"უცნაური" დიალოგი, ვალენტინობა ქართულად და სიურპრიზი, რომელიც არ გამქრალა - გზაპრესი

"უცნაური" დიალოგი, ვალენტინობა ქართულად და სიურპრიზი, რომელიც არ გამქრალა

14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვალენტინობის დღესასწაული აღინიშნება. როგორც წესი, ამ დღეს შეყვარებული წყვილები აღნიშნავენ, ხდება საჩუქრების გაცვლა. საქართველოში ამ დღესასწაულისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ზოგიერთი წყვილი ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, ზოგისთვის კი სულაც არ არის გამორჩეული დღე.

"ანდრია მართლა საუკეთესო მამაა"

მაიკო ვაწაძე, მსახიობი:

- მე და ანდრია (მსახიობი, მომღერალი ანდრია გველესიანი) 14 თებერვალს რატომღაც, გრანდიოზულად არასდროს აღვნიშნავთ. თითქოს გამორჩეულ დღედ არ მიგვაჩნია, განსაკუთრებით - ანდრიას, ასეთ დღეებზე სულ ეცინება. 14 თებერვალს რა ვქნათ, სად წავიდეთ და როგორ მოვემზადოთ, - ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება.

- ქორწინებამდეც ასეთი მიდგომა გქონდათ?

- ურთიერთობის დაწყების დღიდან ასეთი მიდგომა გვაქვს.

- სასიამოვნო მოულოდნელობები თქვენს ურთიერთობაში ხშირად ხდება?

- რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობას უფრო ახალისებს, აცოცხლებს. განსაკუთრებით ხშირი იყო შეყვარებულობის პერიოდში, ფანჯარასთან მოსვლა, სერენადის შესრულება... ერთხელ ფანჯრის წინ ჩარგულ ვაზს ამოჰყვა და სახლში ამოვიდა.

- ბოლო პერიოდიდან გამორჩეულად რა გახსენდება?

- ახალ წელს ტელეფონი მაჩუქა, საერთოდ არ ველოდებოდი და ძალიან გამიხარდა. ახლა ჩვენი ცხოვრების პირველი ადამიანი სანი არის, ყველა მის გახარებას ვცდილობთ.

- თავად ანდრიას გახარებას, მის სასიამოვნოდ გაოცებას რამდენად ახერხებ?

- საერთოდ, ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანებს სიურპრიზებს ვუწყობ, მათზე ვზრუნავ, ვახარებ და ეს მიდგომა ანდრიასთან გაასმაგებული მაქვს. ბოლო დროს ძალიან დაკავებულია. სულ ვფიქრობ, რამე ისეთი გავუკეთო, რომ ვასიამოვნო. ერთხელ თუ რამე წამოსცდა ან მის რომელიმე სურვილს ყური მოვკარი, ვცდილობ გავახარო, თუნდაც ეს ელემენტარული რაღაც იყოს. მთავარი ხომ მზრუნველობა და ყურადღებაა და არა საჩუქრის ღირებულება. ადრეც ასე ვფიქრობდი, ახლაც ასე ვფიქრობ და არა მგონია, სიცოცხლის ბოლომდე ეს დამოკიდებულება შემეცვალოს.

- სანიზე რას გვეტყვი, როგორი ბიჭია?

- სანი ღმერთის საჩუქარია, ჩვენს ცხოვრებაში უეცრადაც და დაუგეგმავად მოვიდა. ყოველ წამს გვაბედნიერებს, ვფიქრობთ ხოლმე, სანის გარეშე როგორ ვცხოვრობდით. იდეალური ბიჭია, კარგი ხასიათი აქვს, უყვარს სტუმრები, ხალხმრავლობაში თავს ყველაზე კარგად გრძნობს.

- ანდრიას მასთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს?

- ნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, შვილთან ურთიერთობას მაინც ახერხებს, მის აღზრდაში ბოლომდეა ჩართული. შინ როგორი დაღლილიც უნდა მოვიდეს, სანი სულ "მამა! მამა!"-ს გაიძახის, მისი პირველი სიტყვაც "მამა" იყო, შეწუხებულები ვართ "მამას" ძახილით (იცინის). ანდრია მართლა საუკეთესო მამაა.

- სიტყვას "მიყვარხარ!" ერთმანეთს რამდენად ხშირად ეუბნებით?

- ჩვენს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა დღეში 9-ჯერ ვამბობდით "მიყვარხარ!" ახლა ყოველდღე ვამბობთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ანდრიას უყვარს ემოციების გამოხატვა, მე უფრო ნაკლებად.

"ცდილობს, ყოველი დღე მცირედით მაინც გამილამაზოს"

151829526-4057706747630126-4771418964407006317-n-1676368311.jpg

თინი გალდავა:

- მე და ნიკა (მსახიობი ნიკა ჩხაიძე) ამ თარიღს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ.

- ზოგადად, თარიღები თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია: ქორწინების, გაცნობის...

- ამ თარიღებს და დაბადების დღეებს ყოველთვის აღვნიშნავთ.

- სიურპრიზები ნიკას მხრიდან უფრო ხშირია თუ პირიქით?

- ნიკას მხრიდან უფრო ხშირია. სულ ცდილობს, ყოველი დღე მცირედით მაინც გამილამაზოს.

- ბოლოს ყველაზე მეტად, რით გაგახარა?

- ახალ წელს შვეიცარიაში სამოგზაურო ტურის ბილეთები მაჩუქა, წარმოდგენა არ მქონდა, ამას თუ გეგმავდა.

- თავად რით გაახარე?

- სულ ვცდილობ, მასზე ვიზრუნო, ასეთი მასშტაბური საჩუქარი არ გამიკეთებია, მაგრამ არაერთხელ გამიოცებია. ერთმანეთზე ფიქრი ურთიერთობაში ძალიან საჭიროა. სასიამოვნოა, როცა ვიღაც ცდილობს, შენს განწყობაზე იზრუნოს, დღე გაგიხალისოს, ეს ურთიერთობას უფრო აძლიერებს. მერე უფრო დიდი მოტივაცია გეძლევა, შენც გაახარო.

- რომანტიზმი თქვენს ურთიერთობაში ქორწინებამდე უფრო დიდი დოზით იყო თუ თანაცხოვრების პერიოდში?

- შეძლებისდაგვარად სულ იყო. ახლა ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ადგილი შვილს უჭირავს და სულ ისეთი რამის გაკეთებას ვგეგმავთ, სამივეს რომ გვეხებოდეს.

- რამდენი წელია დაოჯახებულები ხართ?

- მგონი, მეშვიდე წელი დაიწყო.

- მგონი?

- (იცინის) ასე არ ვითვლი ხოლმე.

- გაცნობის დღიდან დღემდე თქვენს ურთიერთობაში ყველაზე გამორჩეული დღე შეგიძლია გაიხსენო?

- ნიკას ჩვენი ქორწილის დღეს, სპეციალურად ჩემთვის ტექსტი ჰქონდა მომზადებული და წამიკითხა. ბუნებრივია, ეს ეპიზოდი გადაიღეს. ვიდეოს მთელი წლის განმავლობაში არ ვრთავ და მხოლოდ ჩვენი ქორწილის დღეს ვნახულობ. ყოველ ჯერზე ახალი და ახალი ემოციები მოაქვს. ეს ჩემთვის დაუვიწყარი სიურპრიზი იყო, რომელიც არ გამქრალა, მისი გააზრება სულ ახლიდან და ახლიდან ხდება.

- გამორჩეულად რომელიმე ფრაზა ხომ არ გახსოვს?

- ყველა წინადადება ძალიან მნიშვნელოვანია, საოცარი სიტყვებია.

- 14 თებერვალი არასდროს აღგინიშნავთ?

- შეიძლება ოდესმე წიგნი ან ყვავილი უჩუქებია, მაგრამ არასდროს ვგეგმავთ, სად წავიდეთ ამ დღეს და როგორ გავატაროთ. მხოლოდ სიმბოლური საჩუქრებით თუ შემოვიფარგლებით.

"მეუღლე სულ ჩემზეზრუნავს"

megrelishvili-vaxtang6-45136-copy-1676368338.jpg

ვახტანგ მეგრელიშვილი, პარლამენტის წევრი:

- ვალენტინობას არ აღვნიშნავ. ამ დღეს არანაირ სერიოზულ შინაარს არ ვანიჭებ.

- თქვენი და თქვენი მეუღლისთვის (მაია ჩარჩხალია) სხვა თარიღები თუ არის მნიშვნელოვანი?

- მხოლოდ ტრადიციულ თარიღებს აღვნიშნავთ.

- თქვენი გაცნობის, ქორწინების დღეს, არა?

- არა.

- რომანტიკული ადამიანი არ ხართ?

- მგონი, უცნაური დიალოგი გამოგვივა.

- უცნაური? მეც ასე ვფიქრობ.

- გავაგრძელოთ?

- რა თქმა უნდა, სულ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება გიწევთ. ამომრჩეველს თქვენი ეს მხარეც აინტერესებს.

- რომანტიკულობაში რა იგულისხმება? რაზე უნდა ვილაპარაკო?

- ერთი ჩვეულებრივი დღის დღესასწაულად ქცევა, სიურპრიზების მოწყობა გჩვევიათ?

- უფრო - არა, ვიდრე - კი.

- მეუღლეს ბოლოს საჩუქარი როდის მიართვით?

- ახალ წელს.

- გაგვიმხელთ, რა აჩუქეთ?

- არა, ძალიან პირადია.

- მისგან საჩუქრებით განებივრებული რამდენად ხართ?

- მეუღლე სულ ჩემზე ზრუნავს.

- ბოლოს "მიყვარხარ" როდის უთხარით?

- ყოველდღე ვეუბნები.

- შეყვარებულს სიგიჟეები არასდროს ჩაგიდენიათ?

- (იცინის) არა. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ჯანდაცვის სამინისტროში გავიცანით, თანამშრომლები ვიყავით, 30 წლის ასაკში სიგიჟეებიც ნაკლებად ხდება.

- სიგიჟეები - არა, მაგრამ შეყვარებულს უცნაური და განსაკუთრებულიც არაფერი ჩაგიდენიათ?

- ვცდილობ, ყოველ დღეს ისე ვიცხოვრო, სწორი ვიყო, ექსტრაორდინარულს არაფერს ვაკეთებ და არც ვცდილობ, გავაკეთო, ეს ჩვენი ოჯახური ურთიერთობის ნაწილი არ არის, პირიქით, ეს რომ ვაკეთო, მეუღლისთვის შემაშინებელიც შეიძლება იყოს.

- შემაშინებელი?

- დიახ, იფიქრებს: ნეტავ, რა სჭირსო? ამას არ ვაკეთებ, მოთხოვნილებაც არ არის...

- რომ იყოს, ჩაიდენდით?

- დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება ჩემს მეუღლეს ჩემი პოლიტიკური საქმიანობისადმი აქვს.

- ეს როგორ გავიგოთ?

- შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს გიჟობა და ჩემი მეუღლე უფრო მეტ პოლიტიკურ გიჟობას მთხოვს, მაგრამ ეს არ ეხება ჩვენს ინტიმურ ურთიერთობებს.

- და თქვენი "პოლიტიკური გიჟობები" რა არის?

- ის, რასაც ვაკეთებ. ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს "გირჩის" ისტორია უცნაური იდეების, პერფორმანსების ისტორია ჰგონია. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეუღლისთვისაც მნიშვნელოვანია, მას არა მხოლოდ მოსწონს, უფრო მეტს მოითხოვს.

- ურთიერთობაში იდილია გქონიათ.

- შეიძლება ასე ითქვას.

"სათევზაო ნავი მაჩუქა, მოტორით და მთელი მოწყობილობით"

223100904-4518877904809253-939464182650789810-n-copy-1676368362.jpg

ოთო ნემსაძე, მომღერალი:

- უმეტეს შემთხვევაში, 14 თებერვალს ივენთზე ვარ, ისე კი ჩემი და სოფოს (მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი) ცხოვრებაში, ყოველი დღე ვალენტინობაა.

- როგორი შეყვარებული ხარ?

- ვთვლი, რომ ყურადღებიანი ვარ. სოფოზე სულ ვზრუნავ და ეს ძალიან ბუნებრივია; როცა ადამიანი გიყვარს, მისთვის ყველაფერი გემეტება. ამით ხომ მეორე ადამიანისადმი შენს დამოკიდებულებას გამოხატავ.

- სოფოც ყურადღებიანია?

- რა თქმა უნდა, ამ ამბავში არც ერთი მოვიკოჭლებთ, სოფოს არასდროს არაფერი ავიწყდება.

- სოფოს გამო სიგიჟეები ჩაგიდენია?

- სიყვარული ისეთი რამ არის, ყველაფერი მოსულა. სტანდარტული შეყვარებულები ჩემთვის არ არსებობენ. როგორ შეიძლება გიყვარდეს და იყო სტანდარტული?!

- შეგიძლია თქვენი ურთიერთობიდან გამორჩეული ეპიზოდი გაიხსენო?

- განსაკუთრებულად მახსოვს ის დღე, როცა სოფოს ხელი ვთხოვე. მე ძალიან, ძალიან ვნერვიულობდი და სოფო გახლდათ ყველაზე ბედნიერი. მიხარია, რომ ასე იყო.

- რატომ ნერვიულობდი?

- არ ვიცი, მინდოდა ყველაფერი ძალიან კარგად გამოსულიყო.

- სიტყვას "მიყვარხარ!" ერთმანეთს ხშირად ეუბნებით?

- ყოველდღე, აბა, სხვაგვარად შეიძლება?

- სოფოსგან მიღებული საჩუქარი თუ შეგიძლია გაიხსენო, რითაც ყველაზე მეტად გაგახარა?

- თევზაობა მიყვარს და სათევზაო ნავი მაჩუქა, მოტორითა და მთელი მოწყობილობით.

- სათევზაოდ სოფოც დაგყვება?

- არა, მას არ უყვარს. სოფოს საჩუქრებს თავად ყოველგვარი თარიღის გარეშე, უფრო ხშირად ვჩუქნი. ვიცი, ეს მას ყველაზე მეტად ახარებს.

თამუნა კვინიკაძე