შალვა ხაჭაპურიძე მეუღლეზე, შვილებზე, ჩაცმის სტილსა და მრავალჯერ შეცვლილ პროფესიაზე - გზაპრესი

შალვა ხაჭაპურიძე მეუღლეზე, შვილებზე, ჩაცმის სტილსა და მრავალჯერ შეცვლილ პროფესიაზე

არაერთი ხმაურიანი საქმის ადვოკატი ახლა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის იბრძვის. ამ საქმეში მისი მონაწილეობა ბევრისთვის გასაკვირი იყო და ეს დიდი განსჯის საგანი გახდა. მას ძველი განცხადებები შეახსენეს კიდეც, როცა იმ რეჟიმს ებრძოდა და პირადად სააკაშვილის დასჯას ითხოვდა. დღეს კი თვლის, რომ ამ საქმეში მისი ჩართვა სწორი ნაბიჯი იყო და ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის დაცვაზე უარს ვერ iტყოდა.

ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილ ბიჭს ძალზე საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი. ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მისი პირველი პროფესია მოდისა და დიზაინის სპეციალობა იყო. მას შემდეგ პროფესია ბევრჯერ შეიცვალა და საბოლოოდ არჩევანი იურისტობაზე შეაჩერა.

- საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ, სამოდელო სასწავლებელიც დაგიმთავრებიათ.

- ქუთაისელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ქუთაისის პირველი გიმნაზია წარჩინებით დავამთავრე, რომელიც ფაქტობრივად სკოლა-მუზეუმია. აკაკი წერეთლის მერხთან ვიჯექი. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოდისა და დიზაინის სასწავლებელში ჩავაბარე და ისიც წარჩინებით დავამთავრე. დედაჩემი მოდის თემით იყო დაინტერესებული, ამ პროფესიით მუშაობდა და მეც დამაინტერესა. სწავლის პარალელურად პრაქტიკასაც გავდიოდი, საინტერესო ადამიანებიც გავიცანი. ბევრი ჩემი კურსელი დღეს საზღვარგარეთ მუშაობს... შემდეგ სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე, ერთი წელი ვიყავი იქ და მერე წამოვედი. გია ყარყარაშვილი და ბევრი ცნობილი გენერალი გახლდათ ჩემი კურსელი. შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რუსეთში წავედი. იქაც ბევრი მეგობარი გავიჩინე, გადასარევი ქართველები. მერე მოსკოვში, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც ვისოცკი, ვიქტორ ცოი და ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, რომლებიც დისიდენტებად ითვლებოდნენ. სამსახიობო დიდად არ მომეწონა... საქართველოში რომ დავბრუნდი, სასულიერო სემინარიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ჩემი წინაპრები ყველანი სასულიერო პირები იყვნენ, ბაბუა მღვდელი გახლდათ, მეც ამისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ცხონებული გია ჭანტურია გავიცანი, დავმეგობრდი მამუკა გიორგაძესთან და ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ იურისტები არ მიდიოდნენ პოლიტიკაში, ძალოვან სტრუქტურებში იყვნენ. გია ჭანტურიამ მითხრა, იურისტი არ მყავს და მოდი, იურიდიულზე ჩააბარეო. ასეც მოვიქეცი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა შევარდნაძე ჩამოვიდა საქართველოში და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს სთხოვა, ახალგაზრდა იურისტი კონსულტანტი მჭირდება, ჩემთან რომ იმუშაოსო და მე გამიწიეს რეკომენდაცია - ასე აღმოვჩნდი სახელმწიფო მეთაურის იურისტ-კონსულტანტად.

befunky-collage-66-scaled-copy-1676891495.jpg

- როგორ გაიხსენებთ შევარდნაძესთან მუშაობის წლებს?

- იურისტ-ექსპერტად ვიყავი იმელის შენობაში და ეს დიდი გამოცდილება იყო. პოლიტიკოსების უმეტესობა იქ გავიცანი. შევარდნაძესთან მიწევდა ურთიერთობა. ძალიან ყურადღებიანი იყო, შენს აზრს ისმენდა და ანალიზსაც ძალიან სწრაფად აკეთებდა. ჩვენ კანონებზე ვმუშაობდით, ჯგუფი იყო შექმნილი და ვამუშავებდით სხვადასხვა საკითხს. ამ წლების მანძილზე ბევრ საინტერესო ადამიანთან მქონია ურთიერთობა. ვიცნობდი თემურ ქორიძეს, ზვიად გამსახურდიას... ბევრი ნიჭიერი ადამიანი იყო ჩვენ გვერდით. აფხაზეთში ჩასვლამ ომის დროს მომიწია, სადაც მეგობარი დაგვეღუპა. დიდი მეომარი არ ვიყავი, უფრო იურიდიულ საკითხებში ვეხმარებოდი ეროვნულ- დემოკრატიულ პარტიას.

- მერე სამუშაოდ ქუთაისის პროკურატურაში წახვედით.

- უნივერსიტეტში სწავლისას ძალიან მომწონდა ჩემი მასწავლებელი თამაზ ჭუმბურიძე, რომელიც ქუთაისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გახლდათ. მსგავსი პრაქტიკოსი იურისტი არ მინახავს. მისი სკოლა მინდოდა გამევლო და ქუთაისში წავედი. ჯამლეთ ბაბილაშვილი იყო მაშინ გენერალური პროკურორი და გაუკვირდა, ქუთაისი რომ ავირჩიე, თბილისში დარჩენას მთავაზობდა... ერთი წლის დანიშნული ვიყავი, 30-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელობა რომ ჩამაბარეს. გამოვიძიე სამანიშვილების ბანდის ხმაურიანი საქმე. ამ ბანდას მთელი საქართველოს მასშტაბით, 120 ეპიზოდი ბანდიტური თავდასხმა ჰქონდა ჩადენილი და 8 პოლიციელი ჰყავდათ მოკლული. პოლიტიკური გამოცდილებაც მეხმარებოდა საქმიანობაში. მერე სამტრედიის მხედრიონელების საქმე გამოვიძიე. დამაწინაურეს და გენერალურ პროკურატურაში ვიყავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ზედამხედველი პროკურორი. ამ პერიოდში დაიწყო სასამართლო რეფორმა და როცა მეორე ნაკადის გამოცდები ჩატარდა, მეც გავედი და ყველაზე მაღალი ქულები მივიღე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულის უფროსად მიშვებდნენ, მაგრამ უარი ვთქვი და ისევ ქუთაისის სასამართლოში წავედი, რადგან მაშინ თბილისში სახლიც არ მქონდა...

2006 წელს წამოვედი სასამართლოდან, როცა ვნახე, რომ მოსამართლე ბერკეტების გარეშე რჩებოდა და ადვოკატურაში წავედი. შევქმენი ჩემი კომპანია და უკვე წლებია, ამ სფეროში ვარ. შარშან შევქმენი ყველაზე დიდი კომპანია, რომელშიც 100-მდე ადვოკატია გაწევრებული. ახლა სააკაშვილის საქმეში რომ არ ჩავრთულიყავი, სულ სხვა გეგმები მქონდა. გვინდა ახალი სიტყვა ვთქვათ ადვოკატურაში. ძირითადად ახალგაზრდებს მოვიზიდავთ და მივცემთ საშუალებას, სრულიად ახლებურად იმუშაონ.

- ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. როგორი მამა ხართ?

- მყავს მეუღლე დიანა ხოფერია. 29 წლის ვიყავი, როცა გავიცანი, მაშინ გამომძიებლად ვმუშაობდი. დიანაც იურისტია. გვყავს სამი შვილი. უფროს ქალიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს: ლიკუნამ იურიდიული დაამთავრა, მაგრამ მოდის ინდუსტრიას გაჰყვა, ძალიან წარმატებულია ამ სფეროში; ჩემმა ვაჟმა, გურამ (გური) ხაჭაპურიძემ ბრიტანეთში დაამთავრა ბაკალავრიატი, ფინანსების სპეციალობით, მაგისტრატურაზე სწავლა კი ამერიკაში დაასრულა და დღეს იქ საინვესტიციო ბანკის ბანკირია; რაც შეეხება უმცროს ქალიშვილს, მარიამი იურიდიულზე სწავლობს. მას ამ დღეებში ხელი სთხოვა შეყვარებულმა და დათანხმდა, დაქორწინდნენ. ლიკუნაც იცით, რომ გათხოვილია და მისი მეუღლე გახლავთ პოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილიშვილი. მარიამის მეუღლე სოხუმელი ლემონჯავა გახლავთ, გენერლის შვილიშვილია. გური ჯერ არ არის დაოჯახებული. შეიძლება ვთქვა, რომ ფანატიკოსი მამა ვარ. დიდი ენერგია მაქვს ჩადებული შვილების წარმატებაში. ჩვენი პრიორიტეტი იყო, მათ კარგი განათლება მიეღოთ და წარმატებულები ყოფილიყვნენ. 24 საათი მათზე ფიქრში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე...

