ქართველი გენიოსი, რომელსაც სამსახური არა აქვს - გზაპრესი

ქართველი გენიოსი, რომელსაც სამსახური არა აქვს

57 წლის გია ნოზაძეს ზეპირი ანგარიშის განსაკუთრებული უნარი აქვს: არითმეტიკულ მოქმედებებს გონებაში კალკულატორის სისწრაფით ახორციელებს. ამის ამსახველი ვიდეოები ინტერნეტში საკმაოდ პოპულარულია. ბატონ გიას პირადად შევხვდით, მის ნიჭერებაშიც დავრწმუნდით და გადავწყვიტეთ, მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...

- რა ხდება თქვენს გონებაში, როცა არითმეტიკულ მოქმედებებს კალკულატორზე სწრაფად ახორციელებთ?

- რამე წესი არ არსებობს. უბრალოდ, რიცხვებს ვხედავ და ვკითხულობ (იღიმის).

- თქვენი ეს ნიჭი როდის აღმოაჩინეთ?

- ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევიათ. მეექვსე-მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ამ საკითხს ფიზიკის მასწავლებელმა - ვინორი კვარაცხელიამ ყურადღება მიაქცია - გადაირია, როცა გაიგო, ასეთი უნარი მქონდა. დღევანდელი დღესავით მახსოვს: მკითხა, - 131 X 125 რამდენიაო? - 16375-მეთქი. - გამოდი და დაფაზე დაწერეო. საერთოდ, რიცხვებს ქვეშმიწერით არ ვამრავლებდი. დაფასთან რომ გავედი, ისე გავამრავლე, როგორც წესი იყო... მაშინ კომუნისტური რეჟიმი გახლდათ. ერთადერთი, ჩემ შესახებ გაზეთში - "ახალგაზრდა კომუნისტი" სტატია გამოაქვეყნეს - ასეთი გენიოსი გვყავსო (იღიმის)... სკოლა წარჩინებით დავამთავრე. ატესტატში ხუთი "ოთხიანი" მყავს, დანარჩენი - სულ ფრიადი. შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურიც მომიხდა... სამხედრო ცხოვრების გავლის შემდეგ, საუკეთესო ოპერატორიც გავხდი. მაგალითად, ჰაერში მიზანი რომ "დაგეჭირა", რეკორდული დრო 8 წამი იყო, მე კი მიზანს 6 წამში "ვიჭერდი", რადგან ამისთვის პატარა მათემატიკური გათვლა იყო საჭირო. მერე, ჯარში გამორჩეული სამხედრო სამსახურისთვის თავდაცვის მინისტრმა დამაჯილდოვა. კომუნისტური რეჟიმის დროს, რაც კი ჯილდო არსებობდა, მგონი, ყველა მიღებული მაქვს (იღიმის)... საქართველო-რუსეთის სავაჭრო კომპანიაშიც ვმუშაობდი - კომერციული მიმართულების დირექტორი გახლდით. შემდეგ იქაურობას რომ შევხედე, "კარგი ჰაერი" არ მოდიოდა - კორუფცია იყო, "გადაგდებაზე" იყვნენ გადასული. ასეთი რამე ჩემგან შორსაა - ვერ ავიტანდი, პატიოსანი კაცი ვარ... ამიტომ იქ მუშაობას თავი დავანებე და საქართველოში დავბრუნდი... თუ მათემატიკა ვისწავლე, ვენახის გასხვლის სწავლას ვერ შევძლებდი... ვმუშაობ, სოფლის მეურნეობას მივდევ. აბა, რა ვქნა? შვილები, შვილიშვილები მყავს, ოჯახს რჩენა უნდა. ვწვალობ...

- არავინ დაინტერესებულა, რომ თქვენი განსაკუთრებული ნიჭიერება უფრო ფართო მასშტაბით გამოეყენებინათ?

- იცით, რა არის? არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. არც თვითრეკლამას ვიკეთებ. სადაც ახლა ვარ, იქ ბევრ ადამიანს ვჭირდები: ზოგს რისი გამოთვლა უნდა, ზოგს - რისი, მაგალითად - ვენახის "ჩაყრისას"... ჩემი თავის ფასი ვიცი. ყველას უანგაროდ ვეხმარები, მაგრამ უანგაროდ დახმარების მერე, ზოგი ქედმაღლურად ყურებას გიწყებს, რაც არ მომწონს... სიღნაღის რაიონში, ვაჩნაძიანში (წინათ "შრომა" ერქვა) ჩემი მამულები მაქვს, ჩემთვის ვფუსფუსებ... ოჯახი 1990 წელს შევქმენი. ამჟამად, 3 ბიჭი და 1 გოგონა მყავს. გოგონა სკოლაში სწავლობს. ამას წინათ ამოცანა მომიტანა. ავუხსენი, რა როგორ იყო. თურმე, მასწავლებელს ვერ ამოუხსნია - წიგნში შეცდომით წერიაო. ჩემი შვილის ერთ-ერთი კლასელი საკლასო ოთახში მერხიდან წამომდგარა და მასწავლებლისთვის უთქვამს, - ამას მათემატიკოსი მამა ჰყავს. ამოცანა მან თუ ამოხსნა, თქვენ რატომ ვერ ამოხსენითო (იცინის)?.. საერთოდ, ასეთი კაცი ვარ: ადამიანების მოსმენა მიყვარს. ბევრს არ ვლაპარაკობ. პოლიტიკაში არ ვერევი. დაე, ჩემი ცხოვრება ისეთი იყოს, როგორიც მიწერია.

