"საქართველოში ჩემი გული ვარდივით გადაშლილია, გერმანიაში კი მხოლოდ ჯეი მყავს" - გზაპრესი

"საქართველოში ჩემი გული ვარდივით გადაშლილია, გერმანიაში კი მხოლოდ ჯეი მყავს"

5 წელია, რაც მსახიობი ანა ჰაუკ-ალექსიშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ბერლინში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და თავისი პროფესიით მუშაობს, თუმცა ახლახან ანა ქართული სერიალის - "ხელოვნური სუნთქვის" ახალ, მე-3 სეზონში გამოჩნდა...

- "ხელოვნურ სუნთქვაში" ჩემი მონაწილეობა სპონტანურად მოხდა: თბილისში ვიყავი: ჩემს დას შვილი შეეძინა და ვიფიქრე, მოვინახულებ-მეთქი, რადგან 1 კვირა თავისუფალი დრო მქონდა. სამეფო უბნის თეატრში, ეკა დემეტრაძესთან მივედი - სპექტაკლი ვნახე. სპექტაკლის შემდეგ "ხელოვნური სუნთქვის" სცენარისტი - დავით გაბუნია შემხვდა, ერთმანეთი მოვიკითხეთ... მეორე დღეს კასტინგის მენეჯერმა - ეკა მჟავანაძემ დამირეკა: გავიგე, რომ საქართველოში ხარ. შემოთავაზება მაქვს, "ხელოვნური სუნთქვის" ახალ სეზონს ვიღებთ და თუ მარტამდე დრო და სურვილი გაქვს, კასტინგისთვის ვიდეო გადაიღეო. ბერლინში რეპეტიციები მარტის შუა რიცხვებში მეწყება, ამიტომ დავთანხმდი, - რატომაც არა-მეთქი? ქალბატონმა ეკამ ტექსტები გამომიგზავნა. 2 სცენა უნდა გადამეღო, რისთვისაც დრო მხოლოდ რამდენიმე საათი მქონდა. თან, მეორე დღეს ბერლინში მივფრინავდი. საქართველოში მეუღლის გარეშე ვიყავი ჩამოსული. აქ ცალკე ვცხოვრობთ. ბინა ახალი გარემონტებულია. ჯერ ბევრი ავეჯი არ მაქვს. სცენების გადასაღებად, ტელეფონი მაგიდაზე რომ დავდე, ბოთლს მივაყუდე, შემდეგ ქვეშ წიგნები დავუდე (იცინის)... მოკლედ კასტინგისთვის ვიდეოები ჩავწერე, გავგზავნე და მეორე დღეს ბერლინში გავფრინდი. ეკა დემეტრაძე სულ მწერდა, - მგონი, მოეწონათ, ვიკითხავო... ძალიან მგულშემატკივრობდა. რამდენიმე დღეში დამირეკეს, - ძალიან გვინდა, ვითანამშრომლოთო. გამიხარდა, რადგან საქართველოში მუშაობას მონატრებული ვიყავი.

- ვინ არის შენი პერსონაჟი და რამდენად საინტერესოა შენთვის მისი განსახიერება?

- ლიკა მელაძე რეპროდუქტოლოგია. მსახიობისთვის ყოველთვის საინტერესოა, როცა პერსონაჟი მისგან განსხვავებულია და იწყებს ძებნას, ასეთი ადამიანები როგორ იქცევიან, რა ამოძრავებთ... ჩემთვის საინტერესოა, რადგან როლზე მუშაობისას ბევრ სიახლეს ვპოულობ, როგორც მსახიობი და ადამიანი. ჩვენ ხომ უნდა "გავიგოთ" და შევიყვაროთ ის პერსონაჟი, რომელსაც ვასახიერებთ, არა? მნიშვნელობა არა აქვს, დადებითი გმირია თუ უარყოფითი. რადგან როლს ვთამაშობ, პერსონაჟის ქცევების გამართლებაც უნდა შემეძლოს.

