"ჩემში ადამიანზე ზრუნვის და მისი დაცვის უნარი გაძლიერდა" - გზაპრესი

"ჩემში ადამიანზე ზრუნვის და მისი დაცვის უნარი გაძლიერდა"

"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილემ - სალომე ბარათაშვილმა გაგვიმხილა: თურმე, ყოველთვის ჰქონდა შეგრძნება, რომ ერთ დღესაც, როცა ქუჩაში გაივლიდა, ბევრი ადამიანი იცნობდა... ფაქტია, ეს გამართლდა - დღეს სალომე საკმაოდ პოპულარულია...

- პროექტის მიმდინარეობისას თუ დამთავრების შემდეგ, არ შევცვლილვარ, თუმცა ჩემ ირგვლივ ახლა ყველაფერი სხვანაირია: აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მათ ვუყვარვარ და ახლაც მგულშემატკივრობენ. მეამაყება, რომ თითოეულ მათგანს ზუსტად ის ღირებულებები და პრინციპები აქვს, რომლებიც ჩემთან კიდევ უფრო აახლოებს... პროექტმა პოპულარობა მომიტანა, რაც ჩემ მიმართ ადამიანების გულწრფელ და უანგარო სიყვარულში გამოიხატება. ეს სიყვარული ორმხრივია - მათზე მეც ვგიჟდები!.. ჩემთვის ისინი დიდი და საჭირო ენერგიის წყარო არიან. ასევე, რეალითი შოუში მონაწილეობით საკუთარი თავის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. შესაბამისად, ჩემნაირ თუ ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ახლა როგორ ხარ? ახალი წლის დღესასწაულები როგორ გაატარე?

- პროექტიდან გამოსვლის შემდეგ, გარკვეული დრო დამჭირდა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. იქ არსებულ სიტუაციას ისე მივეჩვიე, რომ მონატრების განცდა დღემდე მაქვს... ახალი წლის პირველი დღეები სახლში, ოჯახის წევრებთან - მამასა და ძმასთან ერთად გავატარე. ამჟამად, დედა ემიგრაციაშია, მაგრამ ვიდეოზარით შევძელით, ახალი წლის დღესასწაული ერთად აღგვენიშნა. შემდეგ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ბარში ვიყავი, რადგან გართობა ძალიან მიყვარს და მონატრებული მქონდა. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა უცებ მითხრა, რომ გულშემატკივრებმა საჩუქარი გამიკეთეს და მეგობრებთან ერთად, თბილად და ტკბილად დასასვენებლად ყაზბეგში მიშვებდნენ. ეს დიდი სიურპრიზი იყო!..

- შენი ბავშვობის შესახებ გვიამბე: როგორ გარემოში გაიზარდე?

- დღეს ჩემთვის ოჯახი უმნიშვნელოვანესია, რადგან ბავშვობიდან ყველანი ერთად შეკრულები ვიყავით, ჭირსა და ლხინს ერთმანეთს ვუზიარებდით... და-ძმა მყავს. ამიტომ ვიცი, დედმამიშვილობა რა მაგარია... უკვე 5 წელია, რაც დედა იტალიაში გაემგზავრა. რაღაცნაირად, ოჯახური საკითხები ჩემზე გადმოვიდა. იმ დროს ჩემი უფროსი და უკვე დაოჯახებული იყო. სახლში ქალი მხოლოდ მეღა დავრჩი. ამიტომ მამასა და უმცროს ძმაზე თავად ვზრუნავდი, რამაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გამზარდა, ჩამომაყალიბა და გამაძლიერა. უფრო მეტად ემოციურიც გავხდი. ასე რომ, მგონი, ჩემში ადამიანზე ზრუნვის და მისი დაცვის უნარი გაძლიერდა.

- ოჯახურ საკითხებთან გამკლავება გაგიჭირდა?

- რა თქმა უნდა, თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა, რომ დედა სახლში არ იყო. არ ვიცოდი, სიტუაციის მართვა, რაღაცების განაწილება საიდან უნდა დამეწყო. ძალიან "არეული" ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ერთადერთი, რითაც დედას დავეხმარებოდი, ძლიერად ყოფნა იქნებოდა. მგონია, ამას თავი გავართვი.

- ბავშვობაში რა მიზნები და ოცნებები გქონდა?

- ბავშვობიდან ყოველთვის ვამბობდი, - ის დღე აუცილებლად დადგება, როცა უამრავი ხალხი გამიცნობს, პოპულარული ვიქნები-მეთქი (იცინის). თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, რადგან ჩვენთან სამსახიობო სფერო ნაკლებად ანაზღაურებად მიიჩნევა - ფინანსურად გამართული ვერ იქნები ადამიანი. ამიტომ ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი სპეციალობა მენეჯმენტი და ფინანსებია. თავდაპირველად, ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია ჩემთვის რადიკალურად სხვაგვარი იყო, მაგრამ ასეც არ ყოფილა: მართლა ძალიან მომწონს, რაც მენეჯმენტს მოიცავს. ამიტომ პროფესიით ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიაში ვმუშაობდი - კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი გახლდით. ბოლოს მივხვდი, რომ იქ ჩემი თავი ამოვწურე და საოფისე ამბები "ჩემი" არ იყო (იღიმის)... ამიტომ ჩემს ცხოვრებაში "პრაიმ ჰაუსი" შემოიჭრა. მიხარია, რომ ამ პროექტმა ჩემი რეალური პიროვნება უფრო მეტად "გახსნა". მივხვდი, რა უნდა ვაკეთო და რა - აღარ. გარკვეული გეგმები მაქვს, თუმცა ჯერჯერობით, კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვარ. ვფიქრობ, "პიარის" მიმართულებით გადავიხრები ან გარკვეულ შემოთავაზებებს დაველოდები...

- პროექტის ფინალში, ალბათ, შენი სახე ბევრ მაყურებელს დაამახსოვრდა... შეგიძლია გაგვიზიარო, რას გრძნობდი, როცა ერთ-ერთ ფინალისტს ემიგრაციაში მყოფი დედა ჩამოუყვანეს და დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდა?

- ეს ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო! არ ვიცი, ეს სიტყვებით როგორ უნდა აღვწერო: უბედნიერესი ვიყავი, რადგან ზუსტად აღვიქვი და წარმოვიდგინე, რა მაგარი შეგრძნება ჰქონდა 2 ადამიანს - დედა-შვილს, რომლებმაც წლების მერე, ერთმანეთი პირადად ნახეს... ჩემი ცრემლები გულისტკენისაც იყო, ბედნიერების და სიხარულისაც... ყველაფერი ერთად მჭირდა (იღიმის)...

- როგორც ვიცი, პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, დედის საქართველოში ჩამოყვანას გეგმავდი...

- რაც დედაჩემი საქართველოდან წავიდა, მას მერე ჩემთვის მთავარი მიზანი მისი უკან დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, პროექტში ჩემი მონაწილეობა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ მთავარი მიზანი ის იყო, რომ დედაჩემი დამებრუნებინა... არ ვიცი, ახლა ამას ახლო მომავალში როგორ მოვახერხებ, მაგრამ იმას მაინც აუცილებლად შევძლებ, რომ იტალიაში თავად ჩავიდე და დედა მოვინახულო.

- შენი და პროექტის ერთ-ერთი მონაწილის - ნოდოს ურთიერთობა როგორ გრძელდება?

- ნოდო ძალიან კარგი ადამიანია. ერთმანეთს პატივს ვცემთ, კარგი დამოკიდებულება გვაქვს. პროექტის გარეთ, ვფიქრობ, რომ ვიმეგობრებთ. მან ყოველთვის იცოდა, მის მიმართ როგორი დამოკიდებულება მქონდა.

- არის შანსი, რომ თქვენი ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზარდოს?

- სიტყვის - "არასოდეს" გამოყენება არ მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩვენს რომანტიკულ ურთიერთობას არ უნდა ელოდოთ (იღიმის).

- როგორი ბიჭები იქცევენ შენს ყურადღებას?

- ჩამოყალიბებული კრიტერიუმები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ გარეგნობას რაც შეეხება, შავგვრემანი ბიჭები უფრო მომწონს; რა თქმა უნდა - მაღალი (თავად ჩემი სიმაღლე 183 სმ-ია), განათლებული... დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მეტყველების მანერას, ხმას, ქცევას... "დასტოინი" ტიპი უნდა იყოს.

- შეყვარებული ყოფილხარ?

- არასოდეს.

- ალბათ, გარკვეული ურთიერთობა მაინც გქონია. როგორი ხარ პირად ურთიერთობაში?

- კატასტროფა (იცინის)! ურთიერთობებში ძალიან მომთხოვნი ვარ. ჩემთვის ადამიანთან სერიოზული ურთიერთობის დაწყება რთულია. საერთოდ, ყველაფერში დეტალებზე ორიენტირებული ვარ, პირად ურთიერთობას კი განსაკუთრებულად სერიოზულად ვუყურებ. შესაბამისად, უფრო მომთხოვნიც ამიტომ ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთი ისეთი უნდა მიიღონ, როგორიც არიან. ერთმანეთის, ასე ვთქვათ, გამოსწორება არ უნდა ვცადოთ. ვფიქრობ, ერთმანეთის შეცვლის მცდელობა სწორი არ არის.

- პროექტში ყოფნისას აღნიშნავდი, ასეთი ტემბრის ხმა მაქვს, ხალხს კი ჰგონია, დამრიგებლური ტონით ვესაუბრებიო. ამის გამო, რეალურ ცხოვრებაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ? ადამიანები სწორად გიგებენ?

- საერთოდ ადამიანებს სხვების გაგება ძალიან უჭირთ, რადგან არ უნდათ, გაიგონ. მიიღონ, რომ კონკრეტული ადამიანი მართლა ასეთია. ყოველთვის უარყოფით რაღაცებს ეძებენ. როდესაც დადებითის პოვნას ვისწავლით (საკუთარ თავშიც და სხვებშიც), უფრო მეტად ლაღ და ნარნარა სიტუაციაში ვიქნებით (იღიმის). ამიტომ ადამიანები, რომლებიც ვერ მიგებენ და ვერ მიღებენ ისეთად, როგორიც ვარ, ჩემს ცხოვრებაში არ რჩებიან - მათ დარჩენის საშუალებას არ ვაძლევ.

- შენი პიროვნული თვისებებიდან რა გეამაყება და რა არ მოგწონს?

- ძალიან მეამაყება, რომ სამართლიანი ვარ და ადამიანის მიმართ უსაზღვრო მხარდაჭერის უნარი მაქვს. უარყოფითს რაც შეეხება, ფეთქებადი და მგონი, ძალიან ეგოისტიც ვარ (იცინის).

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- დედა, რა თქმა უნდა! ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვობიდან მოყოლებული, შემეძლო, დედისთვის ყველაფერი მომეყოლა, ჩემს სამეგობრო წრეს იცნობდა. ჩვენ შორის დამალული არაფერი ყოფილა. ზუსტად იცოდა ხოლმე, სად, ვისთან ერთად, როგორ ვიყავი, რა ოცნებები და სურვილები მქონდა... როცა საქართველოდან გაემგზავრა, ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაგვითბა. ადამიანი შენგან შორს რომ მიდის, უფრო მეტად აფასებ - აღარ მომწონს, რომ თუნდაც, ოდესმე დედა გამიბრაზებია...

img-4861-copy-1674549520.jpeg

- უმცროსი ძმის შესახებ რა გვეტყვი? პროექტში ყოფნისას როგორ გგულშემატკივრობდა?

- ძალიან მგულშემატკივრობდა და ნერვიულობდა. ერთი პერიოდი, ჩემ მიმართ დიდი "ჰეითი" იყო. ჩემი ძმა ამას ისე განიცდიდა, რომ პროექტს აღარ უყურებდა (იღიმის)... საბოლოო ჯამში, ყველანი ამაყები ვართ იმით, როგორც პროექტი დავტოვე... ჩემი ძმა აბიტურიენტია. სწავლობს, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ჯერ ზუსტად არ იცის, სწავლას რა მიმართულებით განაგრძობს...

- არის რამე, რისი წარმოჩენაც პროექტში ყოფნისას გინდოდა, მაგრამ ვერ მოახერხე, ვერ მოასწარი?

- პროექტში ყოფნისას ჩემი გადაცემის გაკეთება დავიწყე, მაგრამ 2 ეპიზოდის მერე, შევწყვიტე: "პრაიმ ჰაუსში" არსებულმა დისკუსიებმა ჩამითრია, კამათებს ავყევი... მიმაჩნია, რომ ამ გადაცემით საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას შევძლებდი. თან, წამყვანობა მომწონს და "დავტესტავდი" - ეს საქმე როგორ შემიძლია. ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენე...

- სალომე, არის კიდევ რამე, რაც გინდა, რომ საზოგადოებამ შენ შესახებ იცოდეს, მაგრამ ჯერ არ იცის?

- უამრავი რამეა, რაც ჩემ შესახებ არ იცის, მაგრამ ჯერჯერობით, არ ვიცი, მინდა თუ არა, რომ იცოდეს (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი