"ჩემს შვილს არ უნდა, რომ გავთხოვდე" - გზაპრესი

"ჩემს შვილს არ უნდა, რომ გავთხოვდე"

ნინუსი ტურავა ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი გახლავთ, რომელიც ფართო საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო. აღმოჩნდა, რომ მომხიბვლელ ნინუსის ცხოვრების მარტივი გზა არ გაუვლია. 9 წლის გოგონას დედა სირთულეების დაძლევას ახლაც დამოუკიდებლად ცდილობს...

- რეალითი შოუს დამთავრების შემდეგ, ვარჯიშები არ განმიახლებია: დასვენებისთვის ცოტა მეტი დრო მჭირდებოდა, თან საქმეები მქონდა... ვარჯიშების განახლებას თვის ბოლოდან ვაპირებ.

- როგორ ფორმაში ხარ?

- სანამ პროექტში შევიდოდი, მართლა კარგ ფორმაში ვიყავი. იქ ცოტათი ავირიე, რადგან რეალითი შოუში კვების რეჟიმის გაკონტროლება რთულია, ძილის რეჟიმი ცუდია - გვიან დაძინება გვიწევდა. ამიტომ "ამოვვარდი"... ახლა უკვე ისეთ ფორმაში ვდგები, როგორშიც ვიყავი და მინდოდა, ვყოფილიყავი.

- სადღესასწაულო სუფრებმა ფორმაში ჩადგომაში არ შეგიშალა ხელი?

- კვების რეჟიმს უკვე მიჩვეული ვარ. ვეცადე, დიდად არ დამერღვია, მაგრამ ცოტა რაღაცები მეც "დავაშავე" (იღიმის). საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, პირიქით - თუ არ ვვარჯიშობ, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ წონაში ვიკლებ, ვარჯიშის დროს კი ენერგიას ვხარჯავ და ჭამა უფრო მინდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯანსაღად ვიკვებები. ხინკლის, ხორციანი კერძების მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ... მოკლედ, თუ არ ვივარჯიშე, წონაში ვერ ვიმატებ. სიგამხდრე არ მიყვარს და არ მიხდება.

- ფიტნესის სფეროში მუშაობა როგორ დაიწყე?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სტუდენტობისას ცოტა ხანს პრესაში ვმუშაობდი, შემდეგ გავთხოვდი, შვილი შემეძინა... არსად ვმუშაობდი. ცოტათი დეპრესიული პერიოდი მქონდა და ვარჯიშის დაწყება გადავწყვიტე. ჩემმა მწვრთნელმა შენიშნა, რომ პოტენციალი მქონდა, მეც ვყოფილიყავი პერსონალური მწვრთნელი. ამიტომ ყველანაირად გვერდში დამიდგა. დიდხანს ვისწავლე, გავიარე კურსები... სერტიფიკატი ავიღე და პერსონალური მწვრთნელი გავხდი.

- ამ საქმეში თავს კომფორტულად გრძნობ?

- კი, ძალიან! როგორც კი ვარჯიში დავიწყე, მივხვდი, ამ საქმეს უნდა გავყოლოდი - ძალიან "ჩემი" იყო... ცოტათი დამღლელია. დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, მაგრამ როცა საქმე "შენია", ყველაფერს სიამოვნებით აკეთებ, რთულიც გემარტივება, მით უმეტეს - როცა იცი, ბევრ ადამიანს ეხმარები. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი შეგრძნებაა.

- ჟურნალისტიკა "შენი" არ არის?

- რატომაც არა?! უბრალოდ, ახლა ფიტნეს დარბაზზე ისე ვარ კონცენტრირებული, რომ სხვა რამეზე არ ვფიქრობ. ყოველთვის მირჩევნია, ერთი საქმე ვაკეთო, მაგრამ - კარგად.

- შეგიძლია შენი დაოჯახების შესახებ გვიამბო?

- მაშინ 22 წლის ვიყავი. დაოჯახებაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. ჩემს მეუღლეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. დაოჯახებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, ბიზნესში პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. იმ დროს დაახლოებით 3 თვის ორსული ვიყავი. სანამ პრობლემებს არ მოაგვარებდა, საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა, თუმცა ის ადამიანი ჩემთვის საყრდენი იყო: მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობდით, ერთადერთი იყო, ვინც ყველანაირად მეხმარებოდა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. ჩემი შვილი 3 წლის იქნებოდა, როცა ყოფილ მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა (ოფიციალურად განქორწინებულები არ ვიყავით, მაგრამ "ყოფილს" იმიტომ ვუწოდებ, რომ ცალ-ცალკე ცხოვრებისთვის 3 წელი ცოტა არ არის), ღვიძლი გადაინერგა, რამდენიმე თვის შემდეგ კი დაიღუპა... მეც დიდი პრობლემები დამეწყო, რადგან არ ვმუშაობდი. ბავშვი პატარა გახლდათ, ქირით ვცხოვრობდით. ყველაფერი "ამოყირავდა"... მას მერე, რამდენიმე წლის განმავლობაში, წელებზე ფეხს ვიდგამდი: ვმუშაობდი, თუკი სადმე შეიძლებოდა მემუშავა, მაგალითად - ბარში სალარო მებარა. ზაფხულში, 1-2-ჯერ ანტალიაში ანიმატორად სამუშაოდაც წავედი... ბევრი პრობლემა რომ მქონდა, ვარჯიშის დაწყება ზუსტად იმ დროს გადავწყვიტე. ნელ-ნელა "დავლაგდი", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემებისგან სრულიად გავთავისუფლდი. ეს ასეთი მარტივი არ არის, მაგრამ მადლობა ღმერთს, უდიდესი გასაჭირის შემდეგ, უცებ რაღაც სასწაული გამოჩნდებოდა, გამოანათებდა ხოლმე. დღემდე ასე ხდება.

- დეპრესიის ფონზე, მუშაობას როგორ ახერხებდი?

- როცა შვილი გყავს, ყველაფერს სხვანაირად უყურებ. თან ბავშვი პატარა იყო. მინდოდა, არაფერი მოჰკლებოდა და რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ძლიერი ფსიქიკა მაქვს. ამას პროექტში ყოფნის დროსაც სულ ვამბობდი და იქ ყოფნისას კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ძლიერი ნერვული სისტემა მქონია. საკუთარ თავს ვარწმუნებ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ ამიტომაც, ჩემს ცხოვრებაში რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება... რთულ პერიოდში ჩემთვის ერთადერთი მოტივაცია შვილი იყო, ვინც მართლა მაძლიერებდა.

img-20220908-wa0060-1675176897.jpg

- შენს შვილზე გვიამბე, რა ინტერესები აქვს?

- ემი ახლახან 9 წლის გახდა. ძალიან საყვარელი, კარგი და ნიჭიერი ბავშვია, მაგრად ხატავს. ხატვა და დიზაინი აინტერესებს. 9 წლის კვალობაზე, ისე კარგად ჭრის და კერავს, რომ ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და წარმატებას მიაღწევს. ყველანაირად გვერდით დავუდგები, ხელს შევუწყობ.

- სამოსის შექმნა შენთვისაც ხომ არ უცდია?

- ჩემთვის - არა, მაგრამ ამას წინათ, საჩუქრად ცოტათი უცნაური კაბა გამომიგზავნეს, ვერაფრით ჩავიცვი, არადა, წვეულებაზე მივდიოდი. დედას გეფიცები, ემიმ შემომხედა და მაშინვე მიხვდა, როგორ უნდა მცმოდა. იცი, რა რთულად ჩასაცმელი იყო? კაბას ხელი მოჰკიდა და თავად ჩამაცვა. ვფიქრობდი, ეს 9 წლისაა, მე კი - 33-ის მეთქი?! გაკვირვებული ვუყურებდი (იცინის).

- მამასთან ურთიერთობა ჰქონდა?

- კი, მაგრამ ონლაინ. პირადად არ შეხვედრია. მასთან უნდა წავსულიყავით, მაგრამ რამდენჯერმე გადავდე, ყოველთვის ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი იყო.

- ამ პრობლემების ფონზე, ბავშვისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა როგორ შეძელი?