- გული არ გწყდებათ, რომ თქვენი შესაძლებლობების ფართო მასშტაბით გამოყენების საშუალება არ გაქვთ?

- შურიანი კაცი არ ვარ. ამას წინათ, ერთ-ერთი უწიგნური ჩემ შესახებ ამბობდა, - ამას ჭკუა სად აქვსო?!. ყვარყვარე არ ვარ, რომ ჯერ ერთ პოლიტიკურ პარტიას შევეკრა, მერე - მეორეს და რაღაცას ვებღაუჭო, თორემ შემეძლო, მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს "შევკედლებოდი", რომელიც ჩემი ჯგუფელი გახლდათ - "გეპეიში" სწავლისას, პირველ-მეორე კურსზე ერთად ვსწავლობდით. დიდებული პიროვნებაა. ამ კაცმა ყველას დანახვა იცის, მაგრამ არასოდეს შემიწუხებია. თან, წარმოიდგინეთ, დიდი პრობლემების წინაშე ვიდექი: ავტოავარიაში მოვყევი, ოპერაციისას თავის ქალა ორჯერ ამხადეს...

- ბატონო გია, ზეპირი გამოთვლისას გონებას ძაბავთ?

- ორნიშნა, სამნიშნა რიცხვების შემთხვევაში - არა. საერთოდ, პასუხი მაშინვე მზად მაქვს - არც ვფიქრობ, მაგრამ გონებაში რიცხვი რომ იწერება, მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვა ხომ უნდა, პასუხი რომ ვთქვა, არა? ტვინს დაძაბვა მხოლოდ ციფრების დაჯგუფებისას უწევს.

- მაქსიმუმ, რამდენნიშნა რიცხვების ზეპირი ანგარიში შეგიძლიათ?

- ოპერაციამდე უფრო დიდ რიცხვებზე "ავდიოდი". ახლა სასურველია, გამოთვლის პასუხი ექვსნიშნა რიცხვი იყოს. თუ შემეკითხებით, უცბად გიპასუხებთ...

- 322X522?

- 168084.

- ფაქტია, თქვენი გონება კალკულატორზე სწრაფად მუშაობს. თქვენი შვილებიდან რომელიმე მათგანს აქვს ეს ნიჭი?

- არა. საერთოდ, ადამიანს ტვინის რომელიღაც უჯრედი ზედმეტად აქვს განვითარებული. რასაც მე ვაკეთებ, ისინი ვერ გააკეთებენ. სხვათა შორის, საღამოს, როცა ღუმლის გვერდით ვსხდებით, ჩემს გოგონას რაღაცებს ვეკითხები - მათემატიკაში "ქაჩავს". ბიჭებს რაც შეეხებათ, ზოგმა ჰუმანიტარული მიმართულება აირჩია, ზოგმა - ხელობა, თუმცა რაშიც მათემატიკა საჭიროა, ყველაფერი იციან - პროცენტის გამოთვლა, მიმატება, გაყოფა (იცინის)... მთავარი ეს არის.

- როგორი სტუდენტი იყავით?

- ტექნიკურ საგნებში ძლიერი ვიყავი. "გეპეიში" სწავლისას ერთადერთი საგანი ფილოსოფია, რაც "ჩაწყობილი" მაქვს. უბრალოდ, ბევრი კითხვა სჭირდებოდა. ლექტორიც ისეთი მყავდა, ვერ "გამუღამებინებდა", რა. მისი ნალაპარაკევი უნდა გაგეაზრებინა, გაგემეორებინა. თან, წარმოიდგინეთ, მაშინ "ათეიზმსაც" გვიკითხავდნენ, ჯარიდან დაბრუნებულს კი ლექტორმა "ღმერთის ისტორიის" ლექციების კითხვა დამიწყო, ანუ ჯერ ღმერთს უკუაგდებდა, მერე მის ისტორიას გვაკითხებდა... კიდევ, "პარტიის ისტორიას" გვასწავლიდნენ. ლექციებს ჩემი მოგვარე - პროკოფი ნოზაძე გვიკითხავდა. მაგალითად, მოსკოვის ბაუმანის სახელობის საარჩევნო პუნქტში, ბრეჟნევის სიტყვის წარმოთქმის შესახებ. ბევრი უნდა გეწერა და გეკითხა. ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ ხალხს წერა არ გვიყვარს. კონსპექტებს, სემინარებს არ ვწერდი.