მარტივი ცხოვრება არ გამომივლია, აბსოლუტურად უპატრონოდ მოვდიოდი ამ გზაზე, არავის ბიძაშვილი არ ვიყავი, რომ ხელი წაეკრათ ჩემთვის. მეუღლე გვერდში მედგა. ის ჩემს კომპანიაშიც და ასევე ერთ-ერთ უცხოურ სკოლაში იურისტად მუშაობს. სააკაშვილის საქმეშიც აქტიურად იყო ჩართული, რადგან ძალიან გვჭირდებოდა უცხოური ლიტერატურა. ამ კუთხით საკმაო გამოცდილება აქვს და ძალიან დამეხმარა.

- მამებს არ მოსწონთ, შვილი რომ მოდელობას ირჩევს. ლიკას ამ ნაბიჯს როგორ შეხვდით?

- ლიკა ამ პროფესიით ცხოვრობს. ავთო ცქვიტინიძესთან მუშაობდა გარკვეული პერიოდი. მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა. ლიკასთან იმაზე საუბარი, რომ ამ საქმეს შეეშვას, წარმოუდგენელია. ისევე, როგორც გური, ლიკაც თავისი საქმით ცხოვრობს. გვინდოდა გურის იურისტობა აერჩია, მაგრამ უარი თქვა. მან ზუსტად იცოდა, რა უნდოდა მომავალში ეკეთებინა.

- ქალიშვილების გათხოვებას როგორ შეეგუეთ?

- ტრადიციული ოჯახი ვართ და მათი სიყვარულის ამბებიც ვიცოდი. ლიკუნა კარგა ხანია, გათხოვდა, ახლა მილანის ცნობილ ინსტიტუტში მაგისტრატურაზე ჩაბარებას ფიქრობს. ბავშვები ყველაფერში ისეთი მოტივირებულები იყვნენ, რომ სასაყვედურო არაფერი მქონდა... 30 წელია შვებულებაში არ გავსულვარ. აგარაკი გვაქვს თბილისთან ახლოს და ჩემები იქ რომ წავიდოდნენ, მხოლოდ მათთან თუ ჩავირბენდი. იმის ფუფუნება არ მქონია, რომ მათთან ერთად კარგად დამესვენა. სულ ბრძოლაში ვარ და გაგებით ეკიდება ამას ჩემი მეუღლე. ის ჩემი თანამებრძოლია, ყველაფერი ჩემთან ერთად გამოიარა. 26 მაისის, 7 ნოემბრის დაზარალებულია, თუმცა დღემდე არავის დაუკითხავს. ჩვენ საქართველოს ვემსახურებით.

lika-1676891573.jpg

- მას შემდეგ, რაც ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესის დროს, თქვენს ჩაცმულობაზე გაამახვილა ყურადღება, ამ საკითხზე საზოგადოების ნაწილიც აქტიურად ალაპარაკდა. რეალურად, სად იმოსება შალვა ხაჭაპურიძე და მას მოდელი ქალიშვილი ხომ არ აძლევს იმიჯთან დაკავშირებულ რჩევებს?

- არა, ჩემი შვილი არ მაძლევს რჩევებს. იცით, ქუთაისელი ვარ და ქუთაისში გემოვნებით ჩაცმა უყვართ; ასევე, გემოვნებიანად იმოსებიან მეგრელები და მეც სულ კარგად ვიცვამდი. იმიჯი არ შემიცვლია, წვერი ადრეც მქონდა, მაგრამ ახლა გავჭაღარავდი (იღიმის). სადაც მომიხერხდება, ტანსაცმელს იქ ვყიდულობ. რაც შეეხება ნინო ნადირაძეს, მას მხოლოდ სალმით ვიცნობდი, მისი დედა და მამაჩემი სამეგრელოდან, ერთი კუთხიდან არიან. ჩვენი ურთიერთობა სააკაშვილის პროცესებიდან გამომდინარე დაიწყო. მოსამართლეს წესით, მისთვის შენიშვნა უნდა მიეცა, როცა ამ თემებზე საუბრობდა, მაგრამ ის მარტო ჯიშკარიანს აძლევდა შენიშვნას. ყველა საქმეს იუმორი ახლავს და მე იუმორის მოყვარული ადამიანი ვარ, ამ სიტუაციასაც იუმორით შევხედე...

- აუცილებლად უნდა დაგისვათ კითხვა მიხეილ სააკაშვილზეც. როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მისი მდგომარეობა მძიმეა, კახექსიამ შეუქცევადი ფორმა მიიღო. 67 კილოგრამია, არადა, საკვებს იღებს და მისი სიმაღლის მქონე ადამიანისთვის ეს წონა მომაკვდინებელია. ნახეთ, როგორი ხმაური ატეხა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციარულმა სამსახურმა, - არიქა, ჭამოსო. რაც შეუძლია, ჭამს. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ასეთ მძიმე ფონზე სასამართლო იღებს იმ ტიპის გადაწყვეტილებას, რაც მიიღო... გამაოგნებელი იყო ეს გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში. დიახ, მქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე იქნებოდა ობიექტური, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- ახლა ასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. გაქვთ იმედი, რომ იქ რამე შეიცვლება?

- გავასაჩივრებთ! რაც შეეხება იმედს: ტყუილს ვერ გეტყვით, იმედი არ მაქვს. სტატისტიკას თუ შევხედავთ, ბოლო ორი წელია, თბილისის სააპელაციო სასამართლო გარდაცვლილ მდგომარეობაშია, ჩვეულებრივ საქმეებშიც არაფერი იცვლება, გადაწყვეტილებებს ძალაში ტოვებენ. პრაქტიკა უარესობისკენ წავიდა.

- ამის შემდეგ რჩება სტრასბურგი... თავად სააკაშვილი საბრძოლო განწყობაზეა თუ ხელი აქვს ჩაქნეული?

- სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა უნდა გადაწყვიტოn, გავასაჩივრებთ თუ არა საქმეს სტრასბურგში. თუ გასაჩივრდა, სასამართლომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თვითონ პატიმარი საბრძოლო განწყობაზეა. იმასაც ხედავთ, საერთაშორისო საზოგადოებას როგორი რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე...

- მიხეილ სააკაშვილის საქმეში თქვენმა გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. არადა, მანამდე სულ იძახდით, რომ მიშა დასაჭერი იყო.

- ვთვლი, რომ ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. მე ჩართული ვარ სასჯელის გადავადების ან მოხდისგან გათავისუფლების საქმეში, ვინაიდან ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. დიახ, თავის დროზე ვიყავი მასთან ოპოზიციაში ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად მაინც სასამართლოს საკითხებზე. თუმცა, მას მერე ხელისუფლებაც შეიცვალა, მაგრამ არც მოსამართლეები შეცვლილა, არც სასამართლო სისტემა. იცით, რომ ერთ დროს აქტიურად ვმონაწილეობდი "ქართული ოცნების" გამარჯვებაში, დეპუტატობის კანდიდატიც ვიყავი, მერე კი ჩემი და "ქართული ოცნების" გზები იმის გამო გაიყო, რაც სასამართლო სისტემაში დატრიალდა. მერე იყო 20 ივნისის მოვლენები და მე გავაკეთე განცხადება, წამოვედი პარტიიდან.

- თქვენ თქვით, რომ თავად მიხეილ სააკაშვილმა შემოგითვალათ, დაგეცვათ ის. რამდენად მოულოდნელი იყო ეს წინადადება თქვენთვის?

- ძალიან მოულოდნელი იყო და ბევრიც ვიფიქრე. სანამ მე არ ჩავერთე საქმეში, სიტუაცია აბსოლუტურად ჩამკვდარი იყო. ნიკა გვარამია დაჭერილი გახლდათ და ამ თემით არავინ ინტერესდებოდა. მიმდინარეობდა რაღაც ექსპერტიზა და პოზიციები ჩამოუყალიბებელი იყო. ჩემმა ჩართვამ ნახეთ, როგორც შემოატრიალა სიტუაცია. ჩვენ შემოვიყვანეთ საერთაშორისო ექსპერტები ამერიკიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან. გაირკვა, რომ ინტოქსიკაციის ფაქტიც კი მივიწყებული იყო, არადა, ეს ამბავი საქმეში იდო და ამაზე არავინ საუბრობდა. დაინიშნა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და დღეს ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ საქმეზე; არ არსებობს არხი, ტელევიზია, ჟურნალი, გაზეთი, სადაც ეს საქმე არ შუქდება. ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და მთელი მოვლენები მოჰყვა ამ ყველაფერს. არავის ეგონოს, რომ არევაძის გადაწყვეტილებით რამე დასრულდა. ახლაც გვაქვს გათვლილი სხვა ვარიანტები და ჯერჯერობით, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდის.

- ამბობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იბრძვით სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რათა მან ადეკვატური მკურნალობა შეძლოს, მაგრამ ვიცით, ექსპრეზიდენტს არაერთი ბრალდება აქვს წარდგენილი. რას იტყვით, არ უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულებზე?

- გელაშვილისა და გირგვლიანის საქმე გასაჩივრებულია სტრასბურგში. გამოძიებას არანაირი მტკიცებულება არა აქვს, რომ სააკაშვილს რაიმე კავშირი ჰქონდა გელაშვილის საქმესთან. მხოლოდ ერთი მოწმე ამბობს, ვიღაც შემოვიდა და სააკაშვილს მოახსენეს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, მას კი ამის გამო დიდი აღშფოთება არ გამოუხატავსო. ეს არის მტკიცებულება? დაახლოებით ამდაგვარ მტკიცებულებებზეა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი...

- თქვენც ხომ ამბობდით, სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდესო და შიმშილობდით კიდეც ამ მოთხოვნით. ჰააგაშიც უჩივლეთ მას. ავიღოთ სულხან მოლაშვილის საქმე. თქვენ იცავდით ბატონ სულხანს და იცით, რაც ხდებოდა. არც ამაზე უნდა აგოს პასუხი?

- მე არაერთი განცხადებით მივმართე სააკაშვილის ხელისუფლებასაც, იმავე სასამართლოებზე ვაკეთებდი უამრავ განცხადებას. ჰააგის საჩივრის პირველ ნაწილში საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული საკანონმდებლო ბაზა შეიცვალა და ადამიანის ციხეში გაშვება ძალიან იოლი გახდა, ამას ვასაჩივრებდი. ჰააგას რომ იძახიან, წაკითხულიც არ აქვთ, იქ რას ვითხოვდი. რაც შეეხება მოლაშვილის საქმეს, სააკაშვილს ბრალად მსგავსი რამ არა აქვს წარდგენილი. რაც შეეხება შეწყალების საქმეს: მგონი დედამიწის ზურგზე მხოლოდ საქართველოში მოხდა ამ ბრალდებით პრეზიდენტის გასამართლება. ვინც ეს საქმე შეწყალებამდე მიიტანა - მურუსიძე ისევ სასამართლოშია. უფრო მეტიც, მას ჩააბარეს სისტემა და არც დასჯილა. ერთი პოლიტიკოსი გამოვიდა და თქვა, სააკაშვილმა ბოდიში მოიხადოსო, ჩამოთვალა ისეთი საქმეები, რომელზეც ექსპრეზიდენტს ბრალიც კი არა აქვს წარდგენილი და ვერც წარუდგენენ, რადგან სამართალი მტკიცებულებაზეა დაფუძნებული. თუმცა შეიძლება, დღეს რომელიმე მოსამართლეს სხვანაირად ჰგონია...

- ისევ მოლაშვილის საქმეს მინდა დავუბრუნდე. ხომ ამბობდნენ, რომ პირადად სააკაშვილის მითითებით დაისაჯა სულხან მოლაშვილი და ყველა საუბრობს მათ შორის მომხდარ კონფლიქტზე...

- სტრასბურგის სასამართლომ მოლაშვილის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ხომ უნდა მომხდარიყო ახალგამოვლენილი გარემოებით ამ საქმის გამოძიება და რატომ არ გამოიძიეს? რატომ არ დადეს მტკიცებულებები?..

ერთი იცოდეთ, შეიძლება მისი მმართველობის დროს ბევრი რამ არ მომწონდა და ამაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდი, მაგრამ უკვე პატიმარს, რომელიც ძალიან ცუდად არის, ვერ დავუწყებ წარსულზე ლაპარაკს: შენ ეს რომ გააკეთე, ახლა რა ვქნათ-მეთქი? სასულიერო პირი არ გახლავართ, აღსარება რომ ჩავიბარო. მე კონკრეტული საქმე მაქვს და კონკრეტული მტკიცებულებებით შემოვიფარგლები, დანარჩენს გაარკვევს სამართალი და იგივე სასულიერო პირი. თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია პროკურატურას, კეთილი ინებონ, გამოიძიონ და დადონ მტკიცებულებები. ვინ უშლით ხელს? ახლა ეს ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია და ამაზე გელაპარაკებიან მსოფლიოში წამყვანი ექსპერტებიც, რომლებსაც დასკვნის გაყალბება რომ ეხვეწო, არ გაგიკარებენ, შენ გამო ლიცენზიას არ დაკარგავენ.

- ახლა სააკაშვილის გათავისუფლების რაიმე სტრატეგია თუ გაქვთ?

- ჯერ თავს შევიკავებ ამის გახმაურებისგან, რადგან თემების გაჟღერებას რეაქციები და პოლიტიკური განცხადებები მოჰყვება. ახლა მთავარია ამ დავებს გაუძლოს სააკაშვილმა და არ დაიღუპოს მანამდე, თორემ დარწმუნებული ვარ, საქმეს უცხოეთის სასამართლოში მოვიგებთ.

თეა ხურცილავა