"ქუჩის მუსიკა ისეთი წმინდაა, რომ არ მსურს ფული ავიღო" - გზაპრესი

"ქუჩის მუსიკა ისეთი წმინდაა, რომ არ მსურს ფული ავიღო"

დოდონა ნამორაძეს ქართველი ტელემაყურებელი მუსიკალური კონკურსებიდან კარგად იცნობს, ახლა კი ნიჭიერი გოგონას მუსიკალური შესაძლებლობები ბერძნებმაც გაიცნეს: დოდონა ბერძნულ "ვოისში" წარმატებით მონაწილეობს. ამჟამად საქართველოში იმყოფება და კონკურსის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. შემთხვევით ვისარგებლეთ და დოდონასთან ინტერვიუ ჩავწერეთ...

- ჯერჯერობით, როგორც ქუჩის მუსიკოსი, ქუჩაში აღარ ვმღერი, რადგან ცივა და ხმას ძალიან ვუფრთხილდები. "ვოისისთვის" სიმღერა არჩეულია და ვამზადებ. უკვე ვიცი, ვის ვეჯიბრები - ისიც ძლიერი მონაწილეა. ცოტათი ვნერვიულობ. კონკურსისთვის ტანსაცმელსაც ვამზადებ...

- ბერძნული "ვოისი" რატომ აირჩიეთ?

- ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა. შემდეგ ინსულტის გამო, საქართველოში ჩამოსვლამ მოუწია. საბერძნეთი ძალიან უყვარს. თავად სულ ჰქონდა სურვილი, იქ რომელიმე მუსიკალურ კონკურსში გამოვსულიყავი. როდესაც ბერძნული "ვოისისთვის" კასტინგი გამოცხადდა, ამის შესახებ იქ მცხოვრებმა მეგობრებმა მაცნობეს. გადავწყვიტე, ბებოსთვის სიურპრიზი მომეწყო: კასტინგისთვის ჩემი მონაცემები გავგზავნე. როდესაც კონკურსზე მოვხვდი, ბებოს მხოლოდ მაშინღა ვუთხარი... ყველას გაუხარდა. თან, საბერძნეთი საქართველოსთან ახლოს არის - ამ 2 ქვეყანას შორის მიმოსვლა ჩემთვის უფრო იოლია.

- საბერძნეთში გიცხოვრიათ?

- არა, პირველად ვიყავი. იქ მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები მყავს. ბებიის მსგავსად, ჩემი რამდენიმე ნათესავი იქ მუშაობს და კონკურსის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე.

- პროექტში მონაწილეობისთვის ბერძნული ენის ცოდნა საჭირო არ იყო?

- იქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეთერში ჩემი ინტერვიუც ინგლისურად გავიდა, სცენაზე გასულსაც ინგლისურად მესაუბრებოდნენ... ბერძნული საერთოდ არ ვიცი. ცოტ-ცოტას ახლა ვსწავლობ...

- კონკურსზე ბერძნულენოვანი სიმღერების შესრულება არ მოგიწევთ?

- კონკურსზე "ბერძნული ტური" არ არის. რასაც აგირჩევენ, იმას მღერი კონკურსანტი, მაგრამ რადგან იციან, ბერძნული არ ვიცი, ინგლისურ სიმღერებს მირჩევენ.

- კონკურსანტებთან, მწვრთნელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ძალიან კარგი ხალხია. ვერ ვიტყვი, ყველასთან ვმეგობრობ-მეთქი, მაგრამ მაგალითად, იმ გოგოსთან, ვისთანაც "რინგი" მიწევს, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მეუბნებიან, რომ საერთოდ, იქ ვიცხოვრო. გულთბილი ადამიანები არიან. საქართველოშიც რამდენიმე მუსიკალურ პროექტში ვმონაწილეობდი და რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გულთბილები ვართ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერძენი არ ვარ და მათი ენა არ ვიცი, მაქსიმალურად გვერდში მიდგანან, თუ რამე მჭირდება. მაგალითად, "ვოისის" მეორე ტურზე, კულისებში მყოფს სახეზე რაღაც მეცხო. არავის პასუხისმგებლობა არ ყოფილა, რომ ამის შესახებ ჩემთვის ეთქვა, მაგრამ ერთ-ერთმა გოგომ, რომელსაც ვეჯიბრებოდი, თავად მითხრა, - უი, სახეზე რაღაც გაქვსო და თავისი მაკიაჟით მომაწესრიგა... ბერძენ ხალხთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს.

- საქართველოში, შარშან "ნიჭიერში" მონაწილეობდით, მანამდე - "X-ფაქტორში". ამ კონკურსებმა თქვენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- პირველ რიგში, სცენაზე დგომა მასწავლა. 17 წლის ვიყავი, როცა "X-ფაქტორში" გავედი. მაშინ მივხვდი, რომ სცენა ჩემი სახლია - ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ აქ ვგრძნობ. სცენაზე მდგომი ოდნავაც არ ვნერვიულობ და ეს ჩემთვის ნორმალურია. იმისთვის ვიბრძვი, რომ მთელი ცხოვრება "სახლში ვიყო".

