"ორი დედამთილი მყავდა..."
როგორც მსახიობი ნატო ებანოიძე ამბობს, ეს მისი გულახდილი ინტერვიუა. როგორ შექმნა საკუთარი პერსონაჟი სერიალში "სიყვარულს მიღმა", რა არის მისი სავიზიტო ბარათი, როგორი ადამიანები აკვირვებენ, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს და როდის უწევს ტყუილის თქმა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1972 წლის 17 თებერვალი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ადრეულ ბავშვობაში მსურდა ბიბლიოთეკაში მემუშავა, მერე ექიმობა მინდოდა, ბოლოს კი მსახიობის პროფესიამ დამაინტერესა. ექიმობა ძალიან მომწონდა, მაგრამ სხვა რომ ზიანდებოდა, ამის მეშინოდა; აი, საკუთარ თავზე პროცედურებს მარტივად ვიტარებდი. მაგალითად, ხელი თუ გამეკაწრებოდა, ნაიარევს თავად ვუვლიდი, მაგრამ მალევე მივხვდი, ჩემგან ექიმი არ გამოვიდოდა.
- მსახიობის პროფესიამ რა ასაკში დაგაინტერესათ?
- ზუსტი ასაკი არ მახსოვს. სულ რომელიღაც პერსონაჟს ვთამაშობდი, სულ ვმღეროდი და ვცეკვავდი, თუმცა არც ცეკვაზე და არც სიმღერაზე არავის ვუტარებივარ, მუსიკალური ათწლედი კი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით. ძალიან კარგი, ლაღი ბავშვობა მქონდა, შემდეგ კი რთული 90-იანების პერიოდი დაიწყო.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ძალიან ემოციური ვარ და ამას განსაკუთრებით ოჯახის წევრები უსვამენ ხაზს.
- რატომ, თქვენი ემოციურობა მათთვის დამღლელია?
- ახლა ბაკურიანში შვილიშვილთან ერთად ვარ და ბავშვს არ ვახარებ (იცინის), არსად ვუშვებ, არაფრის უფლებას არ ვაძლევ. რისიც მე არ მეშინია, მხოლოდ იმას ვაკეთებინებ, რისიც მეშინია, იმას - არა და ვეუბნები: "ბება, ეს არ შეიძლება". თუ დარბის, მასთან ერთად დავრბივარ, მარტო არ ვუშვებ, ასეთი ვარ, რა ვქნა.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...იმავენაირად ვიცხოვრებდი. რაც გავიარე, გამოცდილებაა. ჩემი ცხოვრება მომწონს ისეთი, როგორიც მქონდა და როგორიც მაქვს.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...მე-5 კლასში ვიყავი, ბაზარში საყიდლებზე დამოუკიდებლად რომ წავედი. იმ პერიოდში მამა გარდამეცვალა და გადავწყვიტე დედას დავხმარებოდი. მაშინ ამდენი სუპერმარკეტი არ არსებობდა. ბაზარში ვიყიდე მწვანილი (ოღონდ ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი) და ის პროდუქტები, რაც ჩამოწერილი მქონდა. კარგად ვივაჭრე. სახლში რომ მოვედი, ყველაფერი ძალიან მოეწონათ. მახსოვს, როგორ შემაქეს, მე კი ჩემი პირველი, დამოუკიდებელი "დიდური" ნაბიჯით ძალიან ამაყი ვიყავი.
- ჩემს პროფესიულ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ბატონ ლევან წულაძეს. სამსახიობოს იმ პირველ ჯგუფში ვიყავი, რომელიც მან აიყვანა. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ იყო, მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო გახლდათ. გარდა იმისა, რომ ლევან წულაძე არაჩვეულებრივი მსახიობი და რეჟისორია, ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ მის ჯგუფში მოვხვდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ბევრი რამ (პაუზის შემდეგ), ადამიანების სიყვარული, მათდამი კეთილგანწყობა და მისალმება ყურებამდე გაღიმებით.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...არაფერი შემეშალოს და ვინმეს რამე არ ვაწყენინო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მზრუნველი ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...პატარ-პატარა ფობიები მაქვს, რომელიც მინდა დავძლიო და სანამ ასე მოხდება, მათთან ერთად თანაცხოვრებას ვსწავლობ. მეტიც - ისინი შევიყვარე, რომ არ გამიბრაზდნენ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ძალიან ბევრი რამ, მაგრამ რაღაც ნაწილში, ისევ იმავე შეცდომებს ვუშვებ და მერე საკუთარ თავზე ვბრაზობ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი წითელ ხაზს არ გადმოკვეთს. ზოგადად, მიმტევებელი ვარ, მაგრამ ეს ხაზი თუ გადმოკვეთა, მერე იმ ადამიანს ზრდილობიანად ვემშვიდობები.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მინდა ყველა ჯანმრთელად იყოს, მშვიდი და ლაღი ცხოვრება გვქონდეს. მინდა, მეტად განვვითარდე ჩემს პროფესიაში და მზის ამოსვლა ყოველთვის მახარებდეს.
