"სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი" - გზაპრესი

"სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი"

"რა არის შემოქმედება თუ არა თავისუფლებისკენ სწრაფვა?..

ბევრ რამეს აწყდები ისეთს, ნერვი გაქვს დაძაბული...

გადაწყვეტილებებს ჩქარ-ჩქარა ვიღებ, იმპულსური ვარ, უფრო ასე მგონია, არ შემიძლია ბევრ რამეზე დიდხანს ფიქრი"... - ეს ამონარიდებია რეჟისორ რეზი ქაროსანიძის ერთ-ერთი ინტერვიუდან...

8 თებერვალს ქართველი საზოგადოება ტრაგიკულმა ამბავმა შეძრა. ბიჭმა, ვისთვისაც თეატრი ზეიმი იყო, პროტესტის ნიშნად, სიცოცხლე საყვარელი თეატრის სცენაზე დაასრულა.

"რეზიმ ქალაქს, თეატრს, ჩვენ ყველას სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი, ადამიანები უფრო მეტ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთის წინაშე", - ამბობს მსახიობი ნოდარ მელაძე. მსახიობი, რომელთან ერთადაც დაიწყო მუშაობა სპექტაკლზე "გოდოს მოლოდინი", რომელიც მერე შეაჩერეს, ისევ დაიწყო, ისევ შეაჩერეს, დაიწყო და...

ნოდარ მელაძე:

- რეზისთან ურთიერთობა დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე, პანდემიის პერიოდში, როცა ჩაკეტილები ვიყავით. ძალიან ბევრი იდეა ჰქონდა (პაუზის შემდეგ). უჰ! რეზიზე ლაპარაკი მიჭირს. ვეცდები, აზრები და სათქმელი სწორად გადმოგცეთ. იმ პერიოდში რეზი თეატრიდან ახალი წამოსული იყო. მან, როგორც მსახიობმა, დატოვა დასი, რადგან თეატრის პოლიტიკა არ მოსწონდა. გადაწყვიტა მაგისტრატურაში სარეჟისოროზე ესწავლა. ძალიან აქტიური მოქალაქე იყო, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა საკუთარი სამშობლოსადმი. სულ ცდილობდა, მისი საქმიანობა გამოსადეგი ყოფილიყო მშობლიური ქალაქისთვის, ქვეყნისთვის. ყოველთვის იყო იმ პრობლემებით შეძრული, რაც ჩვენს რეალობაში მწვავედ იდგა და დგას. მე და რეზის ერთად არაერთ პიესაზე გვაქვს ნამუშევარი, თუმცა რამდენ სპექტაკლზეც ვიმუშავეთ, ვერც ერთის გამოშვება ვერ მოხერხდა.

- რატომ?

- რეზისნაირ ადამიანებს ხელშეწყობა სჭირდებათ, რაც მის შემთხვევაში არ ხდებოდა. რთულია დააკომპლექტო გუნდი, შესთავაზო ანაზღაურება. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მისი იდეის გარშემო ვიყავით გაერთიანებულები. მისი დევიზი იყო: "შემოქმედება, შემოქმედება, შემოქმედება". სულ ამას ამბობდა, შემოქმედის ენით უნდოდა ესაუბრა. რაც შეეხება "გოდოს მოლოდინს", სანამ ამ სპექტაკლზე მუშაობას დავიწყებდით, მას ჰქონდა დეპრესიული პერიოდი, ყოველ ნაბიჯზე პრობლემებს აწყდებოდა. არავისკენ ხელს არ ვიშვერ, მაგრამ მისი გეგმების განხორციელებისას სულ პრობლემები ჩნდებოდა: ხან სცენას ვერ უთმობდნენ, ხან განათების პრობლემა იქმნებოდა...

ის არ ეთანხმებოდა თეატრის პოლიტიკას, პროტესტს ყოველთვის ღიად და დაუფარავად გამოხატავდა. ამბობდა, თეატრში ისეთი სპექტაკლები უნდა იდგმებოდეს, სადაც ბევრი კითხვა დაისმება, ბევრ შეკითხვაზე პასუხი იქნება. სცენიდან სიმართლე უნდა ისმოდეს, მხოლოდ სიმართლე და არა ის, რაც ადამიანებს აწყობთ და კომფორტის ზონაში ამყოფებთო.

