"დედა კი არ გამიბრაზდა და დამსაჯა, არამედ - უბრალოდ, იტირა" - გზაპრესი

"დედა კი არ გამიბრაზდა და დამსაჯა, არამედ - უბრალოდ, იტირა"

მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი - ნატუკა გულისაშვილი 13-14 წლის იყო, როცა დედას ავტომობილი მოჰპარა, მეზობლის ბავშვები მანქანაში ჩაისვა და საჭეს მიუჯდა... იმ შემთხვევის შემდეგ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, რომ მართვის მოწმობა კეთილსინდისიერად აეღო მაშინ, როცა საკუთარი ავტომობილი ეყოლებოდა...

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა ავტომობილის მართვას მასწავლიდა. შეიძლება ითქვას, მის კალთაში ვიჯექი და მანქანას ისე ვმართავდი. კახეთში, სადაც მამაპაპისეული სახლები ერთმანეთთან ახლოს იდგა, ხანდახან მეტყოდა, - გადადი ჩემს ბიძაშვილთან, რაღაც გადმომიტანეო... ავტომობილით წავსულვარ და მომიტანია, რაც დაუბარებია. მანქანის ტარება ასე მასწავლა. ავტომობილს კი არა, ტრაქტორსაც ვმართავ. ძველებური ტრაქტორის მართვაც სოფელში ვისწავლე, ოღონდ - უკვე უფროსი ასაკის ვიყავი. მერე, სხვათა შორის, ეს ცოდნა გამომადგა: ერთ-ერთი კლიპის გადაღებისას, ტრაქტორის საჭესთან უნდა ვმჯდარიყავი. გადაღებაზე ყველას გაუკვირდა, რომ ტრაქტორის დამოუკიდებლად მართვა შევძელი... დიდი ხნის განმავლობაში, საკუთარი ავტომობილი არ მყავდა. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისაც სკოლის დამთავრების შემდეგ მამიკოები 100 დოლარად ნაყიდ მართვის მოწმობას ჩუქნიდნენ, მაგრამ ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი. მართალია, მამა ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ამის გაკეთება დედას შეეძლო. მამა რომ გარდაიცვალა, მანქანა დაგვრჩა. 13-14 წლისამ დედას მანქანა მოვპარე: მაშინ გმირთა მოედანზე ვცხოვრობდით. როგორ გავრისკე, არ ვიცი - მანქანაში მეზობლის ბავშვები ჩავისვი და წავედით, საბურთალოს ბაზარს წრე დავარტყით და მოვედით... მეზობლებმა ჩემ შესახებ იკითხეს, - სად არისო? დედაჩემმა უბრალოდ, ფანჯრიდან გადმოიხედა და დაინახა, რომ მანქანა ადგილზე არ იდგა. მაშინვე ყველაფერს მიხვდა... ეს ჩემი ბავშვური "ავარდნა" იყო, მაგრამ ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან დედა კი არ გამიბრაზდა და დამსაჯა, არამედ - უბრალოდ, იტირა. მითხრა, - თავიდან ბოლომდე გენდობოდი და ეს რა გამიკეთეო?! მივხვდი, ძალიან ცუდი რაღაც ჩავიდინე. - მართვის მოწმობასაც გიყიდი, მოგცემო... - არ მინდა, სანამ ავტომობილს თავად არ ვიყიდი და მართვის მოწმობასაც თავად არ ავიღებ-მეთქი... ავტომობილი 11 წლის წინ ვიყიდე და მართვის მოწმობაც მაშინ ავიღე. მანამდე, მაგალითად, როცა მეგობარი გოგონები ალკოჰოლურ სასმელს დალევდნენ, მეუბნებოდნენ, - იქნებ საჭესთან დაჯდეო? ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, რადგან ძალიან კანონმორჩილი ვარ. სანამ მართვის მოწმობა არ ავიღე, საჭესთან არ დავმჯდარვარ. სიმართლე გითხრა, როდესაც მანქანა ვიყიდე, "ავტომატიკის" მართვა ძალიან გამიჭირდა, ბავშვობიდან "მექანიკას" ვიყავი მიჩვეული. პირველივე დღეს რაღაცას შევასკდი და კარტერიც გავტეხე. შემდეგ იოლად მივეჩვიე: დილით 7-ის ნახევარზე, როდესაც დილის ეთერში მივდიოდი, ფაქტობრივად, გზაზე ავტომობილები არ დადიოდნენ. დაახლოებით 2 დღე დამჭირდა, რომ "ავტომატიკის" მართვა კარგად ამეთვისებინა. მას მერე წლებია, საჭეს ვმართავ. მამაკაცები კომპლიმენტს მეუბნებიან, - მანქანას კაცივით მართავო.

- მართვის მოწმობის აღება გაგიჭირდათ?

- აბსოლუტურად არა. ალბათ 3-მოქმედებიანი სპექტაკლების ტექსტები ზეპირად რომ მაქვს დამახსოვრებული, 30 ბილეთიდანაც ზოგი რამ ზეპირად დავიმახსოვრე, ზოგიც - გავიაზრე.

