ახდენს თუ არა ცეკვის ხარისხზე ზეგავლენას მეწყვილესთან რომანტიკული ურთიერთობა? - გზაპრესი

ახდენს თუ არა ცეკვის ხარისხზე ზეგავლენას მეწყვილესთან რომანტიკული ურთიერთობა?

ერეკლე გირგვლიანი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" 2 სეზონის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობდა: შარშან თი მაჭავარიანის მეწყვილე გახლდათ. წყვილი ფინალშიც მოხვდა... წელს ერეკლე ბაბი კირკიტაძესთან ერთად ცეკვავდა. როგორც იცით, წყვილმა გაიმარჯვა კიდეც... გადავწყვიტეთ, ერეკლე გირგვლიანი მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო...

- მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაინც რთულია, კონკრეტულ აზრამდე მიხვიდე და გააცნობიერო, რა მოხდა. ამას თანდათან ვიაზრებ: სიხარულის, ბედნიერების და სიამაყის განცდა ნელ-ნელა, ეტაპობრივად მავსებს. როცა მე და ბაბი პროექტის გამარჯვებულებად დაგვასახელეს, ვერ გეტყვით, მაშინ ის ვიგრძენი, რაც რეალურად უნდა მეგრძნო-მეთქი. ეს უფრო ეიფორიას და აჟიოტაჟს ჰგავდა ტვინში... რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი და გარდამტეხი რაღაც მოხდა... რაკი ამხელა წარმატება მხვდა წილად, ამის გამო, ჩემი ცხოვრების რეჟიმი არ შეცვლილა: ვარჯიშს, ცეკვას ჩემი ყურადღება არ მოჰკლებია...

- როგორი შეგრძნებაა პოპულარობა? გარკვეულწილად, დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?

- შემიძლია ვთქვა, - "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონიდანვე ძალიან გამიმართლა, რადგან შევძელი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მიახლოებული თამასა "დამედო" და მაყურებლებისთვის მეჩვენებინა, რისი ჩვენებაც მინდოდა: ჩემი პოტენციალი, შესაძლებლობები... სამეჯლისო-სპორტული ცეკვებით დაკავებული მანამდეც ვიყავი. უბრალოდ, ჩვენი სფერო შედარებით პატარაა იმისთვის, რომ უფრო ფართო აუდიტორიამ გაგვიცნოს. იმის მოთხოვნილება არასოდეს მქონია, რომ პოპულარული ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია თქმა, რომ ცალკე სიხარული და ბედნიერებაა, როცა ხალხისგან დადებით "ესემესებს", კომენტარებს ვიღებ; როცა შრომა მასშტაბურად მიფასდება... ის გულთბილი დამოკიდებულება, რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობ, ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა, რომ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო. ასეც მოხდა: პირველ სეზონზე, ხალხისგან დადებითი განწყობა მივიღე თუ არა, ვეცადე, ეს მოტივაციაში გადამეზარდა და მეორე სეზონზე უკეთესი პროდუქტი "დამედო". ყველაფერი ძალიან მალე მოხდა: ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში, ერთი ერეკლედან მეორე შეიქმნა. "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. საერთოდ, მსმენია, - უცებ მოსული პოპულარობა "თავში ავარდნის" სინდრომს იწვევსო, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ეგო არ შეცვლილა - იგივე ადგილასაა, სადაც მანამდე იყო (იღიმის).

- რამდენი ხანია, რაც ცეკვავ? ამ სფეროთი როგორ დაინტერესდი?

- 8 წლიდან ვცეკვავ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2-3 წლის განმავლობაში, ჩემი და ცეკვავდა. ბავშვობიდანვე მოზღვავებული ენერგია მქონდა, რომელიც არ ვიცოდი, სად წამეღო. ჩემი მშობლებიც ფიქრობდნენ, ჩემთვის ინტერესის ისეთი სფერო შეერჩიათ, სადაც მოზღვავებულ ენერგიას დავხარჯავდი. ასეთი სფერო ცეკვა აღმოჩნდა: მას შემდეგ, რაც ჩემმა პირველმა ქორეოგრაფმა - გია ორველაშვილმა (მზია ორველაშვილის მამამ) შემამჩნია, როგორ ვაქტიურობდი, ვთამაშობდი, დედაჩემს შესთავაზა, ცეკვაზე შევეყვანე... მერე ცეკვამ ისე გამიტაცა, რომ სხვა არაფერი მინდოდა - მთელ დროს დარბაზში ვატარებდი. აღმოჩნდა, რომ მზია ორველაშვილის მშობლები ჩემი პირველი პედაგოგები იყვნენ. მათ მიბიძგეს, ცეკვის სფეროში პირველი ნაბიჯები გადამედგა.

