ნანი ბრეგვაძის მოგონებები - გზაპრესი

ნანი ბრეგვაძის მოგონებები

"ვინც ჩემსა და ჩემი მეგობრების "ფეისბუკის" სიახლეთა კედელს თვალს ადევნებს, შეამჩნევდით, რომ ყოველი წლის 2 იანვარს ჩვენს უძვირფასეს ნანისთან ვიკრიბებით და ქართული სიმღერის ლეგენდასთან ერთად ყოფნას ვიბედებთ, მუსიკის დღესასწაულს ვიწყობთ და ენით აღუწერელი ენერგიით ვიმუხტებით, მთელი წელი რომ მიგვყვება ხოლმე! მართლა ისე გვიყვარს ყველას ეს ურყევი ტრადიცია, რომ 1-ელ იანვარზე მეტად 2-ს ველოდებით და საგანგებოდ ვემზადებით დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად... წელს კი გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას და მე და თეონამ ყველა ჩვენი საერთო მეგობრის სახელით, ჩვენი დიდი სიყვარული ასეთი ფორმით გამოვხატეთ, მაინც დავებედეთ ერთმანეთს და თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად..." - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

- ქალბატონო ნანი, როგორ შეხვდით ახალ 2023 წელს?

- წელს ყველა ამას მეკითხება და მინდა გითხრათ, რომ გადასარევად! ყველანი ჯანმრთელად, კარგად ვართ და ეს არის ყველაზე მთავარი... ვცდილობთ კარგ განწყობაზე ვიყოთ. ჩემი მეგობრები, ნათესავები აუცილებლად ვიკრიბებით, ეს დღე ყველას გვაერთიანებს... სამწუხაროდ, ბევრი წავიდა... ვინც დარჩა და ვახსოვართ, მოდიან. მე არავის ვეპატიჟები, ჩვეულებრივად სუფრა არის გაშლილი, არანაირად ბევრი ერთმანეთზე შელაგებული თეფში და ასნაირი დანა-ჩანგალი. უბრალოდ ვაწყობთ სუფრას და ვინც მოდის, ძალიან მახარებს. ასეთი ტრადიციაა ჩვენთან დამკვიდრებული და რამდენიმე წელია, არ იცვლება. ახალ წელს სულ ასეთ მოლოდინში ვარ, ამაღლებული განწყობით, სახლი რომ გაივსება ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანებით.

- ახალ წელს დიდი თოვლი გახსოვთ თბილისში?

- როცა უკვე შვილი მყავდა და მერე შვილიშვილები, დიდი თოვლი თბილისში ახალ წელს აღარ მახსოვს... მე მახსოვს ბავშვობაში ახალი წლის მოლოდინი და იმდენად ნათლად, ის შეგრძნებები ახლაც სრულიად ცოცხლდება, როგორ სიხარულით ველოდი დამდეგს...

მთელი ბრეგვაძეები პირველ სართულზე ვცხოვრობდით, მეორეზე - სომეხი, რუსი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და ყველა ერთი ოჯახივით ვიყავით, დიდი სიახლოვე და ურთიერთპატივისცემა იყო... ბავშვები ვიკრიბებოდით, ნაძვის ხეს აუცილებლად ვრთავდით, იყო საჩუქრები და ერთი ამბავი. ჩემთვის ახალ წელს აუცილებლად თოჯინა მოჰქონდათ, რადგან ამ სათამაშოზე მქონდა გართულება.

- ვინ გჩუქნიდათ თოჯინას?

- მამაჩემი და დედაჩემი უზრუნველყოfდნენ ჩემთვის ამ საჩუქრის გადმოცემას. იცოდნენ, რომ ეს ძალიან მიხაროდა.

- თქვენს ოჯახში ყველა გამორჩეულად მღეროდა...

- დიახ, სიმღერა ჩვენთან უკვე სისხლში იყო გამჯდარი... მე არ მიკვირს, როცა ვხედავ ოჯახებს, რომლის ყველა წევრიც მღერiს. ეს ტრადიციულად მოგვდგამს და არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან საქართველო სიმღერის და ხელოვნების ქვეყანაა!

მანანა გაბრიჭიძე