- ანუ ბავშვობის მერე, საჭესთან არასოდეს მჯდარხართ, ვიდრე საკუთარი ავტომობილი არ შეიძინეთ 11 წლის წინ?

- როგორ არა! მაგალითად, კოჯორში, მეგობრებთან ერთად ყოფნისას, სახლიდან მაღაზიამდე მანქანით ჩავსულვარ, მაგრამ დიდ ტრასაზე, ქუჩებში საჭესთან არ ვმჯდარვარ. მაშინ მოწმობა რომ ამეღო, საკუთარი ავტომობილი მაინც არ მყავდა და "მანქანა მათხოვე" ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ, ცდუნებაც რომ არ ყოფილიყო და სხვა უხერხულ სიტუაციაში არ ჩამეგდო, მართვის მოწმობა არ ამიღია. როცა შევძელი, ცივი გონებით, ყოველგვარი სესხის გარეშე, მანქანა თავად შევიძინე და მოწმობაც ავიღე.

- ხშირად გაჯარიმებენ?

- წლების განმავლობაში პირველი ჯარიმა ახლახან დამიწერეს - ტელეფონით ლაპარაკის გამო. პატრულის თანამშრომელს მოვუბოდიშე, - ვიცი, რასაც ვაკეთებ-მეთქი. ჯარიმის ის ქვითარი სახლში შენახული მაქვს... ვინც ჯარიმას მიწერდა, მასაც ძალიან გაუკვირდა და სიცილი აუტყდა. მომიბოდიშა: რა ვქნათ? კამერამ დააფიქსირაო. - არა უშავს, დამიწერეთ, რადგან მართლა ვსაუბრობდი ტელეფონზე, ამ ქვითარს კი შევინახავ-მეთქი (იღიმის). ნამდვილად დასაჯარიმებელი ვიყავი.

- თქვენი ავტომობილი ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრებისთვისაც ადაპტირებულია?

- რასაკვირველია! უბრალოდ, ჩემი ოთხფეხა მეგობარი - დაფნა ყოველთვის კალთაში მიზის. არ არსებობს, სადმე სხვაგან დაჯდეს (პირველი დაფნაც ასე იქცეოდა). ავტომობილს ერთად ვმართავთ. სხვათა შორის, ერთხელ შუქნიშანზე მანქანა გავაჩერე. გვერდით საპატრულო მანქანა დამიდგა. თანამშრომელმა დაფნას შესახებ მკითხა, - მართვის მოწმობა აქვსო? - აი, ზუსტად ახლა მივდივართ, რომ მოწმობა ავიღოთ-მეთქი (იცინის)... სხვათა შორის, საპატრულო პოლიციასთან არასდროს არანაირი კონფლიქტი არ მქონია. როცა შინ გვიან წამოვსულვარ, პატრულს გავუჩერებივარ, შევუმოწმებივარ - ნასვამი ვიყავი თუ არა. მაგრამ ამის გამო არ გავღიზიანებულვარ, რადგან როგორც აღვნიშნე, კანონმორჩილი ვარ. როდესაც საჭეს ვმართავ, კონიაკიან შოკოლადსაც არ ვჭამ.

- ქალაქში საგზაო მოძრაობას როგორ აფასებთ?

