მსოფლიო ვარსკვლავებისა და ფეხბურთელების ქართველი ფოტოგრაფი - გზაპრესი

მსოფლიო ვარსკვლავებისა და ფეხბურთელების ქართველი ფოტოგრაფი

13 წელია, ფოტოაპარატი მისი ცხოვრების განუყოფელ ნივთად იქცა. ამ ხნის განმავლობაში მის ფოტოობიექტივში არაერთი მსოფლიოში ცნობილი ადამიანი მოხვდა. ამა თუ იმ პროექტის განხორციელების გარდა, რამდენიმე ინტერნეტგამოცემასა თუ გლამურულ ჟურნალთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: VOGUE, COSMOPOLITAN, COMMERSANT, GRAZIA... ჩამონათვალი იმდენად შთამბეჭდავია, რომ თამამად შეიძლება თქმა, ის ამჟამად ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები პრესტიჟული ბეჭდური ჟურნალების გარეკანებსა თუ ფურცლებზე ხვდება.

გიორგი ქარდავას კარიერა მოსკოვში დაიწყო და განვითარდა. შესაბამისად, მის შემოქმედებას საზღვარგარეთ უკეთ იცნობენ. ამბობს, რომ მისი დიდი ხნის სურვილი იყო, საქართველოში გამოფენა გაემართა და ახლახან ოცნება აისრულა. 17-31 იანვარს თბილისში, "იარტ გალერეაში" ფოტოხელოვანის 40-მდე ნამუშევარი გამოიფინა. მათ შორის იყო როგორც საზოგადოებისთვის ნაცნობი ქართველების, ისე უცნობი ადამიანების პორტრეტები. მაქსიმალურად ბუნებრივ პორტრეტებზე ადამიანები უმთავრესად შავ ფონზე არიან წარმოდგენილი, აქცენტი მათი სახის ნაკვთებსა და მიმიკაზეა, რაც თითოეულის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

nani8361-copy-1675177900.jpg

- გიორგი, როგორ შეარჩიეთ არჩევანი პორტრეტულ ჟანრზე და რომელს ანიჭებთ უპირატესობას - შავ-თეთრს თუ ფერად ფოტოებს?

- გადაღება დავიწყე როგორც ივენთ ფოტოგრაფმა. თავიდანვე შინაგანი ლტოლვა, მისწრაფება და ინტერესი მქონდა, რომ ღონისძიებებზე დამსწრე საინტერესო ადამიანების პორტრეტები შემექმნა, რაც ნელ-ნელა საავტორო ხელწერად ჩამოყალიბდა. პირველ რიგში, ხალხის ფსიქოლოგიის, "შინაარსის" და სულიერი მდგომარეობის ამოცნობა მიზიდავს და ამაში ფოტოგრაფია მეხმარება. სხვების კვლევისას, პარალელურად, საკუთარი თავის ამოცნობაც მიმდინარეობს და ეს ორმხრივი პროცესი მომწონს. შავ-თეთრი ფოტოები განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ვფიქრობ, ამ დროს აქცენტი მხოლოდ ადამიანზეა. ის ჩემი კომპოზიციის ცენტრალური ნაწილი ხდება. შეიძლება "ზედმეტმა" ფერებმა დამთვალიერებლის ყურადღება გაფანტოს და ასეთ დროს ადამიანის სახე, თვალები, გამოხედვა თუ ნაოჭები მეორე პლანზე გადავიდეს, ამიტომ მომწონს, როცა ფოტო შავ-თეთრია და პორტრეტებსაც უმეტესად შავი ფონი აქვს.

- როგორც ვიცი, ფოტოგრაფიით შემთხვევით დაინტერესდით. ეს როგორ მოხდა?

- მარკეტინგს ვსწავლობდი, მესამე კურსზე ვიყავი, როცა უნივერსიტეტიდან გამრიცხეს. იმ დროს თითქოს არჩეული პროფესიისადმი ინტერესი მქონდა დაკარგული, გამოცდებისთვის არ მოვემზადე და ორ საგანში ჩავიჭერი. გადასაბარებლად 1 წელი მქონდა. გარკვეული მიზნებისთვის ფული მჭირდებოდა და მეგობარმა მირჩია, ჩემი დის კამერა ამეღო ხელში და გადაღება დამეწყო. სოციალურ ქსელებში დავიწყე ადამიანების მოძიება და მათთვის ფოტოსესიების შეთავაზება. ასე დავიწყე კერძო გადაღებებით, რასაც ივენთები მოჰყვა, წლების შემდეგ კი დავიწყე პრიალა ჟურნალებთან თანამშრომლობა. ნელ-ნელა, ერთი მეორეს წამოეწია, თოვლის გუნდასავით აგორდა და ასე მოვედი დღემდე.

- გადასაღები პერსონის "გასახსნელად" და სასურველი შედეგის მისაღებად გარკვეული დრო და კომუნიკაციაა საჭირო. თავიდან იყო სირთულეები თუ ეს ყველაფერი იოლად აეწყო?

- ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე მიჭირდა, ეს ჩემთვის ყოველთვის ადვილი იყო. ზოგჯერ დროში ძალიან შეზღუდული ხარ, შეიძლება მხოლოდ 7-10 წუთი გქონდეს გადაღებისთვის გამოყოფილი და ასეთ პირობებში შედეგის მისაღებად ყოველი წამი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. თან, ამ დროში ისეთ ხალხს ვუღებ, რომლებსაც ფოტოკამერასთან მუშაობის ათწლეულების გამოცდილება აქვთ და ეს წუთები საკმარისია. სამწუხაროდ, როცა შეხება გაქვს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, მეტ დროს არ გაძლევენ. როცა ისინი ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩადიან, მათი ყოველი წუთი და მათ შორის დრო ფოტოსესიებისთვის წინასწარ გაწერილია. მაგალითად, ახლახან იანვარში პარიზში ვიყავი. ფოტოების გადაღების გარდა, მაქვს "იუთუბ"-შოუ "გიორგი კადრს მიღმა". ამ პროექტისთვის მინდოდა ფრედერიკ ბეგბედერი ჩამეწერა, რომელმაც მითხრა, რომ მხოლოდ 1 საათის დათმობა შეეძლო. ეს ძალიან ცოტაა იმ ფორმატისთვის, რომელიც მაქვს, მაგრამ რადგან მას თავისი განრიგი ჰქონდა, მომიწია ამ დროში ჩავტეულიყავი.

de-niro-1-copy-1675177917.jpg

- თქვენს პროექტსა და მის ფორმატზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ...

- როგორც პორტრეტისტს, გადაღების დაწყებამდე და პროცესშიც, როცა დრო ამის საშუალებას მაძლევს, ადამიანთან საუბარი მიწევს, ამგვარი კომუნიკაცია აუცილებელია. უმეტესად, ჩემ მიმართ ნდობით იმსჭვალებიან და ხშირად ინტიმურ, პირად ამბებს მიყვებოდნენ, რჩევებს მაძლევდნენ ან საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდნენ. გული მწყდებოდა, რომ ის ისტორიები მხოლოდ ჩვენ შორის რჩებოდა, ფართო საზოგადოება სასარგებლო, საინტერესო დეტალებს ვერ ისმენდა, ამიტომ გადავწყვიტე თავზე დამაგრებული კამერით, სეირნობისას, პატარ-პატარა, მეგობრული ბაასისას ფოტოინტერვიუების ჩაწერა, სადაც კადრში არ ვჩანვარ და ისევე, როგორც ჩემს ფოტოპორტრეტებში, ვიდეოპორტრეტებშიც მთელი ყურადღება გმირზეა გადატანილი. 2019 წლიდან დღემდე, ამ ფორმატის ფარგლებში, არა მხოლოდ ქართველ და რუს, არამედ ევროპელ და მსოფლიო დონის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან მომიწია ურთიერთობამ და იმედია, პროექტს სახელწოდებით "გიორგი კადრს მიღმა" გაგრძელება-განვითარება მომავალშიც ექნება.

- მსოფლიო დონის ბევრ ვარსკვლავთან მოგიწიათ მუშაობამ... თუ შეიძლება ჩამოთვალეთ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ეს ადამიანები.

- რობერტ დე ნირო, ვინსენტ კასელი, ჟერარ დეპარდიე, ჯონ მალკოვიჩი, მიხაილ გორბაჩოვი, კატრინ დენევი... ძალიან მიყვარს ფეხბურთი. სულ მქონდა ლტოლვა და მკაფიო მიზანი, ფეხბურთელებისთვის გადამეღო. მიხარია, რომ ეს შევძელი და ძალიან ბევრი გადავიღე, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუკა ძამბროტა... დღემდე თავს ვერ ვპატიობ ერთ შემთხვევას: ერთ-ერთი ცნობილი საათის ბრენდის პრეზენტაციის გადასაღებად მიმიწვიეს. რადგან ამგვარი ივენთები უკვე მობეზრებული მქონდა, ორგანიზატორებს გადაღებაზე უარი ვუთხარი. როგორც შემდეგში გაირკვა, ამ ივენთის მთავარი ვარსკვლავი პელე ყოფილა. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ მქონდა, თორემ ამ წინადადებას დავთანხმდებოდი და მისი გადაღების შესაძლებლობა უპრობლემოდ მომეცემოდა. პირველად, პატარა ვიყავი, როცა პელე მოსკოვში იმყოფებოდა და ვერ გადავიღე, წლების შემდეგ კი მასთან შეხვედრის შანსი უკვე მეორედ გავუშვი ხელიდან. ამას ძალიან ვნანობ, პელეს პორტრეტი ნამდვილად არ მაწყენდა ჩემს პორტფოლიოში.

- გადაღებების დაგეგმვა უმთავრესად თქვენი პირადი ინიციატივით ხდება თუ პორტრეტებს უფრო ხშირად, რომელიმე გამოცემისთვის ამზადებთ?

- საერთოდ, ყველა გადაღებას თავისი ისტორია ახლავს. მაგალითად, ჟერარ დეპარდიე ერთხელ პირადი ინიციატივით გადავიღე, რაღაცნაირად გამოვნახე გზა, რომ მისთვის ხმა მიმეწვდინა. დამთანხმდა და მოსკოვში მყოფმა 10 წუთი გამომიყო. ფოტოსესია სასტუმროში შედგა. მეორე გადაღება უკვე ჩემს მეგობარ ნათელა ფოცხვერიასთან ერთად მქონდა ჟურნალის - "კომერსანტ სტილი" გარეკანისთვის. ასევე გადავიღე რობერტ დე ნირო ამავე ჟურნალისთვის. კატრინ დენევის გადაღებაც ჩემი პირადი ინიციატივით მოხდა. ის მოსკოვში იმყოფებოდა თავისი სამსახიობო პროგრამით და მაშინ შევხვდი. საქართველოში გადაღებულ ან სხვა ქვეყნებში მყოფ ქართველებთან გადაღებებიც სხვადასხვაგვარად ხდება. მათ შორის არიან: ქალბატონები ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე. ბატონ რეზო გიგინეიშვილს კარგად ვიცნობ და ერთმანეთის მიმართ სიმპათიით ვართ განმსჭვალული. მისი გადაღება და ბატონ რეზოსთან ურთიერთობა ქალბატონ ეკასთან კომუნიკაციაში დამეხმარა. გამიმართლა, რომ ამ დედა-შვილმა დრო გამომიყო და შინ მიმიწვიეს. ქალბატონ ნანის კედელზე ძველი, ისტორიული, რომანოვების სამეფო ხალიჩა უკიდია და სწორედ ამ ხალიჩის ფონზე გადავიღე. ნანის პორტრეტები ყოველთვის მოღიმარი, გაცისკროვნებული, მზიანი და თბილია, მე კი მინდოდა, რამე კონტრასტული გადამეღო და გაბრაზებული სახის მიღება ვთხოვე. უცბად ამპარტავნული გამომეტყველება მიიღო და ეს კადრი დავაფიქსირე. ქალბატონი ნანის კარიერის განმავლობაში გადაღებულ მილიონობით ფოტოს შორის, ვფიქრობ, ჩემი ფოტო განსხვავებული, გამორჩეული და ორიგინალური გამოვიდა.

- პორტრეტების გადასაღებად საქართველოს რეგიონებში თუ დადიხართ?

- სამეგრელოდან ვარ. წალენჯიხაში დავიბადე და ზუგდიდში გავიზარდე. შემდეგ მოსკოვში ვცხოვრობდი და სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოსვლა პროექტებზე წელიწადში მხოლოდ 3-4 ჯერ მიწევდა. ძალიან ბევრ ჩემს უცხოელ მეგობარს ჩემზე მეტი რეგიონი აქვს მოვლილი, მაგრამ იმედია, მომავალში ამ დანაკლისის გამოსწორების საშუალება მომეცემა. დიდი სურვილი მაქვს, გავაკეთო ერთგვარი "სახალხი პროექტი" და ადგილობრივების, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების პორტრეტებi გადავიღo.

deparde1-1-copy-1675177933.jpg

- ბოლო პერიოდში წამოვიდა ტენდენცია, სადაც აქცენტი ბუნებრიობაზე კეთდება და მინიმალური ჩარევა ხდება ფოტოშოპის მეშვეობით, ასეა?

- დიახ, საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წელია, ფოტოშოპის ნაკლებად გამოყენების ტენდენცია ნამდვილად არის; ფოტოხელოვნება ნატურალიზმისკენ მიდის, თუმცა ამას ვერ ვიტყვით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მათ შორის "ინსტაგრამზე", მაგრამ ამ დარგში ჩართული საქმის პროფესიონალები ნატურალიზმის უპირატესობებს დღითი დღე უკეთ იაზრებენ. წლების წინ და ახლაც, ყოველთვის მთელი არსებით ვუჭერდი მხარს ნატურალიზმს და მახარებს, რომ ბოლო ხანს ეს მიდგომა მასობრივ სახეს იღებს, ხალხი უფრო და უფრო ხვდება ამ ყველაფრის ფასს...

- ალბათ თქვენი სამუშაო რეჟიმის უახლოესი თვეები დაგეგმილია, არა?

- დიახ. დღემდე საქართველოში ნაკლებად მიცნობდნენ, ეს ჩემთვის სამწუხარო ფაქტი იყო. ყოველთვის მინდოდა, აქ დამთვალიერებელს ჩემი ხელოვნება გაეცნო და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. თბილისში გამართული გამოფენის შემდეგ რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მივიღე. დიდი სურვილი მაქვს, რამდენიმე ქართველის პორტრეტი შევქმნა. გული მწყდება, რომ ვახტანგ კიკაბიძე ვერ გადავიღე, თუმცა მცდელობა მქონდა და სამწუხაროა, რომ ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა. დიდი სურვილი მაქვს, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის, ბატონი რობერტ სტურუას პორტრეტები გადავიღო და იმედია, ამის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მომეცემა.

ანა კალანდაძე