- ფილიპინებზე ცხოვრების რა ეტაპი გაატარეთ?

- "X-ფაქტორში" ფილიპინებიდან ჩამოსვლის მერე გავედი. იქ ჩემი მშობლები დოქტორანტურაზე სწავლობდნენ. 10 წლის ვიყავი, როცა გავემგზავრე. იქაურობა ძალიან მიყვარს, "მეორე სამშობლოს" ვუწოდებ, რადგან იქ გავიზარდე, იქაური კულტურა, ღირებულებები შევიძინე. ფილიპინებზე მართლა კარგი ხალხი ცხოვრობს. უარს არაფერზე გეტყვიან, ყველა გიღიმის... მათი ენაც ვისწავლე. იქაური ყველაფერი მიყვარს. მინიმუმ 1 წლით სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ საცხოვრებლად არ წავიდოდი, რადგან საქართველო ისე ძლიერ შემიყვარდა, რომ სხვაგან ცხოვრება არ მინდა - ბუდე აქ მაქვს... ცოტა ხნის წინ ჩემი მშობლები და ძმა ამერიკაში გაემგზავრნენ, მათ არ გავყევი. ეს ძალიან ბევრს უკვირს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოდან წასვლა არ მინდა. ყველანაირად ვცდილობ, აქ ჩამოვყალიბდე ისეთ მომღერლად, როგორიც მინდა ვიყო. იმედია, გამომივა.

- ქუჩის მუსიკოსი როგორ გახდით?

- 3-4 წელია, რაც ქუჩაში ვმღერი. ეს იმან გამოიწვია, რომ "X-ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ, გული ძალიან დამწყდა, ბავშვი ვიყავი... თან, ჩემი მენტორი თამთა გოდუაძე იყო, რომელიც გეცოდინებათ, საბერძნეთშია. ჯერ არ მიცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გამიცნობს და ჩემს თავს გავახსენებ (იცინის)... ახლა ვხვდები, რომ რაც "X-ფაქტორზე" მოხდა, საჭირო იყო: სიმაღლეს გემოს ვერ გაუგებ, თუ დაბლა ნამყოფი არ ხარ, თუ ერთხელ მაინც არ დავარდნილხარ... მოკლედ, მაშინ არსად გამოსვლა აღარ მინდოდა. ასე ვთქვათ, ქუჩამ სიმღერა გადამირჩინა - მივხვდი, ჩემი საქმე ეს არის... მე და ჩემი ერთ-ერთი დაქალი რიყის პარკისკენ დავდიოდით ხოლმე. ერთხელაც, იმ ადგილას რომ გავიარეთ, სადაც იოსებ ახალკაციშვილი უკრავდა, მივედი და ვუთხარი, - მამღერე-მეთქი (იღიმის). ვუთხარი, რომელი აკორდი დაეკრა და Fეელ გოოდ ვიმღერე, ვისიამოვნე. ამის შემდეგ მასთან ხშირად მივდიოდი და ვმღეროდი და ბოლოს ისე მოხდა, რომ დავრჩი (იცინის)... ძალიან ბევრი მეკითხება, - შენი შემოსავლის წყარო ეს არისო? ქუჩიდან 1 ლარიც კი არასდროს ამიღია, რადგან ჩემთვის ქუჩაში სიმღერა სულ სხვა რამეს ნიშნავს. შემოსავლის სხვა წყარო მაქვს - ვმუშაობ, საღამოობით კი სამღერად გავდივარ. უბრალოდ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ, ის ფაქტორიც არის, რომ როგორი მაღალი დონის და პოპულარული მომღერალიც უნდა გავხდე, ქუჩაში სიმღერა ჩემთვის ყოველთვის თავმდაბლობის ასოციაციაა, რადგან ხალხს უმღერი, ჩვეულებრივი მათგანი ხარ - სცენაზე, შემაღლებულ ადგილზე არ დგახარ. გარშემო მყოფები იმიტომ მოდიან და ჩერდებიან, რომ მოგისმინონ და არა იმიტომ, როგორც სასტუმროში სიმღერისას ხდება - ხალხი ვახშმობს და თან, სიმღერის მოსმენა უწევს. ქუჩაში ხალხი იმიტომ ჩერდება, რომ ჩემი მოსმენა უნდათ და ამაზე კარგი გრძნობა მართლა არ არსებობს.

dodona-1-copy-1675177129.jpg

- არ გქონიათ სურვილი, რომ სიმღერა თქვენი შემოსავლის წყარო ყოფილიყო და მაგალითად, თუნდაც, სასტუმროში გემღერათ?