- ვიბნევი...
- ...როცა რაღაც პატარა ბავშვს ეხება; თან ისე ძალიან ვიბნევი, რომ ბავშვს რისკის ქვეშ ვტოვებ და გავრბივარ, მაგრამ სად? არ ვიცი, ვიღაცას საშველად ვეძახი. ასე ვიყავი ყოველთვის: ჩემი შვილის, დისშვილების, მეგობრების შვილების, ახლა შვილიშვილის მიმართ. რადგან საკუთარ თავს კარგად ვიცნობ, ყოველთვის ვცდილობ, საქმე აქამდე არ მივიყვანო.
- ვნანობ...
- ...რომ რაღაც დროის მონაკვეთი პროფესიული კუთხით ნაყოფიერად ვერ გამოვიყენე.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ვიყო თავისუფალი ჩემი ფობიებისგან.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ყველას, ეს მარტივი საქმეა. ხომ ამბობენ, ათამდე დაითვალეო, მე სამამდეც ვერ ვითვლი. ემოციური და სამართლიანი ადამიანი ვარ.
- მეზარება...
- ...დილით ადრე გაღვიძება.
- სიყვარული ეს...
- ...არის, როცა მიწიდან ოდნავ აწეული ხარ, ნაბიჯებს ადგამ, მაგრამ არა მიწაზე, ოდნავ ზემოთ; ცოტათი შეკუმშული ხარ, ცოტათი მეტად იპრანჭები, თვალები გიჟუჟუნებს, ადამიანები უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე გიყვარდა და გარშემო ყველაფერი მოგწონს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...16 წლის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ დაჭერობანას ვთამაშობდი (იცინის). შემიყვარდა ბიჭი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა. სკოლა რომ დავასრულე, იმ წელსვე ჩავაბარე და გავთხოვდი. მალე პატარა ბავშვს პატარა შვილი მყავდა. დღეს იმ პერიოდის ფოტოებს რომ ვუყურებ, ამას უფრო მძაფრად აღვიქვამ. ამ ასაკში ოჯახის შექმნა ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხელს მიწყობდნენ, სტუდენტობის წლებში მაინც ბევრ რამეს დავაკლდი.
- გარკვეული პერიოდის შემდეგ მეუღლეს დაშორდით, ამის მერე სიყვარული კიდევ მოვიდა?
- 11 წლის იყო ჩემი შვილი, მეუღლეს რომ დავშორდი, შემდეგ ოჯახი მეორედ შევქმენი, მაგრამ ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ. ჩვენ სულ ვმეგობრობდით, მაგრამ თანაცხოვრება არ გამოგვივიდა. მეგობრობასა და თანაცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა.
- მაკვირვებს...