- ამაში უდიდესი წვლილი დედაჩემს მიუძღვის. შეიძლება მის გარეშე ამდენი რამე ვერ გამეკეთებინა, რადგან როცა პატარა გყავს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვის სანდო დამტოვებელი გყავდეს და სამსახურში მთელი დღე მშვიდად იყო. დედა ყოველთვის ჩემ გვერდითაა, დაუღალავად. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო არაა - ასაკიანია, დღემდე მაქსიმალურად ყველაფერში მიწყობს ხელს. მაგალითად, რეალითი შოუში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩემი ბევრი მეგობრის მშობელს გართულება ჰქონდა, დედაჩემისგან მსგავსი არასდროს არაფერი მიგრძნია. თუ რამის გაკეთება მინდა, ყველა წამოწყებაში მხარს მიჭერს - თუკი ეს შენთვის კარგი იქნება და წარმატებას მოგიტანს, აუცილებლად გააკეთეო... დიდი მოტივაციაა, როცა მშობლისგან ასეთ მხარდაჭერას გრძნობ.

- რეალითი შოუში მონაწილეობა შენთვის წარმატების მომტანი იყო?

- კი. ჯერ მარტო ჩემი პროფესიული მიმართულებით ბერმა ადამიანმა გამიცნო - მწერენ, რომ ვარჯიშის დაწყება სურთ, "ინსტაგრამზე" გამომწერები მომემატა, პატარ-პატარა კომპანიებთან ვთანამშრომლობ... ჩემი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. პროექტში მონაწილეობის ჩემი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო და არა - ფინალში მოხვედრა და ბინის მოგება. ერთ-ერთი ფიტნესდარბაზიდან თანამშრომლობასთან დაკავშირებული შემოთავაზებაც მივიღე, მაგრამ ამ ეტაპზე, თავს ვიკავებ, რადგან ახლა სადაც ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და სხვაგან გადასვლაზე არ ვფიქრობ.

- ალბათ, ზოგი მხოლოდ ვარჯიშის გამო არ ინტერესდება და გეფლირტავება კიდეც, არა?

- ჰო, რა თქმა უნდა. ამ დრომდე ბიჭებს არ ვავარჯიშებდი, მაგრამ ახლა უმეტესად მამრობითი სქესის წარმომადგენლები მწერენ და იძულებული ვარ, იანვრიდან ისინიც ვავარჯიშო...

478a1814-1-copy-1675176878.jpg

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არაფერი. თაყვანისმცემლები სულ არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, გადაღლილი ვარ თუ ჯერ ცოტა აზრზე ვერ მოვედი... ნებისმიერი ურთიერთობისგან მაქსიმალურად ვიკავებ თავს. თან, ასეთი ხასიათი მაქვს: ჯერ რთულად მომწონს ვინმე, შემდეგ ურთიერთობას რთულად ვიწყებ და თუ დავიწყე, განშორების პერიოდი ძნელად გადამაქვს... კი, ასეთი პერიოდიც მქონია და ისე განვიცადე, მივხვდი, აუცილებლად დიდი პაუზა მჭირდებოდა. მეორედ ქორწინებაზე არ ვფიქრობ, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემს შვილს ცოტათი ეგოისტური დამოკიდებულება აქვს: არ უნდა, გავთხოვდე. ისე ძალიან ვუყვარვარ, რომ ამის წარმოდგენაც არ სურს და არც მე მინდა, ინერვიულოს.

- მაგრამ შენს რომანტიკულ ურთიერთობას როგორ აღიქვამდა?

- ურთიერთობაში 2 წელი ვიყავი (ერთად არ ვცხოვრობდით). მაშინ ემი 5 წლის იყო. სხვათა შორის, იმ ადამიანს იცნობდა და ძალიან მოსწონდა. არა მგონია, რომ მაშინ სიტუაციას აანალიზებდა. უბრალოდ იცოდა, რომ ჩემი მეგობარი იყო. დღემდე სულ ახსენებს... სიმართლე გითხრა, რამე სერიოზულ ურთიერთობაზე მეც არ ვფიქრობ. გარკვეული გეგმები მაქვს, რომლის განხორციელებაც თავად მინდა. დაბრკოლებების მიუხედავად, ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება მიყვარს...

ეთო ყორღანაშვილი