ასე მივიდა "გოდოს მოლოდინამდე". სემუელ ბეკეტი ის ავტორი აღმოჩნდა, სადაც რეზიმ მისი შეგრძნებები ნახა და ეს იყო გასაოცარი პროცესი. მოფიქრებული ჰქონდა, რომ მთავარი სცენის ქვემოთ არსებულ სივრცეში უნდა გვეთამაშა. დავიწყეთ რეპეტიციები, შემდეგ თანხას მერიისგან ელოდებოდა, რომელიც თავად მოიპოვა და გადმორიცხვის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. როცა დაირიცხა, უთხრეს, სხვა პრემიერა უნდა გამოვუშვათ, თქვენი რეპეტიციებით მათ ხელი შეეშლებათო. რეალურად, იმ სპექტაკლის პრემიერა მგონი, ერთი თვის წინ შედგა. დეკემბრის თვეში ისევ შევიკრიბეთ. თეატრის ხელმძღვანელობამ უთხრა, ახლა სხვა დადგმებია და დარბაზს ფიზიკურად ვერ დაგითმობთო. რეზისგან ვიცი, მათთან ბოლო საუბრის დროს უთხრეს, - არ გეგონოთ, გებრძვით, თავს დამნაშავედ ვგრძნობთო. ამით იმედი მიეცა. თებერვალში სპექტაკლზე მუშაობა უნდა დაეწყო. მე თბილისში ვიყავი და ჩასვლას ვეღარ ვახერხებდი, მას 17 დღეში ყველაფერი უნდა მოესწრო. ხელოვანისთვის ასეთი შეზღუდვები მძიმედ გადასატანია.

rezi-da-nodari-copy-1676892497.jpg

- რეზის ბოლოს როდის ელაპარაკე?

- გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე. ძალიან დიდი გეგმა და იდეები მაქვს, ჩემ გვერდით ყოფნას მოახერხებო? მისმა ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. გული მტკივა იმ ფაქტით, რაც მოხდა. რეზიმ ქალაქსაც, თეატრსაც, ადამიანებსაც სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი, ადამიანები უფრო მეტი პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთის წინაშე. იმდენად უყვარდა თავისი საქმე და სამშობლო, მჯერა, ბევრი კარგი რამის გაკეთებას შეძლებდა. მისთვის მესხიშვილის სახელობის თეატრი იყო ყველაფერი, ყველაფერს ამ თეატრს უკავშირებდა და უნდოდა, მუდამ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. ფაქტია, ეს თეატრი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის; გიორგი სიხარულიძის წასვლის შემდეგ, რეალობას მოწყვეტილია. არის განცდა, თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგრამ თეატრი არ დგას მოქალაქეების მხარეს. რეზის ეს გულისტკივილი და პროტესტი ჰქონდა.

- არასდროს უცდია სხვა თეატრებთან ეთანამშრომლა?

- არა, რეზი სულ ამბობდა, ქუთაისის გარდა, სხვა ქალაქში ვერ ვიცხოვრებ, აქ სუნთქვა შემიძლიაო.

- ითქვა, რომ რეზი წინა საღამოს თეატრში მარტო დარჩა. უცნობია, რა დროს, მაგრამ მან სცენაზე თავი ჩამოიხრჩო. თქვენთვის სხვა დეტალი რა არის ცნობილი?

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი ბოლო საუბარი ძმასთან ჰქონდა. ძალიან ძნელია კონკრეტულად რამეზე ილაპარაკო, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ დაიდება. როგორც ვიცი, თეატრში ეძებდნენ. რა დროს მოხდა ეს ამბავი, ზუსტად არავინ იცის. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართაn ჰქონია სატელეფონო საუბარი, ერთ-ერთს უკითხავს, - პრემიერა როდის იქნებაო? რეზის უთქვამს: "ძალიან მალე".

რეზი ქაროსანიძეს ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბარი მეგობართან, მსახიობ ნუცა სულაბერიძესთან ჰქონდა:

- რეზისთან რაღაც საქმე მქონდა და 7 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე დავურეკე. ეს დიალოგი არაფრით განსხვავდებოდა ჩვენი სხვა წინა საუბრებისგან. თბილი, მეგობრული მოკითხვა იყო.

- აღელვება არ ემჩნეოდა?