- რაც საჭესთან დავჯექი, ცუდი სიტყვების გამოყენება დავიწყე, მაგრამ ალბათ, პირველი არ ვარ, ვინც ასე იქცევა. არც იმ შეფასებაში ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ თბილისში კატასტროფა ხდება. ჩემი მეგობარი, რომელიც წლებია, იტალიაში ცხოვრობს, საქართველოში ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, იტალიაში როგორი საგზაო მოძრაობაა, მაგრამ იქ ტემპერამენტიანი ხალხია და რაღაცნაირად, "ძვრებიან". ჩემმა მეგობარმა თქვა: - იცი, რას ვატყობ? საქართველოში მძღოლები ერთმანეთს პატივს არ სცემთო. აბსოლუტურად მართალია. როდესაც საცობია, მანქანები დგანან, ვიღაც მესამე გზაზე გადადის, იქიდან სადღაც "ჩაგიჭრის" - თითქოს მხოლოდ მას ეჩქარება. შემდეგ ეს მოძრაობას კიდევ უფრო მეტად აფერხებს... მართლაც, ურთიერთპატივისცემა არ გაგვაჩნია. როდესაც "ზებრაზე" ქვეითი გადადის, ავტომობილის მძღოლმა უნდა გაატარო. ხშირად ყოფილა შემთხვევა, მანქანა გამიჩერებია, ქვეითი გამეტარებია, მაგრამ სხვა ავტომობილების მძღოლები "მისიგნალებდნენ". მიუხედავად იმისა, რომ თბილისში წესები იცი, წესების დაცვით ვერ დადიხარ - ეს საოცრებაა. როგორც კი წესებს იცავ, მაშინვე "გისიგნალებენ". შუქნიშანზე მწვანე ანთებული არაა, როცა უკვე განიშნებენ, წადიო... ნებისმიერ ადამიანს ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ ქალაქში კატასტროფა ხდება და უკეთესობა არ იქნება - ალბათ, კიდევ უფრო მეტი მანქანა შემოვა, მაგრამ საცობებს ჩვენც ხელს ვუწყობთ: ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მანქანა საცობში მოხვედრილა, მძღოლს მესიჯობა დაუწყია. ამასობაში, რამდენიმე ავტომობილი უკვე წინ წასულა... ხშირად მინახავს, რომ მანქანა უაზროდ მიდის. მითქვამს, - ზუსტად ვიცი, რომ ამ ავტომობილის მძღოლი მესიჯობს-მეთქი და ასეც ყოფილა. ალბათ, უკულტუროები ვართ, ერთმანეთზე არ ვფიქრობთ... "საჭესთან ქალი ზის, რა!" - ეს ტექსტი და ქალი მძღოლების დაკნინება მაგიჟებს! არსებობენ ქალები და კაცები, რომლებიც ავტომობილს კარგად მართავენ, ასევე - ისეთი ქალები და კაცებიც, რომლებიც არ შეიძლება, საჭესთან დასვა. ადამიანს როგორც კერვა ან თუნდაც, რემონტის გაკეთება ეხერხება, ასეა ავტომობილის მართვაც: ან უნდა გეხერხებოდეს, გესმოდეს და გრძნობდე, ან - ვერა... "ავტომატიკა" მარტივად მიაჩნიათ: ფიქრობენ, ავტომობილი წინ თუ მიმყავს და დამუხრუჭებაც შემიძლია, ე.ი. მართვა ვიცითო. ასე არ არის. იმასაც ვფიქრობ, რომ ადამიანი გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ უნდა დაჯდეს საჭესთან. დღეს ბევრია 16-17 წლის ახალგაზრდა, რომლებსაც სიცოცხლე უხარიათ, ავტომობილში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა უნდათ... მერე, მუსიკა საჭესთან სხვა ენერგიას, სხვა სიჩქარეს გაძლევს, რაც ხშირად ცუდი შედეგით სრულდება... ამიტომ დაფიქრება და გაფრთხილებაა საჭირო, როგორც საკუთარი თავის, ასევე - სხვა ადამიანების.

natuka-2-copy-1676892935.jpg

- საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავთ?

- რადიო მაქვს ჩართული და მუსიკას ვუსმენ, ქვეითებს ვაკვირდები, როგორც მსახიობი, ტიპაჟებზე ვფიქრობ... ხანდახან ვუყურებ, საცობში დგომისას რამდენი საწვავი დამეხარჯა - თვალს შევავლებ ხოლმე (იღიმის)...

- მეგობრები ავტომობილს არ გთხოვენ?

- ასეთი თხოვნით არავის მოუმართავს, რადგან ვისაც ადრე მანქანა ჰყავდა, ჩემთვის რამდენჯერმე უთქვამთ, - ნატუკა, მანქანა თუ გჭირდება, წაიყვანეო. ზუსტად იცოდნენ, არასდროს წავიყვანდი. არის რაღაცები, რისი თხოვებაც ცოტათი უხერხულია... თუ ვინმეს ტრანსპორტირება სჭირდება, მირჩევნია მითხრას და თავად მოვემსახურები. სხვათა შორის, როცა 1 ავტომობილით რამდენიმე ადამიანი სარგებლობს, მანქანას მაშინვე ეტყობა: მაგალითად, მას მერე, რაც ჩემმა შვილმა მართვის მოწმობა აიღო და საჭესთან დაჯდა, ჩემი მანქანის საბურავები უფრო ხშირადაა დასაბერი, გარკვეული ნაწილები - გამოსაცვლელი... ოჯახს 1 ავტომობილი გვყავს, მაგრამ ჩემი შვილი თბილისში ტრანსპორტირებისთვის იშვიათად იყენებს - ჯერ ნერვული სისტემა ისეთ მდგომარეობაში არ აქვს, რომ საცობები ჩემსავით მსუბუქად გაიაროს. ამბობს, - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფიაო. მანქანას მხოლოდ ქალაქგარეთ გადასაადგილებლად იყენებს.

- ავტომობილების ხშირი ცვლა გახასიათებთ?

- ჯერჯერობით არ გამომიცვლია: 11 წელია, პატარა "ნისან მარჩი" მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს. მართლა კარგი მანქანაა. ყველა მეუბნება, - გამოცვალეო. კი, ყველაფერს გასდის დრო, მაგრამ ჯერ ერთი, ისე მიყვარს, რომ მის გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია და მეორეც - რომ გამოვცვალო, ყველაფერს გარკვეული ფინანსები სჭირდება, თორემ მჯობნის მჯობნი არ დაილევა... მინდა გითხრათ, რომ ჩემი "ნისან მარჩით" 2-კამერიანი მაცივარი წამოვიღე. პატარა ავტომობილია, მაგრამ მაცივარი ჩაეტია. ეს ფაქტი იმდენად დაუჯერებლად მიიჩნიეს, რომ ფოტოებს უღებდნენ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი