სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით
ქართულ სპორტულ სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ისტორიაში პირველად, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა გოგონამ, რომელიც ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გავიდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამითაც წარმატებით იასპარეზა და ორივე პროგრამაში მოპოვებული 199,91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილზე ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეული ბელგიელი ლუნა ჰენდრიკსი გავიდა, მესამე კი შვეიცარიელ კიმი რეპონდს ერგო.
ვინ არის ანასტასია გუბანოვა?
ანასტასია გუბანოვა რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატiში 2002 წელს დაიბადა. დიდ სპორტში მისი ჩართვა მშობლებმა 2006 წელს გადაწყვიტეს და 4 წლის გოგონამ სანქტ-პეტერბურგში, ფიგურულ სრიალში დაიწყო ვარჯიში, სადაც 2018 წლამდე დარჩა. 2018-19 წლების სეზონი მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა.
რუსული მედია წერს, რომ სწორედ ამ წლებში გოგონას კარიერამ დაღმასვლა დაიწყო. მოციგურავემ ვერ შეძლო ნაკრებში ფეხის მოკიდება, მას ცნობილმა მწვრთნელმა ელენა ბუიანოვამაც ვერ უშველა. ახალი მენტორი კმაყოფილი არ იყო გუბანოვას შედეგებით: ის მუდმივად ახდენდა ზეწოლას სპორტსმენზე და მისგან ბევრს ითხოვდა. მან ღიად განაცხადა, რომ სპორტსმენის ფორმა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, დაჟინებით მოითხოვდა მისგან უფრო გულმოდგინე ვარჯიშს. გუბანოვასა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ 2019 წლის ზაფხულში გოგონა სკანდალით გარიცხეს სპორტული სკოლიდან. კარიერის გასაგრძელებლად ანასტასია სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც ახალგაზრდა მენტორთან, ევგენი რუკავიცინთან ვარჯიშობდა.
გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, მისი საუკეთესო შედეგი მე-6 ადგილი იყო. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.
2021 წლიდან ის საქართველოს სახელით გამოდის. მან პეკინის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დაიკავა და ათეულში შესასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მე-6 იყო. შარშან ანასტასია ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილზე გავიდა, წელს კი ჩემპიონი გახდა...
რუსული მედია გუნაბოვას გამარჯვებას ეხმაურება. "ევროპის ჩემპიონატი ისევ რუსმა ქალმა მოიგო. გუბანოვამ დაამტკიცა, რომ ჩვენი გოგოები საუკეთესოები არიან", - ვკითხულობთ რუსულ სპორტულ ინტერნეტპორტალებზე.
"საქართველოს ფიგურული სრიალის გუნდს რეგულარულად აძლიერებენ რუსეთის სპორტსმენები. ანასტასია გუბანოვა საქართველოს ეროვნულ გუნდს 2021 წელს შეუერთდა", - წერს რუსული მედია.
პირადი ცხოვრება
როგორც რუსულ პრესაში წერენ, 20 წლის გუბანოვას, ვარჯიშთან ერთად, პირადი ცხოვრებისთვისაც რჩება დრო. მისი რჩეული სანქტ-პეტერბურგის გუნდის - "დინამოს" ფორვარდი, 19 წლის დიმიტრი ზემლიანოვია.