"სასიამოვნოა, რომ ხალხმა ჩემი შეყვარება ხელახლა დაიწყო" - გზაპრესი

"სასიამოვნოა, რომ ხალხმა ჩემი შეყვარება ხელახლა დაიწყო"

მსახიობი ლიკა შუკაკიძე ქართველ ტელემაყურებლებს ალბათ, სხვადასხვა სერიალიდან ახსოვთ. ახლახან ლიკა კიდევ ერთ პოპულარულ სერიალში - "სიყვარულს მიღმა" გამოჩნდა. როგორც მსახიობმა გვითხრა, ძალიან სიამოვნებს, რომ წლების მერე, ხალხმა მისი შეყვარება ხელახლა დაიწყო...

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" თამთას როლი კასტინგის მენეჯერმა შემომთავაზა. სინჯზე მივედი... ძალიან მალევე დამირეკეს და მითხრეს, - ზუსტად ის როლია, რომელიც შენ გიხდებაო. ეს ამბავი ასე მარტივად მოხდა (იღიმის).

- მოგწონთ თქვენი პერსონაჟი?

- ძალიან მომწონს, რადგან ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება მაინც ისეა განწყობილი, რომ თუ ქალს შვილი ან შვილები ჰყავს და ქმარს დაშორებულია, მას უფლება აღარ აქვს, პირადი ცხოვრება ჰქონდეს - დარჩენილი ახალგაზრდობა შვილებს უნდა შესწიროს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ახლა უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე წინათ იყო, მაგრამ პრობლემა მაინც არის. მგონია, რომ ამ დროს ქალი იჩაგრება: ქმართან დაშორების მერე, შვილთან ან შვილებთან მარტო რჩება და ძალიან განიცდის, როგორ მოხდება მისი თუნდაც, ხელახლა დაოჯახება. ჩემი პერსონაჟი იმიტომ მომწონს, რომ ერთგვარი სტიმულია, თუმცა არ ვიცი, სერიალში მოვლენები როგორ განვითარდება - შესაძლოა, მას და ნიკას შორის არაფერი მოხდეს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ შეიძლება, შვილიანი ქალბატონიც ზუსტად იმავენაირად იყოს ბედნიერი, როგორც დასაოჯახებელი და უშვილო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- პირადად თქვენ, ამ ტიპის პრობლემას გადასწყდომიხართ?

- არა, მაგრამ ჩემს დიდ სამეგობრო წრეში არიან მეგობრები, რომლებსაც მეუღლეები აღარ ჰყავთ და მათთან დაკავშირებით, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მუდმივად იგრძნობა. ყოველთვის მწყინს და გულს მტკენს ის ფაქტი, რომ მათი ბედნიერება, პირადი ცხოვრება უფრო რთულად ეწყობა...

- თქვენი ეკრანული შვილი როგორი პარტნიორია?

- არაჩვეულებრივი! გადასაღებ მოედანზე ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც დიდი, შემდგარი, პროფესიონალი მსახიობი. ნამდვილად არ მიგრძნია, რომ ეპიზოდი ბავშვთან ერთად გადავიღე. პიროვნულადაც ძალიან საყვარელია. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში დიდ წარმატებებს ვუსურვებ!..

- ლიკა, ტელემაყურებლებმა თუ "ამოგიცნეს"? წლების წინ პოპულარულ სერიალში - "საპონი" მონაწილეობდით, შემდეგ კი - "შუა ქალაქში".

- "საპონში" მთავარი პერსონაჟის როლს ვასრულებდი. ნამდვილად პოპულარული იყო. ყველა სერიაში ვმონაწილეობდი. ჩემდა გასაკვირად, ხალხს "საპონი" ნაკლებად ახსოვს. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ინტერნეტში არ "დევს"... შემდეგ სერიალში - "შუა ქალაქში" ლიკა ტალახაძის როლი ვითამაშე. ეს მთავარი როლი არ ყოფილა, მაგრამ ამ პერსონაჟის გვარ-სახელი სულ ჟღერდა, მეც ვჩანდი ეკრანზე, რა თქმა უნდა... მას შემდეგ გარეგნულადაც შევიცვალე. ძალიან გახარებული ვარ, რომ წლების მერე, ხალხს ჩემ მიერ განსახიერებული ეს პერსონაჟი ახსოვს. ჩემ შესახებ კომენტარებს წერენ, - ეს ლიკა ტალახაძე არ არის? კი, კი, ისაა, "შუა ქალაქში" რომ მონაწილეობდაო (იღიმის).