- კვირაში მინიმუმ ერთხელ, სხვადასხვა სასტუმრო, ბარი, რესტორანი მიწვევს. ასევე, დაბადების დღის წვეულებებზე, ქორწილებში, სხვადასხვა "ივენთზე" ვმღერი... ქუჩის მუსიკა ისეთი წმინდაა, რომ პირადად მე, არ მსურს, აქედან ფული ავიღო. სტუდენტი ვარ - ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობ (ინგლისურენოვანი მარკეტინგი). საკმაოდ მატერიალისტი გახლავართ. მუშაობა, ფულთან კავშირი მიყვარს (ჩემი პატარა ტურისტული კომპანია მაქვს). არ მინდა, ქუჩის მუსიკასაც ასე შევხედო...

- დოდონა, დღეს როგორ ფიქრობთ, "X-ფაქტორში" თამთა გოდუაძე უსამართლოდ მოგექცათ?

- ჩემი აზრით, ამ კონკურსში უსამართლობა არ არსებობს, რადგან ყველას თავისი გემოვნება აქვს - ეს გასაგებია. თან, ყველაზე პატარა ვიყავი - კონკურსზე გამოსვლის წინადღეს 17 წლის გავხდი. ასე რომ არ ყოფილიყო, ბავშვების გუნდში ვიქნებოდი. 17 წლის ბავშვი ძალიან ძლიერი გოგოების ჯგუფში მოვხდი... დღეს მართლა მადლობელი ვარ იმის, რაც და როგორც მოხდა. ალბათ კონკურსიდან მალე გამოვარდნა იმ ყველაფრის დასაწყისი იყო, რასაც დღეს ვაკეთებ. განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ბერძენი ხალხის. ბერძნულ "ვოისში" ჩემი გამოსვლის ამსახველ ვიდეოზე ნეგატიური კომენტარები თითქმის არ არის, საქართველოში მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობისას კი - უარყოფით კომენტარებს ვერც დავთვლიდი, იმდენი იყო...

- ბერძნული "ვოისისგან" რას ელოდით და ახლა, გარკვეული წარმატების მიღწევის მერე, რას ელით?

- სულ ვამბობ, - ბაქიაობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ჟიურის ოთხივე წევრი მოტრიალდებოდა-მეთქი (იცინის). საერთოდ, მიმაჩნია, რომ რაღაცის შესახებ როგორც ფიქრობ, მოვლენებიც ისე ვითარდება. არც განვიხილავდი, რომ ოთხივე მწვრთნელი არ მოტრიალდებოდა, რადგან წარმატების ძლიერი სურვილი მქონდა, ჩემს გამოსვლაში დიდი შრომა "ჩავდე". თან, საბერძნეთში წინა დღის ჩასული ვიყავი, გადაღლილი... დილის 9 საათზე მისულს, ღამის 12-ზე სიმღერამ მომიწია. ენერგიისგან ისეთი დაცლილი ვიყავი, რომ არ ვიცოდი, საერთოდ, ხმა როგორ ამომივიდოდა, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი ანუ "სახლში მივედი", მაშინვე ვიგრძენი, ყველაფერს აუცილებლად ისე გავაკეთებდი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ რატომღაც, მეგონა, რომ ოთხივე მწვრთნელი ძალიან სწრაფად მოტრიალდებოდა. ცოტათი ვინერვიულე, რადგან თავიდან მხოლოდ 2 მოტრიალდა, შემდეგ - მესამე, ერთი კი არ ტრიალდებოდა. ნერვები მომეშალა (იცინის). სიმღერის დასრულებამდე დაახლოებით 10 წამი იყო დარჩენილი, როცა ის ერთიც შემოტრიალდა. ჩემს მწვრთნელად მისი არჩევა მაშინვე გამოვრიცხე, მაგრამ საბოლოოდ, ისეთი სიტყვები მითხრა, რომ მის გუნდში ყოფნა გადავწყვიტე: მინდა გამარჯვებული ჩემს გუნდში მყავდეს, ამიტომ მჭირდებიო. ვინც გამარჯვებულად აღმიქვამს, მის გუნდში ყოფნა ვარჩიე. დღეს კონსტანტინოს არგიროსი ჩემი მწვრთნელია... ველი და მინდა, "ლაივებზე" მოვხვდე. იქ უკვე ყველაზე მეტად ქართველი ემიგრანტების იმედი მექნება, რადგან ბერძნები ჩვენსავით საკმაოდ ნაციონალისტები არიან. იმის შანსი მაღალი არ არის, რომ ხმა მე უფრო მომცენ, ვიდრე საკუთარი ერის წარმომადგენელს. მოგეხსენებათ, საბერძნეთში უამრავი ქართველი ემიგრანტია. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, მხარში ამომიდგნენ და ჩვენი ქვეყანა ერთად ვასახელოთ...

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? გყავთ გულის სწორი?

- ჩემი აზრით, გულის სწორი ყველას გვყავს. ეს ყველა მუსიკოსს და საერთოდ, ხელოვანს სჭირდება. ამას "მუსიკალურ სიყვარულს" დავარქმევ, მაგრამ მყავს თუ არა შეყვარებული, ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხია - არა.

ეთო ყორღანაშვილი