თეკლა სულაქველიძე პროფესიასა და გადატანილ ტრავმებზე - გზაპრესი

თეკლა სულაქველიძე პროფესიასა და გადატანილ ტრავმებზე

თეკლა სულაქველიძე ჯერ მხოლოდ 22 წლის არის, მაგრამ უკვე შთამბეჭდავი სამსახიობო გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ პროფესიაში იღბლიანია, თუმცა ცდასა და აქტიურობას თავადაც არ აკლებს. ის ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, როგორც თეატრში, ასევე - კინოში, უყვარს საკუთარი საქმე და თვლის, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთა.

- თეკლა, დღეს შენს პროფესიაზე უნდა ვილაპარაკოთ.

- სიამოვნებით, ამ თემაზე ლაპარაკი მიყვარს.

- რამდენი წლის იყავი, მსახიობობის სურვილი რომ გაგიჩნდა?

- ადრეული ასაკიდან სულ ეს სურვილი მქონდა, სულ თეატრში დავდიოდი, ე.წ. კულისების ბავშვი ვიყავი. ოჯახი, განსაკუთრებით დედა (მსახიობი მანანა აბრამიშვილი) ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდა, შენ ძალიან კარგად სწავლობ, არ გინდა ეს პროფესია, იქნებ სხვა ფაკულტეტი აირჩიოო და ა.შ. 15 წლიდან დავდიოდი სამოყვარულო დასებში, სტუდიებში. ვთამაშობდი და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩია.

- თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბარე, რატომ?

- ეს დედის, ოჯახის გავლენა იყო. როდესაც სკოლას ვამთავრებდი და დედას ვუთხარი, გადაწყვეტილი მაქვს, სამსახიობოზე უნდა ჩავაბარო-მეთქი, დამსვა და დამელაპარაკა, - იქნებ ბედი სხვა პროფესიაში გეცადა, მაგალითად, სამართალი ან საერთაშორისო ურთიერთობები რომ აირჩიო, შენ ამ პროფესიების ხასიათი გაქვს და იქნებ მოგეწონოსო. დედის რჩევა გავითვალისწინე, მართლაც ჩავაბარე, მაგრამ პირველსავე დღეებში მივხვდი, რომ სხვაგან ვიყავი. შემდეგ დედას ძალიან ვთხოვე, ბედი თეატრალურში მეცადა. ერთი შანსი მომცა, ეროვნული გამოცდები თავიდან ჩავაბარე. შეთანხმებულები ვიყავით, თუ ვერ მოvხვდებოდი, ამ შემთხვევაში ჩაბარებულ ფაკულტეტზე უნდა დავბრუნებულიყავი. დავპირდი, თუმცა დღეს ვხვდები, რომ მაშინდელი ჩემი პირობა გულწრფელი არ იყო... გამიმართლა, თეატრალურში პირველსავე ცდაზე მოვხვდი. დღეს დედას პრეტენზია აღარ აქვს. ხვდება, ეს საქმე როგორ მომწონს და მიყვარს.

- თვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე?

- რა თქმა უნდა!

- გული არასდროს აგცრუებია?

- ასეთი შემთხვევა მქონია, გულიც დამწყვეტია, მაგრამ... ვიცი, ამ პროფესიაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩემი პედაგოგი ამბობს ხოლმე, რომ უმადური პროფესიაა. ხშირად მიტირია, მინერვიულია, რთული გზა გავიარე, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, სხვაგან ჩემი თავი მართლა ვერ წარმომიდგენია.

- ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "იდეალური დედა" გაგიცნო, დაკავებული ხარ სხვადასხვა თეატრში, ახლა "ხელოვნურ სუნთქვაში" გიღებენ... უბრალოდ გიმართლებს, თუ ეს შენი აქტიურობის შედეგია?

- გამართლება იყო, როდესაც სერიალში "იდეალური დედა" მოვხვდი. ძალიან ბევრ მსახიობს შორის ამარჩიეს. მაშინ მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი, გამოუცდელი, ვერც ვხვდებოდი, თავი სად შევყავი. შემდეგ ვიღაცამ დამიმახსოვრა. ახლა მიწვეული მსახიობის სტატუსით ვთამაშობ ახმეტელის და თელავის თეატრებში. ერთ-ერთ ფილმზე რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობ და ეს საქმეც მომწონს. ფილმი იუნკრების თემაზეა, სექტემბერში გამოვა, რეჟისორი გია ბარაბაძე გახლავთ. ვთამაშობ მედდას, რომელიც ბრძოლის ველზე მიდის. ეპიზოდური, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი როლია.

