასუხობ: - ეგ მეც მინახავს, ოღონდ - ტელევიზორში-მეთქი (იცინის).

- ახალი წლის დღესასწაულს სცენაზე შეხვედრიხარ?

- კი. რამდენიმე წლის განმავლობაში მიყოლებით, ფოთის თეატრის მსახიობები ახალ წელს ღია ცის ქვეშ, სცენაზე გამოვდიოდით - ქალაქური კომპოზიციები გვქონდა გაკეთებული. ღამის პირველი საათისთვის შინ კინტოს გრიმით შევვარდნილვართ (იღიმის).

- 2023 წელს თბილისში შეხვდი?

- კი. მეგობრები მესტუმრნენ, ერთმანეთს ახალი წლის დღესასწაული მივულოცეთ... ახლა დასავლეთ საქართველოში ვარ. საერთოდ, დროს ვანაწილებ ხოლმე, ახალ წელს თუ თბილისში ვხვდები, შობას დასავლეთში უნდა ვიყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე დღესასწაულს დასავლეთში შევხვდე. ახლა ჯიხაიშში ძმაკაცთან ვარ. ფოთში რომ არ ვიმყოფები, ამას იმით ვამართლებ, რომ ფოთი ჯიხაიშელმა კაცმა დააარსა (იღიმის). შობის დღესასწაულზე მოვედი და მის რეგიონს პატივი მივაგე...

- ჯანო, ახალი წლის დღესასწაულს პირველ იანვარს უფრო განსაკუთრებულად აღნიშნავ თუ 14-ში?

- პირადად მე განსაკუთრებულად 31 დეკემბრის ღამე მიყვარს, როცა ახალი წელი დგება... პირველ იანვარს ყველა დაღლილია და სძინავს, მათ შორის - მეც. 14 იანვარს, ძველით ახალ წელს რაც შეეხება, მისი აღნიშვნა სოფელს უფრო უხდება - იქ სხვაგვარი შეგრძნებაა. აი, შობის დღესასწაული კი ყველას უყვარს. შობის ღამეს გულში სითბო, სიმშვიდე და სინანულის განცდაც ისადგურებს. მგონია, რომ ადამიანებმა ის სიკეთე და სითბო რომ შეინარჩუნონ, რაც შობის ღამეს ეუფლებათ, ქვეყანა და საერთოდ, სამყარო საოცრება იქნება!

- საბოლოო ჯამში, როგორი იყო შენთვის 2022 წელი?

- საინტერესო ფილმებში ვმონაწილეობდი, სპექტაკლშიც ვითამაშე... წლის ბოლოს "იუმორინის" კონცერტის წამყვანი გახლდით... 2022 წელს მაინც ვემდური - გული ძალიან მატკინა: ჩემი უახლოესი ძმაკაცი და გამზრდელი დეიდა გარდაიცვალნენ... შემოქმედება მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლეა... 2023 წელს ჩემი მონაწილეობით გადაღებული ფილმები კინოეკრანებზე გამოვა. მაინტერესებს, როგორ მიიღებს მაყურებელი... ფილმის გადაღებები კიდევ მექნება, რისთვისაც წონაში უნდა დავიკლო. ახალი წლის სადღესასწაულო სუფრის ცდუნებას გავუძელი - ხაჭაპურს და საერთოდ, ცომეულს არ გავკარებივარ. ტკბილეულს (კანფეტს ვგულისხმობ) ცოტათი "მივეპარე", მაგრამ დღეიდან მორჩა - ყველაფერს გავაკონტროლებ და წონას "დავფერთხავ". 2 თვემდე დრო მაქვს - ამ ხნის განმავლობაში წონაში როგორ ვერ დავიკლებ?!.

ეთო ყორღანაშვილი