- შენი გმირის რა თვისებამ განაპირობა, რომ ის შეგყვარებოდა?

- ლიკა განათლებული ადამიანია, ექიმი-რეპროდუქტოლოგი. ის იმ ხალხს ეხმარება, ვისაც შვილის ყოლის სურვილი აქვს. ბევრი საინტერესო ნიუანსია... თავისი კონკრეტული შეხედულებები აქვს, რომლებსაც მიჰყვება. რისი სურვილიც აქვს, იმას აკეთებს. ქართული რეალობიდან გამომდინარე, ბევრი წინააღმდეგობაც ხვდება. მაგალითად, ლიკას თუ ადამიანთან (მამრობითი სქესის წარმომადგენელს ვგულისხმობ) ყოფნა არ მოსწონს და დისკომფორტს გრძნობს, მასთან არ რჩება, თავის პოზიციას იცავს... დედისერთაა. დედასთან ერთად ცხოვრობს. დედა მკაცრია. ძირითადად, როგორც ხდება ხოლმე, მკაცრი მშობლები ბავშვის განათლებას და წარმატებას განაპირობებენ, რადგან სრულ კონცენტრაციას შვილზე აკეთებენ. რა თქმა უნდა, ამასაც ნეგატიური და პოზიტიური მხარეები აქვს... ადამიანი უყვარს თუ მოსწონს, ლიკა უკან არ იხევს, სათქმელს პირდაპირ ამბობს... ამის დანახვა პოზიტიურადაც შეგიძლია და ნეგატიურადაც.

- რომ არა "ხელოვნური სუნთქვა", ამ ხნის განმავლობაში, რის გაკეთებას აპირებდი, რა გეგმები გქონდა?

- ფილმის ვორკშოპი მქონდა (2 კურსი უკვე გავიარე), ასევე - "შოურილსების" (მოკლე ვიდეოები, რაც მსახიობისთვის "სივის" მსგავსია) გადაღებები... "შოურილსები" გადაღებული მქონდა, მაგრამ გერმანული ენის ცოდნა უფრო მეტად გავიუმჯობესე. ამიტომ სააგენტოებისთვის ახალი მასალა მჭირდებოდა. "ხელოვნურ სუნთქვაში" მონაწილეობის პარალელურად, ბერლინიდან კასტინგებზე მიწვევენ. 2 დღის წინ, 1-დღიანი გადაღების კასტინგისთვის მოკლე ვიდეო გადავიღე და გავგზავნე. პასუხს ველი... ხანგრძლივ გადაღებებს ვერ ვთანხმდები, რადგან საქართველოშიც უნდა ვიყო... ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ორივე ქვეყანაში მუშაობა უფრო მარტივი და რეალური გახდა. საქართველოში გარკვეულ შემოთავაზებებზე საუბარი წინათაც ყოფილა, მაგრამ როგორც კი იგებდნენ, რომ გერმანიაში ვცხოვრობდი, უკან იხევდნენ: - აუ, არა, რთულიაო. საბედნიეროდ, ეს შესაძლებელი აღმოჩნდა...

- გერმანიაში შენი ცხოვრება როგორ წარიმართა?

- იქ რომ ჩავედი, გერმანული საერთოდ არ ვიცოდი. ფაქტობრივად, ყველაფერი "ნულიდან" დავიწყე. მე და ჩემი მეუღლე ინგლისურად ვკონტაქტობდით. თან, მსახიობისთვის ენის ცოდნა, ლაპარაკი აუცილებელია. მოცეკვავე ან მხატვარი რომ ვყოფილიყავი, ბევრად მარტივი იქნებოდა. არ მინდოდა, ჩემს პროფესიას ჩამოვშორებოდი. მართლა ღამეებს ვათენებდი, რომ გერმანული ენა მესწავლა. მგონია, რომ სადაც ცხოვრობ, იმ ქვეყნის ენა უნდა იცოდე, პატივისცემის ნიშნად, თორემ ბერლინში ინგლისურად ყველა ლაპარაკობს.