- კამერის მიღმა მუშაობა როგორია?

- ძალიან საინტერესოა. კამერის წინ რა ხდება, ხომ ვიცი, და როცა კამერის უკან ვდგავარ და მოედანზე განვითარებულ ამბებს სხვა თვალით ვაკვირდები, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ეს როგორც მსახიობს, მეხმარება. ფილმის პრემიერა საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება. ასევე ვთამაშობ ქართულ-ფრანგულ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც ვერ შეხვდები დიალოგებს. ფილმი აგებული იქნება ჩვენს მიმიკაზე, ემოციებზე... და კიდევ, "ბომჟის" ეპიზოდური როლი უნდა ვითამაშო კახა კიკაბიძის ფილმში. იმედია, საინტერესო სახეს შევქმნი. ამ ფილმში ეს როლი ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესოა.

- თეკლა, შეგიძლია თქვა, რომ პროფესიაში იღბლიანი ხარ?

- კი, ხეზე სამჯერ უნდა დავაკაკუნო (იცინის). იღბლიანობასთან ერთად, უნდა ვთქვა, რომ თავადაც ძალიან აქტიური ვარ.

- სერიალში "ხელოვნური სუნთქვა" კასტინგის გზით მოხვდი?

- დიახ, ეკა მჟავანაძესთან კასტინგზე ერთი წლის წინ ვიყავი. მაშინ სხვა სცენარის გადაღებაზე იყო ლაპარაკი, როგორც ვიცი, როლზეც დამტკიცებული ვიყავი, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. სცენარისტ დავით გაბუნიასთან მქონდა მიმოწერა. მისგან გავიგე, რომ ის სცენარი გადაიდო და "ხელოვნური სუნთქვის" გადაღებები უნდა დაწყებულიყო. ერთ დღეს დამირეკეს, მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა როლზე განიხილებოდა და უნდა მივსულიყავი. კასტინგი გავიარე და მალე შემატყობინეს, რომ დამამტკიცეს.

- 6 წლის წინ, როცა ეს სერიალი გადიოდა, უყურებდი?

- უცნაური რაღაც უნდა გითხრა. "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ხომ ვიყავი, სულ ადრე, ბავშვობაში და როცა ეს სერიალი ვნახე, ვთქვი, აქ უეჭველად ვითამაშებ-მეთქი. გავიდა დრო და მართლა ვითამაშე. ასე დამემართა "ხელოვნური სუნთქვის" ნახვისას - მეორე სეზონის სერიები რომ ვნახე, ვთქვი, ამ სერიალშიც ვიქნები-მეთქი. ამას მაშინ ვინ ელოდა, მაგრამ ახდა.

- რეზიდენტის როლს ასრულებ. ხასიათის სიღრმეში რომ შევიდეთ, შენი პერსონაჟი როგორი გოგოა?

- თათო ძალიან რეალური პერსონაჟია. 20 წლისაა, მომავალი ექიმი. თავისი საქმე ძალიან უყვარს, ცნობისმოყვარეა, ცოტათი ზედმეტი ლაპარაკის მოყვარული, მაგრამ არა მგონია, არასწორად ლაპარაკობდეს. ამ პერსონაჟის შესახებ საინტერესო ამბავს მაყურებელი უახლოეს სერიებში გაიგებს. ის ერთი შეხედვით მარტივი ადამიანი არ არის, თავისი ტრავმა აქვს, მაგრამ რის გამო, ამას ვერ ვიტყვი. სერიალში ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რაც მაყურებელს შოკში ჩააგდებს.

- რუსკა ქარქაშაძე როგორი პარტნიორია?

- ძალიან კარგი ადამიანია, კომფორტულია მასთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიით არ უსწავლია, გამოცდილება აქვს. ერთმანეთს მაქსიმალურად ვეხმარებით.

- პოპულარობა მოგწონს, გსიამოვნებს თუ...

- იოლად ვხვდები, ვინ მცნობს და ვინ - ვერა. ზოგიერთს უნდა, მაგრამ ერიდება, ფოტოს გადაღება მთხოვოს. ასეთებთან თავად მივდივარ. ხშირად ზურგს უკან ჩურჩულიც მესმის, - ეს ის გოგოა, სერიალში რომ თამაშობს, არაო? ყველა შემთხვევაში ჩემთვის ეს სასიამოვნოა. ოღონდ ცოტათი მიუჩვეველი ვარ და ვერ ვხვდები, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე.

tekla-2-copy-1675177597.jpg

- მსახიობობა ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორიც გეგონა?

- კიდევ ხეზე უნდა დავაკაკუნო - იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი და წარმომედგინა. ერთდროულად ბევრ პროექტში დავკავდი და ეს ჩართულობა მომწონს. ეს არის საქმე, რომელსაც მუდმივი შრომა და მუდმივი აქტივობა სჭირდება.

- შენთვის ამ პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის?

- (ფიქრობს) ალბათ ის, რომ შემიძლია, მხოლოდ თეკლა სულაქველიძე არ ვიყო. შემიძლია, სხვა ადამიანების ტყავში შევძვრე, ვიღაცას გავუგო, ვიღაც შემებრალოს, ვიღაცას გავუბრაზდე... ასე ცხოვრება მრავალფეროვანი ხდება. ჩემთვის ეს პროფესია თავშესაფარიც არის.

- თავშესაფარი? ამას როგორ ახსნი?

- იმ ტკივილებთან, ტრავმებთან, რომლებიც ბავშვობაში განმიცდია, პროფესიული კუთხით შეჯახება მქონია. უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. ჩემს ცხოვრებას ხშირად გარედანაც ვაკვირდები, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში, რომ დავიმახსოვრო და მერე პროფესიაში გამოვიყენო.

- მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა, რა ტკივილებსა და ტრავმაზე ლაპარაკობ?..

- 2 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. შემდეგ რთული ბავშვობა მქონდა, რაღაც პერიოდი ბებოსთან (მამის დედასთან) ვიზრდებოდი, ეს მისი სურვილი და თხოვნა იყო დედაჩემისადმი, რადგან ბებო შვილის გარდაცვალების შემდეგ სრულიად მარტო დარჩა. დედა სულ მენატრებოდა და ეს ყველაფერი ჩემზე გავლენას ახდენდა. ბავშვობის დროინდელმა განცდებმა ძლიერ, მებრძოლ პიროვნებად ჩამომაყალიბა.

- შენთვის როგორი როლებია საინტერესო?

- საკუთარი თავის თამაში ყოველთვის ყველაზე რთულია, ეს დედისგანაც ვიცოდი და თავადაც მივხვდი. ექსპერიმენტები მიყვარს, ჩემგან განსხვავებული პერსონაჟები მიზიდავს, უფრო რთულიც არის და უფრო საინტერესოც. აი, მისი ხასიათის შტრიხები, მისი თვისებები რომ უნდა ეძებო, გამოძერწო. ახალი ადამიანის შექმნის პროცესია საინტერესო.

- პრემიერის შემდეგ ვის აზრს ელოდები დიდი ინტერესით?

- ადრე ეს შეკითხვა რომ დაგესვა, გიპასუხებდი, რომ ეს ადამიანი დედა იყო. დღეს საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ. საკუთარ თავს ეკრანზე რომ ვუყურებ, ვხვდები, სად რა შეცდომა დავუშვი.

tekla-copy-1675177576.jpg

- მარტო უყურებ? შენებური რიტუალი გაქვს?

- (იცინის) მარტო ვუყურებ და თითოეულ სცენას ცხრაჯერ ვახვევ. თვითკრიტიკა ამ დონეზე რომ მაქვს განვითარებული, პედაგოგთან ერთად, გარკვეულწილად, ეს დედის დამსახურებაც არის.

- გგონია, ისეთი როლი არსებობს, რომელზეც უარს იტყვი?

- ალბათ არ არსებობს. ღია ადამიანი ვარ, გააჩნია, რეჟისორი ვინ იქნება, როგორ დამიხატავს იმ პერსონაჟს. არა მგონია, ისეთი როლი არსებობდეს, რომლის თამაშზეც უარს ვიტყვი.

- პირად ცხოვრებაზეც გკითხავ: რა ხდება, შეყვარებული ხარ?

- ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ მეგობრებით შემოიფარგლება. ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, რომელიც არავის ეძებს, არავის ელოდება... არც მარტოსული ვარ. ეს მდგომარეობა ჩემთვის კომფორტულია, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. გართობა ჩემი სტილი არ არის, დიალოგი და შინაარსიანი საუბრები მეტად მაინტერესებს.

თამუნა კვინიკაძე