სოფო გორელაშვილის პროფესიული "კარდიოგრამა" და ბედის ამბავი - გზაპრესი

სოფო გორელაშვილის პროფესიული "კარდიოგრამა" და ბედის ამბავი

მსახიობ სოფო გორელაშვილის ცხოვრებაში დიდი წარმატება მოულოდნელად მოვიდა, მაგრამ დიდ სიმაღლეს "დაღმართი" მოჰყვა. მის ცხოვრებაში ერთმანეთს ენაცვლებოდა გამართლებისა და სიცარიელის პერიოდები, რაზეც ამ ინტერვიუში გვესაუბრება.

- სოფო, შენთან წარმატება მარტივად მოვიდა? კარიერის დასაწყისში, პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან არათანმიმდევრული იყო. 22 წლის ასაკში, როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, უეცრად დიდი წარმატება მოვიდა. სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთ მთავარ როლზე მოვხვდი ORT-ს დაკვეთით გადასაღებ 12-სერიან ფილმში. ეს იყო უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, საქართველოს, პოლონეთის ერთობლივი კოპროდუქცია. გადასაღებ მოედანზე სცენები მქონდა უკრაინელ, რუს, ბელორუს ვარსკვლავებთან ერთად და ძალიან დავმეგობრდით. 1 წლის განმავლობაში, ხან ბელორუსიაში, ხან ყირიმში მომიწია მუშაობამ. შოკში ვიყავი, ისეთ პირობებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი.

- მწირი გამოცდილებით იქ მუშაობა არ გაგიჭირდა?

- იმდენად დიდი პროფესიონალების გვერდით მიწევდა მუშაობა და ყველა დეტალი იმდენად დალაგებულ-გათვლილი იყო, საერთოდ არ გამჭირვებია. იმ ადამიანებისგან ბევრი ვისწავლე. თავიდან ცოტათი გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ ყველანი ძალიან უშუალოები იყვნენ. ამ პროექტის შემდეგ, მსახიობებისადმი მსგავსი დამოკიდებულება აღარც მინახავს. იქ ყველას ჩვენი სივრცე გვქონდა, პირადი ასისტენტი გვყავდა, ზუსტად იმ დროს მოდიოდა მძღოლი, როგორც დაგეგმილი და გაწერილი იყო. საათივით აწყობილი პროექტი გახლდათ, თავს ძალიან დაფასებულად ვგრძნობდი. თითოეულ წუთს სხვაგვარად აფასებდნენ.

- ძალიან გაგიმართლა, სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვდი, არა?

- თავიდან ძალიან გამიმართლა, მაგრამ საქართველოში რომ დავბრუნდი, აქ სულ სხვა რეალობა იყო. არადა, იქ ლაპარაკი ჩემს დარჩენაზეც ჩამოვარდა და ვერ გავრისკე. არადა, შეიძლებოდა დღეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. უმეტეს შემთხვევაში ხომ ასე ხდება, ადამიანები წარმატებისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მე ეგრევე ძალიან დიდ სიმაღლეზე მოვხვდი და იქიდან ჩვენს რეალობაში დაბრუნება რთული იყო. როდესაც დამკვეთი მხრიდან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვხედავდი, მეც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაქსიმალურად ვიხარჯებოდი და იმ მდგომარეობას შევეჩვიე. ვცდილობდი დროზე დამეძინა, გამეღვიძა, გადასაღებ მოედანზე მაქსიმალურად მომზადებული მივსულიყავი.

- ჩამოხვედი საქართველოში და აქ როგორი სამუშაო გარემო დაგხვდა?

- პროექტს არ დავასახელებ, მაგრამ დაბრუნებიდან ძალიან მალე ერთ-ერთ გადაღებაზე მოვხვდი. ისეთი ფიასკო განვიცადე, იმხელა იმედგაცრუება იყო, რომ... იმ რეჟიმს მიჩვეული დიდ ქაოსში მოვხვდი. იქ ყველამ თავისი საქმე იცოდა და წუთის სიზუსტით ასრულებდა, აქ ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა: მსახიობი ტექსტს გადიოდა და ეს არავის აინტერესებდა, ოპერატორი მზესუმზირას მიირთმევდა და ა.შ. ყოვლად გაუმართავი სისტემა დამხვდა. დიდი კონტრასტი იყო, მაგრამ ეს საქმე შენი რომ არის, მაინც გიყვარდება.

- ადამიანებს დაბრკოლებები ხელოვნურად შეუქმნიათ?

- არა, საკუთარ თავს დაბრკოლებებს მხოლოდ მე ვუქმნი და სხვა არავინ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაბოროტებული ადამიანები არ შემხვედრია. მსგავსი პატარა ფაქტები ყოფილა, მაგრამ ეს შენზეა დამოკიდებული: თუ უფლებას მისცემ, შეგეხება, თუ არადა - არა.

- ეს როგორ უნდა მოახერხო?

- იმ ადამიანს ის თამაში არ უნდა ეთამაშო, არ უნდა აჰყვე. შენი საქმე უნდა იცოდე, შენი მიზანი გქონდეს; გზა იცოდე, სადაც მიდიხარ და სულ ესაა. ამ დროს თავად ხვდები, ვინ მოუშვა ახლოს, ვისთან უნდა დაიჭირო დისტანცია.

310288042-131797452944867-4096657984720616666-n-1675759739.jpg

- ისეთი ადამიანები თუ იყვნენ შენს ცხოვრებაში, ვინც წარმატების მიღწევაში ხელი შეგაშველა, დაგეხმარა?

- დედაჩემი წინააღმდეგი იყო, რომ მსახიობის პროფესია ამერჩია. მეუბნებოდა, ძალიან გაგიჭირდებაო, რადგან ამ სფეროში საერთოდ არავინ მყავდა. მნიშვნელოვანია, როცა ახლობელი გყავს - განა იმისთვის, რომ რაღაც ჩაგიწყოს, უბრალოდ, სწორ ადგილზე მოგახვედროს, ხელი შეგაშველოს. ჩემს კარიერაში ყველაფერი თავისით მოხდა. უცხოურ პროექტში კასტინგზე რომ მივედი, იქ ისეთი ადამიანები დამხვდნენ, სახელებს და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, რომ დავინახე, გავიფიქრე, მე აქ რა მინდა, რატომ მოვედი-მეთქი? იმედი არ მქონდა, რომ როლზე დამამტკიცებდნენ. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტში ჩემმა რეჟისორმა და მეტყველების პედაგოგმა - რაც მასწავლეს, ეს ძალიან დამეხმარა.

- დღევანდელი გადასახედიდან შეგიძლია თქვა, რომ წარსულში წინააღმდეგობებზე მეტად, იღბლიანი მომენტები უფრო მრავლად გქონდა?

- წინააღმდეგობები? მე უფრო სიცარიელეს დავარქმევდი. უსაქმოდ ყოფნა ძალიან არ მიყვარს; გარშემო არაფერი რომ არ ხდება, ეს ჩემი უსაზღვრო ენერგია რომ არ დავხარჯო, გამაგიჟებს. ზოგჯერ კასტინგზე იცი, როგორი სულელური მიზეზის გამო არ წავსულვარ? ვაიმე, გასუქებული ვარ და ვერ წავალ-მეთქი. არადა, 2 კილოგრამი მქონდა მომატებული, რომელიც საერთოდ არავისთვის თვალშისაცემი და შესამჩნევი არ იქნებოდა.

- ხშირად გიმართლებს?

- მიმართლებს, უცებ თავისით ისეთ ადგილზე ვხვდები, რომ... ბედის ამბავია.

- შენს საქმეში დაუღალავად რომ იშრომო, მთავარი მოტივატორი ვინ ან რა არის?

- საქმის სიყვარული. ყველა გადაღება ერთმანეთს არ ჰგავს, ცუდი გამოცდილებაც მქონია, კარგიც, მაგრამ თუ ვიღლები, ეს დაღლაც კი სასიამოვნოა. უკან რომ დამაბრუნო, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მინანია კიდეც.

- სინანულზე მეტი პროფესიული აღმაფრენის მომენტი გქონია, არა?

- რამდენი აღმავლობაც მქონდა, შემდეგ იმდენი "დაღმართიც" იყო. სტაბილურობის განცდა არის ძალიან კარგი, რაც იშვიათადაა. არის მომენტი, როცა ხარ ძალიან მოთხოვნადი და მერე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღარაფერი ხდება. ეს სიცარიელის შეგრძნება ძალიან ცუდია.

- საქმის კეთების დროს, შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია დალაგებული გქონდეს პირადი ცხოვრება, პროფესიის მიღმა არ გქონდეს რაღაც სანერვიულო.

- გააჩნია გადასაღები მოედნის ინტერესსა და პირადი ამბის სიმძაფრეს. უმეტეს შემთხვევაში, ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, პირადი ამბავი ჩემზე დიდ გავლენას ახდენს. არეულობა ძალიან მოქმედებს. შეიძლება პრობლემით იმდენად მოცული ვიყო, საქმეში ხელი შემიშალოს, მაგრამ ისეთი მომენტებიც არის, როცა გადასაღებ მოედანზე იმდენად საინტერესო რაღაც ხდება, მაგ დროს შემიძლია ჩემი პირადი საერთოდ "გავთიშო".

- დღეს შენს პროფესიულ "კარდიოგრამაზე" რა პერიოდია?

- ბოლო პერიოდია, თავს სტაბილურად ვგრძნობ, ვაკეთებ საყვარელ საქმეს. სერიალს, რომელშიც ვთამაშობ ("სიყვარულს მიღმა"), ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა, მაღალი რეიტინგი გვაქვს და ეს მახარებს. ბევრი დადებითი, პოზიტიური სიტყვები მესმის მაყურებლისგან, კოლეგებისგანაც; ბევრი ადამიანისთვის საყვარელი სერიალი გახდა. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს. ახლა კარგი პერიოდი მაქვს.

- შენი პერსონაჟის ცხოვრების ასეთ განვითარებას ელოდი?

- თავიდან ვფიქრობდით, ვნახოთ, რა იქნება, განსაზღვრული არ იყო საით წავიდოდით, მეორე სეზონი საერთოდ იქნებოდა თუ არა. ახლა უკვე ჩვენი გზა ვიცით, სერიალში ძალიან საინტერესო ამბები ხდება. ჩემი პერსონაჟი დროთა განმავლობაში მაინც მაოცებს. ტექსტის კითხვისას, გაკვირვებულს აღმომხდება ხოლმე, - რაა?..

dsc6585-1675759725.jpg

- ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, ანნა არის პერსონაჟი, რომელშიც საკუთარ თავს ძალიან ბევრი გოგო ამოიცნობს, მაგრამ არ აღიარებსო, ისევ იმ აზრზე ხარ?

- რაც დრო გავიდა, ამ სიტყვებში უფრო და უფრო დავრწმუნდი. სულ ვცდილობ, კომენტარები ნაკლებად წავიკითხო, რადგან ჩემზე მოქმედებს. 200 კარგ კომენტარში, ერთი ცუდი რომ გამოერევა, ეგეც გულზე მხვდება. ხანდახან ქალებისგან ისეთი არაგამართლებული აგრესია მოდის, ასეთი რეაქცია არ გექნება, თუ სადღაც ამ პერსონაჟში საკუთარი თავი არ გყავს ამოცნობილი.

- დაბოლოს, რას ურჩევ ადამიანებს, როლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს, ახლა იწყებენ კარიერის აწყობას? რა გაითვალისწინონ, რას არ მიაქციონ ყურადღება?

- რაც მე არ მაქვს და ვთვლი, რომ ჩემი მინუსია, იმას ვურჩევ: იბრძოლონ! მე არ ვიბრძვი, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გამართლებით მოხდა. ვინმე პირადად თუ არ დამირეკავდა, კასტინგებზე არც დავდიოდი. არასდროს მიბრძოლია იმისთვის, რომ ერთდროულად არაერთ ადგილზე ვყოფილიყავი. ახალგაზრდებს ვურჩევ, იყვნენ აქტიურები. შეიძლება ბევრი წარუმატებლობა ჰქონდეთ, მაგრამ არ დაეცნენ! შეიძლება არ აირჩიონ, შეიძლება საკუთარ თავში, შესაძლებლობებში ეჭვიც შეეპაროთ, მაგრამ რამდენჯერაც დაეცემიან, იმდენჯერ წამოდგნენ. საკუთარ თავს სხვას ნუ შეადარებენ, ყველა ადამიანი უნიკალურია, ინდივიდუალიზმი არ დაკარგონ!

თამუნა კვინიკაძე