- ამ ხნის განმავლობაში, კიდევ რას საქმიანობდით?

- რამდენიმე ფილმში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, საქართველოს კინოეკრანებზე არ გასულა, რადგან უცხოელი რეჟისორი ჰყავდა. გარკვეულწილად, შემოქმედებითი პაუზა გამომივიდა, თუმცა გასული წლების განმავლობაში, სერიალებში გარკვეული როლები ვითამაშე, მაგრამ რაღაცნაირად, მათი "ხაზი" არ განვითარდა... ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი წლის მერე, ისევ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ტელევიზია, ეკრანზე გამოჩენა, სერიალებში მონაწილეობა ძალიან მიყვარს. სასიამოვნოა, რომ ასე ვთქვათ, ხალხმა ჩემი შეყვარება ხელახლა დაიწყო. მცნობენ, მესალმებიან, მიღიმიან...

- სერიალს "სიყვარულს მიღმა" მანამდეც უყურებდით, ვიდრე მასში მონაწილეობას მიიღებდით?

- კი, დაწყების დღიდან ვუყურებ და მომწონს. გამიხარდა, როცა სალომემ (კასტინგის მენეჯერმა) მონაწილეობა შემომთავაზა, შემდეგ კი უკვე როლზე დამამტკიცეს.

maxresdefault-copy-1676367782.jpg

- როგორ ფიქრობთ, თქვენი პერსონაჟის სავარაუდო სადედამთილო - ნუნუ როგორ "მიგიღებთ"? ვინც სერიალს თვალ-ყურს ადევნებს, იცის, ნუნუმ შვილის წინა რჩეული - მარი დაიწუნა, რადგან ქალს ყოფილი ქმრისგან შვილი ჰყავდა...

- ხომ გაგიგონიათ, - ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო? ნუნუს სწორედ ეს დაემართა (იცინის). ჩემი აზრით, ნუნუ ისევ მარის ინატრებს, რადგან მას 1 შვილი ჰყავდა, ჩემს პერსონაჟს კი 2 ჰყავს, სხვადასხვა ქმრისგან. ეს საკითხი უფრო იხლართება. "ჩემი" მომავალი სადედამთილოსი ძალიან მეშინია - სადმე თმით არ მითრიოს (იცინის)...

- გადასაღებ მოედანზე როგორი სიტუაციაა?

- არაჩვეულებრივი. "შეკრული" გუნდია, ყველა ერთმანეთზე უკეთესი, ძალიან საყვარელი და რა თქმა უნდა, პროფესიონალია. გადაღებები მხიარულად მიმდინარეობს, ხან ვიცინით, ხან - ნერვები მეშლება, რომ დუბლი მჭირდება - ტექსტზე "გავჭედავ" ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ. გადაღებაზე მისვლა ყოველთვის მიხარია.

- სამივე სერიალში სხვადასხვა ფერის თმა გაქვთ. როლის გამო იცვლით?..

- ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა მთხოვეს - ძალიან მოგვწონხარ, მაგრამ თმის ეს ფერი არ გვინდა და შევცვალოთ, თუ წინააღმდეგი არ ხართო. ქერა თმა მქონდა. აზერბაიჯანულ პროექტში ვმონაწილეობდი, აზერბაიჯანელები კი მოგეხსენებათ, ძირითადად, ქერათმიანები არ არიან. ჰოდა, მუქ წაბლისფრად შევიღებე. საერთოდ, ისეთი მსახიობი ვარ, რომელსაც საინტერესო შემოთავაზების გამო, გარეგნობის შეცვლა შეუძლია... ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ჩემი თმის ფერი აღარ მომწონს და ვიცვლი, მაგრამ ეს მანიაკალურად - კვირაში ან თვეში ერთხელ არ ხდება, რა თქმა უნდა.

- ამჟამად, სერიალში მონაწილეობის გარდა, რას საქმიანობთ?

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში აქტიურად ვმუშაობ. ახლახან "წითელკანიანთა ბელადის" პრემიერა გვქონდა. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ... ასევე, ჩემი პატარა ბიზნესიც მაქვს: ბავშვებისთვის გასართობ, სასაჩუქრე ყუთებს ვამზადებთ. წარმატებით იყიდება.

- ანუ ბავშვების ფსიქიკას კარგად იცნობთ, არა?

- 2 შვილი მყავს, ოღონდ - ერთი ქმრისგან (იცინის). საერთოდ, ისე ემთხვეოდა, რომ ყველა სერიალში ჩემს პერსონაჟსაც ლიკა ერქვა. ახლა ჩემს გმირს სხვა სახელი - თამთა ჰქვია, მაგრამ რაღაც მაინც დაემთხვა - ორივეს 2 შვილი გვყავს (იღიმის)... კი, ბავშვების ფსიქიკას კარგად ვიცნობ. პატარები ძალიან მიყვარს. ბავშვები განსაკუთრებულად მას შემდეგ შემიყვარდა, რაც დედა გავხდი. შვილები ხან მაბრაზებენ, ნერვებს მიშლიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხიარულად ვცხოვრობთ.

- სამსახიობო სფეროში აქტიურობენ?

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩემს ერთ-ერთ შვილს მსახიობობა უნდოდა. მთხოვდა, - გეხვეწები, თეატრში მიმიყვანე, თუ რომელიმე როლისთვის შესაფერისი ვიქნებიო. სურდა, კასტინგებზე მისი ფოტოები გამეგზავნა... ამ გატაცებამ "გადაუარა" - აღარ აინტერესებს. ახლა უფრო ფართო ინტერესები აქვს: ასტროლოგიით, სამყაროს შეცნობითაა დაინტერესებული... მეორე შვილი ფეხბურთზე დადის. პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან აქვს განვითარებული. როცა დავალებას აძლევენ, კარგად შესრულება უყვარს. თავდაპირველად, სანამ ფეხბურთს ალღოს აუღებდა, როცა მწვრთნელის დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებდა, ძალიან ნერვიულობდა. ახლა ნერვიულობა და შიში "მოეხსნა" და მთლიანად ფეხბურთზეა "გადართული", რაც ძალიან მიხარია. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ დღესდღეობით, ფეხბურთი ძალიან მოსწონს... ბავშვების სწავლა-განათლებაში აქტიურად ჩართული ვარ. მიმაჩნია, რომ ბავშვისთვის სწავლა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ საკითხზე "გაგიჟებული" არ ვარ: თამაშით, მხიარულად სწავლობენ, მაგრამ იციან, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ კარგად ისწავლიან და ცდილობენ, ასეც მოიქცნენ. ჯერჯერობით, გამოსდით კიდეც, რომ ამით გამახარონ.

- სერიალს თვალყურს ადევნებენ? გგულშემატკივრობენ?

- ძალიან მგულშემატკივრობენ, განსაკუთრებით - უმცროსი შვილი: ამას წინათ, სერიალს ერთად ვუყურებდით. კადრში, ცოტა არ იყოს, სრული ტანის ვჩანდი. - ვაიმე, რა მსუქანი ვარ-მეთქი! - ვთქვი. ამის გამო ბავშვი ანერვიულდა, - დე, არ ხარ მსუქანიო! ვერ დავაწყნარე, სანამ არ ვუთხარი, - მჯერა, რომ მსუქანი არ ვარ-მეთქი (იცინის). ძალიან მოსწონს და უხარია, როცა ეკრანზე მხედავს. ჩემთვის ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულია.

lika-shukakidze-3-copy-1676367770.jpg

- თქვენს მთავარ გულშემატკივრად ვის მიიჩნევთ?

- საკუთარ თავს. ბევრი გულშემატკივარი მყავს, ოჯახის წევრების, მეგობრების სახით, მაგრამ მაინც მგონია, რომ როდესაც საკუთარი თავის გულშემატკივარი ხარ, ყველაზე მეტად ცდილობ, რაღაც გამოგივიდეს. რა თქმა უნდა, უფრო მეტ წარმატებას აღწევ, მერე კი გარშემო მყოფები უფრო მეტად ბედნიერები არიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის რწმენა და იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს.

- თქვენს ნამუშევარს როგორ აფასებთ, როცა ეკრანზე ხედავთ?

- ძალიან უკმაყოფილო, ყოველთვის კრიტიკული ვარ. არ არსებობს, ოდესმე რამე ვნახო და ვთქვა: - აუ, რა კარგად გამომივიდა-მეთქი. მგონია, რომ კრიტიკულობა ბუნებრივია და ადამიანს განვითარებაში გეხმარება. როდესაც კმაყოფილი და ბედნიერი ხარ, ერთ ადგილას ჩერდები, ეს კი განვითარებაში გიშლის ხელს. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის რაღაც ხარვეზი ვიპოვო, - აი, ეს კარგი არ იყო და მოდი, ამაზე ვიმუშაოთ-მეთქი. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა...

ეთო ყორღანაშვილი