"მითხრეს, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტისთვის ეს შეუფერებელი საქციელი იყო" - გზაპრესი

"მითხრეს, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტისთვის ეს შეუფერებელი საქციელი იყო"

გიგა ლაზარეშვილი 20 წლიდან სამოდელო სფეროში აქტიურად თანამშრომლობს. ასევე, დიზაინერია, აქვს ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი, მართავს ბიზნესს... ალბათ გაგაკვირვებთ და გიგა ამასთანავე, პროფესიონალი ხატმწერია. განათლება სასულიერო სემინარიაში მიიღო...

დავინტერესდით, როგორ ახერხებს ახალგაზრდა ხელოვანი და ბიზნესმენი რადიკალურად განსხვავებულ სამუშაო სფეროებში მუშაობას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ...

- ახლობლები ხშირად მიმითითებდნენ, რომ მოდელის აღნაგობა მქონდა და მირჩევდნენ, სამოდელო სააგენტოში მივსულიყავი. საერთოდ, თავმდაბალი ვარ - ყველა ჩემზე უკეთესი მგონია. ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, რომ შეუხედავი ვიყავი, მაგრამ ეს პერიოდი გადავლახე და ერთ-ერთ სააგენტოში მივედი. თავდაპირველად, სიგარეტის მწარმოებელი ცნობილი ბრენდის სახე გავხდი. ბილბორდებზეც ვიყავი აღბეჭდილი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იყო განთავსებული. შემდეგ ბევრ გადაღებაში ვმონაწილეობდი... იმ სააგენტოში დიდხანს არ გავჩერებულვარ. საკუთარი ინიციატივით, "ლუქმოდელსში" მივედი ნინო ცქიტიშვილთან. ნინო თავისი მოდელების წარმატებისთვის ყოველთვის იბრძვის. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს - ბევრი ქართველი მოდელის მიღწევების სახით. "ლუქმოდელსში" ამიტომაც მივედი. ვმონაწილეობდი სხვადასხვა ბრენდისთვის გადაღებებში... ამჟამად, "დოლჩე&გაბანასა" და მსოფლიოში ცნობილ სხვა ბრენდებთან თანამშრომლობისთვის ვემზადები...

img-0421-1674548871.jpeg

- მოდელის პროფესია შრომატევადია?

- ძალიან შრომატევადი და დამღლელია. შეიძლება მთელი დღე იმუშაო, საქმე მაინც ვერ მოასწრო - გადაღება მეორე დღეს გაგრძელდეს. თან, სამოსის უამრავჯერ გახდა-ჩაცმა და კამერის წინ პოზირება მარტივი არ არის (იცინის).

- საქართველოში მოდელის შრომა სათანადოდ ფასდება?

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოდელის ჰონორარი ნაკლებად ბიუჯეტურია. უმეტესად, ყველას უფასოდ თანამშრომლობა უნდა ან შრომის სანაცვლოდ, "კაპიკებს" გვიხდიან. ამიტომ წარმატების მიღწევას უცხოეთში ვცდილობ; ძალიან მაღალი ანაზღაურება იქაც არ არის, მაგრამ მოდელს ბევრ ჩვენებაზე გიწევს გასვლა და დღეში სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებ. საქართველოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, იქ მაინც ბევრად მაღალი ჰონორარია და სამუშაო დროც ზუსტადაა გათვლილი. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში დილის 7 საათზე დაგიბარებენ, მაგრამ შეიძლება, შენი გადაღება საღამოს 7-ზე იყოს და მანამდე უბრალოდ, უქმად იჯდე...

- საინტერესოა, სასულიერო აკადემიაში ჩაბარების სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- ბავშვობიდან ვხატავდი. თვითნასწავლი გახლდით. მეშვიდე კლასში უკვე პროფესიულ დონეზე დავიწყე ხატვა - ადამიანის ზუსტი ასლის დახატვა შემეძლო. არაჩვეულებრივ მხატვართან - დიმიტრი გელაშვილთან მოვხვდი და მასთან ერთად ვხატავდი. ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა, მათ შორის ხატებიც მქონდა (მაშინ ხატწერა არ ვიცოდი - უბრალოდ, ვხატავდი). ასევე, ბავშვობიდან ბოლნისის სიონში სტიქაროსანი ვიყავი. ბოლნისში, ივერიის ღვთისმშობლის ხატს ოჯახში მიაბრძანებენ ხოლმე. როცა ხატი ბოლნისის ეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა ჩვენს ოჯახშიც მოაბრძანა, სახლიც გვიკურთხა. მეუფემ ნახა, რომ ერთ-ერთ ოთახში უამრავი ნახატი მქონდა. თავზე ხელი დამადო და მითხრა, - შენგან კარგი ხატმწერი გამოვაო. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ხატწერაზე არც მიფიქრია. რამდენიმე წლის შემდეგ, აბიტურიენტობისას, სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შესახებ ჩემი გადაწყვეტილება მეუფე ეფრემის ნათქვამმაც განაპირობა - მისი თხოვნითა და კურთხევით ჩავაბარე, ხატწერა-რესტავრაციას დავეუფლე.

- სემინარიაში როგორი სიტუაცია დაგხვდათ?

- გულთბილი, მზრუნველი სტუდენტებისა და ლექტორების გარემოცვაში მოვხვდი. თან, ჩვენი სასწავლებელი არაჩვეულებრივ ადგილას - ანჩისხატის ეზოში იყო... იქ სხვა სულიერება ტრიალებდა. ამიტომაც საქმეს დიდი მონდომებით მივყევი. ხატწერა არაჩვეულებრივმა ხატმწერმა - მიხეილ ბერიძემ შემაყვარა, რომელიც ისე მიხსნიდა და მასწავლიდა, რომ ხატების შეკვეთებიც ავიღე, მათ შორის, უცხოეთიდანაც. ჩემი დაწერილი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ემიგრანტმა ქალბატონმა შემიკვეთა, რაჭაში, ერთ-ერთ მონასტერშია დაბრძანებული.

- რესტავრაციასთან დაკავშირებულ პროექტებში თუ მონაწილეობდით?

- მესამე კურსზე ჩვენი ჯგუფი გელათის მონასტერში წაგვიყვანეს, სადაც რესტავრაცია უნდა ჩაგვეტარებინა: უძველესი მოზაიკური ამბიონი იყო აღმოჩენილი, რომელსაც ბეტონის საფარი მოვაშორეთ და საუკუნეების წინანდელი სახე დავუბრუნეთ. შემდეგ ჩვენი ჯგუფი წალენჯიხის მონასტერში, 3-თვიან ექსპედიციაში იყო. მაშინ მადრიდში ვიმყოფებოდი - კასტინგებზე სიარული ხშირად მიწევდა, მაგრამ ექსპედიციაში რამდენიმე დღით მაინც ჩავედი, ჯგუფთან ერთად ვიმუშავე - ხარაჩოზე დილიდან საღამომდე ვშრომობდით... მერე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ბანკის ძველი საცავის აღდგენაში ვმონაწილეობდით...

- სამოდელო სფეროში თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, სასულიერო სემინარიის ლექტორებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?

- თავდაპირველად, როცა სიგარეტის ბრენდის სახე გავხდი, კათედრაზე დამიბარეს და მითხრეს, რომ საჯაროდ გაშიშვლება სასულიერო სემინარიის სტუდენტისთვის შეუფერებელი საქციელი იყო. დღევანდელი გადასახედიდან, მათ აზრს ნამდვილად ვეთანხმები. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, ბილბორდისთვის გადაღება სხვანაირად მიხაროდა. თან, ოცნებად მქონდა, ქალაქის ქუჩებში გავლისას ჩემი გამოსახულება სარეკლამო ბანერზე მენახა (იღიმის). დღეს კვლავ სიგარეტის რეკლამირება რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი, რადგან თავად მწეველი არ ვარ და სხვებს მოვუწოდებ, არ მოსწიონ.

- სარეკლამო გადაღებაში ნახევრად შიშვლად გამოჩენას დათანხმდებით?

- არა, მსგავს ფოტოსესიაში მონაწილეობაზე უამრავი შემოთავაზება მქონდა (მაგალითად - საცვლების რეკლამა), მაგრამ უარი ვთქვი. ჩვენი ქვეყანა ამისთვის ჯერ მზად არ არის. არჩევანის წინაშე რომ ვდგები, ასეთ შემოთავაზებებზე უარს ვამბობ.

- დღეს ხატებს აქტიურად წერთ?

- დიახ. სასულიერო აკადემიას დავუბრუნდი - მის გარეშე ვერ ვძლებ. ხატწერას ისევ მიხეილ ბერიძესთან ერთად ვახორციელებ, ვშრომობ, რადგან გამოფენისთვის მინდა მოვემზადო. ამისთვის შეიძლება წლები დამჭირდეს... თან, ბიზნესს ვმართავ, თან - ხატებს ვწერ. ეს ჩემს სულიერ მდგომარეობას ძალიან სჭირდება.

- ხატის წერაზე რას გვეტყვით?

- ხატის წერის დაწყება მარტივი არ არის. რა თქმა უნდა, ადამიანი სულიერად მშვიდად უნდა იყო, რომ ამ საქმეს შეუდგე. ლოცვის გარეშე, როცა უგულოდ წერ, ხატი მეტყველი არ გამოდის. რომელ ხატსაც წერ, იმ წმინდანის ისტორია აუცილებლად უნდა იცოდე. რასაც გამოსახავ, ყველაფერს თავისი განმარტება აქვს, მაგალითად - ყურძენი რას ნიშნავს, ღვთისმშობელს მეწამული ფერის სამოსი რატომ აცვია, მოღუშული სახე რატომ შეიძლება ჰქონდეს...

img-8064-1674548884.jpg

- როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი სამხატვრო აკადემიაში, მოდის დიზაინის ფაკულტეტზეც სწავლობდით....

- დიახ. გრაფიკაში გენიოს მხატვართან - ია ფიცხელაურთან ვემზადებოდი და 100%-იანი დაფინანსებაც მივიღე. შემდეგ, აკადემიაში სწავლის პარალელურად, ქალბატონ იასთან კერძოდ ვემზადებოდი, რადგან მინდოდა, მასთან ერთად ტანსაცმლის მოდელირებაზე ამომწურავად მემუშავა. მის სახელოსნოში დამატებით კურსებს გავდიოდი ცოდნის ასამაღლებლად, ესკიზებს ვქმნიდი... მერე ამ ესკიზებით კოლექციის შექმნა დავიწყე და საკმაოდ მაღალი ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი შევქმენი.

- ისევ მუშაობთ ამ მიმართულებით?

- აქტიურად. 1 თვეა, რაც ბათუმში ვარ, რადგან მაღაზია აქ მაქვს. პარალელურად, ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, რათა გაზაფხულზე მაღაზიაში შევიტანო. ასევე, მოდის დიზაინის მიმართულებით, სამაგისტრო პროგრამის საზღვარგარეთ (მილანში) გავლა მინდა. თებერვლიდან გამოცდებისთვის მომზადებას დავიწყებ...

- თქვენი ბრენდის მაღაზიები თბილისში არ გაქვთ?

- თბილისში 3 მაღაზია მქონდა: 2 - ვაკეში, ერთი - წერეთელზე. სამივე დავხურე, რადგან საქართველოში რუსების მასობრივმა შემოსვლამ კომერციული ფართობების ქირის გაორმაგება გამოიწვია, რაც ნამდვილად დიდი სატკივარია. მცირე მეწარმეებს არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი განვავითაროთ, რადგან იჯარა გვიორმაგდება. გაყიდვების ისეთი მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს, რომ იჯარის გადახდა შევძლოთ. იმასაც აღვნიშნავ, რომ ძირითადად, ქართველ ხალხს მუშაობა ეზარება. 31 წლის ვარ. ვერ წარმოიდგენთ, მაღაზიაში რამდენს ვშრომობ: დამლაგებელიც ვარ, კონსულტანტიც, კურიერის ფუნქციაც შემითავსებია... არაფერი მეზარება, არც - მეთაკილება, ოღონდ საქმე გამოჩნდეს... როცა ვაკანსიას ვაცხადებ, გასაუბრებაზეც არ მოდიან: შემითანხმდებიან და დანიშნულ დროს რომ ვურეკავ, ტელეფონზეც არ მპასუხობენ. თან, ჯერ არ იციან, როგორ გარემოში მოუწევთ მუშაობა, მაგრამ სოციალურ ქსელში შეთხზულ კომენტარებს წერენ, რომ "2 კაპიკის" სანაცვლოდ, ადამიანებს მონური მუშაობა უწევთ. არადა, საქმეში გამოუცდელ ადამიანს "მოჭრილ" ხელფასად 700 ლარს ვთავაზობდი, პლუს - ბონუსს გაყიდული პროდუქციიდან... მოკლედ ან მუშაობა ეზარებათ, ან - ვერ მუშაობენ და მიდიან... საბოლოო ჯამში, მუშაობა ისევ თავად მიწევს...

- კიდევ რამეს საქმიანობთ?

- მუსიკალური განათლებაც მაქვს: ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი, სასულიერო სემინარიაში ბოლნისის მგალობლებთან ერთად ვგალობდი. წლების წინ, უშუქობისა და უბედურების პერიოდი ოჯახმა სიმღერით გადავიტანეთ: დედას მუსიკალური განათლება აქვს, ფორტეპიანოზე უკრავდა, მღეროდა... სახლში ხელოვანი ადამიანები გვსტუმრობდნენ... რასაც ბავშვობიდან უყურებ, გონებაში გებეჭდება, შემდეგ კი ამ მიმართულებით ვითარდები... სანამ ახალგაზრდა ვარ და რამის გაკეთება შემიძლია, მინდა ყველაფერი ვცადო. ასევე, მსურს, ტანსაცმლის ჩემი კოლექცია საზღვარგარეთ ექსპორტზეც გავიდეს. "პლუს საიზ" მოდელებიც გვაქვს ქალბატონებისთვის, მამაკაცის სამოსზე და ფეხსაცმელებზეც ვმუშაობთ... ასევე, მამაჩემს თავისი კომპანიის საქმიანობაში ვეხმარები (მარკეტინგის მიმართულებით): სოფლის მეურნეობისთვის საჭირო საკმაოდ ხარისხიანი ტექნიკა შემოგვაქვს...

- როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს, როცა თქვენ შესახებ იგებენ, რომ ერთდროულად მოდელი, ხატმწერი, დიზაინერი და ბიზნესმენი ხართ?

- უკვირთ, მაგრამ დადებითი რეაქცია აქვთ... საერთოდ, საკუთარი თავის ბევრ სფეროში გამოცდა მიყვარს, რათა გავერკვე, რისი უნარი მაქვს...

ეთო ყორღანაშვილი