- არა. მითხრა, თეატრში ვარო, კარგ ხასიათზე იყო, ვიდეოთვალით ველაპარაკე, მიმღერა. ვიცოდი, სპექტაკლზე მუშაობდა.

- თქვენ მის სპექტაკლში "ბუზები" ითამაშეთ. მასთან, როგორც რეჟისორთან მუშაობა რით იყო გამორჩეული?

- მე და რეზი უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ. თეატრალურში სამსახიობო ფაკულტეტზე ჯგუფელები ვიყავით. მეორე კურსზე სწავლა რომ დავიწყეთ, ჩვენმა პედაგოგმა გიორგი სიხარულიძემ პიესები დაგვირიგა, უნდა წაგვეკითხა და შემდეგ ამ პიესების შესახებ ლექციაზე გვესაუბრა. მახსოვს, ისეთი განსხვავებული ვერსიები მოიტანა, იქიდან მოყოლებული სულ ვუჩიჩინებდი, სარეჟისოროზე გადასულიყო. მაგისტრატურაში სარეჟისოროზე რომ ჩააბარა და სპექტაკლზე "ბუზები" მუშაობა დაიწყო, ერთ-ერთ როლზე მიმიწვია. მთლიანად ეს პერიოდი იყო განსხვავებული. მე და რეზიკო მართლა და-ძმასავით ვიყავით, გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა. ქუთაისში რომ ჩავდიოდი, რეზისთან ვრჩებოდი. თავიდან მასთან, როგორც რეჟისორთან შეგუების მომენტი მქონდა, მე - სცენაზე და ის პარტერში, უჩვეულო გარემო იყო, მანამდე სულ სცენაზე ვიდექით ერთად. რეზიკო ყოველთვის განსხვავებული იყო, როგორც მსახიობი, როგორც რეჟისორი, როგორც მეგობარი....

nuca-da-rezi-copy-1676892510.jpg

- დეპრესია ყველა ხელოვანისთვის თანმდევი განცდაა. რეზისთან ეს გამძაფრებული ფორმით იგრძნობოდა?

- მსახიობები თითქმის ყველანი დეპრესიულები ვართ. რომ გითხრათ, რეზის გამძაფრებული ფორმით ჰქონდა-მეთქი, ასე არ იყო, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ყველას რაღაც გამოგვრჩა, ამას ვერავინ გავექცევით. ალბათ კარგად ნიღბავდა, მალავდა, რომ სამეგობროს არ გვენერვიულა.

- სპექტაკლზე მუშაობის დროს, გამუდმებით პრობლემებს რომ აწყდებოდა, ხან დარბაზს ვერ უთმობდნენ, ხან თანხის გადარიცხვა ჭიანურდებოდა... ამ თემაზე ლაპარაკობდა?

- ჩვენს მიმოწერას გადავხედე. იანვარში მწერდა, "თეატრში მივდივარ", "ახლა რეპეტიციას ვიწყებ" და ა.შ. ისეთი მოტივირებული იყო, იმდენი გეგმა ჰქონდა, ბოლო პერიოდში ისეთი მშვიდი გახლდათ, იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ეს ამბავი ყველასთვის მეხის გავარდნა იყო. 2 შვილი დარჩა, 14 და 4 წლის ბავშვები.

ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის ან რა უნდა თქვან? ალბათ კონკრეტულ საათს დაასახელებენ, რა დროსაც ეს ამბავი მოხდა. ფაქტი ერთია, ჩემი რეზიკო აღარ არის...

ბუნებრივია, მომხდარ ფაქტზე და რეზიზე სასაუბროდ მესხიშვილის თეატრსაც დავუკავშირდი.

- ბატონო კახაბერ, გამარჯობა, ჟურნალიდან "გზა" გაწუხებთ.

კახაბერ გოგოლაშვილი, თეატრის დასის მმართველი:

- დიახ, გისმენთ.

- რეზი ქაროსანიძეზე სტატიას ვამზადებთ და თუ შეიძლება, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ.

- არა, არა, ინტერვიუს არ ვიძლევით, თან ახლა არც მცალია, - მითხრა და ტელეფონი გათიშა...

P.S. რედაქცია სამძიმარს უცხადებს ახალგაზრდა ხელოვანის ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებს...

თამუნა კვინიკაძე