- როგორია დღესდღეობით თქვენი ყოველდღიურობა?

- ჩემი 2 ვაჟი საზღვარგარეთაა, ერთი - რუსთავში ცხოვრობს. თავად ვაჩნაძიანში სოფლის მეურნეობას მივდევ - ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრება მაქვს, როგორც სოფელს შეეფერება. ვენახს, ატამს ვუვლი...

- თქვენს ნიჭს გავარჯიშება სჭირდება?

- საღამოს 6 საათის მერე, დრო მაქვს, რომ ჩემს გოგონასთან ერთად დავჯდე და როცა სასკოლო დავალებას შეასრულებს, შევუმოწმო, ვასწავლო... სოფელში თუ ვინმე მეტყვის, - ესა და ეს დავაგეგმაროთო, ვეხმარები. ბევრს უკითხავს, - ვერ გაგვიგია, აქ რამდენი კუბური მეტრი წყალი ჩავა, რამდენი შეშა იქნება საჭიროო? ჩემთვის მსგავსი საკითხების გადაჭრა უმარტივესია, ისინი კი ძალიან წვალობენ. ამიტომ ხალხს ვეხმარები.

- თქვენს ჯგუფელებს შორის სხვა ცნობილი ადამიანებიც იყვნენ?

- მაგალითად, მამუკა კალმახელიძე, რომელიც წლების წინ, გარდაბანში საგადასახდოს უფროსი იყო. მას ერთხელ შემთხვევით შევხვდი. თავი შორს დაიჭირა... როცა ხედავ ადამიანს, გრძნობ, სათქმელს როგორ გეუბნება. გამოთქმა რომ არსებობს - ადამიანს ჰაერში ვცნობო, ზუსტად ასე ვარ...

- რამდენი ხანია, რაც ოფიციალური სამსახური არ გაქვთ?

- 20 წელზე მეტია... ერთი პერიოდი, სახანძროშიც ვმუშაობდი - უფროსი ინსპექტორი გახლდით.

gia-nozadze-2-1674402344.jpg

- თქვენს თავს როგორ სამსახურში ხედავთ, სად შეძლებდით თქვენი უნარების რეალიზებას?

- ვერ ვიტყვი, ლაუაზიეს ახალ კანონს აღმოვაჩენ-მეთქი (იღიმის). ეკონომიკის სფეროში, სოფლის მეურნეობაში "გავქაჩავ". თავმდაბალი კაცის შესაფერისად, ნებისმიერ სფეროში ვიმუშავებ, თუნდაც - მშენებლობა იყოს. მაგალითად, ადამიანებს ფართობის ლაზერით გაზომვაც არ დასჭირდებათ - შემიძლია, თავად ვუთხრა, რა როგორ არის... ხელობაც, მეთუნუქეობაც ვიცი... იცი, ყველაზე კარგი რა იქნება? ყველამ თავისი საქმე აკეთოს. მაგალითად, კომპოზიტორის მთავარ ექიმად დანიშვნა ხომ აბსურდია, არა? ყველამ იმ სფეროში უნდა იმუშაოს, რაშიც პროფესიონალია.

- ჩვენი ქვეყნის დღევანდელ სიტუაციას როგორ აფასებთ?

- პრემიერ-მინისტრის გარკვეული ინიციატივები მომწონს. სამწუხაროდ, დღესდღეობით, პოლიტიკოსები ერთმანეთის ქილიკში ატარებენ დროს და არა - იმაზე ფიქრში, საქმეს როგორ ეშველება. მაგალითად, გაიძახიან, - ბიძინა ოლიგარქიაო! თავად სახელმწიფოს რამდენი მოჰპარეს?.. ან მიხეილ სააკაშვილი ავიღოთ: პატიმარია, კომფორტშია, მაგრამ ამხელა ამბავია ატეხილი. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ქვეყანაში ყველანი პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულები უნდა იყვნენ. ახლახან შალვა რამიშვილმა ტელეეთერში გაუშვა, ნიკა მელია მიშას დედას როგორ აგინებს. ყველაფრის ტელევიზიაში გამოქვეყნება არ შეიძლება. ეთერში იმაზე უნდა ილაპარაკონ, ხალხს რა უჭირს, მაგრამ ამის ნაცვლად, ერთმანეთის "პრიკოლებს იჭერენ" - აუ, იმან ის თქვაო... ყველაზე მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთის ნუ შეგვშურდება.

ეთო ყორღანაშვილი