"ეს შევძელი და ამით ვამაყობ" - გზაპრესი

"ეს შევძელი და ამით ვამაყობ"

ლენუკა ყიფშიძის ცხოვრების დევიზი ადამიანობის შენარჩუნება და სიკეთის კეთებაა. მიიჩნევს, რომ ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპი დაამსხვრია და რეალითი შოუში მონაწილეობით, ქალბატონებს ცხოვრების, უკეთეს ფორმაში ყოფნის სტიმული მისცა...

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- შინაგანად პატარა ლენუკას - ბავშვს, რომელიც თითქოს უსუსურია, დაცვა სჭირდება, მაგრამ იმავდროულად ვხედავ ძლიერ და მიზანდასახულ ქალს.

- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- რა თქმა უნდა, შვილს. 40 წლის ვარ, ჩემი შვილი უკვე 22 წლის ხდება. მისი სახით, გვერდით კაცი მიდგას, თან ისეთი შვილი მყავს, რომლის შესახებაც სულ ვამბობ, ღმერთმა ისეთი საჩუქარი მიბოძა, რომ უბედნიერესი დედა ვარ. ვფიქრობ, ქალისთვის ეს უმნიშვნელოვანესია.

- რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გახასიათებთ თქვენ და თქვენს შვილს?

- ორივენი პირდაპირები და ზედმეტად ყურადღებიანები ვართ, ასევე - ემოციურები. როცა ნიკუშას ვესაუბრები იმაზე, რასაც განვიცდი, ზუსტად ვიცი, ანალოგიური განცდა ეუფლება, თუმცა არ იმჩნევს. მასში ჩემს თავს ვხედავ. ნიკუშა ჩემთვის სარკესავითაა: რომ ვუყურებ, მგონია, მე ვარ. ჩემში რაც მიყვარს - სიკეთე, ადამიანობა - ნიკუშასაც იგივე გააჩნია. ძალიან კარგია, როცა ადამიანობას არ კარგავ. არც დავკარგავ, დარწმუნებული ვარ. ჩემს შვილშიც ანალოგიურს ვხედავ. ამით ბედნიერი ვარ... ჩვენ შორის განმასხვავებელ თვისებას რაც შეეხება, მე ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ის კი ძალიან თავშეკავებულია (იცინის).

image2-copy-1675759275.jpeg

- რა არის თქვენთვის კომფორტის ზონა?

- სიმშვიდე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელშიც 24/7-ზე სტუმრიანობა იყო. თან, დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ. პირდაპირ ვიტყვი: ამდენ ხალხში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირს. მე და ჩემი შვილი განვიხილავთ - რაღაც უნდა ვქნათ, რომ ცალკე ვიცხოვროთ, რადგან ფიზიკურად და სულიერად არ მყოფნის ძალა, ფსიქიკა... ალბათ გადავიღალე, რადგან სულ ქაოსში ვცხოვრობდი. ჩემს ოჯახს სტუმარმასპინძლობა არასდროს ეშლებოდა, მაგრამ ცხოვრებაში არის რაღაც ასაკი და ეტაპი, როცა გინდა, ადამიანმა სიწყნარე, სიმშვიდე, სიმყუდროვე იგრძნო. მაგალითად, მეგობართან რომ დავრჩენილვარ ან დასასვენებლად სადმე წავსულვარ, იქ მიგრძნია, რომ სულიერად დავმშვიდებულვარ. ვატყობ, მშვიდი გარემო ჩემთვის კომფორტია.

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- თვალები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ძალიან მეტყველია - სულის სარკეა. როდესაც ადამიანს თვალებში ვუყურებ, თითქოს სკანირებას ვუკეთებ და გამოვიცნობ, როგორი პიროვნება შეიძლება იყოს. ჯერჯერობით არ შევმცდარვარ.

- გქონიათ სურვილი, პოპულარული არ ყოფილიყავით?

- არა, პოპულარულობას არ შევუწუხებივარ, მით უმეტეს - ახლა ეს ამბავი გაასმაგდა: "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის შემდეგ, ხალხისგან იმხელა სიყვარული მივიღე, რომ დედას გეფიცები, სიცოცხლის წლები მომემატა - ბედნიერი ვარ! თურმე, რა კარგია, როცა ამდენ ხალხს უყვარხარ... მეუბნებიან, - როგორი კეთილი, კარგი, პოზიტიური ხარ, სიკეთეს აფრქვევო... როცა უამრავ დადებით შეტყობინებას, გულთბილ დამოკიდებულებას იღებ, ადამიანს მეტი რა გინდა? ქალები მწერენ - ჩვენთვის სამაგალითო ხარო და ეს მართლა მაბედნიერებს. საერთოდ, რეალითი შოუში მონაწილეობის მერე, ადაპტაციის პერიოდი მაქვს - ჩემთვის ყოფნა მინდა. ცუდ განწყობაზე მყოფი როგორც კი ხალხის შეტყობინებებს, კომენტარებს ვკითხულობ, 2 წამში კარგ ხასიათზე ვდგები.

- რეალითი შოუში თქვენი მონაწილეობის ამსახველ ეპიზოდებს როცა უყურებთ, როგორი განცდა გეუფლებათ?

- საერთოდ, საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ. ახლაც მეუბნებიან, - პროექტში რატომ შედიოდი, რა გინდოდა? გიღირდაო? ჩემთვის ეს "შუალედური ეტაპი" იყო, რაც აუცილებლად უნდა გამევლო, რადგან ამით ძალიან გავძლიერდი... ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპი დავამსხვრიე - 35+ ასაკის ქალებს იმედი მივეცი. მწერენ, - ცხოვრებას ახლა ვიწყებთ, ყოჩაღ, სტიმული მოგვეციო! რომ ვთქვი, "მაბულინგებენ", რადგან რეალითი შოუში 40 წლის მონაწილე ვარ-მეთქი, დადებითი "ესემესები" "წამოვიდა": რას ამბობ? რომ გიყურებთ, ვამაყობთ და სტიმული გვაქვს, რომ ჩვენც ფორმაში ვიყოთო! ზოგი თხოვდება, ზოგი - შვილს აჩენს... მადლობა იმ ქალბატონებს, ვინც გვერდში დამიდგნენ და სტიმული მომცეს... რეალითი შოუში მონაწილეობა მომინდა, რადგან ერთფეროვნებას ვერ ვიტან. სამსახურის პოვნა ამიტომ მიჭირს: ერთფეროვან გარემოში თითქოს გალიაში ვარ. ჰოროსკოპით, თევზების ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. წარმოიდგინე, თევზს კუდში ხელი რომ წაავლო და არ გაუშვა, ზუსტად ასე ვარ - შებოჭილი ყოფნა არ შემიძლია. აქტიური ცხოვრება მიყვარს. საქმე უნდა ვაკეთო, დავიხარჯო და რისთვისაც ამ ცხოვრებაში ვარ მოსული, ჩემი წვლილი შევიტანო, რაღაც გავაკეთო...

- უსამართლობის განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- მამაჩემთან დაკავშირებით ყოველთვის უსამართლობის განცდა მაქვს: რაც მან თავის პროფესიაში დღემდე გააკეთა, სათანადოდ ვერ დაფასდა. ზურა ყიფშიძე დღეს ისე არ უნდა ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს. ეს ყოველთვის მაწუხებს და გული მწყდება - საქართველოში ერთი ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რა პრობლემებიც ზურას აქვს, მოუგვაროს, დაეხმაროს... ის დეპრესიულ სიტუაციაში არ უნდა იყოს...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- მინდა ჩემი წარმოსახვის რეალიზება და ასევე, ადამიანებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შემეძლოს. წარმოგიდგენია, რამდენ ადამიანს განვკურნავდი? პრინციპში, ყველაზე მთავარი ესაა...

- კიდევ რა ხდება თქვენს წარმოსახვაში, რომლის რეალობად ქცევაც გინდათ?

- მინდა ოჯახში ვისაც რა პრობლემები გვაქვს, ყველას დავულაგო სიტუაცია. ხომ ვიცი, გარშემო ვის რა აწუხებს? წარმოიდგინე, დილა თენდება და ყველა ბედნიერია. ალბათ, ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იქნება, როცა გარშემო ყველა კარგად გეყოლება. ადამიანს დაურეკავ, ჰკითხავ, - როგორ ხარო? პასუხად გესმის, - კარგადო!.. ეს მენატრება, რადგან ვიცი, გარშემო მყოფთაგან თითქმის ყველას პრობლემა აქვს: ზოგს ბინა არ აქვს, ზოგს - ბანკის ვალები "ახრჩობს", ზოგი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის... ეს საშინელებაა, კოშმარია, მით უმეტეს, როცა ახლობელ ადამიანებზე საუბრობ...

- დღის რომელი მონაკვეთი უფრო მეტად გიყვართ?

- საღამო. 6 საათისკენ თითქოს ენერგია მეძლევა, "ვცოცხლდები"... ალბათ, ეს დრომ მოიტანა, რადგან მთელი ცხოვრება დილით აქტიური ვიყავი, დილის 8 საათზე ბავშვი სკოლაში მიმყავდა... 30 წლის ზემოთ, საღამო უფრო მომწონს - ამ დროს უფრო ვიწყებ ცხოვრებას...

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ცუდსაც და კარგსაც. როდესაც ადამიანს პრობლემა გაქვს და ამის შესახებ არ ამბობ, ტვინი ფიქრობს, ფიქრობს... დავაკვირდი, რომ რასაც ვფიქრობ, თემატურად ეგ მესიზმრება.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გარეშე, თქვენთვის თავის მოვლა იოლი იქნებოდა?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან ბებიაჩემმა ბავშვობიდან მასწავლა, სახლის პირობებში თავისთვის როგორ მომევლო. მაგალითად, მასწავლა, რომ სახეზე სეზონური ხილი დამედო. სულ ასე ვიქცევი - სახლში საკუთარ თავზე ცდებს ვატარებ (იღიმის). ყველაფერი ინდივიდუალურია, რადგან მაგალითად, შეიძლება სახეზე მარწყვი დავიდო, ვიღაც ანალოგიურად მოიქცეს და კვინკეს შეშუპება დაემართოს, ალერგიული იყოს... გუშინ სახეზე ნიღაბი წავისვი, მაგრამ ისე "დამფოთლა", ლამის გული გამისკდა. ამიტომ ჯობია, რჩევების გაცემისგან თავი შევიკავო (იღიმის)...

image10-copy-1675759240.jpeg

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- ნიკუშას, რადგან 8 საათი მუშაობს. პირველ რიგში, ის ჩემი მეგობარია. შემიძლია მოვუყვე, გავუზიარო, რა მეწყინა, რა გამიხარდა... ნიკუშა და ჩემი ძმის შვილი - ნატალია ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. შეიძლება ბიჭს რაღაც მაინც ვერ მოუყვე, მაგრამ ნატალია ჩემი გოგოა: ყველამ იცის, რომ ძალიან მინდოდა, გოგონა მყოლოდა. ნატალიას ჩემს ქალიშვილად მივიჩნევ.

- თქვენს შვილს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც უზიარებთ?

- რა თქმა უნდა! სხვათა შორის, ორივენი - ნიკუშაც და ნატალიაც ძალიან სწორად აზროვნებენ. როცა რამე მაინტერესებს, ნორმის ფარგლებში, ორივეს ვუყვები. ნიკუშა ძალიან სწორ რჩევებს მაძლევს, მაგრამ პირადი ცხოვრების შვილთან განხილვა მაინც "ისეთია", მით უმეტეს - ბიჭთან... უფრო ნატალიას ვუზიარებ ხოლმე. დიდი ხანია, სერიოზული ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ თუკი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას დავაპირებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შვილს ჩავაყენებ საქმის კურსში, მის აზრს გავითვალისწინებ...

- თქვენი ჰობი რა არის?

- ცურვა. ასევე, ავტომობილის მართვაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! იცი, ადრენალინის როგორი განცდაა, როცა საჭეს ვმართავ?! ზებუნებრივი ძალა მეძლევა!.. მამაჩემი "მეკაიფება" ხოლმე - კაცად უნდა დაბადებულიყავიო (იცინის). სამწუხაროდ, მანქანა აღარ მყავს. საშინლად განვიცდი. შარშან ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ, ავტომობილის შეძენა ვეღარ მოვახერხე...

- "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებიდან ბოლოს ვის შეხვდით?

- კოსტას და თამაზას. მათთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს. ხალხიც ერთად აღგვიქვამს. გვწერენ - თქვენზე ვგიჟდებითო... გადაღებებზეც მე და კოსტას ან მე და თამაზას ერთად გვიწვევენ. ბოლო დროს, თამაზას არ ვაწუხებ: სულ მუშაობს, დატვირთული რეჟიმი აქვს...

- რომელ მონაწილესთან ვერ იმეგობრებთ ვერასოდეს?

- მეგობრობის პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ, შეიძლება, საერთო ენა ვერ გამოვნახო... კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, რადგან ასეთი ადამიანი არ არსებობს.

- თქვენი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- ადამიანი საკუთარ თავს განწყობას თავად უქმნის. ტვინს როგორ სიგნალსაც მისცემ, ისეთი განწყობა გექნება. რთულია, მაგრამ საკუთარ თავთან უნდა იმუშაო. რა თქმა უნდა, გარემო მნიშვნელოვანია: ცუდი გარემო ადამიანის შინაგან მდგომარეობას ანგრევს... ჩემი განწყობის უებარი წამალი მაინც მუსიკაა: 24/7-ზე ყურსასმენები მიკეთია. 1 კვირაა, სტეფანეს და მისი გოგონას სიმღერა მაქვს ამოჩემებული: როცა ვუსმენ, იცი, როგორი ბედნიერების ვიბრაციებს ვიღებ?!.

image18-copy-1675759227.jpeg

- ადამიანებს რის მიხედვით აფასებთ?

- ადამიანი რომ მიახლოვდება, მის აურას ვგრძნობ - თვალებით, ხმის ტემბრით.... თუ ჩემამდე "ვერ მოდის", ოდნავ "რაღაცნაირადაა" განწყობილი, უბრალოდ, მასთან დისტანციას ვიცავ, მეტი არაფერი.

- ხალხმა თქვენ შესახებ რა არ იცის და გინდათ, რომ იცოდეს?

- უცხო ადამიანებსაც უთქვამთ, რომ მეგობრული, გვერდში მდგომი ვარ. საერთოდ, ადამიანები მიყვარს. ვიღაცებმა რაღაც ვერ დაინახეს. პროექტში მონაწილეობისას მწერდნენ კიდეც, - რა ბოროტი ხარო! ეს გულზე ძალიან მხვდებოდა, რადგან ჩემს გულში ბოროტების ადგილი არაა, ეს არ მახასიათებს. შურიანი, ბოღმიანი არასდროს ვარ. ცუდს არასდროს არავის ვუსურვებ, ყველა მიყვარს. თითქოს გულში სიკეთე მიტრიალებს, მაგრამ ვიღაც ამას რომ ვერ ხედავს, გული მწყდება...

ეთო ყორღანაშვილი