სამყაროს ყველაზე ლამაზი ფერები და დედისთვის მიძღვნილი კოლექცია - გზაპრესი

სამყაროს ყველაზე ლამაზი ფერები და დედისთვის მიძღვნილი კოლექცია

დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე ბოლო დროს არა მხოლოდ ჩანთებითა და აქსესუარებით, არამედ უჩვეულოდ ფერადი შარფებითაც გვანებივრებს და ბოლო დროს გადაწყვიტა, ბავშვებიც გაახაროს, მათში ფერადი ემოციები გააცოცხლოს, ეს იდეა კი ნანუკას დედასაც უკავშირდება და სწორედ ამიტომაც მიუძღვნა მშობელს კოლექცია, რომელსაც "მიმი" უწოდა.

დედა...

- ძალიან რთულია დედაზე საუბარი... მისი მხარდაჭერა, გამხნევება, შეფასება და გვერდით დგომა ძალიან მაკლია. ზოგჯერ მგონია, სადღაც არის წასული და მალე დაბრუნდება, მე კი ველოდები... როცა სადმე წავიდოდა, აუცილებლად ხელში ყვავილით დაბრუნდებოდა: ეს შენ მოგიტანე, ნახე, რა ლამაზიაო. ხშირად ფოთოლი ან პატარა ტოტი მოჰქონდა. იცოდა, რომ მიყვარდა მაგიდაზე ყვავილები, რომლებიც ფოტოს გადასაღებადაც გამომადგებოდა... ცაზე ლამაზ ღრუბელს რომ დაინახავდა, აუცილებლად დამიძახებდა: მოდი, გადაუღე ფოტოო; ლამაზ მთებს ან ლამაზ პეიზაჟს თუ მოჰკრავდა თვალს, მაშინაც მეძახდა... ხატვა არ იცოდა, მაგრამ სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა... სწორედ მაშინ, როცა დედა ავად იყო და ჩვენ ერთად ვათენებდით ღამეებს, არც ფილმებს ვუყურებდი, არც მუსიკას ვუსმენდი. ამ დროს ჩემთვის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო საბავშვო ილუსტრაციების თვალიერება და სულ ვფიქრობდი, ნეტავ ოდესმე მეც თუ შევძლებ, რომ ასეთი თბილი ნახატები შევქმნა ბავშვებისთვის-მეთქი?!. ბევრი ძიების და რამდენიმე ცდის შემდეგ, მე ეს შევძელი. ჰოდა, ამ კოლექციას ვუძღვნი დედას. ვიცი, ძალიან მოეწონებოდა...

ამ ფერადი და ვფიქრობ, თბილი ნახატებით ბავშვებს სხვა ემოციებს გავუღვივებ. მინდა მათ ის სილამაზე და გემოვნება დავუბრუნო, რაც ვფიქრობ, დღევანდელმა უსახურმა, უფორმო მულტფილმებმა და თითქოსდა საბავშვო ზღაპრების გმირებმა ჩაანაცვლეს... ასე და ამგვარად, ახალი შვილობილი ბრენდი შეიქმნა, სახელად "მიმი".

20230116-162912-copy-1675696483.jpg

შემოდგომა, როგორც შთაგონების წყარო...

- წელიწადის ეს დრო არის ზღაპარი... ეს არის ფერთა სიმფონია, ფერთა თამაში, ფერთა დიდებული შერწყმა, რომელსაც ასე უხვად აზავებს და აფერადებს თავად ბუნება... წარმოუდგენელია ამ სეზონის გარეშე საქართველო, მთებში და ბარში, ასე ჭრელად და ასე გემოვნებით აფერადებული ჩვენი ულამაზესი სამშობლო... ამ დროს დავდივარ ქუჩაში და ხან ვარდისფრად ალეწილ ღრუბლებს ვუმზერ, ხან ჭადრებში ნებიერად გაწოლილ მზეს... ხან ფოთლებს ვაკვირდები და ვფიქრობ, რა დიდებულია ეს ყველაფერი... ჩემი შთაგონების წყაროა შემოდგომა - ეს არის წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო!

სამყაროს ფერები...

- ჩემთვის სამყაროში ყველაზე ლამაზი სამი ფერია: მწვანე, ცისფერი და თეთრი... არის ფერები, რომელიც არ მიყვარს, თუმცა მათ გარეშე არ იქნებოდა ის სიმკვეთრე, გრადაცია თუ შეზავება, რაც უკვე არსებობს... სამყარო მე მაინც უფრო ხასხასა მწვანე მგონია და ამ მწვანეში ჩაფლული უამრავი ფერი. სამყაროში ხომ მხოლოდ დედამიწა არ არსებობს, არის სხვა გალაქტიკები და მგონია, გარშემო ბევრად მეტი ფერია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ.

ჩანთების სამყარო...

- ქალის გარდერობში ფეხსაცმელი და ჩანთა უმთავრესი ატრიბუტია. რაც უნდა ლამაზად ეცვას ადამიანს, თუ შესაფერისი ჩანთა არ ამშვენებს, ეს ყველაფერს აფუჭებს. დაიჯერებთ, რომ მე ჩანთა არ მაქვს? რატომ? სულ ვფიქრობ, რომ რაღაც ძალიან განსხვავებული უნდა მქონდეს, ჩავიფიქრებ და მერე ჩემთვის არ მცალია... დედა სულ მეუბნებოდა, - რატომ ირთულებ საქმეს? რაღაც ერთ სტილს მიჰყევი და გაკეთეო. მე კი არ შემიძლია ერთფეროვნება, ამას ვერ ვიტან. ამიტომ მართლაც, ჩანთების განსხვავებული და მრავალფეროვანი მინი სამყარო შევქმენი, სადაც ბევრი ფერი, ლამაზი ორნამენტები, სხვადასხვა მასალა და ფორმა დომინირებს.

20221114-143957-copy-1675696496.jpg

შრიალა და ფერადი შარფები...

- შარფებზე ეს ამბავი მახსენდება: როცა ჩემი ფოტო უცნაურ ნახატად პირველად ვაქციე, "ფეისბუკ"-მეგობარმა დამიწერა, ეს ულამაზესი ქსოვილი იქნებაო. მანამდეც მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ მაშინ არ ვხატავდი. ერთხელაც ჩემმა დამ შემახსენა: იქნებ გეცადა ისევ ხატვაო და უბრალო აკვარელის საღებავები მომიტანა. თუმცა, სახლში ხარისხიანი საღებავიც მქონდა. ჰოდა, პირველად ისევ ავიღე ხელში ფუნჯი და დავიწყე... აი, ნახატების ქსოვილზე გადატანის იდეა სწორედ ამ დროს გაჩნდა. რა თქმა უნდა, ამ იდეასაც ფრთები შევასხი და არანაკლებ პოპულარული და მოთხოვნადი გახდა შარფები. ყურადღებას იპყრობს შეფუთვაც, რაც ძალიან მახარებს, რადგან მართლა რუდუნებით და მთელი გულით, თავად ვფუთავ და ვალამაზებ შარფებს.

ადამიანი და აქსესუარი...

- სხვათა შორის, უძველესი დროიდან ატარებს ადამიანი აქსესუარს. არა ერთი მასალის, ფერის თუ ფორმისას... პირადად მე, აქსესუარი გარკვეულ წარმოდგენას მიქმნის პიროვნების გემოვნებაზე, მისი ჩაცმის სტილსა და ზოგადად, ადამიანზე... ყველას არ უყვარს სამკაული ან ზოგს ზედმეტად გადატვირთული სტილი აქვს. კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნებაა საჭირო, რომ აქსესუარი სწორად ატარო. თუმცა, დღევანდელ მოდერნისტულ გარემოში ყველაფერი მისაღები გახდა; ყველა ისე იმოსება და იმ სტილს არჩევს, რაც მოსწონს.

ფოტოკადრში დანახული სამყარო

- ფოტოგრაფიის სიყვარული, ეს ჩემი გენეტიკურად მიღებული საჩუქარია, რაც მამისგან მერგო და ალბათ, მასაც მოეწონებოდა ჩემი ფოტოესკიზები... რომ არ ვიყო იმ საქმით დაკავებული, რასაც ახლა ვაკეთებ, აუცილებლად ვიქნებოდი მოხეტიალე ფოტოგრაფი!.. ეს არის წამი, რომელიც არ მეორდება. სხივი, რომელიც ფოთოლს ეცემა; წვიმის წვეთი, რომელიც მიწაში იკარგება და ასე შემდეგ; ღიმილი, რომელიც არ განმეორდება; სევდა, რომელიც თვალებში ჩანს... მიყვარს და ვცდილობ, როცა დრო მაქვს ან სადმე ლამაზ კადრს შევამჩნევ, წამი დავიჭირო, ფაქტი დავაფიქსირო და შემოვუნახო ჩემს თუ სხვის მოგონებებს...

20221211-150326-copy-1675696507.jpg

სიკეთის მარცვლები

- სიკეთე ყველა ადამიანშია, ეს ჩვენში ღმერთისგან ჩადებული კოდია და მარცვალია, რომლის გაღვივებასაც თითოეული ჩვენგანი უნდა ვცდილობდეთ. სიკეთე ერთადერთია სიყვარულთან ერთად, რაც აზრს აძლევს ამ ცხოვრებას...

სიყვარული...

- რა რთულია სიყვარულზე რაიმე თქვა... მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ, სიყვარული თავად ღმერთია და ვინც მას შეიცნობს, მიხვდება, რომ მხოლოდ ამისთვის მოვევლინეთ დედამიწაზე, რათა თავად ღმერთი გვენახა!..

მზე...

- მზე სიცოცხლის წყაროა, იმედია... მზე არის სინათლე და სითბო. ყველა სულდგმული მას შენატრის და შეჰხარის, მიწიდან ამოწვერილი ბალახით დაწყებული, ასაკოვანი მუხებით დამთავრებული... უმზეოდ წარმოუდგენელია ... ჩემთვის მზე არის ენერგიის წყარო და განწყობის შემქმნელი; როცა მზეა, ყველაფერი გახარებს... უჟმური ცივი და წვიმიანი ამინდი, თუნდაც თოვლჭყაპი, სასტიკად არ მიყვარს...

ჩემი საქმის "ნათელი და ბნელი მხარეები"...

- პირველ რიგში, ეს საქმე თავად მსიამოვნებს. როცა ჩანაფიქრს ფრთებს შეასხამ და შენს ნახელავს უყურებ, როცა თავადაც მოგწონს და სხვებიც არ იშურებენ კომპლიმენტებს, კეთილ სიტყვებს - ეს ჩემი საქმის ნათელი მხარეა...

"ბნელს" ვერ დავარქმევ, მაგრამ ძალიან შრომატევადიცაა. რთული და დამღლელია სხვადასხვა მასალასთან ჭიდილი. ბნელ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ როგორც წესი, საქართველოში ხდება ნიჭიერი ადამიანების, მათ შორის ხელოვანების "გადამალვა", სამაგიეროდ ჩაწყობა და "პატრონობა" წინა პლანზეა, ეს კი ძალიან აზარელებს არა მხოლოდ ამა თუ იმ სფეროს, არამედ ქვეყანას!..

ის, რაც მაბრაზებს...

- მაბრაზებს უსამართლობა... ყველაზე მეტად დაუცველი ადამიანების მიმართ ზურგშექცევა, ადამიანების ფულის მონობა...

დაბოლოს, დაუვიწყარი წუთი...

- დედასთან გატარებული ბოლო წელი ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია; ახლაც თვალწინ მიდგას მისი სევდიანი გამოხედვა...

ლიკა ქაჯაია