- ...ზარმაცი და შურიანი ადამიანები.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ბავშვობიდან ძალიან მშიშარა ვარ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მრცხვენია, ძალიან მერიდება, მაგრამ გულის კუნჭულში არის სიხარული.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ოჯახის წევრები, რომ არავის არაფერს ვაცლი, სულ წინ გავრბივარ და ვცდილობ, ყველას მაგივრად ყველაფერი მე გავაკეთო. მათ არ ვაცლი მითხრან: ნატო, შეგიძლია, ეს გაგვიკეთო? ჩასაფრებული ვარ, ვინ რას იტყვის, ვის რა უნდა და ვიწყებ მოქმედებას, მერე ვიღებ საყვედურებს. გვიან მივხვდი, სჯობს ადამიანებს აცადო გთხოვონ, რა უნდათ, სხვა შემთხვევაში შენი ენერგია ტყუილად იხარჯება, არ გიფასდება და მერე გული გტკივა. მე რომ გავიქეცი, ვიყიდე, მოვიტანე და ამ დროს მესმის კითხვა, - ვინ გთხოვა? ვამბობ: "მე მეგონა"... აი, ეს "მე მეგონა" შენთვის უნდა შეინახო.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...რაღაცებს შევცვლიდი. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, ჩემს ასაკს არ ვმალავ, მცირე კორექტივებს შევიტანდი; უხეში ჩარევა არ მიყვარს, ეს ადამიანებს ხელოვნურ იერს სძენს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...თხილამურebზე დგომა.
- ვიტყუები, როცა...
- ...შეხვედრაზე მივდივარ, რადგან ყოველთვის ვაგვიანებ, არასდროს დათქმულ დროზე არ მივდივარ. ტელეფონზე ზარი რომ შემოდის და მეკითხებიან, სად ხარ? შეიძლება ამ დროს სახლში ვიყო და ვასახელებ ლოკაციას, ვითომ იქ ვარ. ძალიან მინდა, პუნქტუალური გავხდე, ამ თვისებით ყველას ნერვებს ვუშლი.
- თავისუფლება არის...
- ...შინაგანი მდგომარეობა.
- ეს ისწავლება, თანდაყოლილია თუ...
- ყოველთვის შეგიძლია ისწავლო და მაგალითი აიღო, დაკვირვების უნარი უნდა გქონდეს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს, ყველას სურვილებს შევუსრულებდი.
- თქვენთვის, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?
- თბილისთან ახლოს შევიძენდი აგარაკს, ჩემი გემოვნებით მოვაწყობდი და თეატრში იქიდან ვივლიდი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს საუკეთესოა ავტოტრენინგი, ვაანალიზებ სიტუაციას და ერთგვარ თერაპიას ვიტარებ.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ამ ინტერვიუს ჩაწერისას ვიყავი გულახდილი. ცხოვრება არის მშვენიერი, ყველა ასაკში ყველაფრის მიღწევა შეიძლება და ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს.
- ქალბატონო ნატო, სერიალში "სიყვარულს მიღმა" განასახიერებთ პერსონაჟს, რომელიც ვფიქრობ, სერიალის ყველა მაყურებლისთვის ძალიან საყვარელია. გვიამბეთ, როგორია მასზე მუშაობის პროცესი, თქვენ შორის მსგავსება უფრო მეტია თუ განსხვავება?
- ადამიანები, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, მიხვდებიან, რომ ჩემი პერსონაჟი ჩემსავით ფეთქებადი არ არის. თუმცა ჩემი ბევრი თვისება აქვს, მზრუნველია. მომწონს ეს ქალი, მომწონს მისი იუმორი.
- თქვენ როგორი დედამთილები გყავდათ?
- ორი დედამთილი მყავდა და ორივე არაჩვეულებრივი ადამიანი. დედამთილებზე ცუდ ამბებს რომ ამბობენ ხოლმე, მე ეს არ ვიცი, რა არის.
- ამ პერსონაჟის შექმნაში, თქვენი დედამთილების თვისებები აიღეთ?
- რა თქმა უნდა, ამ პერსონაჟში ჩემი ხასიათიც ბევრია და დამატებულია ბევრ ადამიანზე დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი თვისებები, მათ შორის, დედისგან და ჩემი დედამთილებისგან.
- თავად როგორი სიდედრი ხართ?
- არასიდედრული.
- მაყურებლის ნაწილი თეატრიდან გიცნობთ, ნაწილი - სერიალიდან, მათი მხრიდან გამოხატული ემოციებიდან გამორჩეულად რა გახსენდებათ?
- დედა, როგორი კარგი დედამთილი ხარ, როგორ მოგვწონხარო. მსახიობს პერსონაჟთან აიგივებენ, მეკონტაქტებიან, როგორც კერესას დედას და არა, როგორც ნატოს. მაყურებლის მხრიდან გამოხატული სითბო და სიყვარული ყველა მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.
თამუნა კვინიკაძე