- გვიამბე, ბერლინში რას საქმიანობ?

- საქართველოდან 2017 წელს გავემგზავრე. 2018-ში გერმანული ენა რაღაც დონეზე ვისწავლე. სამსახიობო სახელმწიფო სააგენტოში მივედი, გამოცდები გავიარე, რომ შემდეგ კასტინგებისთვის დამკონტაქტებოდნენ... გამიმართლა და ერთ-ერთ თეატრში ამიყვანეს - სპექტაკლში ვითამაშე. სხვათა შორის, იმ სპექტაკლს ეკა დემეტრაძეც დაესწრო. დაცდილი გვაქვს: როცა ერთმანეთის სპექტაკლებს ვესწრებით, აუცილებლად რაღაც კარგი ხდება (იცინის)... ზუსტად იმ დღეს ერთ-ერთი რეჟისორი ქალი მოვიდა და მითხრა, - სირიის თემაზე სპექტაკლს ვდგამთ. როლისთვის გოგოს ვეძებთ. თუ თანახმა ხართ, დეტალურ ინფორმაციას გამოგიგზავნითო. სიამოვნებით დავთანხმდი და მეორე სპექტაკლშიც ვითამაშე. ის თეატრი ბევრ ტურნეზე დადიოდა, ამიტომ ბევრ ისეთ ქალაქში ვიყავი, სადაც ალბათ, სხვა შემთხვევაში არ მოვხვდებოდი. ძალზე საინტერესო იყო... მერე სხვა წარმოდგენებშიც მივიღე მონაწილეობა, სხვა თეატრთანაც ვითანამშრომლე... ბოლო პროექტს რაც შეეხება, როზა ლუქსემბურგის როლი ვითამაშე. სპექტაკლები სერიებივითაა - 3 "სერია" დადგეს. ახლა მეოთხე ნაწილის დადგმასაც აპირებენ. რეპეტიციები მარტის ბოლოს დაიწყება. როზა ლუქსემბურგის შესახებ ყველას გაგვიგონია, მაგრამ რეალურად, გერმანიაშიც კი მისი ისტორია ბევრმა არ იცის. საინტერესოა. ამ როლზე მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე. პლუს, თეატრი გერმანულ ენას, მეტყველებას, გამოთქმას კარგად მასწავლის. თან მეხმარებიან, მაგალითად, სიტყვაში მახვილი სად დავსვა და ა.შ. პლუს, სარეკლამო გადაღებებში ვმონაწილეობ, რაც ძალიან მიყვარს: მცირე დროში არაჩვეულებრივ ჰონორარს იღებ (იცინის)!..

- საქართველოში თეატრთანაც თანამშრომლობ?

- იცი, როგორ ხდება? მაგალითად, დოიმ რომ გაიგო, აქ ვარ, მთხოვა, - იქნებ, "მაკბეტში" ითამაშოო. თუ არის საშუალება, ვთანამშრომლობ...

- გერმანიასა და საქართველოში მუშაობის სტილი, რეჟიმი ალბათ, ერთმანეთისგან განსხვავებულია. როგორ ახერხებ, რომ ორივეს მოერგო?

- გერმანიის სტილზე მორგება უფრო გამიჭირდა, უფრო ზუსტად - გამიკვირდა, რადგან ქართულს ვარ მიჩვეული: იქ რეპეტიცია ზუსტად დანიშნულ დროს იწყება და სრულდება. ჩემთვის ეს შოკი იყო (იცინის)!.. დღის დაგეგმვის თვალსაზრისით, იდეალურია. იქ ცხოვრების ისეთი ტემპი და ისეთი მაღალი კონკურენციაა, რომ თეატრში მუშაობის გარდა, სხვა რაღაცებზეც უნდა იზრუნო, კასტინგებზე იაქტიურო... 5 წელი სრულიად უცხო ენის შესწავლისთვის და ამხელა ქვეყანაში რაღაცების გასაკეთებლად ბევრი არ არის. თუ 24 საათი დაგეგმილი არ გაქვს, სად, რას, როდის გააკეთებ და არ განსაზღვრავ, რა არის მნიშვნელოვანი, "ჩაიძირები". საქართველოში რეპეტიციაზე 5-10 წუთით თუ დაიგვიანებ, მშვიდად ხარ, იქ კი ძალიან შეგრცხვება.

- ანა, ოჯახური თანაცხოვრება როგორ აეწყო?

- ჩემი მეუღლე - ჯეი ხელს ძალიან მიწყობს. ჯერ ერთი, ალბათ, მის გარეშე გერმანიაში არ წავიდოდი და მეორე: დაოჯახების მერე საშუალება მქონდა, 100%-ით საკუთარ თავზე ვკონცენტრირებულიყავი. გერმანიაში სხვა სისტემაა: ნებისმიერ შემოთავაზებას წერილობითი ფორმა უნდა ჰქონდეს - მათთვის საბუთები უმნიშვნელოვანესია. რამე რომ მოხდეს, სატელეფონო ზარით ვერაფერს დაადასტურებ. ჯეი სულ მეხმარება სპეციფიკური გერმანული ტერმინების განმარტება-სწავლაში. როცა როლისთვის ტექსტს ვსწავლობ, თავადაც კითხულობს და მისმენს, როგორი გამოთქმა მაქვს... ყველაფერი ისეთი რთულია, ჯეი რომ არ ყოფილიყო, ბერლინიდან დიდი ხნის გამოქცეული ვიქნებოდი (იცინის).

image00002-1675176576.jpeg

ჩემი მეუღლე ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო, დაბადების დღისთვის სიურპრიზი მომიწყო, ახლა კი ბერლინში, სარეაბილიტაციო ცენტრშია, რადგან ნოემბერში რაღაც ვირუსი შეხვდა, რომელმაც ფილტვებზე ძალიან "დაარტყა". ცუდად არაა, მაგრამ იქ ასეთი წესია: რაკი 2 კვირა საავადმყოფოში იწვა და ფილტვი დაზიანებულია, სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლა კარგია.

- აღნიშნე, თბილისში ცალკე ბინაში ვცხოვრობთო. თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება?

- კი, რა თქმა უნდა! ჯეის აქაურობა ისე უყვარს, რომ მაგალითად, სანამ სერიალში მონაწილეობას შემომთავაზებდნენ, ამბობდა, - 2025 წლიდან მინდა საქართველოში გადავიდეთო. ალმაცერად გავხედე. წარმოიდგინე, ამდენი შრომა "ჩავდე", რომ გერმანული მესწავლა, რაღაც გამეკეთებინა, მერე კი - ისევ საქართველოში ჩამოსვლა?.. იცი, როგორ ვიყავი განწყობილი? როცა სამშობლოდან მიდიხარ, ადამიანებს ავიწყდები. არ გაქვს გარანტია, რომ უკან დაბრუნებულს თეატრები ისევ აგიყვანენ, შემოთავაზებები გექნება... ვამბობდი, - ალბათ, თავს მოვიკლავ-მეთქი (იცინის). ჩემს ნათქვამზე ჯეის გაეცინა... ახლა, როცა "ხელოვნური სუნთქვის" ახალი სეზონი გამოვიდა, მითხრა, - შენ კიდევ ნერვიულობდი, არავის ვახსოვარო (იღიმის)... ვნახოთ, მოვლენები როგორ წარიმართება. აქ როცა ვარ, ჩემი გული ვარდივით გადაშლილია, რადგან მარტო არ ვარ, გერმანიაში კი - ბევრი "პლუსის" მიუხედავად, დიდი "მინუსია", რადგან მხოლოდ ჯეი მყავს. 5 წელიწადში ისეთ ახლო მეგობრებს ვერ შეიძენ, როგორიც საქართველოში გყავს...

ეთო ყორღანაშვილი