- შენი და ისევ ცეკვავს?

- არა, 2-3 წელიწადში თავი დაანება. ისე გამოვიდა, რომ ცეკვა მან დაიწყო, მე გავაგრძელე (იცინის).

- მალევე გააცნობიერე, რომ ცეკვა ნამდვილად შენი საქმე იყო?

- ცეკვა დავიწყე თუ არა, პირველ ტურნირზევე გავიმარჯვე. შემდეგ, 8-დან 18 წლამდე არ ყოფილა შეჯიბრება, რომელზეც მეორე ადგილი დავიკავე - ყველა კატეგორიაში ჩემპიონი ვიყავი... მერე კონკურენციაც გაიზარდა, მეწყვილეც შევიცვალე... უფრო მასშტაბურ კონკურსებში ვმონაწილეობდი, საზღვარგარეთ ტურნირებზე გავდიოდი... იქ უკვე სხვა დონეზე ავედი... ყოველთვის კარგად ვსწავლობდი - სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე. ჩემთვის განათლება დღესაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ადამიანი არ ვიყავი, ვინც ოფისში იმუშავებდა, თუმცა რა თქმა უნდა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ... 24 საათი ცეკვა მიტრიალებდა თავში. სკოლაში, გაკვეთილებს შორის შესვენებაზეც ყოველთვის ცეკვის ვიდეოებს ვუყურებდი. ვცდილობდი, ინფორმაცია შემესრუტა და ცეკვის სფეროში უფრო მეტად განვვითარებულიყავი. მეხუთე-მეექვსე კლასში მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელსაც ყოველთვის გავაკეთებდი - საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიცოდი, რაც მინდოდა...

- თუმცა, სატელევიზიო სივრცეში არ ჩანდი...

- მოცეკვავეები საქართველოს სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ფედერაციაში ვართ გაერთიანებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ტურნირებზე ვცეკვავთ... "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობამდე, ჩემი ცხოვრება სრულიად ამ ტურნირებს მოიცავდა. მინდოდა, ისეთი შედეგი "დამედო", როგორიც მერე ჩვენი ქვეყნის სახელს წაადგებოდა. 8-დან 23 წლამდე ამით ვიყავი დაკავებული, მაგრამ პანდემიის პერიოდში, რეგულაციების გამო, ტურნირებიც ვერ იმართებოდა. ისეთი ადამიანი ვარ, ვინც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება - სულ მინდა, რაღაც ახალი გავაკეთო, განვვითარდე.გადავწყვიტე, ჩემს მეწყვილესთან ერთად, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა მიმეღო...

- მეწყვილესთან რომანტიკული ურთიერთობა ცეკვის ხარისხზე როგორ მოქმედებს?

- ჩემი აზრით, ეს საკითხი ყველასთვის ინდივიდუალურია: ზოგ შემთხვევაში, ყველაფერი ფუჭდება, ზოგში - პირიქით, სიტუაცია უკეთ მიდის. გააჩნია, ადამიანებს ამ საკითხის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ. პირადად ჩემს შემთხვევას რაც შეეხება, "პლუსებიც" იყო და "მინუსებიც". ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინა სეზონშიც წარმატებით მონაწილეობდი - თი მაჭავარიანთან ერთად, ფინალში მოხვდი. როგორ ფიქრობ, მაშინ გამარჯვება რატომ ვერ შეძელით?

- საერთოდ, იცი, როგორ ხდება? ყველა მონაწილე ცდილობს, ყველა სასცენო ნომერში მაქსიმუმი "ჩადოს" და მაყურებლებამდე სასიამოვნოდ სანახავი პროდუქტი მიიტანოს, შემდეგ კი, როდესაც ცეკვის ამსახველ ვიდეოს ნახავს, ოდნავი სიამაყისა და სიამოვნების განცდა მაინც დაეუფლოს... როცა სეზონი იწყება, არასდროს ვფიქრობ, ფინალში მოვხვდები თუ ვერა. ჩემი ერთადერთი "ამოსავალი წერტილი" ის არის, რომ ტურიდან ტურამდე ისეთი ცეკვა შევასრულო, რომელიც მაყურებლის თვალს, გულს გაახარებს და ამით ჩვენც ვისიამოვნებთ. მერე უკვე გააჩნია, ვის რამდენი გულშემატკივარი ჰყავს, ვინ რამდენ ხმას დააგროვებს... შარშან მესამე ადგილზე აღმოვჩნდით, რის გამოც ძალიან ბედნიერები ვიყავით. მაყურებლებს უდიდეს მადლობას ვუხდი, რომ შესაძლებლობა მომცეს, პირველივე სეზონზე ფინალამდე მივსულიყავი და ყველა ტურში მეჩვენებინა, რისი ჩვენებაც მინდოდა...

- ქართველი ბიჭების ნაწილი სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მიმართ დადებითად განწყობილი არ არის. საინტერესოა, შენს ნათესავებს, ახლობლებს შენი საქმიანობის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- სვანი ვარ და ამით ვამაყობ! ალბათ, მენტალიტეტის გამო, ბევრს ჰგონია, რომ სვანები "რქიანი" და "ხისთავიანი" ხალხია (იცინის), რომლებსაც სიახლეების მიღება არ შეუძლიათ. ჩემი გარემოცვის საფუძველზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სვან ხალხს საზოგადოება არასწორად აღიქვამს, რადგან მათგან ნეგატიური დამოკიდებულება არასოდეს მიგრძნია, თუნდაც - ჩემი იმიჯის გამო: მოგეხსენებათ, საყურე და ტატუები ტრადიციულ იმიჯს დიდად არ შეესაბამება. სვანი ხალხი ყოველთვის გვერდით მედგა. ამ სეზონზეც ისე გულმოდგინედ მამხნევებდნენ, რომ სხვა კუთხეების წარმომადგენლებს შეშურდეთ (იცინის). მხოლოდ თბილისში მცხოვრებ სვანებს არ ვგულისხმობ: სვანეთში, სოფელ ლატალში ჩემი გვარის წარმომადგენლები არიან თავმოყრილი. ისინი ძალიან მიყვარს. "ცეკვავენ ვარსკვლავების" ორივე სეზონში ჩემ მიმართ გულთბილ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ, მგულშემატკივრობდნენ. ჩემი იმიჯი არ გამხდარა მიზეზი, რომ უარყოფითი დამოკიდებულება გასჩენოდათ...

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? როგორი გოგონები იქცევენ შენს ყურადღებას?

- პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს ვსაუბრობ. დოგმად არ მაქვს, როგორი გოგო შეიძლება მომეწონოს და როგორი - არა. ჩემთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია. მთავარია, ადამიანთან კომუნიკაცია მომეწონოს. შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ადამიანის შინაგან სამყაროს ვანიჭებ. მოვიტყუები, რომ ვთქვა, - გარეგნობას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ-მეთქი, მაგრამ მთავარი ადამიანურობაა.

- როგორ ფიქრობ, ცეკვა ურთიერთობას აიოლებს?

- ხშირ შემთხვევაში - კი, რადგან ცეკვის დროს იმ ემოციას გამოხატავ, რაც შეიძლება ვერბალური კომუნიკაციისას ვერ გადმოსცე - არ შეიძლება ან ისეთი ხარისხის არ იქნება, როგორც ცეკვისას გამოხატული. მგონია, რომ საერთოდ, ცეკვა უამრავ ემოციას მოიცავს. იმის საფუძველზე, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ადამიანთან, შეგიძლია, სხვადასხვა ცეკვაში არსებული სხვადასხვა ხასიათი მოირგო, მაყურებელი ამას ძალიან კარგად ხედავს.

img-7352-1675759889.jpeg

- ცეკვის დამუშავებისას მეწყვილეებს შორის კონფლიქტი, გაუგებრობა თუ ხდება?

- ადამიანს და მიდგომას გააჩნია: გარკვეულწილად, მოცეკვავეები ვარსკვლავებს უნდა "მოვერგოთ", რადგან ისინი ცეკვის სფეროში პროფესიონალები არ არიან. მაგალითად, თუ ვამჩნევ, რომ ადამიანისთვის შენიშვნის მიცემა, მიმართვის ოდნავ მაღალი ტონი საქმის ნაყოფიერებას ხელს უშლის და მუშაობის პროცესი ხარისხს კარგავს, ცხადია, ასე არ მოვიქცევი, მაგრამ თუ ვხედავ, ადამიანს მკაცრად ნათქვამი მეტ მოტივაციას აძლევს, რომ რაღაც უკეთესად გააკეთოს, რა თქმა უნდა, "შემოვუძახებ" ხოლმე (იღიმის)...

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- ისევ ყველაფერი ცეკვას უკავშირდება. მაქსიმალურად ვეცდები, იმ ყველაფრის მასშტაბი და ხარისხი გაიზარდოს, რასაც ახლა ვაკეთებ.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი